შოუბიზნესი

სალომე ლემონჯავა: ძველებურად მარტივად აღარ გავუშვებდი ადამიანებს ჩემი ცხოვრებიდან

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 12.08

საკიმე ლემონჯავა
დაკოპირებულია

სალომე ლემონჯავას "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის სალომე ლემონჯავა?

სალომე ლემონჯავა: ამ კითხვას ძალიან ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და პასუხის გაცემა მიჭირს. ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, ვარ ადამიანი რიგი პასუხისმგებლობებით, დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ემოციებით, შიგადაშიგ შფოთვებით და ამის შემდეგ – ქალი, დედა, პარტნიორი. პროფესიებს მიღმა, ერთდროულად ბევრ სტატუსს ვფლობ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს ყველაფერი მფიტავს, ვიღლები პასუხისმგებლობებისგან, საბოლოო ჯამში, ზუსტად ჩემი ეს ფუნქციები მქმნის მე პიროვნებად და თავს კომფორტულად მაგრძნობინებს.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– როცა კონკრეტულ მიზანს ვაღწევ და მისით ტკბობას ვიწყებ, თავს ვაძალებ, რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან და ახალი გამოწვევების წინაშე დავდგე. ასეა სამსახურებთან მიმართებითაც. მგონია, რომ დიდი ხნით კომფორტის ზონაში ყოფნა ერთ ადგილას გყინავს, განვითარებაში ხელს გიშლის. ჩემთვის საოცნებო მდგომარეობა მუდმივი განვითარებაა. მაინცდამაინც დიდ კარიერულ წინსვლებს არ ვგულისხმობ, შარშანდელთან შედარებით თუ უფრო მეტი ცოდნა მაქვს, თუ მცირედით მაინც გავიზარდე შინაგანად, ეს ჩემთვის წარმატებაა.

– გიკეთებია საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდა, მაგრამ საჭიროების გამო ასრულებდი?

– კი. მაგალითად, მქონია სამსახური, სადაც არ მსიამოვნებდა ყოფნა, უბრალოდ, იმ მოცემულობაში საჭიროებას წარმოადგენდა. სტუდენტი ვიყავი, ანაზღაურებაზე ნაკლებად ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ მჭირდებოდა გამოცდილება, რომ სასურველ საფეხურზე გადავსულიყავი. ჩემთვის არასაინტერესო საქმე ბევრჯერ მიკეთებია, რომ ჩემს მიზანს მივახლოებოდი. დღესაც შეიძლება, გავაკეთო ის, რაც დიდად არ მხიბლავს, მაგრამ გარკვეული ვალდებულებები მაკისრია და მიწევს.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხარ?

– ზედმეტად ემოციური ვარ. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლია. ყველაფერს ძალიან განვიცდი, ყველაფერზე ძალიან ვნერვიულობ და ამის გამო საქმეში ხშირად მეშლება ხელი. ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ და ჩემი ემოციურობის მიზეზიც ეს არის.

გულჩვილს რაც შეეხება, მართლა ყველაფერზე გული მიჩუყდება, განსაკუთებით მას შემდეგ, რაც შვილი მყავს. ბოლო პერიოდში სერიალებსაც და ფილმებსაც კი ვერ ვუყურებ, თუ დავინახავ, რომ მასში ბავშვს უჭირს.

– ბოლოს როდის იტირე და რის გამო?

– რამდენიმე საათის წინ ვიტირე, ტიკ-ტოკს „ვსქროლავდი“, შემხვდა ვიდეოკოლაჟი იმ ადამიანების ემოციების შესახებ, ვინც სიმსივნე დაამარცხა. დღესასწაული იყო – კლინიკის დატოვებისას გამოჯანმრთელებულებს ტაშს უკრავდნენ ზარების ფონზე, როგორც გამარჯვებულებს. მათ შორის ბავშვიც იყო, მოხუციც, ახალგაზრდაც. ძალიან ბევრი ვიტირე. ჩემმა შვილმა გაიგონა ხმა, შემოვიდა და გაოცდა, ატირებული რომ დამინახა. ავდექი და ვესაუბრე ამ თემაზე. ვფიქრობ, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, ემპათიის განცდა ჰქონდეს, ამიტომ გულწრფელად და მისი ასაკის შესაბამისად ავუხსენი, რაშიც იყო საქმე.

– რაში დახარჯავდი, უცებ რომ ლატარიაში დიდი თანხა მოიგო?

– შეიძლება, ერთი ვთქვა და სრულიად სხვა რამ გავაკეთო, ამიტომ ამ შემთხვევაში, პასუხს არ ვაგებ (იცინის). კონკრეტულ მოცემულობაში რას გააკეთებ, წინასწარ ამის თქმა რთულია, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ გავყოფდი თანხას, ნაწილს ჩემთვის დავიტოვებდი, ნაწილს ქველმოქმედებას მოვახმარდი. ლატარიაში მოგებული ფული იმდენად მარტივად მოსული ფულია, მგონია, რომ აუცილებლად უნდა გასცე. მე მჯერა, რომ რასაც გასცემ ის, აუცილებლად დაგიბრუნდება. მე ყოველთვის ვცდილობ, გავცე. ამ შემთხვევაში შეიძლება, ფულზე ვსაუბრობთ, მაგრამ იმავეს ვფიქრობ ენერგიის გაცემაზეც, რადგან მჯერა, რომ სამყაროში ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს, ამიტომ, რაც უფრო მეტ ადამიანს გაახარებ, მით უკეთესი.

რაც არ უნდა ვთქვათ, ადამიანები, პირველ რიგში, მაინც საკუთარ თავზე ვფიქრობთ. ასე მუშაობს ჩვენი გენეტიკური კოდი. გაცემითაც გარკვეულწილად იმიტომაც გავცემთ, რომ გვინდა, ცხოვრებისგან კარგი მივიღოთ, გვინდა, სიკეთით დაგვიბრუნდეს.

– გიოცნებია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი ყოფილიყავი?

– ამაზე – არა, მაგრამ მიოცნებია ისეთ პროექტში მონაწილეობაზე, რომელიც ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს ჩემს ქვეყანას. ვგულისხმობ, ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას, დაკარგული ტერიოტორიების დაბრუნებას – ამაზე ნამდვილად მიოცნებია. ვფიქრობ, ეს მამაჩემის გავლენის შედეგია.

– რას უთვლი საკუთარ თავს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?

– კარიერაში ასეთი ნაბიჯი არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ, რომ ძალიან სტაბილური ვარ და სწორი გზით წავედი. ჩემს შემთხვევაში სინანული უფრო ურთიერთობებს უკავშირდება. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც წარსულში დავკარგე სხვადასხვა მიზეზის გამო. დრო რომ უკან დავაბრუნო, შეიძლება, არ გამეშვა ჩემი ცხოვრებიდან ისე მარტივად, როგორც ეს მოხდა. ადრე ბევრად ხისტი ვიყავი, დღეს სხვანაირად მოვიქცეოდი. იმას, რაც მაშინ უპატიებლად მიმაჩნდა, დღეს ასე ხისტად აღარ აღვიქვამ.

– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– ოჯახში სულ ვცდილობთ, გავაკეთოთ ის, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია და ახალი გამოცდილებები მივიღოთ. ეს შეიძლება, იყოს კონკრეტული საკვების დაგემოვნება ან, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ახალი, აზიური ენის სწავლა დავიწყე. ისევ და ისევ იმ მიზნით, რომ განვითარება არ შევწყვიტო.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდა...

– პაემნის ხსენებაზე, ყოველთვის, ჩემი და გიორგის პირველი პაემანი მახსენდება. ჩვენი პირველი დაგეგმილი შეხვედრა „მაკდონალდსში“ შედგა. ფანჯრებს ვუყურებდით, ყავას ვსვამდით და თითქოს, ჩვეულებრივი შეხვედრა იყო. მახსოვს, გიორგი ლაპარაკობდა, ვითომ საერთოდ არ ნერვიულობდა და უცებ ცხელი ყავა გადაისხა, თუმცა, მერეც არ შეიმჩნია არაფერი (იცინის).

– როგორი დამოკიდებულება გაქვს ტყუილთან, თუ ახერხებ ისე ცხოვრებას, რომ არ მოიტყუო და ცხოვრებამ მატყუარა ადამიანების ამოცნობა თუ გასწავლა?

– ტყუილი, სიმართლესავით, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადამიანმა ინტერვიუებში როგორც არ უნდა ამტკიცოს, ძალიან გულწრფელი ვარ და არასდროს ვიტყუებიო, პირველ რიგში, ეს მგონია ტყუილი. ჩვენს ცხოვრებაში ტყუილიც ზუსტად იმ დოზით არსებობს, რა დოზითაც სიმართლე, ეს ორი ერთმანეთის თანმდევია. მე პატივს ვცემ, საჭირო რომ არ იყოს, არც იარსებებდა. კი, პატარ-პატარა ტყუილებს მეც ვამბობ, მაგალითად, ვაღიარებ, რომ შეიძლება, გიორგის პატარა რაღაცები მოვატყუო (იცინის). ზოგჯერ, შეიძლება, შვილსაც ვუთხრათ რაღაც შელამაზებულად, რომ უკეთ ავუხსნათ, უკეთ გავაგებინოთ. რა თქმა უნდა, სერიოზულ ტყუილზე არ მაქვს საუბარი. რაც გავიზარდე, რაც ჩემი ღირებულებები და პრინციპები ჩამომიყალიბდა, თავს მატყუარა ადამიანებისგან დაცულად ვგრძნობ. ამან ჩემი სამეგობრო წრეც შეამცირა, გვერდით ერთგული ადამიანები დამრჩნენ. ვინც ახლა ჩემს ცხოვრებაშია, ყველას ვენდობი და ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი ტყუილები არ არის ჩემს ცხოვრებაში და რომ იყოს, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ასე ცხოვრება.

რაც შეეხება ტყუილის ამოცნობას, გარკვეულ ასაკში ადამიანი აგროვებ იმდენ გამოცდილებას, რომ საამისოდ გეყოს, მით უმეტეს, პროფესიაც ხელს მიწყობს, რომ მივხვდე, რას გულისხმობს ადამიანი ნათქვამი სიტყვის უკან. ძალიან მარტივად ვამჩნევ, მაგრამ არასდროს ვიმჩნევ, რადგან ეს ჩემი არა, ეს იმ ადამიანის პრობლემაა, მე არ მეხება და სიმართლე რომ ვთქვა, არც მადარდებს.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ?

– ჩემი ოჯახით, რაც ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია. ზუსტად ისეთი ოჯახი მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი, როგორიც წარმომედგინა და ასევე, ვამაყობ ამ ოჯახში საკუთარი როლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა