შოუბიზნესი

სოფო მეძმარიაშვილი: იმ ასაკში ვარ, რომ დედა ემიგრანტი აღარ უნდა მყავდეს, ეს ჩემი ყველაზე დიდი მარცხია

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00

სოფო მეძმარიაშვილი
დაკოპირებულია

სოფო მეძმარიაშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის სოფო მეძმარიაშვილი?

სოფო მეძმარიაშვილი: მე ვარ ადამიანი, რომელსაც ერთნარად სიამოვნებს როგორც მეგობრების გარემოცვაში დროის გატარება, ისე მარტო ყოფნა. ერთნაირად მსიამოვნებს კლუბში ბევრ ხალხთან ერთად გართობა და სახლში ტელევიზორის ყურება. ვარ ძალიან მეგობრული და ერთგული ადამიანი – ამას თამამად ვამბობ. ვარ ჩემს პროფესიასა და ოჯახზე უზომოდ შეყვარებული. თუ ბანალური არ იქნება, თამამად ვიტყვი, რომ ჩემს ქვეყანაზე იმდენად ვარ შეყვარებული, რომ ვერც კი წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– იმდენნაირ ცხოვრებაზე ვოცნებობ, ერთზე ჩამოყალიბება გამიჭირდება. მთავარს ვიტყვი – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს პროფესიაში ვიყო წარმატებული და ამ წარმატებამ მომიტანოს ხალხის სიყვარული. ალბათ, ჩემი პროფესიის მთავარი აზრიც ისაა, რომ ხალხს უყვარდე. ასევე, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ ჯანმრთელები და მქონდეს იმის საშუალება, რომ მსოფლიო მოვიარო – ეს არის ჩემი საოცნებო ცხოვრება.

– რამდენად გულჩვილი და ემოციური ადამიანი ხართ?

– საოცრად, ამაზე მეტი რომ არ შეიძლება. ძალიან გულჩვილი და ემოციური ვარ. ვტირი წიგნებზე, ფილმებზე, სრულიად უცნობი ადამიანის გარდაცვალებაზე... შეიძლება, უცხო ადამიანის პანაშვიდზე წავიდე და გამორიცხულია, იქ არ ამეტიროს.

– როდის იტირე ბედნიერების და ტკივილით გამოწვეული ცრემლებით, რაც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდა?

– ბედნიერების ტირილი იყო მაშინ, როცა ოთომ ხელი მთხოვა, მოვკვდი ჯღავილით (იცინის). საერთოდ არ მოველოდი. მითხრა, სიურპრიზი გაგიკეთეო და რადგან მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, მეგონა, დაბადების დღის სიურპრიზი იქნებოდა. უამრავი ადამიანი დამახვედრა, ისეთი გრანდიოზული და საოცარი დღე მომიწყო, რომ ბედნიერებისგან ძალიან ბევრი ვიტირე.

რაც შეეხება ტკივილით გამოწვეულ ცრემლებს, ძალიან ბევრი მქონია. ბევრი ძვირფასი ადამიანი დავკარგე, ძალიან ბევრი... ყველაზე ბევრი სიკვდილის გამო მიტირია.

– გიოცნებია, რომ მთელი მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და წარმატებული ადამიანი ყოფილიყავი?

– რასაკვირველია. მსახიობი ვარ და მიოცნებია „ოსკარზეც“, წითელ ხალიჩაზეც და საოცარ მსახიობებთან თამაშზე. მელ გიბსონი რომ ჩემი მამის როლში წარმოვიდგინო, მერილ სტრიპი – დედის, ტიმოთი შალამე ჩემი პატარა ძმის როლში... როგორ შეიძლება, ამაზე ვთქვა, არ მინდა-მეთქი (იცინის). დაე, მთელმა მსოფლიომ ილაპარაკოს ჩემზე, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. როცა ამაზე ვოცნებობ, იქვე ოთოს „გრემზე“ ვოცნებობ. არასდროს ნაკლებს არ ვიოცნებებ ოთოსთვის. გვერდში ჩემნაირი წარმატებული ადამიანი მინდა.

– რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად?

– იყო ჩემს პროფესიაში ნაბიჯები, რაზეც ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან მცდარი იყო. ცხოვრებისეულად უამრავი მცდარი ნაბიჯი მქონია. ზოგადად, მე ასეთი მიდგომა მაქვს „ნეტავ გამეკეთებინა“! ის, რომ „ჩემმა ქმედებამ ცხოვრება დამინგრია, ვაიმე!“ და წარსულს ვებღაუჭებოდე – არ მახასიათებს. პირიქით, მირჩევნია, ნაბიჯი გადავდგა. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც მახასიათებს ისაა, რომ მარტივად ვეგუები ყველანაირ სიტუაციას. ძალიან მარტივად ვიღებ ცუდსაც და კარგსაც. ცხვირს არ ჩამოვუშვებ, არ ვიგლოვებ. მოხდა – მოხდა, რას ვიზამ...

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდა...

– ოთომ ჩემთვის სიყვარულის ახსნა თავის ქალაქში, გორში გადაწყვიტა. გორი დათვალიერებული არ მქონდა, მხოლოდ გავლით ვიყავი ნამყოფი და მითხრა, გორისჯვარზე უნდა აგიყვანოო. წარმოდგენა არ მქონდა, რას აპირებდა. ღამე იყო, სექტემბერი. საერთოდ, ცხოვრებაში გველებზე მეტად არაფრის მეშინია. ეს ფობია ცხოვრებას მინადგურებს, წყალში ვერ შევდივარ ამის გამო (იცინის). მოკლედ, სიყვარული ამიხსნა და ძალიან ბედნიერები ვბრუნდებით უკან, როცა უცებ ჩვენს ფეხებში გველმა გაისრიალა. საშინელი კივილი დავიწყე და ოთოს შევახტი. ოთომ ვეღარ გაიგო რა გაეკეთებინა, გველი მოეკლა, მე დავემშვიდებინე, თუ გაქცეულიყო (იცინის). მე ვკიოდი და თან ოთოს ვეჭიდებოდი, რომ დაბლა არ დავესვი. ის მამშვიდებდა, მორჩა, აღარ არისო. მე, რა თქმა უნდა, ეს არ მესმოდა. ეგ კი არა, მანქანაში რომ ჩამსვა, თბილისამდე ფეხები ჰაერში მქონდა, შიშით დაბლა არ ჩამომიშვია (იცინის).

– როდის ყოფილხარ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება ეს თვისება გააღვიძოს შენში?

– სასტიკი არასდროს ვყოფილვარ არავის მიმართ. თუმცა, კი, ერთხელ ვიყავი. დაახლოებით, 15 წლის ვიქნებოდი. ჩემი ბავშვობის მეგობარი სცემა ერთმა გოგონამ. მერე ამ გოგოს მე ძალიან სასტიკად მოვექეცი – მაგრად ვცემე. საქმე ისაა, რომ ჩემს მეგობარს ფეხზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და სერიოზული პრობლემები ჰქონდა. 14 ოპერაცია გაიკეთა და თუ სწორად მახსოვს, პლატინა ჩაუდგეს. ახალნაოპერაციებზე კი ამ გოგომ ფეხში ჩაარტყა და ჩემს მეგობარს სიმწრისგან გული წაუვიდა. ეს რომ დავინახე, ისე გადამეკეტა გონება, რომ გამოვფხიზლდი, იმ გოგოს ხელიდან მაწიწკნიდნენ.

მე შეიძლება, ადამიანმა მილიონი შეურაცხყოფა მომაყენოს და გადავყლაპო, ხელის დარტყმაზე ხომ ზედმეტია საუბარი, ამას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ, მაგრამ ეს ისეთი რამე იყო, მე ვფიქრობ, ვერცერთი მეგობარი თავს ვერ შეიკავებდა. განზრახ არც მიქნია, ჩემდაუნებურად გავაკეთე, სიმწრისგან.

ამის მეტი მართლა არაფერი მახსენდება. ისეთი რამეც კი არ მომხდარა, რომ ვინც მაწყენინა, მისთვის რამე ცუდით გადამეხადა. ამას ვერ გავაკეთებ. უბრალოდ, თუ ჩემს მეგობარს ჩემ თვლწინ ხელს დაარტყმთ, თავს გაგიტეხავთ. ოთოს გამოც იმავეს გავაკეთებ (იცინის).

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მარცხი ისაა, რომ დედაჩემი დღემდე ემიგრანტია. არა მგონია, ამაზე მეტი მარცხი განვიცადო. იმ ასაკში ვარ, რომ დედა ემიგრანტი აღარ უნდა მყავდეს, თუმცა ეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია.

რაც შეეხება გამარჯვებას, პატარ-პატარა გამარჯვებები მუდმივად არის, თუმცა ალბათ, მთავარი წინაა.

– გველის გარდა, სხვა რამის ფობიაც გაქვს?

– ისე მეშინია ნემსის გაკეთების, რომ თავის მოვლის არანაირი პროცედურა არ მაქვს ჩატარებული. ძალიან მინდა ტუჩის აუგმენტაციის გაკეთება და თუ დამესიზმრება, თორემ ამ შიშის გადალახვის შანსი არ მაქვს. იმდენად მეშინია ღრძილზე ნემსის, რომ კბილებს ნარკოზით ვიღებ. თუ რამეზე ნარკოზი არ კეთდება, მაშინ გაყუჩების გარეშე. სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ გაუყუჩებლად ისეთი რამე გავიკეთე, ექიმმა მითხრა, თავი ყასაბი მგონია, მე ვარ ცუდად ახლა ამას რომ გიკეთებ და ძალიან გთხოვ, ნემსი გამაკეთებინეო. ერთი საათი სკამზე ხელებმოჭერილი ვიჯექი და ამ ტკივილს ვიტანდი, ოღონდ ნემსი არ გამეკეთებინა. წარმოიდგინეთ, შვიდი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, აქედან 4 სასწრაფო, არცერთ ოპერაციაზე არ მინერვიულია, მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდი, რომ ვენაში კათეტერი უნდა ჩაედგათ. აი, კათეტერს რომ ჩამიდგამენ, მერე თუ გინდა თავი მომაჭრან, აღარაფერზე ვდარდობ (იცინის). სავარაუდოდ, ეს შიში ბავშვობიდან მოდის, ალბათ, ბავშვობის ტრავმაა. ოპერაციის შემდეგ ათი დღე მუცელში გამათხელებლები მიკეთებია. ეს სრულიად უმტკივნეულოა, მაგრამ ბებიაჩემი მეხუმრება ხოლმე, ნემსს რომ მოვიტან, ისეთი სახე გაქვს, გეგონება ვიბომბებითო. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ მუცელში ნემსს, მაგრამ, რომ ვხედავ, უკვე ცუდად ვხდები, თუმცა სხვა გზა არ არის და ვიკეთებ.

– ყველაზე დიდი ფიზიკური ტკივილი როდის განიცადე?

– ოთხ კბილზე მქონდა კისტები და ყბა-სახის ქირურგია დამჭირდება, გამიკეთეს ეს ოპერაცია. ცხვირის ოპერაციაც გაკეთებული მაქვს, კისტაც ამოღებული, ბრმანაწლავიც გაკეთებული. ბრმანაწლავისა და კისტის ტკივილი კატასტროფულია, ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება, მაგრამ ყბა-სახის ქირურგიის შემდეგ რომ გავიღვიძე, მეგონა, სახე ჩემი აღარ იყო, ყველა ნაკვთი მტკიოდა და ვბღაოდი, მიშველეთ-მეთქი. დამაძინეს, აღარაფერი მახსოვს. რომ შევაჯამოთ, ამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, ზოგადად, მოსალოდნელი ტკივილის მეშინია, თორემ ისე ტკივილს საკმაოდ კარგად ვიტან. რეპეტიციის გამო მუცლის ისეთი ტკივილი ავიტანე, ვერ აღვწერ. ტუჩები რომ გამილურჯდა, რეპეტიცია გააჩერეს. მერე ექიმმა მითხრა, ამის იქით მუცლის ტკივილი არ არსებობსო. ასე რომ, მთავარია, არ ვიცოდე, რომ ახლა მეტკინება და ყელაფერს გავუძლებ...

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ?

– ოთოთი ვამაყობ ყველაზე მეტად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი