სოფო ბედია: ჩემზე ერთგული ადამიანების შეიძლება, შემშურდეს
ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 18.08, 2021 წელი

ბლიცინტერვიუ სოფო ბედიასთან 👇
სახელი: სოფო.
გვარი: ბედია.
პროფესია: მომღერალი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– მე და ჩემი ძმა ერთ კლასში ვსწავლობდით, ერთ მერხზე ვისხედით და საკონტროლოების დროსაც კი, ერთ რიგს ვწერდით. წერას რომ დავამთავრებდი, ბორიკოს არ ვაწერინებდი ხოლმე, აქ იწყებოდა ჩხუბი და ბოლოს მასწავლებელი გვაშველებდა. თან გასაქანს არ მაძლევდა არაფერში, მარტო არ მიშვებდა გოგოებთან, მეგობრებთან, სულ ჩემს გვერდით უნდოდა ყოფნა. ეს ჩვევა სტუდენტობის დროსაც გაჰყვა, ის იყო პირველი ცვლა, მე – მეორე და საღამომდე მელოდებოდა, როდის მოვრჩებოდი ლექციებს. თუ დამაგვიანდებოდა აუდიტორიებში მეძებდა (იცინის).
– მშობლების როლი...
– რომ არა ასეთი მაგარი დედა და მამა, ყველაფერში ხუთოსანი ვერ ვიქნებოდი. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, პუნქტუალური და მიზანდასახული ვიყავი.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ბავშვობაში ძალიან კარგად ვცეკვავდი, სუხიშვილებში დავდიოდი, პარალელურად, სულ ვმღეროდი, თუმცა ცეკვა უფრო მაინტერესებდა. გარდატეხის პერიოდში ცოტა წონის პრობლემა მქონდა და ამან განაპირობა ჩემი სიმღერაზე გადართვა.
– ჩემი მეტსახელი...
– მამა მეძახდა ხოლმე „ქუცუნას“. თურმე, სამეგრელოში გოჭებს ეფერებიან „ქუცუნათი“ (იცინის).
– ადამიანში ვაფასებ...
– გულწრფელობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ვინც გულწრფელია, მას სითბოს თავისუფლად გამოხატვაც შეუძლია. კიდევ ერთგულებისა და სიყვარულის ნიჭი.
– მწამს...
– ღმერთისა და სიკეთის.
– ვრისკავ...
– ხშირად და ჩემი ინტუიციაც მშველის ხოლმე ამაში. ქარაფშუტული რისკები არ მიყვარს, თუ კონკრეტულ საქმეში საკმაოდ დიდი შანსები მაქვს, მაშინ ვრისკავ.
– მაკვირვებს...
– ბოლო დროს ძალიან მაკვირვებს ადამიანთა უგულობა და ბოროტება, რომელიც რატომღაც, ყველა სფეროშია და ყველგან მძვინვარებს. ძალიან მეშინია ბოროტი, გულღრძო და გულცივი ადამიანების. არასოდეს ვიჩერებ ირგვლივ ნეგატიურ ადამიანებს და მათთან არც პოლემიკაში შევდივარ.
– ვერიდები...
– კონფლიქტებს. ზოგადად, გაწონასწორებული ადამიანი ვარ. თუ ვიღაც მომაყენებს შეურაცხყოფას, მასაც კი ვერიდები, უბრალოდ, ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. პრობლემის ლამაზად და ლაკონიურად მოგვარება მიყვარს, ოღონდ ვისთანაც ამის შესაძლებლობა მაქვს.
– დრო და სიყვარული...
– სიყვარული თუ ნამდვილია, არ ქრება. უბრალოდ, ეტაპები აქვს: შეყვარებულობის დროს სხვა ეტაპია, ცოლქმრობის დროს – სხვა და ასე შემდეგ, თუმცა, გრძნობა სულაა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მას სჭირდება განახლება და მოვლა. გრძნობას ორივე მხარე უნდა გაუფრთხილდეს. როგორც ამბობენ ხოლმე, ყვავილი, რომ არ დაჭკნეს, წყალი უნდა დაუსხაო, ასეა ამ შემთხვევაშიც.
– ის, რაც უპატიებელია...
– ტყუილი და ღალატი. ჩემში, ბავშვობიდან, ორივე დიდ აგრესიას იწვევს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირად ცხოვრებაში იქნება თუ ისე. ღალატი გწყინს საყვარელი ადამიანისგან და არა ვიღაც უცხოსგან. ვინც მომატყუებს ან მიღალატებს, მასთან ძველი ურთიერთობა და გრძნობა ვეღარ მექნება.
– მეშინია...
– ღმერთის... და იმის, რომ ჩემს ოჯახს ცუდი არაფერი დაემართოს. მთავარია, ჯანმრთელობა იყოს და დანარჩენი ყველაფერი იქნება.
– მაბრაზებს...
– ტყუილი. მე არასდროს ვიტყუები, მირჩევნია, პირში ვუთხრა ადამიანს სიმართლე, ვიდრე მოვატყუო.
– შემშურებია...
– არავისი არასდროს არ მშურს. შეიძლება, ჩემზე ერთგული ადამიანების შემშურდეს, ისიც კარგი გაგებით. პირიქით, მიხარია, როცა ყველა კარგადაა, წარმატებული და ბედნიერია.
– სამაგიეროს გადახდა...
– არ ვცხოვრობ სამაგიეროს გადახდის დევიზით და არ ვსახავ მსგავს გეგმებს. რა უფლება მაქვს, ვინმეს სამაგიერო გადავუხადო. არც არავის გავუმწარებივარ ისე, რომ რაიმე მემოქმედა. ყოველთვის ყველას სიკეთეს ვუსურვებ.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, თუ ვარ დამნაშავე, პატარა რამეზეც კი შემიძლია, ბოდიში მოვიხადო.
– ვნანობ...
– ადამიანი ფრთაშესხმული ანგელოზი უნდა იყო, რომ რაიმე არ ინანო. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დამიშვია. ვფიქრობ, სინანული სულ უნდა სდევდეს ადამიანს. თუ სინანულის გრძნობა არ გაგაჩნია, მაშინ ამპარტავანი და ცუდი ადამიანი ხარ. როცა რაღაცას ინანიებ ღმერთსაც ძალიან უყვარხარ.
– მარტოობის განცდა...
– არ მქონია და არ მიყვარს მარტო ყოფნა. სახლში ვერც მნახავთ მარტო. არიან ადამიანები, ვისაც მარტო ყოფნა უყვართ და დღის განმავლობაში ერთი საათი მაინც განმარტოვდებიან ხოლმე, მე ასე არ ვარ. ახლაც ქალაქგარეთ ვართ, უკვე მომწონს ჩიტების ჭიკჭიკი, რაც ადრე არასდროს მხიბლავდა, მაგრამ აქ მარტო ვერ გავჩერდები.
– თავისუფლება არის...
– ბუნებით თავისუფალი ადამიანი ვარ და მიყვარს თავისუფალი ადამიანები. არ მომწონს, როცა ვიღაც მაკომპლექსებს ან მზღუდავს და საბედნიეროდ, ჩემ ირგვლივ ასეთი ადამიანები არც არიან. იმ დონეზე ვარ თავისუფალი, რის საშუალებასაც ჩემი ადამიანობა და პიროვნული თვისებები მაძლევს. თავისუფლება არ მესმის ყველაფრის კეთებაში, რადგან ყველაფერს თავისი ზღვარი და ჩარჩოები აქვს. ვერასოდეს ავიტან ჩემი პირადი თავისუფლების შებოჭვას, მაშინ სოფო კი არა, იმ ადამიანის მიერ შექმნილი ვიღაც ვიქნები.
– დღევანდელ საზოგადოებაში მაკლია...
– სიყვარული. ძალიან გაბოროტებულია ერი და ადამიანებს ერთმანეთი აღარ უყვართ, ისე მარტივად თმობენ და ექიშპებიან ერთმანეთს, რომ ძალიან მიკვირს. არადა არავინ იცის ხვალ რა ელოდება. ადრე უფრო იყო ერთმანეთის პატივისცემა, თავშეკავება, ახლა ძალიან ცუდი რეალობის წინაშე ვდგავართ, დიდი ბოროტება სუფევს. ადამიანებმა ერთმანეთში კარგი უნდა ეძებონ და დაინახონ და არა – ცუდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან