შოუბიზნესი

სალომე გოგიაშვილი: რამდენიმეჯერ ვცადე ბავშვის აყვანა. მეუბნებოდნენ, რომ გარეკილი მქონდა, სადაც ოთხს ვზრდი, იქ მეხუთესაც გავზრდი

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 16.11, 2022 წელი

სალომე გოგიაშვილი
დაკოპირებულია

გულახდილი საუბარი სალომე გოგიაშვილთან 👇

– ვინ არის სალომე გოგიაშვილი?

სალომე გოგიაშვილი: სალომე გოგიაშვილი არის შეძლებისდაგვარად კარგი დედა. გაგიჟებული თავის შვილებზე და მაქვს იმის პრეტენზიაც, რომ ვარ კარგი მეგობარი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– სანამ შვილები მეყოლებოდა, სულ საკუთარი თავისთვის ვოცნებობდი. ახლა ერთადერთი ოცნება მაქვს – მინდა, მოხდეს ის, რასაც ჩემი შვილები დამპირდნენ. მითხრეს, რომ ძალიან მაგარი სპორტსმენები გახდებიან და ახლა მარტო ამაზე ვოცნებობ. მინდა, სტადიონზე ვნახო და როგორც დედამ, გავიხარო, როცა ჩემი შვილი გოლს გაიტანს.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– სულ რამდენიმე დღის წინ ვიტირე. საშინელი ვირუსი ჰქონდათ ჩემს შვილებს და ისე ცუდად იყვნენ, ვტიროდი. საერთოდ, რაც ასაკში შევედი, ძალიან ემოციური გავხდი. ფილმებზე ვტირი, ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებ, მაგრამ სოციალურ ქსელს რომ ჩავუჯდები, ვტირი ისეთ ვიდეოებზე, რომლებზეც ადრე მეცინებოდა, მაგალითად, ბავშვი რომ ეხუტება დედას, ჩვეულებრივად ვბღავი ამის შემხედვარე. არადა, ადრე დედაჩემს ვაკრიტიკებდი, რა უბედურებაა, ასეთ რამეებზე როგორ ტირი-მეთქი. ახლა კი მეც ზუსტად ასეთი გავხდი.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში ასი მილიონი მოიგოთ?

– ის, რაზეც ძალიან ბევრი მეოცნებება, არის დიდი ტერიტორია, რომელზედაც ავაშენებდი საცხოვრებელ კომპლექსს და ჩემს ყველა მეგობართან ერთად ვიცხოვრებდი. ოღონდ, არ იფიქროთ, ახლა მომაფიქრდა ეს იდეა, მე და ჩემი მეგობრები ვსხედვართ ხოლმე და ვსაუბრობთ, ვინმეს თუ ამდენი ფული ექნება, როგორ განვახორციელებთ ამ ოცნებას. კიდევ, მინდა ჩემს ახლობლებს, ვისაც ვიცი, რომ გასაჭირი აქვს, დავეხმარო და ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა, გავაკეთო ძალიან მაგარი ბავშვთა სახლი. წლებია, ამას ვამბობ. მინდა, ისეთი ბავშვთა სახლი ავაშენო, საიდანაც ძალიან მარტივად მოხდება ბავშვების გაშვილება, რაც დღეს საქართველოში ძალიან რთულია. შემიძლია დავიფიცო, რომ რამდენიმეჯერ ვცადე ბავშვის აყვანა. ძალიან მინდოდა. სახლში კი მეუბნებოდნენ, რომ გარეკილი მქონდა, მაგრამ მე მინდოდა. როცა ოთხი შვილი გყავს, როგორღა?! მაგრამ სადაც ოთხს ვზრდი, იქ მეხუთესაც გავზრდი. ჩემი აზრით, ასეა. მოკლედ, მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან წარმოუდგენლად რთული პროცესია. მე არ მინდა, ბავშვს მშობელთან ურთიერთობა ავუკრძალო, პირიქით, იმაზე ხშირად ვაჩვენებ, ვიდრე ამას ბავშვთა სახლებში ახერხებენ. მეყოლება ჩემთან სახლში და ყველაფერს მივცემ. მართლა უამრავი გაჭირვებულია ჩვენს გარშემო. ერთი ადამიანი ყველას ვერ ეყოფი, მაგრამ მინდა, მქონდეს იმის საშუალება, რომ ცოტ-ცოტა ყველა გავახარო. ოღონდ, ეს არ არის მომენტი, რომ იცი მაინც არ გექნება და ტყუილად ბოდავ. მე ორ ოჯახს ვარჩენ – ამას არასდროს ვაფიშირებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ეს სარეკლამო საქმეა, ორი ოჯახისთვის კი ჩემი შვილებიც აგროვებენ ფულს და წლის ბოლოს ამ ოჯახის ბავშვებისთვის საჩუქრებს ყიდულობენ. ეს ჩვენი ტრადიციაა, ამიტომ ეს თემები არ არის ჩემთვის უცხო.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი იყოთ?

– ოჰ, ძალიან მინდა (იცინის). იქიდან გამომდინარე, რომ აქ მეტ-ნაკლებად ცნობილი ვარ, ვიცი, როგორი სიამოვნებაა, როცა ვიღაც გცნობს, პატივს გცემს, მოსწონხარ. სადაც არ უნდა წავიდე, ძალიან სასიამოვნოდ მხვდებიან. წარმოიდგინეთ, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ხარ ცნობილი, რამხელა პატივისცემა გაქვს. არავინ თქვას, რომ ეს არ უნდა. მგონია, რომ ამაზე უარს არავინ იტყოდა. მაგარი ემოციაა.

– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი?

– ფრთები ნამდვილად არ მაქვს. ძალიან ცუდი რამ მახასიათებს: ცუდადაც რომ ვიქცეოდე, არაფრით ვაღიარებ საკუთარ თავთან. გამართლებას ყოველთვის ვპოულობ. მიმაჩნია, რომ ცოცხალი ადამიანი შეცდომებსაც უნდა უშვებდეს და მათზე სწავლობდეს კიდეც. თუ ვერ ისწავლი, მაშინ აღარ უნდა იწუწუნო და პასუხიც აგო.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– გადაცემა მიმყავდა, სტუმრად ფსიქოლოგი მყავდა და ჰყვებოდა, როგორ უნდა აღზარდო ბავშვი, რომ არ შეიძლება მას ცუდი სიტყვა გააგონო და ასე შემდეგ. მე ვუთხარი, რომ ასე გაწერილი მეთოდებით ძალიან კარგია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ბავშვი ჩვეულებრივად უნდა აღზარდო, როგორი ოჯახიც არის, ბავშვის ისეთი იზრდება. სამ საათზე ვჭამოთ და ხუთზე დავიძინოთ, შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ ჩემს ოჯახში ეს არ გამოდის. ცუდი სიტყვაც უნდა იცოდეს ბავშვმა-მეთქი. ეს არ ნიშნავს, რომ უზრდელი უნდა იყოს, მაგრამ „არ გააგონო ცუდი სიტყვა“?! მომწონს, თუ ვინმეს ეს გამოსდის, მაგრამ მე – არა. ისე „მომაწვა“ ეს ადამიანი, ბოლოს მომერიდა, ძალიან შემრცხვა და დავეთანხმე, მართალი ხართ–მეთქი. მოკლედ, გავედით რეკლამაზე და ეს ქალბატონი მეუბნება: ისე, თქვენ როგორ უმკლავდებით ოთხ ბავშვსო და რას ამბობთ, ჩემს ოჯახში ცუდ სიტყვას არავინ ამბობს-მეთქი, გამოვიდე თავი, რა ვქნა ისე მელაპარაკა, მომერიდა (იცინის). ამ დროს დამირეკა შვილმა. ტელეფონი მქონდა გაფუჭებული. ზარს რომ ვპასუხობდი, ზოგჯერ ავტომატურად ხმამაღალზე ირთვებოდა და მაშინაც, რომ ვუპასუხე, ხმამაღალზე ჩაირთო. ჩემი შვილი ყვირის გამწარებული და საშინლად ლანძღავს თავის ძმას – ეს კრეტინი, ეს იდიოტი კომპიუტერი დამიმალაო... მე ახლა ძალიან მარტივი სიტყვებით შემოვიფარგლები, ვერ ვიტყვი, კიდევ რა სიტყვებით მოიხსენიებდა ძმას. ეს ქალი უსმენს ამ ყველაფერს და მე აღარ ვიცი, სად წავიდე (იცინის). ამ დროს მეორე შვილი ართმევს ამას ტელეფონს და ახლა ის ილანძღება, რომ ეს პირველი თვითონ არის დეგენერატი. ცხრაასკაციან დარბაზში ყველა მე მიყურებდა და მისმენდა ამ ქალთან ერთად. აღარ ვიცოდი, რა მექნა (იცინის). ძალიან კარგია, მშურს ოჯახების, სადაც ასე არ ხდება. მაგრამ მე ჩემს ოჯახზე ვყვები. ჩემმა შვილებმა ცუდი სიტყვებიც იციან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უზრდელები არიან და არ იციან, როგორ მოიქცნენ ხალხში. გამორიცხულია, იქ ერთმანეთს უზრდელად მიმართონ ან უფროსს მოექცნენ უპატივცემულოდ. ყველაფერი კარგად იციან და დედას ვფიცავ, მართლა კარგი გაზრდილები არიან. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილები არიან, მაგრამ მასწავლებელი იქნება თუ მათი მეგობრების მშობლები, ყველა მადლობას მიხდის მათი აღზრდის გამო. თუმცა, მე მათ ჩვეულებრივად ვზრდი, ყველაფერი იციან. აი, მაგალითად, ამწუთასაც ერთმანეთს აგინებენ.

– მოგიპარავთ რამე?

– ერთხელ, საბავშვო ბაღიდან კანფეტები მოვიტანე სახლში. არ ვიცი, მოვიპარე თუ გამომატანეს, ეს არ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს, დედამ რომ მკითხა, ეს კანფეტები რომ წამოიღე, ვინმეს უთხარიო და ჩემი არას შემდეგ, მიმაბრუნა ბაღში და მასწავლებლის თანდასწრებით მითხრა, ამოიღე ეს კანფეტები, მაგიდაზე დააწყვე და თქვი, რომ ამას არასდროს აღარ იზამო. ამან ისეთი გავლენა მოახდინა მაშინ ჩემზე, ყველაფერს ვფიცავ, არასდროს არაფერი არ მომიპარავს. როგორც ჩანს, იმ მომენტში ძალიან ვინერვიულე და ეს გამოცდილება სამუდამოდ აისახა ჩემს მეხსიერებაში, თუმცა, არა მგონია ამის გარეშეც დიდი მომპარავი გამოვსულიყავი (იცინის).

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– უფრო მეტიც შემიძლია, ვიდრე ვარ ხოლმე (იცინის). მთავარია, ჩემს ოჯახს უსამართლოდ არავინ შეეხოს. შვილებზე განსაკუთრებით მწვავე რეაქციები მაქვს. ვერ ვიტყვი, როგორი ვარ, იმიტომ რომ არაადეკვატური ვხვდები და ალბათ, არ არის სასურველი ჩემი იმ მდგომარეობაში ნახვა. როცა ჩემს შვილებს და დედაჩემს ეხება საქმე, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. დედა მარტოა, მე მამა არ მყავს, უკვე დიდი ხანია და დედის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მისი პატრონი მე ვარ და მას რომ ვინმემ ნერვები მოუშალოს, შეიძლება, ძალიან ცუდი რამ ჩავიდინო, ისეთი, რაც წინასწარ არ ვიცი. მეუღლე კი ვიცი, რომ კაცია და თავს დაიცავს, მაგრამ მის მიმართაც იგივე დამოკიდებულება მაქვს. ჩემებს არავინ არ უნდა შეეხოს. ერთხელ, მეზობლების კრება იყო და დედაც ჩავიდა. მაშინ ორსულად ვიყავი, ძალიან დიდი მუცელი მქონდა და წოლითი რეჟიმი გამომიწერეს. ეზოდან რაღაც ხმები რომ მომესმა, ღამის პერანგით აივნიდან გადავიხედე. ვხედავ, რომ ვიღაც ქალს დედაჩემი ჯემპრით უჭირავს და ეჯაჯგურება. დედას ვფიცავრომ ეს ქალი რამდენიმე წამით ჰაერში მყავდა... ამხელა მუცლით, წოლითი რეჟიმით (იცინის). მერე მეზობლები ამბობდნენ, სალომე ჩვენი ეზოს დირექტორად უნდა დავნიშნოთო. იმიტომ, რომ იმის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა პრობლემა გადაწყდა. ეს ქალი იყო ერთადერთი, რომელიც ყველას ნერვებს უშლიდა და მე ისეთი ამბავი დავმართე, აღარაფერზე პრეტენზია აღარ ჰქონდა. თუკი რამე უნდოდათ, ყველა ამბობდა, ახლა სალომეს ვეტყვითო და პრობლემა გვარდებოდა (იცინის).

– რომ გაიგოთ, მეგობარს პარტნიორი ღალატობს, ეტყვით თუ არა?

– ზოგადად, არ მომწონს ეს ფორმა, როდესაც მიდიხარ მეგობართან და პირდაპირ ეუბნები. მე სწორ ფორმად მიმაჩნია, მიხვიდე იმ ბიჭთან, უთხრა, რომ იცი და გააფრთხილო პირველად და უკანასკნელად, რომ თუ ეს კიდევ განმეორდება, აუცილებლად ეტყვი მის მეუღლეს. ეს უფრო მისაღებია, ვიდრე მივარდე და გოგოს უთხრა. არიან გოგოები, რომლებიც თვალს ხუჭავენ გარკვეულ სიტუაციებზე, ჰგონიათ, რომ მარტო თვითონ იციან და უღირთ ასე ცხოვრება. ამ დროს მიაჭრა და უთხრა, გღალატობსო, ვინ გეკითხება? მესამე ადამიანი ყოველთვის ზედმეტია ურთიერთობაში. ამიტომ, თუ ძალიან ახლო მეგობარია, აუცილებლად დაველაპარაკები კაცს. თან, მე ვარ ტიპი, რომელსაც კაცთან საუბრის პრობლემა არ აქვს, ამიტომ მექნება უფლება, მეგობრის პარტნიორს საკადრისი პასუხი გავცე. მერე ბიჭმა უნდა გადაწყვიტოს, თუ წასვლა უნდა, წავა, თუ დარჩენა უნდა, გააცნობიეროს, რომ შეცდომას უშვებს და გამოასწოროს მდგომარეობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი