შოუბიზნესი

შეიცვალა თუ არა ნათია წიწილაშვილისა და მისი ქმრის ურთიერთობა დაოჯახების შემდეგ და ვის არ უნდოდა ოჯახში კიდევ ერთი პატარა

№35

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 07.09

ნათია წიწილაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობი ნათია წიწილაშვილი ფეხმძიმედაა. ის მალე, უკვე მეორედ, გახდება გოგონას დედა.

ნათია წიწილაშვილი: მეშვიდე თვეში გადავედი, გოგოს ველოდებით. გულწრფელად რომ ვთქვა, ბიჭი უფრო მინდოდა, რადგან გოგოს სიყვარული ვიცი და ახლა უფრო ბიჭი მაინტერესებდა. მაგრამ ესეც რომ გოგო აღმოჩნდა, ძალიან გამიხარდა, გამოცდილება არ მაკლია, მეც გოგო მყავს, ჩემს დასაც და მეგობრებსაც (იცინის).

– მამას რომელი უნდოდა?

– მამისთვის სულ ერთი იყო, მთავარია, ბავშვი ჰყოლოდა. მისთვის პირველია და მეორეს თუ დავგეგმავთ, მერე, ალბათ, მასაც იგივე დამოკიდებულება ექნება.

– უფროსი როგორ შეხვდა ამ ამბავს?

– სანამ ბავშვის გაჩენას დავგეგმავდით, ნასტია სულ ამბობდა, რომ არ უნდოდა არც და და არც ძმა. მერე ყურადღებას მომაკლებთო. ვერც იაზრებდა ამ სიტყვების მნიშვნელობას, სხვისგან გაგონილს იმეორებდა – ხომ ვიცნობ ჩემს შვილს და ამიტომაც ვიცი. ახლახან ლეკვი მოვიყვანეთ სახლში და მის მაგალითზე ვუხსნი, რომ მის გარდა, კიდევ სხვაზე ზრუნვა არ ნიშნავს, რომ მას რამე მოაკლდება. როცა დავფეხმძიმდი, პირველი რამდენიმე თვე არ მითქვამს მისთვის. ნელ-ნელა ვამზადებდი, რომ მე და მიშოს მეორე შვილი გვინდოდა და როცა ვუთხარი, რომ პატარა გვეყოლებოდა, ძალიან ადეკვატურად შეხვდა ამ ამბავს. ვკითხე, ხომ გამომყვები რომ გავიგოთ, გოგოა თუ ბიჭი-მეთქი და სიხარულით დამთანხმდა. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ძალიან აღფრთოვანებული ელოდება, მაგრამ რომ გაიგო, გოგოა, გაუხარდა, მეც და მინდოდაო. ახლა ძაღლზე გავივლით რეპეტიციას და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება (იცინის).

– როგორი იყო ემოციები, როცა გაიგეთ, რომ პატარა ჩნდებოდა, მით უმეტეს მამის, მისთვის ხომ პირველი შვილია.

– ოჯახს რომ ქმნი, მზად უნდა იყო ამისთვის. თუმცა, გვინდოდა, რაღაც პერიოდი ბავშვის გარეშეც გვეცხოვრა. მიშოს თავიდანვე ძალიან უნდოდა, მაგრამ ბოლოს თვითონაც იმ აზრამდე მივიდა, რომ ჯობდა, ცოტა ხანი მოგვეცადა. დაახლოებით ერთი წელი „გავქაჩეთ“, თუმცა, ირგვლივ ყველა გვეკითხებოდა: აბა, როდის აპირებთო და ცოტა მაცადეთ-მეთქი, ვამბობდი (იცინის). ზამთარში გადაღებები მქონდა ყაზახეთში, რომელიც საკმაოდ გაიწელა. მინდოდა, ეს ყველაფერი დამესრულებინა და მერე მეფიქრა ორსულობაზე. საბედნიეროდ, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ყველაფერი ისე მოხდა. მიშო გაგიჟებული იყო სიხარულით და მეც, თუმცა ბავშვი რომ დაიბადება, რეალურად მერე ხვდები, ეს რა გრძნობა და სიხარულია.

– პრეტენზიული ფეხმძიმე ხარ?

– ძალიან უპრობლემო ორსულობა მაქვს. ნასტიაზეც ასე ვიყავი, თითქოს არაფერი შეცვლილა, არაფერი მაწუხებდა. „ჰოლივუდის“ ფილმებს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ წყვილი ყოველთვის ამბობს, ორსულად ვართ – ქალიც და მამაკაციც მრავლობითში ამბობს და ახლა ჩემს თავზე ვიგრძენი, ეს რას ნიშნავს, რომ ორსულად კი არ ვარ, მართლა ორსულად ვართ – ჩემი ქმარი ყველაფერში ძალიან მეხმარება. ჩვენ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბავშვს მუცლით მე ვატარებ, სხვა ყველაფერს ორივე ვაკეთებთ (იცინის). დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას. პირველი პერიოდი ხასიათში ცვლილებები მქონდა, ცოტა გაღიზიანებული ვიყავი და მაქსიმალურად ხელს მიწყობდა. რაღაც პერიოდი ცოტა კი შემეცოდა (იცინის). მერე კოვიდით დაინფიცირდა და სასტუმროში იყო მარტო, მე სასწაულებრივად გადავრჩი და იზოლაციაში გადავედი, ბავშვი დედაჩემთან მყავდა და მით უმეტეს, ამ ფონზე ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მალევე დალაგდა და თავს მშვენივრად ვგრძნობ.

– გარეგნობას არასდროს უჩიოდი, მაგრამ ახლა – მით უმეტეს, საოცარ ფორმაში ხარ...

– ვაიმე, როგორ არ ვუჩივი. ნასტიაზე ფეხმძიმობისას ასაკით პატარა ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ სულ ცხრა კილოგრამი მოვიმატე, უფრო მეტყობოდა. ახლა სულ სხვანაირადაა, ეს წონა ისე გადანაწილდა, რომ არ მეტყობა მომატებული თუ ვარ. მაგრამ მე ხომ ვიცი და ისიც ხომ ვიცი, რომ წინ კიდევ სამი თვე მაქვს (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო რამეს ვიკლებ, განსაკუთრებული მადაც არ მაქვს, როგორიც აქამდე ვიყავი, ორსულიც ისევ ისეთი ვარ.

– პროექტი ვახსენეთ, რაც პანდემიის გამო დიდი იშვიათობაა...

– ეს არის ქართულ-ყაზახური პროექტი, კომედიური მელოდრამა. ქართველებიც ვთამაშობთ და ყაზახებიც. ჩვენი მხრიდან კიდევ ბუბა კიკაბიძე და ზურა ყიფშიძე იღებენ მონაწილეობას. გადაღებები თბილისსა და ალმა-ატაში გვქონდა. პანდემიის დროს რომ ასეთი პროექტი ჩამოიტანეს, ყველა დიდი სიამოვნებით დავთანხმდით და მაქსიმალური სიფრთხილით ვმუშაობდით, ისე, რომ ერთი ინფიცირების შემთხვევაც კი არ გვქონია. ერთადერთი, რაც ძალიან სამწუხაროა, რამდენიმედღიანი გადაღებები დაემატა, მაშინ, როცა გადაღებები ჩვენ უკვე დასრულებული გვეგონა, ჩამოვიდნენ და ერთ-ერთი ყაზახი მსახიობი, რომელიც ყაზახეთის კოლორიტია, აქ ყოფნის დროს გარდაიცვალა. ეს ფილმი ამ სამწუხარო ისტორიითაც ყველას დაგვამახსოვრდება. მერე ჩვენც მოგვიწია გადაფრენა ხუთი დღით და იქიდან რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ ორსულს დასვენება მჭირდება. მე, ჩემი ქმარი და ნასტია ათი დღით ზღვაზე წავედით. მერე მეგობრებთან ერთად ბაკურიანში ვისვენებდი და სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩემი საზაფხულო არდადეგები დასრულდა. ბოლო რამდენიმე დღე სახლში ვარ გამოკეტილი, რადგან ახლახან აცრა გავიკეთე.

საერთოდ, ძალიან მყარი ნერვული სისტემა მაქვს. ემოციურიც ვარ, ხმამაღლა საუბარი და ემოციების გამოხატვა მახასიათებს, მაგრამ როცა რაღაცას განვიცდი, არასდროს მეტყობა. პანიკურ სიტუაციებში ორმაგად მობილიზებული ვხდები და ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ზოგადად, ჩვენს მდგომარეობაზე ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ გარდა იმისა, რომ სიფრთხილე გამოვიჩინო და ავიცრა, რა შემიძლია გავაკეთო? სხვა გზა არ გვაქვს, ამიტომ პანიკებში არ ვვარდები.

– მეუღლეზე ამბობდი, ჩემი სუპერმენიაო, შეინარჩუნა ეს სტატუსი?

– ჯერჯერობით ინარჩუნებს და იმედია, არ ჩამოქვეითდება (იცინის). გამორიცხული არაფერია, ცხოვრებაში აღარაფერი მიკვირს, მაგრამ მისი პიროვნებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთად დარჩება. უნდა ნახოთ, როგორ მივლის. მარტო ახლა არა, ყოველთვის ასე იყო. ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველია, ყველაფერში მხარში მიდგას, თუმცა, ახლა – განსაკუთრებულად, იმიტომ, რომ ჩემი მდგომარეობაც განსაკუთრებულია.

– როგორი აღმოჩნდა ოჯახური ცხოვრება?

– მგონია, რომ ყველაფერი ასაკზეა დამოკიდებული. ახლა უკვე ორივე ჩამოყალიბებული პიროვნებები ვართ, საკუთარი თავებიც ვიპოვეთ და ვიცით, რა გვინდა ამ ცხოვრებაში. ამ მოცემულობაში შეგიძლია, იმის განსაზღვრა, გინდა თუ არა ოჯახი და ეს სახლობანას თამაში აღარ არის, როგორც პირველ ქორწინებაში გვეგონა. მაშინ კი გვიყვარდა ერთმანეთი, ამას არ უარვყოფ, მაგრამ ძალიან პატარები ვიყავით და არ აღმოვჩნდით ოჯახისთვის მზად. ახლა მე და მიშოს ყველაფერი გააზრებული გვაქვს. ცხოვრებაში არის სიტუაციები, რომელიც რაღაცებს ცვლის, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ისე ვცხოვრობთ, თავს კარგად ვგრძნობთ და იმედია, სულ ასე იქნება. ხშირ შემთხვევაში, როცა ბავშვი ჩნდება, ბევრი გარემო ფაქტორი იწვევს ნერვულ აშლილობას და ამას მოჰყვება კონფლიქტები. თუმცა, მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ ყველაფერი ერთმანეთის შესახებ და არც მერე გაგვიჭირდება. თამამად ვიტყვი, რომ ოჯახურ ცხოვრებას ჩემთვის აღმოჩენები არ მოჰყოლია.

– ნასტიამ როგორ მიიღო ეს სიტუაცია?

– აქამდე მე დედაჩემთან ვცხოვრობდი. ახლა ჩემი მშობლების სახლთან ძალიან ახლოს ვართ, ფაქტობრივად, გვერდით ეზოში. მაგრამ აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ზუსტად მაშინ დაიწყო იზოლაცია და კომენდანტის საათი. ბავშვი ამ სახლში გამოიკეტა. დედაჩემთან მიჩვეული იყო ეზოში ყოფნას, ბავშვებთან ერთად გართობას და აქ რომ უცებ ჩაკეტილები აღმოვჩნდით, განიცადა. მამასთანაც უნდოდა, ბებიასთანაც, აქაც – ვერ გაერკვა, რა ხდებოდა მის თავს. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემთან ხშირად გადამყავდა, ამ პირობებში მაინც გაუჭირდა აქაურობასთან შეგუება. ისიც იმიტომ, რომ მხოლოდ გართობაზე ფიქრობს და მოაკლდა ეზოში თამაში (იცინის). იმდენად განიცადა ეს, რომ პედიატრსა და ნევროპათოლოგსაც კი ვკითხე რჩევა და მითხრეს, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო და ჩვენც ვცდილობდით, ისე მივდგომოდით, რომ ეს დისკომფორტი მალე გადაელახა.

– უჭირს დედის გაყოფა მის მეუღლესთან?

– არა, იმიტომ, რომ არ ვარ გასაყოფი (იცინის). ორივეს ერთნაირად ვუთმობ ჩემს თავს და გულს. მიშო და ნასტია ძალიან მეგობრობენ. ნასტია ცოტა ცივი ადამიანია ჩემთანაც, ბებიასთანაც, მამასთანაც – ჩახუტებები და თბილი სიტყვები არ ახასიათებს, სიყვარულს საქციელით გამოხატავს. ამის გამო დეფიციტი სულ მქონდა, მაგრამ მერე გავიაზრე, რომ ასეთია ჩემი შვილი და საკუთარ თავს ვუთხარი: ნათია, ტყუილად არ დაგწყდეს გული-მეთქი (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...