შოუბიზნესი

სასტუმრო „ელეგანსი“ თქვენი კომფორტისა და დაუვიწყარი მოგონებებისთვის

№20

ავტორი: ნინო საყვარელიძე 18:55 24.05, 2022 წელი

ელენე გრიგალაშვილი
დაკოპირებულია

2016 წლის ზაფხულში თბილისში გაიხსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო „ელეგანსი“, რომელსაც ახალგაზრდა, დახვეწილი ქალბატონი ჩაუდგა სათავეში. ბევრისთვის, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა, მას საკუთარ თავზე აეღო ასეთი დიდი ნაბიჯების გადადგმა სფეროში, რომელიც იმ მომენტში მისთვის არც თუ ისე ნაცნობი იყო. სასტუმრო „ელეგანსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ქალბატონი ელენე გრიგალაშვილი მოგვიყვა, რა გზა გაიარა წარმატებამდე და რამხელა შრომა ჩადო ბიზნესის განვითარებაში.

– რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობა და როგორ აღმოჩნდით ჟურნალისტიკიდან ბიზნესში?

ელენე გრიგალაშვილი: აქტიური ცხოვრება ბავშვობიდან მომწონდა, ტელევიზორში ხშირად ვადევნებდი თვალს ჟურნალისტებს და მინდოდა, მეც ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ არჩევანში ოჯახი არ მეთანხმებოდა, მაინც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, გარკვეული პერიოდი ვიმუშავე ამ მიმართულებით და შემდეგ მივხვდი, რომ იმ პერიოდისთვის, როდესაც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ჟურნალისტის საქმე ბევრ შრომას მოითხოვდა და რაც მთავარია, ეს შრომა დაუფასებელი მეჩვენებოდა. ამ ყველაფერმა გული ამიცრუა და მამის თხოვნას, რომ შემეცვალა მიმართულება სიხარულით დავთანხმდი. ასე აღმოვჩნდი ბიზნესში.

– დღეს წარმატებით მართავთ ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროს თბილისში, როგორ შეიქმნა „ელეგანსი“?

– მადლობა, ეს სასტუმრო მშობლების თანადგომით არის დაფუძნებული, პროექტი მთლიანად ჩემია, თავიდან ბოლომდე ვიყავი მშენებლობის პროცესში ჩართული. ერთი წლის განმავლობაში დილის 5 საათიდან გვიან ღამემდე ყოველდღიურად ვიყავი მშენებლობაზე და ყველა დეტალში მაქსიმალურად იყო ჩემი ჩართულობა. დიდი შრომა ჩავდეთ და არანაკლები ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ გამართულად გვემუშავა და სტუმრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისი შეგვეთავაზებინა.

– როდის დაარსდა სასტუმრო და რა გამოცდილებით შემოხვედით ამ სფეროში?

– 2016 წლის 17 ივნისს გავიხსენით, მაშინ 24 წლის ვიყავი და ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით აბსოლუტურად არანაირი გამოცდილება არ მქონდა, არც არავინ მყავდა გარშემო, ვინც დამაკვალიანებდა და მომცემდა მიმართულებას, თუ როგორ მომეზიდა ტურისტები და როგორ გავძღოლოდი ამ ყველაფერს. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყო, პირველივე ჯერზე საკმაოდ მრავალრიცხოვან სტუმრებს ვუმასპინძლეთ და არც ერთი დღე არ გვქონია შეფერხება, თუ არ ჩავთვლით კოვიდპანდემიას, რომელმაც მნიშვნელოვნად დაგვაზარალა, ისევე როგორც ყველა კომპანია ჩვენს სფეროში.

– რა პრობლემების წინაშე დაგაყენათ კოვიდპანდემიამ და როგორ გადალახეთ ეს პერიოდი?

– ძალიან რთული იყო. როცა ყველაფერი ჩერდება, წყდები იმ საქმეს, რომელიც გიყვარს, სადაც 24 საათი მუშაობ და ჯდები სახლში, პირველ რიგში, ეს უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმაა. უამრავი გეგმა მქონდა, ამ ორი წლის განმავლობაში შემეძლო, საკმაოდ დიდი ფინანსური მარაგის შექმნა, რაც არ გამოვიდა. თუმცა, საბედნიეროდ, დღეს ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ჩვენ ახალი შემართებითა და ენერგიით ვაგრძელებთ საყვარელ საქმეს. მინდა, აღვნიშნო, რომ მშობლები ყოველთვის მიმაგრებენ ზურგს, მამა კი რთულ სიტუაციებში ყველა პრობლემას საკუთარ თავზე იღებს და ეს ორწლიანი პერიოდიც მან გადამალახვინა.

– როგორც მივხვდი, მამა განსაკუთრებული ფიგურაა თქვენს ცხოვრებაში...

– მშობლები ჩემთვის და ჩემი დებისთვისაც შეუფასებელი ძალაა. მამა კი ჩემთვის და მთელი ოჯახისთვის ძალიან დიდი, შეურყეველი საყრდენია და მინდა, კიდევ ძალიან ბევრი წელი იყოს ასე. როდესაც რამე ნაბიჯს ვდგამ, არ მეშინია რისკებისა და გაუმართლებელი პროცესების, რადგან პრობლემების დროს ჩემ წინ დგება და ჩემამდე არ უშვებს. თუმცა ყოველთვის ცდილობს, მაჩვენოს, რა შედეგს მივიღებდი ჩემი გადადგმული ნაბიჯის შედეგად. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, მამა ჩემი ხატია. დედა ცოტათი ბრაზიანია, მან საკუთარი ოჯახისთვის და შვილებისთვის საკუთარი ცხოვრება დაივიწყა, რაც ყველაზე დიდი რამ არის, რაც შეიძლება, ქალმა ოჯახისთვის გააკეთოს.

– რა ისწავლეთ მამისგან?

– მამა ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარი მიზანდასახულობითა და პატიოსანი შრომით ქმნის ყველაფერს, რაც ჩემთვის სამაგალითოა. ძალიან ბევრჯერ წაიქცა ცხოვრების გზაზე, მაგრამ ყოველთვის კიდევ უფრო მყარად დგებოდა ფეხზე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. მე ვფიქრობ, როდესაც მიზანი გაქვს, შრომა არ უნდა ითაკილო. მქონია პერიოდი, როდესაც ჩვენი სასტუმროს ყველა ნომერი თავად დამისუფთავებია, რაც ხშირად ზოგისთვის წარმოუდგენელი ამბავია. დღესაც კოვიდპანდემიის შემდეგ, საქმის 80 პროცენტს საკუთარ თავზე ვიღებ, რომ მყარად დავდგეთ ფეხზე. თუნდაც რემონტის დასრულების შემდეგ ხუთივე სართული თავად დავალაგე და ეს საერთოდ არ მეთაკილება, პირიქით.

– რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

– მინდა, რამდენიმე წელიწადში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიხილო. რაც შეეხება საქმეს, თავიდანვე და დღესაც მიზნად მაქვს გაფართოება და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც გავხსნით მეორე ფილიალს და ის იქნება ბევრად მაღალი სტანდარტების შესაბამისი და რაც მთავარია, ჩვენი გაფართოება ამით არ დასრულდება. საბოლოოდ საკუთარ თავს ისევ ამ მიმართულებით ვხედავ – ბიზნესსა და ტურიზმში. მეორე სასტუმრომდე, პარალელურ რეჟიმში, სხვა მიმართულებითაც ვცდი ჩემს შესაძლებლობებს და არც თუ ისე ცუდად გამომდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი