შაინინა: ორი კვირა ხელოვნურ სუნთქვაზე ვიყავი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 22.09

იღბალს ადამიანის ცხოვრების წარმართვაში დიდი როლი მიუძღვის და ბედნიერია ის, ვინც ქუდბედიანი დაიბადება. ამჯერად ამ თემაზე შაინინას ვესაუბრეთ და ვნახოთ, რამდენად ეხმარება მას იღბალი წარმატების მიღწევაში.
შაინინა: დედაჩემისგან ვიცი, რომ ქუდბედით დავიბადე. მაშინ, თურმე, ბავშვებს იპარავდნენ და ქუდბედის მოპარვას რა უნდოდა, ამიტომ არ შემომრჩა, მაგრამ დედა მეუბნებოდა ხოლმე, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, იღბლიანი გაჩნდიო. რვათვიანი დავიბადე და გამიმართლა, რომ გადავრჩი – ორი კვირა ხელოვნურ სუნთქვაზე ვიყავი. დედასთვის უთქვამთ, რად გინდა, ეს უშნო ბავშვიო. თურმე, ასიმეტრიული სახე მქონდა. ნორმალური ვერ გაიზრდება და იქნებ, რამეზე გეფიქრაო. დედაჩემისთვის პირველი შვილი ვიყავი და გადაირია ქალი. ბებიები კი ტიროდნენ, ასეთი მახინჯი შვილი როგორ გვარგუნა ბედმა ამისთანა ლამაზი შვილების პატრონებსო. მაგრამ, იღბლიანი ვარ, აბა, რა?! მშობლების მსგავსი გავიზარდე და არა ისეთი, როგორ უშნოდაც მაფასებდნენ (იცინის).
ნამდვილად ვფიქრობ, რომ იღბლიანი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი იღბალი ჩემი ოჯახი და მეგობრებია.
მეგობრები მეხუმრებიან, შენი მფარველი ანგელოზი უკვე დაღალე შენი ამქვეყნად ყოფნითო (იცინის). ყველაფერი გამოვცადე ცხოვრების განმავლობაში: კისრის მოტეხვა, ცხვირის გატეხვა, ხელი, ფეხი, ყველაფერი მქონდა მოტეხილი, თავიც კი... სულ თავით ვიყავი მიწაში დარჭობილი, მაგრამ ყოველ ჯერზე გადავრჩი. ესეც იღბალია.
მე ვფიქრობ, როდესაც ამქვეყნად რაღაც მისიით მოდიხარ, იღბალი ყოველთვის შენ გვერდზეა. გეხმარება შენი გეგმების განხორციელებაში, რომ მისია შეასრულო. მე ვფიქრობ, იღბალი ყველა ადამიანს თან დაჰყვება. გააჩნია მას რა მხრიდან შეხედავ.
მხოლოდ მიზანი არ გშველის, აუცილებელია შრომა, ყოველდღიური, უწყვეტი, დაუღალავი. როგორც ჯარში ყველაფერი წამებში აქვთ გათვლილი, ასე უნდა დაგეგმო ცხოვრება მიზნის მისაღწევად. როგორც ფსიქოთერაპევტს, ძალიან შრომისმოყვარე ადამიანებთან მიმუშავია, რომლებსაც უთქვამთ, რომ საკმარისი იღბალი არ აღმოაჩნდათ წინსვლისთვის. თუ იმას გავიხსენებთ, რომ გრდემლზე ერთი დარტყმით ფოლადიც არ იწრთობა, ალბათ, მცდელობის ოდენობასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა.
– რამდენად შეუპოვარი ხართ?
– თუ წარმოვიდგინე, რომ რამის გაკეთება შემიძლია, სულ რომ ფორთხვით მივიდე მიზანთან, მივალ. მთავარია, გადავწყვიტო, რომ მე ეს მინდა. ემოციურად მიმიღია გადაწყვეტილება და მიმიღწევია, მაგრამ ძალიან მალე გამფანტვია შედეგი, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი ჩემს სურვილში. ეს გამორიცხულია, თუ მართლა მინდა რაღაც და ასეთ დროს იღბლის ძალასაც ვგრძნობ.
– ყველაფერი რისთვის გაგიღიათ, ყველაზე მეტი რისთვის გიშრომიათ?
– ამ ეტაპზე ძალიან საინტერესო გზას გავდივარ. გადავწყვიტე, რომ მედდა გავხდე. სამი წელია, ვეპარები სასურველ მიზანს. ამერიკაში რომ ჩამოვედი, ჩემი ინგლისურის დონე ნული იყო. სამედიცინო სფეროში სწავლა ამ ფონზე, როგორი სისხლის ცრემლების ფასად მიჯდება, ვერ აგიღწერთ. გამიმართლა კურსელებში, ძალიან მეხმარებოდნენ. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ექიმი გავმხდარიყავი. ამდენი წლის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს სურვილს და ალბათ, ხვდებით, რამდენად დიდ სიჯიუტეზეა საუბარი. 46 წლის ასაკში მივხვდი, რომ ქირურგი ვეღარ გავხდები, მაგრამ სურვილი, რომ ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნებაში დავხმარებოდი, დღესაც შემიძლია, განვახორციელო. კი ჩამოვლაბორანტდი ქირურგიდან მედდამდე, მაგრამ ამდენი წლის დაგვიანებით ამ სურვილის მიღწევაც რომ შევძელი, ეს შრომისმოყვარეობის დამსახურებაცაა და იღბლისაც. ამისთვის ძალიან ბევრის გაღება მიწევს. დედის სულს ვფიცავ, პირველი წელი ვბღაოდი, კი არ ვტიროდი. სიმწრის ცრემლები მომდიოდა და სახეს ვიხოკდი, ისე მიჭირდა სწავლა. ახლა სამხრეთ ბრუკლინის ჰოსპიტალში ვმუშაობ. პერსონალური დამხმარე ასისტენტი ვარ. პირველი-ორი თვე, სახლში რომ მივდიოდი, კიბეზე ვჯდებოდი და ბოლო ხმაზე ვტიროდი. რატომ, რა მინდოდა-მეთქი, ვამბობდი, მაგრამ აქამდე მოვედი. თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკაში ჩამოსვლიდან მეხუთე წელს სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობ, რამდენად იღბლიანი ვარ, ალბათ, ხვდებით.
– მეორე ნახევარში რამდენად იღბლიანი ხართ?
– ვფიქრობ, რომ აქ იღბალს არანაირი გავლენა არ აქვს. ეს შენი ემოციები და შრომისმოყვარეობაა. სიყვარული არაფერია, თუ მასში, დიდ ემოციასთან ერთად, ზრუნვასა და ერთგულებას არ ჩადებ. მე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ქორწინებებზე. თუ სადმე შეცდომა დავუშვი, ეს ჩემი ასაკის სიმცირისა და გამოცდილების არქონის გამო. მიზეზი კიდევ შეიძლება, მოვძებნოთ. ამერიკაში 21 წლამდე არასრულწლოვანი ხარ და მე 21 წლის დედა ვიყავი. ძალიან გამოუცდელი ქორწინება გვქონდა მეც და ჩემს პირველ მეუღლეს, ორივენი ბავშვები ვიყავით. ალბათ, დაგვაკლდა შრომისმოყვარეობა საიმისოდ, რომ ჩვენს შვილებს ორივე მშობელი ერთად ჰყოლოდათ.
რაც შეეხება მეორე მეუღლეს, ამ ადამიანთან შეხვედრა მართლა იღბლის დამსახურებაა. ამერიკაში 26 დეკემბერს ჩამოვედი და 2 იანვარს ჩემი მომავალი ქმარი გავიცანი, თუმცა, მაშინ ამას ვერ ვიფიქრებდი. ისე დაემთხვა, რომ მაშინვე გავიცანი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ამქვეყანაში დამკვიდრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლა იღბალია.
აქამდე მართლა ვფიქრობდი, რომ ქორწინებასთან იღბალი არ იყო კავშირში, მაგრამ საჭირო ადამიანის საჭირო დროს გაცნობა, ალბათ, მართლა იღბალია. ამ მხრივაც იღბლიანი ვყოფილვარ.
ღმერთს ნამდვილად ვუყვარვარ. ჩემი მშობლებიც ნამდვილად მეხმარებიან ზეციდან. ძალიან ბევრჯერ ყოფილა მომენტი, სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორ ადამიანებთან ერთად მოვხვედრილვარ და ეს ნამდვილად იღბალია.
– როგორი ინტუიცია გაქვთ და რამდენად გეხმარებათ ის წარმატების გზაზე?
– ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. მკითხავად ვერ გამოვდგები, ასეთი რამეები არ არის საჩემო, მაგრამ სიზმრები მაქვს, საერთოდ სხვა განზომილების. ეს უნარი ბებიაჩემისგან გამომყვა. ამ მხრივ, დედაც გამორჩეული იყო. ჩემთან სიახლის შესახებ ინფორმაცია ან სიზმრით მოდის, ან ფიზიკური შეგრძნებებით. დაუყოვნებლივ შემიძლია ადამიანის მიღება ან არმიღება. დრო რომ გადის, მერე უკვე ფაქტებით ვხვდები, რატომ მოხდა ეს. ადვილად ვცნობ ადამიანის შინაგან განწყობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან