სალომე გოგიაშვილი: ცხოვრებაში წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს
ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 09.08, 2021 წელი

მართალია, სალომე გოგიაშვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება და არც ასაკი ეტყობა, თუმცა რეალობას ვერ გაექცა და სწორედ, ამ ზაფხულს, ახლა მიხვდა, რომ უკვე დიდი შვილების დედაა. მისმა ქალიშვილმა, მაშომ, სკოლა დაამთავრა და როგორც სალომე ამბობს, ამ ფაქტმა რეალობას დააჯახა. დაუჯერებელი რეალობაა, მაგრამ სალომე საერთოდ არ სვამს წყალს, არც კანის გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს მიმართავს და ფაქტია, მისი სისხლის ჯგუფიც კი შესაძლო დაავადების საფრთხისგან იცავს.
სალომე გოგიაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სულ მგონია, ჩემი შვილისხელა ვარ და ისევ თინეიჯერულ ასაკში, ამ ზაფხულს რეალობას დავეჯახე. მშობლის სტატუსით რომ მივედი ბანკეტზე, თან მეწყინა, თან გამიხარდა – ყველა ემოცია ერთად ირეოდა. კახეთში ჰქონდათ ბანკეტი, მარტო ვერ გავუშვი, თან დასვენებაც მინდოდა და გავყევი. წავედი და, რა თქმა უნდა, ისეთი დრო ვატარებინე ბავშვებს, მადლობლები დარჩნენ (იცინის). ასე მეგონა, მე დავამთავრე სკოლა და ჩემი ბანკეტი იყო.
– მაშოს სამოსსა და მაკიაჟზე ვინ იზრუნა?
– რა თქმა უნდა, დედამ! (იცინის). ის პერიოდი გადავლახეთ, რომ ვეუბნებოდი, ჩაიცვი, გიხდება-მეთქი და არ იცვამდა. ახლა უფრო მეტი ნდობა გამოიჩინა და მაკიაჟიც, თმაც და ჩაცმულობაც, ჩემი შერჩეული იყო. სხვათა შორის, უნივერსიტეტში უმაღლესის გამოცდებიც ჩააბარა და შედეგებს ველოდებით. ძალიან კარგად სწავლობდა, ჩემგან განსხვავებით, მეტად პასუხისმგებლობიანია, ხელოვნების კუთხით წავიდა და ძალიან მიხარია. იმდენად ცდილობდა და განიცდიდა, მთელ ოჯახს გადმოგვედო საგამოცდო ციებ-ცხელება. თუმცა, არ ვიმჩნევდით. გამოცდაზე რომ შევიდა, გეფიცებით, დიდი ხანია, ისე არ მინერვიულია, როგორც მაშინ.
– ესე იგი, საკმაოდ ცხელი და ემოციურად გადატვირთული ზაფხული გაქვს – სკოლაც დაამთავრე, ბანკეტიც გქონდა, გამოცდებიც ჩააბარე. ახლა სად აპირებ დასვენებას?
– ძალიან მიყვარს ზაფხულის სეზონი და დასვენება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდვითარება კვლავ საგანგაშოა, ძალიან მეშინია ბავშვების სადმე წაყვანა. პირველი წელია, როცა ზღვაზე ვერ წავალ, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ვარ. ჩემს თავს არ დავეძებ, მთავარია, ბავშვები იყვნენ ჯანმრთელი. მირჩევნია, წელს მოვითმინო და არსად წავიდეთ. რომ წავიდე და რამე დაემართოთ, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ.
– ზღვა გადაიდო, მაგრამ მთა?
– მთაშიც, უამრავი ხალხია და თან, არ მიყვარს. ჩათვალეთ, როგორც კი მთაში წავალ, ეგრევე ფსიქიატრიულში მოვხვდები – ყველაზე მეტად არ მიყვარს ბუნება. ბუნების სიმშვიდეში ისეთი დეპრესია და ნევროზი მეწყება, მდგომარეობიდან ვეღარ გამოვდივარ. ჩემთვის დასვენება აქტიურობასთან, ხალხმრავალ ადგილთან და ხმაურთან ასოცირდება. ვერ ვიტან პასიურ დასვენებას, ბუნებაში სეირნობასა და სიმშვიდეს. დამიჯერეთ, როგორც კი სიწყნარე და მე ერთად ვხვდებით, ეგრევე დეპრესია მეწყება და ცუდად ვარ. ამიტომ, არცერთი ჩემი მეგობარი არ მეპატიჟება, როცა ქალაქგარეთ გადიან, გამორიცხულია. რაჭაში ვიყავი ორჯერ, ისიც კონცერტი მიმყავდა. კონცერტის მსვლელობის დროს, როცა ხალხმრავლობა და ხმაური იყო, კარგად ვიყავი. როგორც კი სასტუმროში მივდიოდი, სიწყნარე იყო, გავიხედავდი ფანჯრიდან და ბუნება ჩანდა, მანქანაში ვჯდებოდი და მოვდიოდი. ერთხელ ბორჯომში ვიყავით სასტუმროში, გადაღებაზე. გადაღება რომ მორჩა და მივხვდი, ტყეში ვარ, დავიძინებ, გავიღვიძებ და ისევ ამ ხეებს უნდა ვუყურო, უბრალოდ, ავდექი, ჩავჯექი მანქანაში და დაღლილ-დაქანცული დავადექი გზას თბილისისკენ.
– ყოველთვის რუჯი გაქვს. ახლა, როცა ზღვაზე ვერ მიდიხარ, სოლარიუმში აპირებ კანის შეფერილობის შეცვლას?
– რა თქმა უნდა, მივმართავ სოლარიუმს, ავტორუჯს და ყველანაირ ხერხს, რაც ჩემს კანს სხვა შეფერილობას მისცემს. ბევრი ამბობს, სოლარიუმი საშიშიაო, თუმცა, სწორი წესითა და დოზით მიღებული რუჯი უსაფრთხოა. სხვათა შორის, არასოდეს ვიცავ ზღვის სანაპიროზე გასვლის საათის წესებს. მზეზე ზედმეტი წოლისგან თვალიც დამსიებია და წყლულებიც გამჩენია, მაგრამ საავადმყოფოში არ მოვმხვდარვარ. ეტყობა, ბევრი რუჯისგან ჩემი კანი აღარ გამოყოფს მელატონინს, ამიტომ რთულად ვირუჯები და დილის მზე რუჯის მისაღებად ჩემთვის არ არის ეფექტური. თან, როცა ვირუჯები, არანაირ საცხსა და ზეთს არ ვისვამ, რადგან ეგრევე კანი მძვრება და მზეზე საათობით წოლა წყალში მეყრება.
– რაც შეეხება ორგანიზმის წყლით მომარაგებას? მით უმეტეს, ზაფხულში და სხეულის გარუჯვის შემთხვევაში.
– ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს, წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს. შემიძლია, დავიფიცო. ჩემი მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები წყალს რომ სვამენ, მე თავს სხვა მხარეს ვატრიალებ, რომ ეს პროცესი არ დავინახო – ეგრევე გული მერევა. რამდენიმეჯერ, ძალით ვცადე დალევა და ჭიქა რომ მივიტანე ტუჩთან, საშინელი თევზის სუნი ვიგრძენი და ცუდად გავხდი. დედაჩემსაც კი ვეკითხებოდი: ბავშვობაში წყალს ვსვამდი-მეთქი? დაფიქრდა და მიპასუხა: არ მიმიქცევია ყურადღებაო (იცინის). ვსვამ ჩაის, ყავას, გაზიან სასმელებს და ვჭამ ბოსტნეულს, ამით ვივსებ წყლის ბალანსს ორგანიზმში და არც გაუწყლოება მაწუხებს. უცხოეთში კვლევაც ჩავიტარე და მითხრეს: იშვიათი შემთხვევაა, არსებობს ორგანიზმი, რომელიც სითხეს წყლის სახით არ იღებს, არამედ იმით, რაშიც წყალი შედის. დიდი მჭამელი არ ვარ, თუმცა ყველაფერი მერგება. მიყვარს ბოსტნეული და მასში შედის წყალი, მიყვარს ხილი და ამაშიც წყალია. წვენებს, ჩაის, ყავას და გაზიან სასმელს კი იმ რაოდენობით ვსვამ, რასაც ორგანიზმი მთხოვს. რომ ამბობენ, დღეში სამი ლიტრი წყალი უნდა სვას ადამიანმა, რომ კანი კარგ მდგომარეობაში ჰქონდესო, ფაქტია, წყლის არდალევა, ჩემი კანის მდგომარეობაზე არ აისახება, ბიორევიტალიზაციის პროცედურაც კი არ მაქვს ჩატარებული. ვინ დააწესა, რომ ორგანიზმს ამდენი და იმდენი წყალი სჭირდება? მეცინება ხოლმე, რომ იჭყიპებიან წყლის სმით. ორგანიზმი, თავად გაგრძნობინებს, როდის რა სჭირდება და ის წესებს არ ექვემდებარება. ჩემი ორგანიზმი, ამ მხრივ, უნიკალურია (იცინის). ასე რომ, წყალი არ მიყვარს, ცხოვრებაში არ დამილევია, მაგრამ ზღვაზე წყლით გაგრილება ძალიან მომწონს (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, უნიკალური შემთხვევა ვარ, ჩემი ორგანიზმი ასეა მოწყობილი-მეთქი (იცინის). თან, სისხლის ჯგუფიც უარყოფითი მაქვს და ამბობენ, კორონაც კი არ გადადის ამ სისხლის მქონე ადამიანებზეო. ხუთი ისეთი ახლო კონტაქტი მქონდა დავირუსებულებთან, მათი ჭიქიდან რომ დავლიე და რამდენიმე საათში აღმოაჩნდათ. მე კი, ფაქტია, გადავრჩი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან