შოუბიზნესი

სოფი გოგებაშვილი: კაცებსაც მოსწონთ ეჭვიანი ცოლები

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 16.06

სოფი გოგოებაშვილი
დაკოპირებულია

სოფი გოგებაშვილისა და ნიკა ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება წლების წინ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სოფი ასაკით პატარა იყო, მეუღლეს გვერდით დაუდგა და ნიკას სპორტულ წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. ცოტა ხნის წინ კი საკუთარი საქმეც წამოიწყო და წარმატებასაც მიაღწია.

სოფი გოგებაშვილი: პანდემიის გამო, როგორც ყველას, ჩვენც მოგვიწია სახლში ჩაკეტვა, მაგრამ ამას შეიძლება, დადებითიც მოვუნახოთ – უფრო მეტი დრო გამოგვიჩნდა ერთმანეთისთვის, ბავშვებს განსაკუთრებით გაუხარდათ, ბევრი გასართობი მოვიფიქრეთ და ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობდით, პოზიტიურობა შეგვენარჩუნებინა. ნიკას კარიერიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევდა ცალ-ცალკე ყოფნა. ამ მდგომარებამ უფრო შეკრა ჩვენი ოჯახი.

– რას ამბობს ნიკა, მის კარიერაზე როგორ აისახა ეს პერიოდი?

– გამომდინარე იქიდან, რომ ნიკა აღარ არის აქტიურ სპორტულ ფაზაში, შეიძლება ითქვას, რომ კარგად. მისი აქტიური სპორტიდან წამოსვლა პანდემიის პერიოდს დაემთხვა და რადგან ამ მიზეზით ყველაფერი გაჩერდა, ნოსტალგიის მომენტი აღარ ჰქონდა. ყველაფერი რომ ჩვეული რიტმით გაგრძელებულიყო და მხოლოდ ის ყოფილიყო პასიურ მდგომარეობაში, გაცილებით მეტად გაუჭირდებოდა. ეს ძალიან დაეხმარა კარიერის დასრულებით გამოწვეული განცდების გადატანაში.

– მაგრამ, ალბათ, მაინც რთული პერიოდი გექნებოდათ...

– ძალიან კრიზისული პერიოდი გვაქვს. სპორტსმენისთვის ძალიან რთულია პასიურ რეჟიმში გადასვლა. მაგრამ ნიკა სულით ხორცამდე სპორტსმენი და პროფესიონალია, ამიტომ წუთით არ ჩერდება. იმდენად აქტიურია, გარშემო მყოფებს უკვირთ და ეუბნებიან, მორჩი კალათბურთის თამაშს და ახლა მაინც დაისვენეო. მაგრამ ის ისევ აქტიურად ვარჯიშობს. ახლა ამერიკაში უწევს წასვლა, რადგან ძმასთან ერთად კალიფორნიაში აკადემია აქვს. ძალიან უნდა ქართველ ბავშვებს გაუზიაროს გამოცდილება და ამისთვის აქაც აპირებს კალათბურთის აკადემიის გახსნას. ჯერ ამ იდეის განხორციელება არ დაუწყია, მაგრამ აუცილებლად გააკეთებს.

– სოფი როგორი მეუღლეა? ყველამ ვიცით, სპორტსმენებს რა რთული რეჟიმი აქვთ და შესაბამისად, რამხელა ტვირთის ზიდვა უწევთ მათ მეუღლეებს...

– მართლა ძალიან რთულია, მით უმეტეს, ახლა, როცა ნიკას სტატუსი შეიცვალა. მეუღლეს ამ დროს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ამ მომენტში განსაკუთრებული გვერდით დგომა სჭირდებათ. შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად ნიკას რეჟიმით ვცხოვრობ, არ მინდა, რამე დანაკლისის განცდა ჰქონდეს. ხშირ შემთხვევაში, ამის გამო მიწევს ჩემი პირადი საქმეებისა და ინტერესების გვერდზე გადადება, მაგრამ ვიცი, ამას რატომაც ვაკეთებ და დაუფიქრებლად ვდგამ საჭირო ნაბიჯებს.

– თავიდან საკუთარი თავის „გვერდზე გადადება“ შინაგან პროტესტს არ იწვევდა?

– ეს ნაბიჯი რომ გადავდგი, მიუხედავად პატარა ასაკისა, ყველაფერი გააზრებული მქონდა და მზად ვიყავი. ერთადერთი, რაზეც გული მწყდებოდა, ჩემი პროფესიის მიტოვებაა. ანსამბლ „რუსთავში“ ვცეკვავდი და მისი დატოვება მომიწია, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვდიოდი, ცეკვას ვაგრძელებდი და ბოლომდე არც ამ სფეროს მოვწყვეტივარ. ამიტომ ნაკლები განცდა მქონდა. არასდროს მინანია ჩემი გადაწყვეტილება და არც მინერვიულია იმის გამო, რომ რაღაცებზე უარი ვთქვი. ნიკა ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება და მაფასებს (იცინის).

– პატარა იყავი, ოჯახი შექმენი, საცხოვრებელი გარემო შეიცვალე – სრულიად ამოაყირავე საკუთარი ცხოვრება.

– ზუსტად. მაგრამ ახლა უფრო მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება, ვიდრე იმ ასაკში. მაშინ ყველაფერი ვარდისფრად მეჩვენებოდა, არაფერზე დავფიქრებულვარ, მაქსიმალურად მივენდე ნიკას. იმდენად კარგად ვუგებდით ერთმანეთს, რომ ძალიან გაგვიმარტივდა თანაცხოვრება. ნიკა ძალიან კომფორტული ადამიანია და არანაირი დაბრკოლება არ გვქონია. რა თქმა უნდა, სიძნელეები არის, მაგრამ ურთიერთგაგებით ყველაფერს ვაგვარებდით. ახლა ისე მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება, ვამბობ ხოლმე, კიდევ კარგი, მაშინ ასეთი არ ვიყავი-მეთქი. ალბათ, ახლა ბავშვების გამო ვარ ასე, მაშინ მარტო ვიყავი და უფრო მარტივად ვდგამდი ნაბიჯებს. ზოგჯერ ბევრი ფიქრი და ყოყმანი არ ვარგა, უნდა გარისკო.

– მერე სოფი ძალიან კარგ მეოჯახედ ჩამოყალიბდა და მთელმა საქართველომ იცის, როგორი მზარეულია. დღემდე აქტიური ხარ ამ თვალსაზრისით?

– კი. ძირითადად მე ვამზადებ ოჯახისთვის და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ოჯახის წევრები უკვე მიეჩვივნენ სამზარეულოში რომ მხედავენ, მეც არ ვუცრუებ იმედებს. ჩემი საქმეც მაქვს და დროში ცოტა მიჭირს, მაგრამ გამორიცხულია, დღე ისე გავიდეს, სამზარეულოში არ შევიდე და რამე არ მოვამზადო. თან მსიამოვნებს, თან ოჯახის წევრებს ვანებივრებ.

– რაც შეეხება საქმეს?

– ისეთ საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ნიკა ძალიან დამიდგა გვერდით, პრინციპში, ეს მისი იდეა იყო და სისრულეში მე მოვიყვანე. იქიდან გამომდინარე, რომ ორი გოგო გვყავს, მათი ჩაცმის საკითხი სულ აქტუალური იყო. ძალიან უყვარდათ ფერადი, ფუშფუშა კაბები, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებდით ასეთი კაბის შეძენას, რადგან ფიზიკურად არ იყო. ექვსი წელი ბეირუთში ვცხოვრობდით და იქ იყო არაჩვეულებრივი ბრენდები. ნიკას გაუჩნდა იდეა – რატომ არ უნდა იყოსო ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ და გადავწყვიტეთ, დიზაინი ჩვენ შეგვექმნა და დაგვექირავებინა ადამიანები, რომლებიც ჩვენს ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანდნენ. ისე გაამართლა, მესამე წელია, საქართველოს ბაზარზე, ფაქტობრივად, უკონკურენტოები ვართ და წინ მივიწევთ. უკვე საზღვრებს გარეთაც გავედით, ჩვენი პროდუქციას ბევრ ქვეყანაში ვაგზავნით და ძალიან ამაყები ვართ. ჩვენი გოგონებიც ძალიან ბედნიერები არიან, მაგრამ უკვე ისე მობეზრდათ ეს ყველაფერი, მოდელებად სხვა გოგონებს ვეძებთ, ჩვენს შვილებს ვეღარ ვითანხმებთ (იცინის).

– დიზაინერობასა და ბიზნესის მართვას როგორ გაართვი თავი?

– ბიზნესის ადმინისტრირება მაქვს დამთავრებული და ძალიან გამიმარტივდა ხარჯთაღრიცხვის წარმოება, ფინანსების ორგანიზება. რაც შეეხება დიზაინს, ამ სფეროში დედაჩემია ძალიან კარგი და მისი ხედვა ძალიან დამეხმარა. რაც მთავარია, მომსახურების ხარისხს ვანიჭებთ ძალიან დიდ მნიშვნელობას, რაც სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული.

– ქართველები მულსა და დედამთილთან ურთიერთობაზე ლეგენდებს ვყვებით ხოლმე. თქვენი ურთიერთობა როგორ ჩამოყალიბდა?

– ოჯახი რომ შევქმენით, როგორც ყველგან, ჩვენთანაც იყო შეგუების მომენტში სირთულეები, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა ერთმანეთი უკეთ გავიცანით და დავახლოვდით, ამ სირთულეების გადაჭრის გზებიც ვიპოვეთ. დღეს ყველაფერი იდეალურად არის. ნინოს, როგორც მულს, ნამდვილად ვერ ვუყურებ, დასავით აღვიქვამ და ძალიან მიხარია. საქართველოში მართლა არის სტერეოტიპები მულთან და დედამთილთან ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით, ეს პრობლემები ნულზეა დაყვანილი და ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ნიკას დამსახურებაა და მერე თითოეული ჩვენგანის.

– ნიკას წარმატება და კარგი ვიზუალი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ მეორე მხარეც არსებობს, ეჭვიანობა, გაქვს ეს თვისება?

– ამისთვის უკვე დიდები ვართ. თავიდან ასაკიც ისეთი მქონდა, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდი, ჩასაფრებული ვიყავი, მაგრამ დრომ მიმახვედრა, რომ წარმატებული ურთიერთობის ყველაზე დიდი საფუძველი ნდობაა. თუმცა ბოლომდე არ უნდა მოეშვა. ვფიქრობ, რომ ქალი უნდა იყოს ცოტა ეჭვიანი. მგონია, რომ ქალს ეს უხდება და კაცებსაც მოსწონთ ოდნავ ეჭვიანი ცოლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზომიერებას უნდა გასცდე (იცინის).

– თვითონ როგორია? მის ღირსებებს გავუსვით ხაზი, რაც სოფისაც არანაკლები აქვს...

– თვითონაც ზომიერად ეჭვიანია. საერთოდ რომ არ იყოს, გავბრაზდებოდი და ვიფიქრებდი, არ ვაინტერესებ-მეთქი (იცინის). ნიკას არ უყვარს ზედმეტად ემოციების გამოხატვა და არც ბევრი ლაპარაკი. შესაბამისად, ეჭვიანობაც ზომიერად ახასიათებს და ვაღიარებ, რომ სასიამოვნოდ ეჭვიანია (იცინის). პრობლემას არ ქმნის, მაგრამ ჩუმად და თავისთვის ეჭვიანობს ხოლმე რაღაცებზე (იცინის).

– სამი შვილი გყავთ. ყოველთვის გინდოდა, ბევრი შვილი გყოლოდა?

– 12 წლიდან ვამბობ, რომ ოთხი შვილი მინდა მყავდეს (იცინის). ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ მინდა, ცოტა ხანს შევისვენო. სამი შვილის აღზრდა არ არის მარტივი და ვისაც ოთხი და ხუთი ჰყავს, მათ წინაშე ხელები ამიწევია (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №31

2-8 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 2 – 8 აგვისტო