შოუბიზნესი

სალომე ჩიტაძე: ყველაზე მეტად ორსულობის მეშინია, არადა, მინდა, ძალიან დიდი ოჯახი მქონდეს

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

სალომე ჩიტაძე
დაკოპირებულია

სალომე ჩიტაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის სალომე ჩიტაძე?

სალომე ჩიტაძე: ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი პრობლემებითა და ოცნებებით. ამბობენ, რომ საკმაოდ თბილი ვარ. მაბრალებენ, რომ ჯიუტიც ვარ, მაგრამ რადგან ასე ამბობენ, ალბათ, მართალია (იცინის). ვიტყოდი, რომ ზედმეტად მზრუნველიც ვარ.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი საოცნებო ცხოვრება ისეთია, ერთი ჟურნალი არ გვეყოფა მის აღსაწერად (იცინის). ყველაზე მეტად ვოცნებობ, მქონდეს კერძო სახლი სოფელში, მთაში, სადაც ძალიან ცოტა მოსახლეა. მყავდეს საკუთარი ცხოველები, მქონდეს საკუთარი წარმოება. ძალიან მინდა, მყავდეს ცხენები და მქონდეს ჩემი კლინიკა. მე ვეტერინარულზე ვსწავლობ და მინდა, ცხოველებისთვის კლინიკა და თავშესაფარი გავხსნა. ეს ჯერ მხოლოდ ოცნებებია.

ქალაქის ცხოვრება ჩემთვის ძალიან კომფორტულია, აქ გავიზარდე და მიჩვეული ვარ ქალაქის გარემოს, მაგრამ ადამიანს რაც გაკლია, იმაზე ოცნებობ. სოფელში გადაბმულად, მაქსიმუმ, 1-2 თვე მაქვს გატარებული და რაც მეტი დრო გადის, უკეთ ვხვდები, რომ საკუთარი თავის ამოსაცნობად და ჩემი შესაძლებლობების უკეთ განვითარებისთვის მეტი თავისუფალი დროა საჭირო მშვიდ და წყნარ გარემოში საკუთარ თავთან გასატარებლად, რაც ხმაურიან ქალაქში ძალიან რთულია.

– რამდენად გულჩვილი და ემოციური ადამიანი ხარ?

– ძალიან. რაც ბავშვი გავაჩინე – მით უმეტეს. ყოველთვის მტირალა ვიყავი, მაგრამ შვილს რომ ვეხუტები, ზოგჯერ ისე მიჩუყდება გული, ტირილს ვიწყებ, ვაიმე, როგორ მიყვარხარ-მეთქი. ყველაფერი ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. ვინმეზე თუ გავნაწყენდი და ამის შესახებ ვცდილობ, მას ავუხსნა, სანამ საუბარს დავიწყებ, მანამდე ბოლო ხმაზე ვიწყებ ტირილს, ცრემლები სიტყვებს ასწრებს (იცინის).

რაღაც პერიოდი, ვცდილობდი ემოციები შემეკავებინა. დაახლოებით, ორი წელი ვცდილობდი საკუთარი ემოციები მეკონტროლებინა და მაშინ უფრო რთული იყო. უფრო გაღიზიანებული ვიყავი, რადგან ემოციებს ვერ გამოვხატავდი, თავს შებოჭილად ვგრძნობდი და თითქოს, თან ღრუბლები დამყვებოდა. ამიტომ ვფიქრობ, ალბათ, სჯობს გამოხატო... ეს გცლის და გათავისუფლებს ნეგატიური ენერგიისგან, რაც იმ მომენტში გაწუხებს.

– ბოლოს როდის იტირე ბედნიერებისგან?

– უნივერსიტეტში რომ მოვხვდი. მანამდე კი – შვილი რომ შემეძინა.

– ტკივილისგან?

– ამას წინათ მეგობრებთან ვიკამათე და მაშინ ვიტირე ძალიან ბევრი, რადგან განვიცადე. სხვათა შორის, წყენის გამო მარტივად არ მეტირება. უფრო ემპათიის გამო ვტირი, ვიდრე ნეგატიური გრძნობებისგან.

– რას გააკეთებდი, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგო?

– ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება და სამწუხაროა, რომ კარგი რამეების გაკეთება ფულთან არის მოკავშირებული. ვისაც შევძლებდი, ყველას დავეხმარებოდი. ჩემი ოცნებებიდან, მაქსიმუმ, თავშესაფარი გავაკეთო. დანარჩენი ჩემი პირადი სურვილებია და მიმაჩნია, როცა შეგიძლია, საკუთარისა და სხვების, ანუ, ისეთი ადამიანების ოცნებები დააყენო სასწორზე, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჯობს, მეორე ვარიანტი აირჩიო და სხვისი ოცნებები აახდინო. მაგალითად, ბავშვების, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ; მარტოხელა მოხუცების, რომლებსაც ზრუნვა სჭირდებათ; ცხოველების, რომლებსაც ადამიანების დახმარება ძალიან სჭირდებათ და ასე შემდეგ.

– გიოცნებია, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავი ძალიან ცნობილი ადამიანი?

– ერთადერთხელ ვიოცნებე. ერთ-ერთი ცნობილი ინფლუენსერის ვიდეო ვნახე, ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა და ვიფიქრე, რა კარგი იქნება, რომ ამის შესაძლებლობა მქონდეს-მეთქი. თორემ, ისე, ცნობადობა ჩემთვის ძალიან დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. არასდროს მიოცნებია განსაკუთრებულ პოპულარობაზე და ამის გამო ვილანძღები ხოლმე (იცინის). ყველა სხვა რამეს მოითხოვს ჩემგან და მე საერთოდ სხვანაირად ვფიქრობ. როდესაც ხალხის თვალსაწიერში ხვდები, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რაღაც-რაღაცებზე „გამოგეკიდონ“. ეს ძალიან საწყენია და ცუდად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ვინც არ უნდა თქვას, ყურადღება არ მიაქციო, რას იტყვიან სხვებიო, ძალიან რთულია, როდესაც ადამიანები შენ მიმართ აგრესიას გამოხატავენ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი გაკეთებული ან არგაკეთებული რაღაც არ მოსწონთ. მინდა, ვიყო პოპულარული და ხალხს ხშირად ვხვდებოდე თვალში? არა, ეს არ მინდა. რაც ნაკლები ადამიანი გაღიზიანდება, მით უკეთესი იქნება ცხოვრება. ხალხი რომ ასეთი აგრესიული არ იყოს და შენგან არ ითხოვდნენ ისეთ რამეებს, რისი გაკეთებაც შეიძლება, თვითონაც არ შეუძლიათ, რომ არ ანთხევდნენ შენზე, ასევე სხვებზეც, ბოღმას, ალბათ, მაშინ მენდომებოდა და ძალიან სასიამოვნოც იქნებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მათი სიყვარულის მიღება. რა თქმა უნდა, ამას თავისი პლუსებიც აქვს. ძალიან ბევრ მომღერალს თავისი სიმღერით, გამოცდილებით, სიტყვით, ბევრი ადამიანის ცხოვრება გადაურჩენია, ბევრისთვის სასოწარკვეთილების პერიოდში იმედი მიუცია და ეს ძალიან კარგია, ინსპირაციაა, მაგრამ ძალიან დიდ თავგანწირვას მოითხოვს.

– რას მიიჩნევ შენს მცდარ ნაბიჯად?

– ბევრჯერ მიფიქრია, ეს არ უნდა გამეკეთებინა-მეთქი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ადამიანი მაშინ იზრდება, როცა საკუთარ მცდარ ნაბიჯებს ამჩნევს, აანალიზებს და გამოსწორებას ცდილობს. შესაბამისად, ვფიქრობ, რაც კი ცუდი ჩამიდენია, ამ ყველაფერმა დამაფიქრა და თუ დღეს რამეზე სწორად ვფიქრობ, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე რაღაც ცუდად გავაკეთე. ამიტომ, დღევანდელი გამოცდილებითა და ჭკუით, არაფერს ვნანობ. რაღაცას სწორედ იმიტომ სწავლობ, რომ მერე აღარ გააკეთო.

– რა გამოცადე ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– რისკი. მე არასდროს ვყოფილვარ რისკიანი. ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი გავაკეთე და მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენია...

– ზოგადად, ძალიან ზრდილობიანი ვარ, განსაკუთრებით უცხო ადამიანებთან, ასევე, ძალიან თბილი. ნეგატიურ დამოკიდებულებას არასდროს ვიმსახურებ. ბოლო პერიოდში, რამდენიმე ზარი მქონდა საქმესთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ზარის დროს, მოლაპარაკების პროცესში, ისე უხეშად მიპასუხა ადამიანმა – გამლანძღა და გამითიშა, რომ ტელეფონი ხელში შემახმა...

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდა...

– ეს სახალისო ამბავი, უხერხულობასთანაც არის დაკავშირებული (იცინის). პაემანზე მივედი და ერთმანეთს რომ შევხვდით, იმ ადამიანს უცნაური სახე ჰქონდა. მიზეზი ვკითხე და მითხრა, ვაიმე, მე პუტკუნა გოგოები არ მომწონსო. დავიბენი, რა გავაკეთო, რამდენიმე წამში ვერ გავხდები და რა მოვიმოქმედო-მეთქი?! (იცინის). ალბათ, ათწუთიანი პაუზა მქონდა და ბოლოს ვუთხარი, რა ვქნათ, მე კიდევ უვარგისი კაცები არ მომწონს და დავიშალოთ-მეთქი (იცინის).

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– საკუთარი თავისა და ინტერესების დაცვა ჩემი მეორე პროფესიაა და ხშირად მიწევს ამის „სასტიკი მეთოდებით“ გაკეთება (იცინის). 16-17 წლის ვიყავი, მე და ჩემი ბიძაშვილი სკვერში ვსეირნობდით. დავინახე, რომ ერთი უცხოელი კაცი ბავშვს ძალიან ცუდად ექცეოდა. მივედი ამ კაცთან გამოველაპარაკე, ვკითხე, რატომ ექცეოდა ბავშვს ასე. სახლში არ მომყვება და იმიტომ, მაგრამ შენ ვინ გეკითხეობაო, შემომიბრუნა კითხვა. რას ჰქვია ვინ მეკითხება, მოვკიდე ბავშვს ხელი, გამოვიყვანე და ვეუბნები, სანამ ბავშვის დედა არ მოვა, არ გაგატანთ-მეთქი (იცინის). საბოლოოდ, მოვიდა დედა და მშვიდობიანად დავიშალეთ. მადლობა გადამიხადა, არ იცოდა, თუ მამა ასე ექცეოდა ბავშვს. ახლა რომ გამეკეთებინა ასეთი რამ, ვიზრუნებდი იმაზე, რომ ბავშვი არ შემეშინებინა, არადა, იმ მომენტში, პატარა იმ სიტუაციით საკმაოდ შეშინდა. იმ ასაკში, სამწუხაროდ, ეს ვეღარ გავითვალისწინე.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემი მარცხია ის, რომ სათანადოდ ვერ ვრისკავ, რის გამოც ჩემი მომავალი სხვანაირად ფორმულირდება. ჩემი გამარჯვება, ალბათ, ისაა, რომ მიუხედავად იმისა, ჩემი ოცნებებიდან შეიძლება, რამე არ გამოვიდეს, მაინც ჯიუტად მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმისაც მჯერა, რომ ხალხში აგრესია მოიკლებს, სამყაროში ნაკლები ტკივილი და ნაკლები ნეგატივი იქნება. ჩემი მეოცნებე ხასიათი 25 წლის ასაკშიც მომყვება და იმედი მაქვს, მთელი ჩემი ცხოვრება ასე იქნება. თუ ეს გამოვიდა, თუ ეს რწმენა არ დავკარგე და ბავშვურობა შევინარჩუნე, მერე მართლა ვიტყვი, რომ გამარჯვებული ვარ.

– რისი კეთება არ გიყვარს ან გიყვარს ყოველდღიურობაში?

– ყოველდღიურობაში არ მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ამას ძალით ვაკეთებ. მგონია, რომ სხვისი სიამოვნებისა და კარგი ხასიათის გამო ვაკეთებ ამას. უცხო ხალხთან კომუნიკაციას ვგულისხმობ, თორემ ჩემს ძვირფას ადამიანებთან კომუნიკაცია ყოველ წამს მიყვარს.

რაც შეეხება იმას თუ რა მიყვარს, ყველა დღეს გავატარებდი ბუნებაში ცხენით. ეს არასდროს მომწყინდება. ძალიან მიყვარს სახლის დალაგება, საჭმელების კეთება მიყვარს. მამულიჩა მეხუმრება ხოლმე, როცა არ უნდა დაგირეკო, სულ რაღაცას აკეთებო და მართლა ასეა (იცინის). საჭმელს რომ ვაკეთებ, სახლს რომ ვალაგებ, ისეთი წარმოდგენა მაქვს, თითქოს, ჩემს ცხოვრებას ვალაგებ.

– ყველაზე დიდ შიშსა და ტკივილთან რა ასოცირდება?

– ჩემი ფეხმძიმობა. ძალიან რთული ფეხმძიმობა მქონდა. ყოველდღე ველოდებოდი, რომ ბავშვს დავკარგავდი. ეს პერიოდი ძალიან მძიმედ მახსენდება. რისკი ძალიან დიდი იყო. დედაჩემსაც ძალიან ეშინოდა, რომ ვერ გავუმკლავდებოდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ყველაზე მეტად მეშინია ორსულობის, არადა, მინდა, ძალიან დიდი ოჯახი მქონდეს და მზად ვარ, კიდევ და კიდევ გავრისკო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი