შორენა იმნაძე: ყველაზე დიდი ბედნიერება და წარმატება დედის დაბადების დღის საჩუქარმა მომიტანა
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 14.05

პოზიტიური, ენერგიულ და ბევრისთვის საყვარელ მომღერალს შორენა იმნაძეს ახლახან დაბადების დღე ჰქონდა. ასაკს არასდროს მალავს და ამბობს, რომ არც მომატებული წლების ეშინია და არც ნაოჭის გაჩენის. არაჩვეუელბრივ ფორმაშია და ჩვეული ენერგიითა და პოზიტივით ბევრ ადამიანს უხალისებს ცხოვრებას. ჩვენ მას მოსკოვში დავუკავშირდით, მივულოცეთ დაბადების დღე და ამბები გამოვკითხეთ.
შორენა იმნაძე: ბავშვობიდან, ვიხდიდი თუ არა, ჩემს დაბადების დღეზე, 20-30 ბავშვი მაინც მოდიოდა. ფაქტობრივად, მთელი კლასი და საოცარ დროს ვატარებდით. დღემდე მიყვარს ჩემი დაბადების დღე და აპრილის თვე. და, ყველა მიყვარს, ვინც აპრილის თვეში დაიბადა, მგონია, ყველა უბრალო და კარგი ხალხია.
– ასაკს ხომ არ მალავ?
– არა, ჩემს წლოვანებას არასოდეს ვმალავ. 44 წლის გავხდი. არ განვიცდი წლების მატებას და ჯერჯერობით, ფიზიკურადაც ვერ ვამჩნევ ცვლილებას. უფრო სწორად, პატარა ნაოჭი გაჩნდება, მაგრამ ხასიათი იგივე რჩება, გული არასოდეს ბერდება. სულ ვამბობ, ყველა ტკბილად და ლამაზად უნდა დავბერდეთ და ბედნიერი სიბერე უნდა გვქონდეს. ასე რომ, ასაკის არ მეშინია და წლები რომ მემატება უზომოდ ბედნიერი ვარ, ვხედავ; ჩემი შვილები იზრდებიან, მიხარია სიცოცხლე და ყველა გათენებული დილა. არ გამომივლია მშვიდი, კოხტა და ლაღი ცხოვრება, ბევრი ვიწვალე იმისთვის, რომ დღეს შორენა იმნაძე ვარ. ასაკის მატებამ და ცხოვრებამ კი ის მასწავლა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვიყოთ კეთილები და აუცილებლად ვაკეთოთ სიკეთე. შევეცადოთ; კარგი გზით ვიაროთ, გურულად რომ ვთქვა –„სიგლახე არ ვაკეთოთ და ამ სიკეთეს და გავლილ გზას ღმერთი აუცილებლად დაინახავს.
– ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე, რომელიც არასდროს გავიწყდება...
– ჩემი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი დაბადების დღე წლების წინ იყო სტამბოლში. სასწაული დაბადების დღე მქონდა, ერთი კვირა არ ჩერდებოდა მოლოცვები, უამრავი ადამიანი მოდიოდა და ზუსტად სამდღიანი კონცერტი გამოვიდა. ოთხი წლის წინ, მოსკოვში რომ ჩამოვედი, აქაც გადამიხადეს და ის დაბადების დღეც სასიამოვნო მოგონებად დამრჩა.
– წელს სად გადაიხადე დაბადების დღე და ვის გარემოცვაში?
– წელს ვიწრო წრეში გადავიხადე, მეგობრებთან ერთად. უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი მივიღე. მომავალ წელს კი, როცა 45 წლის გავხდები, მინდა, გრანდიოზული დაბადების დღე გადავიხადო. სხვათა შორის, დღემდე ვინახავ თავსაბურავს, ეგრეთ წოდებულ, შლაპას, რომელიც დედამ მიყიდა დაბადების დღეზე და ჩემთვის წარმატების მომტანი და ერთგვარი თილისმა გახდა. ასე რომ, ყველაზე დიდი ბედნიერება და წარმატება დედის დაბადების დღის საჩუქარმა მომიტანა, რომელიც 17 წლის ასაკში მიყიდა. 15 წლის მერე წავედი სტამბოლში. მუშაობის დაწყება მინდოდა. შევედი რესტორანში, სადაც მომღერალს ეძებდნენ, საღამოს დამიბარეს: მოდით, იმღერეთ და ვნახოთო. გამოვიპრანჭე, დავიხურფე დედიკოს ნაჩუქარი შლაპა, მივედი, ვიმღერე და მაშინვე ამიყვანეს სამუშაოდ. ძალიან გაამართლა, შლაპას კი დღემდე ვინახავ, ის ჩემი წარმატების თილისმაა.
– ძალიან ხალისიანი, პოზიტიური და მოღიმარი ადამიანი ხარ. თუმცა, როგორც აღნიშნე და არაერთხელ გითქვამს, საკმაოდ რთული გზა გამოიარე, რომ დღვანდელობამდე მოსულიყავი. და მაინც, როდის იდგა შენთვის ყველაზე რთული პერიოდი, როცა არ გემღერებოდა, მაგრამ სხვა გზა არ გქონდა?
– სამყაროს ზურგი არასდროს შეუქცევია ჩემთვის და ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, მაგრამ იყო მომენტები, როცა თვალცრემლიანს მიმღერია სცენაზე. უახლოესი ადამიანი გარდამეცვალა, კულისებიდან სცენაზე შევდიოდი რომ გავიგე, სხვა გზა არ მქონდა, უნდა მემღერა და „თბილისო“ ცრემლიანი თვალებით ვიმღერე. სიმღერას რომ მოვრჩი, ემოცია კიდევ უფრო მომაწვა და ავქვითინდი. ვხედავდი, ამ ჩემს ემოციას როგორ იზიარებდა დარბაზში მჯდომი საზოგადოება. რასაკვირველია, ასეთი რაღაცებიც ხდება, ცხოვრებაა ასეთი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, როგორც არ უნდა მიჭირდეს, როცა სცენაზე გავდივარ, ვიყო ის შორენა, როგორიც ვარ ცხოვრებაში – ნამდვილი და არა ყალბი. ყველას უკვირს, ყოველთვის როგორ შეიძლება, ასეთ ტალღაზე იყოო... მეც არ ვიცი როგორ და მადლობა უფალს, ამისთვის.
– ყოველთვის ხარ ფორმაში, მოწესრიგებული და გემოვენებით ჩაცმული. რამდენად პრანჭია ბავშვი იყავი და სერიოზულად თავის მოვლა რა ასაკიდან დაიწყე?
– თავის სერიოზული მოვლა 26-27 წლის ასაკიდან დავიწყე. ბავშვობაში კი ძალიან პრანჭია ვიყავი. დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი, კაშნეს მოვიხვევდი – ვითომ მოკლე კაბა იყო, ჩემი დის დაქალებს ჩანთიდან ვპარავდი წითელ პომადას, წავისვამდი, დავიჭერდი სავარცხელს ვითომ მიკროფონი იყო და სარკის წინ ვიპრანჭებოდი და ვმღეროდი. ბავშვობიდან ვოცნებობდი მემღერა და სცენაზე გაპრანჭული ვმდგარიყავი. სხვათა შორის, ბევრი ინტერესდება და გეტყვით, რომ დიზაინერი არ მყავს. ადრე მყავდა სტამბოლში და ის ტანსაცმელს მიკერავდა. დღეს კი თავად ვხვდები, რა მიხდება, რა – არა და თავად ვირჩევ სამოსს. წონასთან დაკავშირებით, 2-3 კილო სულ პრობლემა მაქვს და ვდილობ, ჩემით შევიმოსო ისე, რომ ეს დავმალო. ჩემი კარადა რომ გამოაღოთ, დაგხვდებათ ნაირ-ნაირი ფერის და სტილის კაბები, ქუდები და ხელთათმანები. ადრე აკადემიური სტილი მიყვარდა, ორი წელია, რაც სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. მეგონა, არ მომიხდებოდა, მაგრამ იმდენად დავიღალე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულით, ვცადე და სპორტულიც მოვირგე.
– ადრეულ ასაკში გათხოვდი და გახდი დედა...
– 21 წლის გავთხოვდი და ჩემთვის არ ყოფილა ტვირთი ოჯახის ამ ასაკში შექმნა. არ ვფიქრობ, რომ ადრე გავთხოვდი, ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, უბედნიერესი ქალი ვარ. მართალია, ჩემი სითბო მოვაკელი, რადგან ისე გაიზარდნენ სულ საზღვარგარეთ ვიყავი, მაგრამ ეს მათ გამო მიწევდა, რომ მათთვის უზრუნველი მომავალი შემექმნა.
დღეს ხშირად ვარ მათ გვერდით, თითქოს იმ დაკლებული სითბოს კონპენსირებას ვახდენ, მაგრამ ის წლები არასოდეს მავიწყდება, როცა ჩემი შვილები ჩემ გარეშე იზრდებოდნენ და მე არ ვიყავი მათ გვერდით. ის წლები და სითბო მოვაკელი, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ და რა თქმა უნდა, მეც მინდოდა, მათ გვერდით. ამაში დამნაშავე ვარ, მაგრამ დღეს ჩემი შვიელბი ფეხზე დგანან და წარმატებულები არიან. მადლობა უფალს ამისთვის, ჩემს თავსაც, რომ მე ეს შევძელი.
– შორენა, როგორ ფიქრობ, ქალის ბედნიერებისთვის მთავარი რა არის და თუ მიიჩნევ ბედნიერ ქალად თავს?
– მე ნამდვილად ვარ ბედნიერი ქალი, ჩემი შვილებით ვარ ბედნიერი, ჩემი კარიერითა და იმ სითბოთი, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. ყოველ დილა-საღამოს მადლობას ვეუბნები უფალს, რომ გამიმართლა იღბალში და რომ მე დღეს კარგი გოგო ვარ. წარმოიდგინეთ, დაბადების დღეზე უამრავი მილოცვა მივიღე უცნობი ადამიანებისგან, უთბილესი სიტყვებით და იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, რომ ხვდები ადამიანებს უყვარხარ. სხვათა შორის, 12 საათი რომ გახდა, უზარმაზარი თაიგული მივიღე, ასი წითელი ვარდი, ძალიან გამიხარდა, მაგრამ დღემდე არ ვიცი, ვისგან იყო. 12 საათზე მეგობრებიც მოვიდნენ და ძალიან გამახარეს. ასე რომ, მეგობრებმაც მომიტანეს ყვავილები და სახლში პატარა, ფერადი სამოთხე მოვიწყვე. ზოგადად, როცა ქალს მატერიალური მდგომარეობა მყარი აქვს, ამას მისთვის სიმშვიდე და სიწყნარეც მოაქვს.
– გიფიქრია იმაზე, რატომ უყვარხარ ამდენ ადამიანს?
– მიფიქრია და პასუხიც ვიცი. მე იმიტომ ვუყვარვარ ხალხს, რომ ყოველთვის გულწრფელი ვარ, როგორც ვმღერი – სწორად თუ არასწორად, რასაც ვამბობ, როგორც ვიქცევი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გულიდან ამოდის, ამას ხალხი ხვდება და იღებს. ისეთი გურული გოგო ვარ, როგორიც ვიყავი, წლების მატებასთან ერთად არაფერი შეცვლილა. ნამდვილი გურული ქალის ხასიათი მაქვს და ვამაყობ ჩემი გურულობით. ზოდიაქოთი კი კურო ვარ და რქებითაც გამაქვს ცხოვრება, არასოდეს ვნებდები, არასოდეს ჩამომიშვია ხელები. ყოველთვის მიზანდასხული ვარ და პოზიტიურ განწყობაზე. სულ ვშორომდი და ვწვალობდი და ჩემს გულწრფელობასთან ერთად, ეს იყო წარმატების მიღწევის მიზეზი. სხვათა შორის, საზაფხულოდ ჩემს ქართველ გულშემატკივერებს სიურპრიზს ვუმზადებ – მე და ლოლა წერეთელი მთელი სამი თვე ქობულეთში ვიქნებით და კონცერტებით, მხიარული განწყობითა და პოზიტივით გაგახალისებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან