შოუბიზნესი

შორენა იმნაძე: ქალების შურიანი მზერაც მიგრძნია და მათ გასაგონად ვიტყვი: რაც კარგი გაქვს, უნდა გამოაჩინო

№3

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 25.01, 2021 წელი

შორენა იმნაძე
დაკოპირებულია

ვინც მომღერალ შორენა იმნაძეს იცნობს, დამეთანხმება, რომ იშვიათია მსგავსი პოზიტივის, ენერგიისა და ოპტიმიზმის მქონე ადამიანი. ის უკვე წლებია, ემიგრაციაშია და საკმაოდ რთული გზის გავლის მერე წარმატებას მიაღწია. ირგვლივ სიხალისეს ასხივებს და ამით ბევრ ადამიანს ცხოვრებას უმსუბუქებს. ახლახან, მისი ინიციატივით, მსოფლიოში მიმოფანტული ქართველი ემიგრანტი ქალების სილამაზის კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებულებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხებიც იყო დაწესებული. 

შორენა იმნაძე: უკვე ექვსი წელია, რაც ემგრაციაში ვარ, ქალაქ სტამბოლში. ძალიან რთული გზა გავიარე, მაგრამ ჩემი პოზიტიური განწყობა დამეხმარა, პრობლემები და წინაღობები მარტივად გადამელახა. მიუხედავად სირთულეებისა, არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ რამე არ გამომივიდოდა. იყო დღეები, როცა წინ არაფერი ჩანდა, თუმცა შვილებს რომ ვურეკავდი, ვეუბნებოდი: ყველაფერი კარგადაა და უფრო კარგად იქნება-მეთქი. დღეს, მადლობა ღმერთს, კარგად ვარ. სიმღერა და შვილები ჩემი მთავარი სტიმული იყო და არის, რომელსაც წინ ვერანაირი სირთულე ვერ დაუდგება. სანამ ჩემს სახელს უცხო მიწაზე დავიმკვიდრებდი, რასაკვირველია, მომიწია გარკვეული საფეხურების გავლა. მიმტანადაც ვმუშაობდი. მაგრამ, გამიმართლა და რესტორანში მომღერლად ამიყვანეს, უკვე ხუთი წელია, სცენაზე ვდგავარ.
– ამბობენ, ქართველ ემიგრანტებს ძალიან ეხმარები და ბევრის იმედი გახდი. ასევე, საქართველოდან სამკურნალოდ ჩასულ ბავშვებსაც ურიცხავ თანხას და შენი ქველმოქმედებით ბევრ მათგანს სიცოცხლეც აჩუქე. ასეა?
– ნამდვილად, ასეა. სოციალურ ქსელში გახსნილი მაქვს ჯგუფი და ვაქვეყნებ სამსახურებს, სადაც მათ შეუძლიათ მისვლა. ამით უამრავი ადამიანი დასაქმდა. სხვათა შორის, ქართველი ემიგრანტები საქართველოდან სამკურნალოდ ჩამოსულ დაავადებულ ბავშვებსაც ვეხმარებით. დაახლოებით, 23 ბავშვი გადავარჩინეთ სიკვდილს და ეს ქველმოქმედება დღემდე გრძელდება. კორონას ეპიდემია რომ დაიწყო და გარეთ გასვლა აგვიკრძალეს, ქართველმა გოგონამ დამირეკა, საკეისრო კვეთა მიწევს და ფული არ მაქვსო. ჩემს ჯგუფში დავწერე მის შესახებ, მიუხედავად რისკისა, ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ, პატარა კაფეში შეიკრიბნენ და ყველა დაეხმარა. პოლიციელებს რომ დაეჭირათ, დაადეპორტებდნენ, თუმცა, თანამემამულის გადასარჩენად ამ რისკზეც წავიდნენ. გოგონა გადარჩა, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვი გარდაიცვალა. რაც უნდა თქვან, ქართველებს ერთმანეთის გვერდით დგომა არ გვეშლება, მით უმეტეს უცხო მიწაზე. მადლობა მსოფლიოს ემიგრანტებს იმ ნდობისთვის, რასაც ჩემ მიმართ იჩენენ. ბევრ ქვეყანაში მეპატიჟებიან, რომ კონცერტი გავმართო. ხშირად დავდივარ და ხალხის სიყვარული მაბედნიერებს. ხანდახან, მწერენ: შორე, არ იმღერო, უბრალოდ, ჩამოდი, სიმღერით არ დაგღლით, ისე დაგვენახვეო (იცინის). ალბათ, ჩემი პოზიტივის ბრალია, თორემ სხვა არაფერი გამაჩნია. არასოდეს ვარ ცუდ განწყობაზე და რომც ვიყო, ამას სხვას არ დავანახვებ. სხვათა შორის, პანდემიის დროს სახლში რომ ვიყავი ჩაკეტილი, თურქეთში საქართველოს კონსულმა დამირეკა და მკითხა, რამე ხომ არ გჭირდება, ხომ ხარ კარგადო. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ახლა, საქართველოში ჩამოვედი, რომ კლიპი გადავიღო, რომელსაც თურქეთში წავიღებ და ეს იქნება ჩემი საჩუქარი ყველა ემიგრანტისთვის. ჩაფიქრებული მაქვს, ეს სიმღერა, რომელიც მეგობრობაზეა, მსოფლიოს ყველა რესტორანში ვიმღერო, სადაც ქართველი ემიგრანტია.
– საკმაოდ თამამი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ. სიმართლე გითხრა, მიკვირს, რომ გვერდით ცხოვრების თანამგზავრი მამაკაცი არ გიდგას.
– პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, მარტო ვცხოვრობ სტამბოლში, კარგ სასტუმროში, უფასოდ. სასტუმროს მეპატრონე ქალს ისე ვუყვარვარ, მთლიანი აპარტამენტი დამითმო. თაყვანისმცემლებიც მყავს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფერს ვწყვეტ და მარტო ვარ. რასაკვირველია, აუცილებელია გვერდით საყვარელი მამაკაცის დგომა, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა ასეთი, გვერდით რომ დავიყენო (იცინის). ალბათ, ბედისწერაცაა. რაც შეეხება თამამად ჩაცმას, ამას სცენა მოითხოვს, თორემ შინაგანად უბრალო ვარ. არ დამავიწყდება, მანანა თოდაძე მყავდა სტუმრად და სცენიდან რომ ჩამოვიდა და მე ავედი, დაინგრა დარბაზი ოვაციითა და ტაშით. ვუთხარი: ქალბატონო მანანა, მე არ ვარ მომღერალი, მით უმეტეს, თქვენს ფონზე-მეთქი და მიპასუხა: მეორეჯერ არ თქვა ეს სიტყვები, შენ ხარ შემდგარი ქალი, ამდენი ადამიანი რომ გიკრავს ტაშს, ესე იგი, ძალიან კარგი ხარო. ასე რომ, ჩემი ნამდვილი სტატუსი „შემდგარი ქალია“ და არა მომღერალი. უბრალოდ, რასაც ვაკეთებ, მომწონს და მაქსიმალურად ვიხარჯები და როცა მოსასმენად მოდიან, ფაქტია, ჩემი სიმღერა მოსწონთ და არა მხოლოდ გარეგნობა. თუმცა, არიან ადამიანები, ვინც ნეგატივს გამოხატავს და კომენტარში მიწერენ, სოფლელი გოგოო. თუმცა, ვინც ეს დაწერა, ჩემს მოსასმენადაც მოსულა, ასი დილარიც დაუხარჯავს და მერე ბოდიშიც მოუხდია (იცინის). ჩემს იმიჯზე კი, ჩემ გარდა, კაციშვილს არ უზრუნია. მე არ ვარ ადამიანი, ვინც რაღაცას მიაღწია და თამამად ჩაცმა დაიწყო. სულ ასე თამამად მეცვა. გურიაში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, ჩემი დები მოკრძალებული დადიოდნენ და მე – შიშველი (იცინის). ეს მე არ შემიძენია, ასეთი ვარ და სადაც უნდა მიმიყვანოთ, ის უბრალო გურული გოგო დავრჩები. არასოდეს გამოუწვევია ჩემს ვულგარულ ჩაცმას ვინმეში აგრესია. ვაღიარებ, სცენაზე მდგარს ქალის შურიანი მზერებიც მიგრძნია. მათ გასაგონად ვიტყვი, რომ არაფერი მაქვს გაკეთებული და ვფიქრობ, რაც კარგი გაქვს, უნდა გამოაჩინო. ასეც ვიქცევი. ხშირად იმასაც მეუბნებიან: რომ არ გიცნობდით, სხვანაირი წარმოდგენა გვქონდა შენზე და სინამდვილეში რა კარგი ადამიანი ყოფილხარო. იღბლიანი ვარ, სულ მომღერლობასა და პოპულარობაზე ვოცნებობდი. ვაღიარებ, მომწონს, როცა ტაშს მიკრავენ და ამაყიც ვარ. ამის გამო ვიხარჯები და ვცდილობ, ყველასთვის მაქსიმალურად გავცე პოზიტივი. არაფერს ვნანობ, იმ რთული გზის გავლა დღევანდელი წარმატებული ცხოვრებისთვის ღირდა. ემიგრაციაში ფულის ყადრი გავიგე.
– ახლახან სილამაზის კონკურსი ჩაატარე, სადაც მსოფლიოში გაფანტულმა ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორ მოხდა ონლაინ რეჟიმში გამარჯვებულის გამოვლენა და საიდან გაგიჩნდა ეს იდეა?
– მინდოდა, ამ ეპიდემიის დროს ჩემი ქართველი ემიგრანტი ქალბატონები წამეხალისებინა, მათ ცხოვებაში პოზიტივი შემეტანა, ყოფა გამელამაზებინა და სილამაზის კონკურსის ჩატარება მოვიფიქრე. მათ თავისი ფოტო უნდა დაედოთ საიტზე და ვინც ბევრ მოწონებას დაიმსახურებდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა. ლაივ-ჩართვა გავაკეთე და ათ წუთში უამრავი სპონსორი გამომეხმაურა. გამარჯვებულებისთვის საკმაოდ სოლიდური პრიზები და თანხები დააწესეს. ოთხმა გოგონამ გაიმარჯვა სხვადასხვა ქვეყნიდან და რა თანხაც გადავურიცხეთ, ყველამ საქველმოქმედო ჯგუფში ჩარიცხა, ბავშვთა ფონდში. პირველ ადგილას გავიდა ათენის ემიგრანტი გოგონა, მეორეზე – თურქეთის, მესამეზე – იტალიის და მეოთხეზე – რუმინეთის. ყველაზე დიდი წლოვანებით 60 წლის ქალბატონი იყო, მან ვერ მოიგო სილამაზის კონკურსი და მაინც გადავეცი ფულადი ჯილდო. ასევე, მონაწილეობას იღებდა შვილმკვდარი დედა, რომელმაც დამირეკა და მითხრა: მონაწილეობა კი არა, შენ გვერდით ყოფნა მინდაო და ოცეულში მოხვდა. უამრავი მწერდა, რა კარგი გოგო ხარ, რომ ასეთ სტიმულს გვაძლევო. სულ 4 ათასი ემიგრანტი ქალბატონი იღებდა მონაწილეობას. დიდი კომპანიები მირეკავდნენ – გვინდა, შენი სპონსორი ვიყოთო, მაგრამ კონკურსი უკვე დასრულებული იყო და გადავწყვიტე, არ გავჩერდე და გრანდიოზული სილამაზის კონკურსი სტამბოლში ჩავატარო, სადაც ყველა მონაწილე ქართველი ემიგრანტი ჩამოვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი