შოუბიზნესი

შაინინა: ქალებს უნიკალური თვისება აქვთ - შეუძლიათ, ერთ წამში იყვნენ ანგელოზები, მეორე წამში კი ცოცხით გაფრინდნენ

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 27.03

შაინინა
დაკოპირებულია

შაინინას „უცნობი მხარე“ 👇

– ვინ არის შაინინა?

შაინინა: გოგო, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს. გოგო, რომელიც არის ყოველთვის ხალისიანი, კეთილი, თავისებურად დინჯი, ძალიან გონიერი, კარგი ინტუიციის მქონე და ახალგაზრდა. ცხოვრებაში „სულ“ სამი გვარი გამოვიცვალე და სამივე გვარში ყოველთვის შაინინა ვიყავი. ჩემი პიროვნული მეს დიდი წილი შაინინაა. ადამიანებს ჩემთან დაკავშირებით სწორედ ეს ასოციაცია აქვთ – მე შაინინა ვარ. ასეა ჩემთვისაც – მე ვარ გოგო, რომელიც ანათებს და რომელიც ძალიან მიყვარს.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი საოცნებო ცხოვრებაც შაინინურია. ეს ნიშნავს მუდმივ სიახლეებს. არცერთი დღე არ მინდა სიახლის გარეშე. სიახლეებთან ერთად ვიზრდები, იზრდება ჩემი მსოფლმხედველობა და ასე შემდეგ. სიახლე შეიძლება, იყოს: მოგზაურობა, ახალი ადამიანები, ახალი ცოდნა, გამოწვევებიც, რადგან ცხოვრება მხოლოდ დადებითი განწყობები არაა, დაბალი ვიბრაციებიც გვხვდება, მაგრამ ყველაფერი საინტერესოა.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– საძულველი საქმის გაკეთებას ვერაფრით დამაძალებ. არცერთი ადამიანი არ აკეთებს საქმეს, რომელიც სძულს. მე ასე ვფიქრობ. შეიძლება, ეს ვიწრო ხედვაა, მაგრამ ასე მგონია. თუმცა, მიკეთებია საქმე, რომელიც არ მომწონდა და არ მაბედნიერებდა. ასეთი საქმე საკმაოდ ხანგრძლივად ვაკეთე. ცხრა წელიც კი ვიმუშავე ისეთ სამსახურში, რომელიც ჩემი არ იყო. ვმუშაობდი იმიტომ, რომ ეს სჭირდებოდათ ჩემს შვილებს, მჭირდებოდა მე და სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ არ მიყვარდა, ჩემს პასუხისმგებლობებს პატიოსნად ვასრულებდი. თუ საქმე გიყვარს, ეს სამსახური აღარც არის, ეს უკვე აღმაფრენაა – ჩემთვის ეს არის ჟურნალისტიკა.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ზეემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი ჟურნალისტური კარიერიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი ჩემი ემოციების მართვა. მე, როგორც ჟურნალისტმა, საქმიანობა საინფორმაციო გამოშვების წამყვანობით დავიწყე. იცით, იქ როგორი სიდინჯეა საჭირო, აქედან გამომდინარე, ემოციების მართვა 21 წლის ასაკში ვისწავლე. ვიცი, რომ რაღაცები არ უნდა მეტყობოდეს და არც ვიმჩნევ. თუმცა, ასაკთან ერთად, რაღაცები იცვლება. მე კი უკვე 50 წლის ვხდები და „ჭკუა მომეკითხება“. დღეს, როცა ადამიანი თავის ტკივილზე მიყვება ან მე თვითონ ვხედავ სხვის რთულ მდგომარეობას, იმდენად განვიცდი, ფიზიკურად თუ ემოციურად, თითქოს, შიგნით ყველაფერი მეკრუნჩხება.

ახლა, ახალ პროფესიას ვეუფლები – სამედიცინო განათლებას ვიღებ. მაგალითად, გუშინ პრაქტიკაზე ვიყავი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასიკეთო პროცედურას ვატარებდით. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურას პლასტმასის ადამიანს ვუკეთებდით, იმდენად განვიცადე, ვიგრძენი, რომ გული ცუდად გამიხდა. არავისთვის მითქვამს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ გული ყელში მომებჯინა იმის წარმოდგენაზე, თუ როგორი მტკივნეული იქნებოდა ეს პროცედურა ნამდვილი ადამიანისთვის. უზომოდ ემპათიური ვარ. ეს ადამიანებთან ურთიერთობაში გეხმარება, თუმცა, გარკვეულწილად ხელსაც გიშლის, რადგან შენი საკუთარის გარდა, სხვა ადამიანის ტკივილითაც ცხოვრობ, რაც ყველას არ შეუძლია. ამიტომაცაა, რომ ბოლო დროს, ადამიანებმა ემპათიის უნარი დაკარგეს. რთულია ატარო, როგორც საკუთარი, ისე სხვების ჯვრები.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი იყოთ?

– სპორტსმენებს აქვთ ეს დიდება, ასევე, კარგ მწერლებს და ასე შემდეგ. თუ მოვახერხე, რომ დავწერო წიგნი, მერე ვნახოთ (იცინის). უკვე იდეების დალაგების პროცესში ვარ.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– სულ უხერხულობებში არ ვარ?! თუნდაც დღეს, მეგონა, რომ დილის ექვს საათზე შეხვედრა მქონდა და მოვედი შესაბამის ადგილას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამიუქმებია. საბედნიეროდ, ისევ ჩამინიშნეს, იღბლიანი გოგო ვარ და ეს ბევრ რამეში მეხმარება. უხერხული შემთხვევა მქონია ეთერშიც. მახსოვს, სტუმარი შემოვიპატიჟეთ და სახელი და გვარი რომ მიკარნახეს, რატომღაც გადავწყვიტე, რომ დასახელებამდე ქალბატონად მომეხსენიებინა, არადა, მამაკაცი აღმოჩნდა (იცინის). სახელები და გვარებიც რომ მეშლება, ესეც დიდ უხერხულობას მიქმნის და ასეთი კიდევ ბევრია.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– კი, მომიპარავს. ბავშვობაში ხურდა მოვიპარე ბიძაჩემის მანქანიდან და იმ ხურდით მე და ჩემმა დამ ღრეობა მოვაწყვეთ ლაღიძის წლებით (იცინის). მომიპარავს დედაჩემის სამკაულები და ტანისამოსი, რაზეც ძალიან გაბრაზებულა. საკუთარ თავს ყოველდღე ვპარავ წუთებს, რომ რამე კარგი გავაკეთო. ის, რაც ძალიან მსიამოვნებს. საუკეთესო, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ დროს ვპარავ ჩემი ახლგაზრდობის წლებს და ახალგაზრდობას ვიხანგრძლივებ. ძალიან ბევრს ვიცინი, შინაგანად ლაღი ვარ და ვფიქრობ, რომ 50 წელს „მიკაკუნებული“ ადამიანისთვის, ჯერ ისევ ახალგაზრდულად გამოვიყურები და თავს შესაბამისად ვგრძნობ.

– ბოლოს როდის მოიტყუეთ და საერთოდ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– ძალიან ჩვეულებრივი. ყოველთვის ვიცი, ადამიანი როდის იტყუება და როდის არის ალალი. ვგრძნობ ამას. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იტყუება, მაგრამ მთავარია, როგორი ტყუილია. მეც მომიტყუებია, თან, ალბათ, იმდენი, რომ ერთს ვერც გამოვყოფ, მაგრამ არ ვგულისხმობ, რამე მნიშვნელოვან ან ძალიან დიდს. დააკვირდით, თუ რამე ბოლომდე არ თქვი, ეს უკვე ტყუილია. თუ რაღაც ამბავი გააზვიადე, ესეც ტყუილია. ასე მოვქცეულვარ, მაგრამ არასდროს მომიტყუებია ჩემს გრძნობებსა და ემოციებში. აქ ყოველთვის ალალი ვიყავი. მიყვარს ეს თვისება ჩემში. შეიძლება, მომიტყუებია, მაგრამ ყალბი არასდროს ვყოფილვარ.

– პაემანზე სახალისო ამბავი გადაგხდენიათ?

– პაემანი მხოლოდ ჩემი შვილების მამასთან მქონია. ეს იყო წინა საუკუნის 90-იან წლებში (იცინის). რა კარგია, რომ ჩემმა ქმარმა ქართული არ იცის და ამ ამბავს არ წაიკითხავს (იცინის).

მე ვერაზე ვცხოვრობდი, ჩემი შვილების მამა – საბურთალოზე. შესახვედრად სასტუმრო „აჭარის“ ტერიტორია ავირჩიეთ, რადგან შუაში იყო (იცინის). მახსოვს, რომ დიღომში ვიყავი საქმეზე წასული და პაემანზე ორი საათი დამაგვიანდა. გადავწყვიტე, რომ ორი საათის დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივიდოდი. ასეც მოვიქეცი და დაახლოებით ხუთ წუთში ისიც გამოჩნდა (იცინის). თუ წაიკითხავს ამ ინტერვიუს, პირველად გაიგებს, რომ მე მაშინ ორი საათი და ხუთი წუთი არ ველოდი (იცინის). ორივე ძალიან არაპუნქტუალური აღმოვჩნდით.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– ქალებს უნიკალური თვისება აქვთ, ბუნებრივად, ყოველგვარი სწავლა-განათლების გარეშე, შეუძლიათ ერთ წამში იყვნენ ანგელოზები, მეორე წამში კი ცოცხით გაფრინდნენ. დემონური და ანგელოზური ბუნება ყველა ადამიანშია და მით უმეტეს, ქალში.

მეც ვყოფილვარ სასტიკი: წლების წინ, ჩემს შვილებს კატა ჰყავდათ კნუტებით, რომელმაც მეზობელს ქათმები დაუჭამეს. ამ დროს ჩემი შვილები დასასვენებლად იყვნენ წასულები, მოვკიდე ამ კატებს ხელი, ყუთში ჩავსვი და ზოოპარკში გავგზავნე.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ამ გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობის საკუთარ თავზე გამარჯვებაა. შესაბამისად, ყველაზე დიდი მარცხიც საკუთარ თავთან დამარცხებას გულისხმობს. ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ დღემდე ვსწავლობ. ვსწავლობ არა მხოლოდ ცხოვრებისგან, არამედ ამ ასაკშიც ისევ სტუდენტი ვარ. ეს ნამდვილად არის გამარჯვება საკუთარ თავზე, რადგან არ იცით, რა სისხლის ცრემლების ფასად მიჯდება ეს დღეს. ყველაზე დიდი მარცხი კი ის იყო, რომ მე მთელი ცხოვრება ძალიან მინდოდა, გამხდარი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომივიდა. თუმცა, დღეს უკვე ამასაც გამარჯვებას მივაკუთვნებდი, რადგან გავიაზრე, რომ ვერასდროს ვიქნები გამხდარი და კაფანდარა, იქიდან გამომდინარე, რომ ქალური, მრგვალი ფორმების ადამიანი ვარ. ასე რომ, დავმარცხდი სიგამხდრესთან კი არა სიწანწკლესთან, მაგრამ არა საკუთარ თავთან (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი