სანდრო მიკუჩაძე: თამუნამ დამილაგა პირველ მეუღლესთან ურთიერთობა
ავტორი: ნონა დათეშიძე 15:00 24.12
მსახიობ სანდრო მიკუჩაძის ბავშვობის წლები უზრუნველი და უდარდელი იყო, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, შემდგომ ბევრი წინაღობა და ფსიქოლოგიურად რთულად გადასალახი პერიოდები შეხვდა. მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა თამუნა მუსერიძემ, რომელიც სწორედ მაშინ გამოჩნდა ნათელ წერტილად და გაუნათა ის ბნელი გვირაბი, რომლის გავლაც იმ დროს სანდროს უწევდა. სამჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში და სამჯერვე გადარჩა, ეს კი ნამდვილად ღმერთისა და ბედისწერის გამო მოხდა, რასაც თავად მსახიობიც აღიარებს.
სანდრო მიკუჩაძე: ძალიან გამიმართლა, რომ ისეთ ოჯახში დავიბადე, ისეთ გარემოში, სადაც სიყვარული სუფევდა, არაფერს მაკლებდნენ, ყველაფერი მქონდა, რაც კი მინდოდა. ჩემთვის არასდროს არაფერზე უკან არ იხევდნენ. უზრუნველი და უდარდელი ბავშვობა მქონდა. უზრუნველყოფილში მხოლოდ მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ. ვფიქრობ, ასეთ ოჯახში რომ იბადები და იზრდები, დიდი საჩუქარია უზენაესისგან.
– ცნობილი ოჯახიდან იყავი, ბაბუა – ბატონი ჯემალ ღაღანიძე, ყველასთვის საყვარელი მსახიობი და მისაბაძი ადამიანი იყო, ალბათ, საზოგადოების მხრიდან ყოველთვის ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშ იყავი, ამან ერთგვარი კომპლექსი ხომ არ გაგიჩინა?
– თუ ვინმეს აწუხებს ცნობადი ოჯახისშვილობის ჩრდილი, ცდება. ეს ასე არ არის. თუმცა, მეც მქონდა კომპლექსები. არ დამავიწყდება, თეატრალურში მეორე კურსზე ვიყავი, ბატონ ნუკრი ქანთარიას რომ გამოვუცხადე, არ მინდა აქ ყოფნა და უნდა წავიდე, ალბათ, ბაბუაჩემის, ჯემალის გამო არ მსაყვედურობთ-მეთქი. გამიყვანა გვერდით და მითხრა: როგორ ფიქრობ, ორი წლის განმავლობაში გტვირთავ, ამდენ სავარჯიშოებსა და ეტიუდებს გაძლევ და ამას ბატონი ჯემალის გამო ვაკეთებო? მერე დავფიქრდი მის სიტყვებზე და მივხვდი: ბაბუაჩემის გამო დიდი-დიდი შეღავათი გაეწიათ თეატრალურში ჩაბარების დროს, მაგრამ ის გავლენა, რომ ჯემალის სახელი გამყოლოდა დიდ სცენაზე დამდგარს, შეუძლებელი იქნებოდა. ის ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, ჩემი გასაკეთებელი იყო და ვერავის გავლენა და სახელი ვერ დამეხმარებოდა. ამიტომ, ის „ჩრდილი“ დიდ სინათლედ იქცა და პირიქით შემომიტრიალდა. პრინციპში, იმ კომპლექსების მოხსნასა და ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა ბატონმა ნუკრი ქანთარიამ. ასე რომ, დიდი სიყვარული და პატივისცემა მას – ჩემგან. ვფიქრობ, ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს ის ადამიანი, რომელიც რეალობას დაანახვებს სწორად და არა ისე, როგორც ის ფიქრობს და ჰგონია. რაც შეეხება გამართლებას, ასევე, ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს მეუღლეში, თამუნაში, მას რომ შევხვდი და მართლა 360 გრადუსით მოატრიალა ჩემი ცხოვრება, ნათლად დამანახვა ის რაღაცები, რომელზეც შეიძლება, არც კი მეფიქრა და ყურადღებაც არ მიმექცია. მაჩუქა ორი ანგელოზი შვილი. ასევე, რაც ჩემი ცხოვრება მიყვარდა და ვგიჟდებოდი, ეს არის თეატრი და ვარ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ასე რომ, ოჯახშიც, პირადშიც და საქმეშიც გამართლებული ცხოვრება მაქვს და ჩემი თავი ყველაზე ბედნიერი კაცი მგონია.
– თამუნასთან შეხვედრამ რა შემოიტანა შენს ცხოვრებაში?
– თამუნასთან შეხვედრამ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი ფერები შემოიტანა, ყველაზე ლამაზი სურნელი და ყველაფერი დადებითი. მიუხედავად იმისა, როცა თამუნა გავიცანი, ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი იდგა, პირადს ვგულისხმობ, არ ვფიქრობდი მეორედ ოჯახის შექმნაზე. მაგრამ, თამუნა რომ გამოჩნდა, სულ სხვანაირად შევხედე სამყაროს. მინდა, მადლობა გადავუხადო მას, რასაც აკეთებს ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. ვიცი, როგორი გულით ემსახურება ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება მისი გვერდით დგომა და დახმარება. მინდა, ჩემს ცხოვრებას მასთან ერთად ვუსურვო კიდევ ბევრი ნათელი და ფერადი დღეები, წინსვლა და კიდევ ბევრი გამარჯვება.
– რატომღაც, ყველას ეგონა, რომ შენ მზრუნველი მამა, ქმარი და მეოჯახე ვერ შედგებოდი. თუმცა, შენს მეგობრებს თუ დავუჯერებთ, თამუნასთან შეხვედრამ რადიკალურად შეგცვალა...
– არ მიყვარს საკუთარი თავის კარგი კუთხით შეფასება, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ვცდილობ, ვიყო კარგი მეუღლე, ვედგე გვერდით ადამიანს, რომელიც მართლა ყველაფერს აკეთებს ჩემთვის, ოჯახისთვის, შვილებისთვის, სხვისი შვილებისთვის და მეც ვცდილობ, არ ჩამოვრჩე, ავუწყო ნაბიჯები და გვერდით ვედგე. რაც შეეხება მამობას, პირველი ქორწინების შემდეგ პრობლემებთან შეჭიდება მომიწია, რაც ხელს მიშლიდა ბავშვთან ურთიერთობაში. რთული პერიოდი მქონდა, მეც პატარა ვიყავი და შვილისთვის ვერ გამოვავლინე ის მამური სითბო, რაც მას სჭირდებოდა. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს შვილებს არაფერი მოვაკლო. სანდრიკა, თამუნას პირველი შვილი, 16 წლისაა, ჩემი პირველი ქალიშვილი, ელენე – 14 წლის, მარიანა – 7 წლის და ანიკა – 5 წლის. ოთხივეს სათუთი და მოსაფრთხილებელი ასაკი აქვს, განსაკუთრებული მიდგომა რომ უნდა და მეც ვცდილობ, არაფერი მოვაკლო. ვფიქრობ, შვილებთან მიმართებაში ყველაზე მთავარი ყურადღებაა. ამიტომ, მაქსიმალურად ვეცადე, მთელი ჩემი ყურადღება ოჯახისკენ და შვილების აღზრდისკენ გადამერთო და ამას ვემსახურები. როგორ გამომდის, ეს სხვა საკითხია. თუმცა, ჩემი შვილები მეუბნებიან, კარგი მამა ხარო (იცინის). სხვათა შორის, ჩემსა და ელენეს ურთიერთობის დარეგულირებაში, დიდი როლი ითამაშა თამუნამ. ის არ არის ჩემი შვილისთვის დედინაცვალი, ის მისი მეგობარია და მიხარია ეს ამბავი. სიმართლე გითხრათ, თამუნამ დამილაგა, ასევე, ჩემს პირველ მეუღლესთან ურთიერთობა. ელენეს ბევრი კითხვა ჰქონდა და მასზე სჭირდებოდა პასუხები, რომლისთვისაც მე უკვე მზად ვარ. სამწუხარო ფაქტია, როცა ოჯახები ინგრევა, მაგრამ შესაძლებელია უკეთესიც კი იყოს იმ მხრივ, რომ სჯობს ცალ-ცალკე იყვნენ და მიხედონ შვილს, ვიდრე ბავშვებიოცდაოთხსაათიან კონფლიქტში გაიზარდონ.
– სანდრო, როდის იდგა შენთვის ყველაზე რთულად გადასალახი პერიოდი და ვინ გედგა ამ დროს გვერდით?
– სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი მყავს დაკარგული, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები და რომლებიც ცოცხლები არიან, მაგრამ დავკაგე ან დამკარგეს. მაგრამ, ძალიან რთული პერიოდი იყო, როცა პატარა მეგობარი მომიკლეს. გულის არტერიაში ჰქონდა დანა მოხვედრილი და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. რომ ამბობენ, წუთისოფელი წუთი კი არა წამიაო, ზუსტად ასე ყოფილა. რეზიკო ჩემზე ხუთი წლით იყო პატარა, ჩემს ხელში გაზრდილი და ხელებში ჩამაკვდა, საავადმყოფომდეც ვერ მივასწარით მისი მიყვანა. მისმა სიკვდილმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ჩავიკეტე, სხვანაირად გადავაფასე მოვლენები. მერე ამ ყველაფერს დაემთხვა ჩემი ოჯახური ამბები, აეწყო, აეწყო, დიდხანს გაგრძელდა და ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. მოკლედ, იქამდე მივედი, ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა. თუმცა, გარემომ, ოჯახმა, ჩემს ცხოვრებაში ახლად გამოჩენილმა თამუნამ და ჩემმა შვილმა მომცა სტიმული, გადავრჩენილიყავი. მორალურად ისე დამიდგნენ გვერდით, მათი დამსახურებაა, რომ სწორი გზა გამოვნახე, ისევ ფეხზე დავდექი და ბნელი გვირაბიდან გასასვლელი მოვძებნე. სწორედ ამ დროს გამოაბრწყინა თამუნამ და ისეთი სინათლე დამანახვა, მთელი გვირაბი გამინათა. სამწუხაროდ, ის 7 წლის განმავლობაში გამოვლილი რთული პერიოდი დღემდე მომყვება. ჩემმა ქვეცნობიერმა თუ ცნობიერმა ვერ გადახარშა და წლები დასჭირდა. იმ ძნელი და რთული პერიოდის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შევაფასე და გადავაფასე, მათ შორის ურთიერთობები.
– როგორც ვიცი, ზუსტად იმ ადგილას, სადაც მეგობარს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, რაღაც პერიოდის შემდეგ შენც დაგჭრეს დანით და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩი. ფიქრობ, რომ შენს გადარჩენაში უზენაესის ხელი ურევია, ეს ბედისწერის ბრალი იყო?
– დიახ, რამდენიმე წლის შემდეგ დამჭრეს გულში, ზუსტად იმავე ადგილას, სადაც ჩემი მეგობარი იმავე ჭრილობით გარდაიცვალა. გულში პურის დანა ჩამარტყეს, გახვრეტილი მქონდა ფილტვი და თითქმის მკვდარი მომაბრუნეს საიქიოდან. სრულიად შემთხვევით გამოიარა იმ ადგილას სასწრაფომ, თორემ ბიჭებს რომ ჩავესვი მანქანაში, მეც, ჩემი მეგობრის მსგავსად, ცოცხალს ვერ მიმიყვანდნენ საავადამყოფომდე. მერე შევხვდი იმ ტიპს, ვინც ასე გამიმეტა და კითხვა დავუსვი: რატომ გამიმეტე სიკვდილისთვის, თუ დაჭრა გინდოდა, ფეხში დაგერტყა, გულში რატომ მირტყამდი დანას-მეთქი. რა თქმა უნდა, პასუხი არ ჰქონდა. თავადაც ვერ ვხვდები, რატომ გამიმეტა სასიკვდილოდ. თუმცა, ფაქტი, რომ იმავე ადგილას, მეც გულში დამჭრეს, როგორც ჩემი მეგობარი, ეს შემთხვევით არ მომხდარა. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა, მე კი, ღმერთის წყალობით, გადავრჩი. სამწუხაროდ, ნაადრევად მომიწია სამჯერ სიკვდილის თვალებში ჩახედვა. სიკვდილის პირას კი არა, ფაქტობრივად, მკვდარი ვიყავი, მაგრამ უზენაესმა მითხრა, ჯერ არ არის შენი დროო და უკან, სამჯერ გამომაცილა თავად. ასე რომ, უფალმა სამჯერ გამომაბრუნა საიქიოდან და როგორ შემიძლია, ვთქვა, უიღბლო ვარ-მეთქი. მჯერა ბედისწერის, ალბათ, ჯერ ჩემი სიკვდილი ადრე იყო. როცა სიკვდილს ჩახედავ თვალებში, მერე ბევრი რამის გადაფასება ხდება, ცხოვრებას სხვანაირად უყურებ და რწმენა უფრო მყარდება, რის გარეშეც, უბრალოდ, წარმოუდგენელია სუნთქვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





