შოუბიზნესი

სალომე ბაკურაძე: შიშის გამო ათი კილო დავიკელი

№6

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 15.02, 2021 წელი

სალომე ბაკურაძე
დაკოპირებულია

ენერგიული, პოზიტიური და მუდამ ხალისიანი სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში, როგორც თავად ამბობს, პირველად დადგა პაუზა. მართალია, ეს მხოლოდ იმ სფეროს არ შეხებია, რომელსაც ის ემსახურება, თუმცა, მისთვის და მისი კოლეგებისთვის, ეს განსაკუთრებულად მტკივნეულია. მომღერალმა, გამოსავალი მაინც იპოვა – შეიძინა კარაოკე და კონცერტებს სახლის პირობებში ატარებს. სალომეს „თბილისელები“ ესაუბრა.


სალომე ბაკურაძე: არ ვიცი, რა ამოჩემება იყო, მაგრამ ბავშვობაში ოცნებად მქონდა ამერიკაში წასვლა. მეგონა, ამერიკაში სიმღერა ყველაზე მაგარი „როჟობა“ იყო და იქ მინდოდა სცენაზე დადგომა. მერე მივხვდი, რომ ამერიკაში კი არა, ყველაზე მაგარი „როჟობა“, სადაც ხარ იქ მღერაა. ვისთვის ეს ამერიკაა, ვისთვის – ევროპა და ვისთვის – საქართველო. თუმცა, ეს ოცნება ამიხდა, სცენაზეც დავდექი, ცნობადიც გავხდი და არაერთხელ, ამერიკის მიწაზეც დავდგი ფეხი.
– პროფესიით ვინ ხარ?
– ხელოვნებათმცოდნე ვარ, თუმცა, ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშვია. დიპლომი ავიღე და შემოვდე ჩემი პროფესია და დიპლომები თაროზე. სხვათა შორის, მეცხრე კლასიდან ვმუშაობ და ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდი.
– რა იყო შენი პირველი სამსახური და რამდენი აიღე პირველი ხელფასი და თუ გახსოვს, სად დახარჯე?
– ჩემი პირველი ხელფასი – 80 ლარი, მაშინ საკმაოდ სოლიდური თანხა იყო, თუმცა არც კი მახსოვს, სად დავხარჯე (იცინის). ჩემმა ყოფილმა პედაგოგებმა, ვისი აღზრდილიც მე გახლდით მუსიკის მხრივ – კოტე და ირმა მალანიამ, მანდეს ეს საქმიანობა და მომცეს ჯგუფი. ასე რომ, მეცხრე კლასიდან ვპედაგოგობდი, მუსიკალურ სტუდიაში ვასწავლიდი ბავშვებს. ამის მერე, 2008 წლიდან გასულ წლამდე, მთელი 15 წელი, წყვეტის გარეშე, დასაქმებული ვიყავი, სულ მქონდა ჩემი შემოსავალი და მატერიალურად დამოუკიდებელი გახლდით. თუმცა, ახლა ჩემს შემოსავლებთან და მუშაობასთან მიმართებაში, პაუზა დადგა და ძალიან განვიცდი. მართლა რთულ პერიოდში აღმოვჩნდით ყველა, მათ შორის, ჩემი სფეროს ადამიანები. გარდა იმისა, რომ შემოსავლის გარეშე დავრჩით, კეთილი ადამიანების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების იმედად, შინაგანადაც ძალიან გავღარიბდით, თითქოს, სიცარიელე გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვგრძნობ. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე, ღმერთმა სიმღერის ნიჭი მომცა, როცა ენერგიას ხარჯავ და ამით თავად იღებ სიამოვნებას, მატერიალურადაც კარგად ხარ. ახლა კი, მომაკლდა როგორც შემოსავალი, ასევე, სულიერი საზრდო, რაშიც მაქსიმალურად ვიხარჯებოდი.
– ბევრმა შენმა კოლეგა მომღერალმა, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და ფინანსური კუთხით საკმაოდ გაუმართლათ. ამაზე არ გიფიქრია?
– როგორ არ მიფიქრია, მაგრამ მჯერა, მალე ყველაფერი დალაგდება. მაყურებლის და სცენის გარეშე შინაგანად იმდენად დაცარიელებული ვარ, დრო კი მაქვს, საშუალებასაც გამოვძებნი, მაგრამ არ მინდა სხვა რამის კეთება. ვიღაც მეტყვის: დაჯექი და ბოლო-ბოლო სიმღერების წერა დაიწყეო, მაგრამ ამის ხასიათი და განწყობაც არ მაქვს. გასულ წელს სიმღერაც ჩავწერე და კლიპიც გადავიღე, თუმცა, მერე გავჩერდი, დროც გაიწელა და მოვიწყინე. მადლობა ღმერთს, დეპრესია არ მჩვევია და ამ „ჯადოს“ ჩემთან არაფერი ესაქმება (იცინის). მიკროფონისა და სცენის ნამდვილი ნოსტალგია მაქვს. იმაზეც კი ვოცნებობ, სიზმარში მაინც დამესიზმროს, რომ გაპრანჭული ვდგავარ სცენაზე და მაყურებლის წინაშე ვმღერი (იცინის). ახლახან კარაოკე შევიძინე, ასე ვთქვათ, „მუჰამედი“ ვერ მივიდა სცენამდე, მაგრამ მიკროფონი თავად მოვიდა „მუჰამედთან“, სახლში ვაწყობ კონცერტებს, ვხალისობ. ასე რომ, არ მოვდუნებულვარ, ენერგიასაც ვხარჯავ და სიამოვნებასაც ვიღებ, სხვა რა გზაა.
– ესე იგი, სახლში გაიხსენი კარაოკე-კლუბი?
– ასე გამოდის. სადაც თავად ვარ დირექტორიც, დამლაგებელიც და მომღერალიც, მოცეკვავეებიც მყავს – მეუღლე, შვილი და ძაღლი (იცინის). ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა მენატრება, გამონათება და ბრჭყვიალა კაბებში გამოპრანჭვა. ქუსლებს და კაბებს გადავეჩვიე და სულ სპორტული ტანსაცმლით დავდივარ. თუმცა, საკუთარი თავისთვის მოვიცალე, ვვარჯიშობ, მასაჟებს ვიკეთებ, სწორად ვიკვებები და ათი კილო დავიკელი. სხვათა შორის, ორსულობის დროსაც შვიდი კილო დავიკელი და ახლა მივხვდი, იმდენად მაქვს შიში, სტრესულ სიტუაციებში არ მოვდუნდე და გავსუქდე, რომ შიშის გამო ვხდები (იცინის). ბევრმა რომ თქვა, პანდემიის დროს სახლში ჯდომისას მოვიმატეო, ალბათ, შიშად ჩამყვა გულში და ეგრევე დავიწყე ვარჯიში, სწორი კვება და კი მეტყობა ვიზუალურად ამ შიშის შედეგი (იცინის). ამას წინათ მაღაზიაში ვიყავი, პირბადე მეკეთა და კონსულტანტმა გოგონამ პირველად დამიძახა: ქალბატონო. გულზე მომხვდა (იცინის). ათ კილოს სანამ დავიკლებდი, მანამდე არ დაუძახიათ ქალბატონოო და ახლა მომმართეს ასე (იცინის). ქალბატონო ცუდი სიტყვა კი არ არის, უბრალოდ, მეგონა, პირბადეში, ვერ მცნობენ და ჩემს ასაკს გავუსწარი (იცინის).
– სალომე, ამბობენ, სიყვარული წლების მერე ფერს იცვლის ან უფერულდება, გრძნობა ნელდება და ყოველდღიურობაში გადადის. შენც ასე ფიქრობ?
– არა, ასე არ ვფიქრობ. ჩემს სიყვარულს არც ფერი დაუკარგავს და არც გახუნებულა. უბრალოდ, წლებთან ერთად, სიყვარული ფერებს იცვლის. ჩემმა სიყვარულმაც ფერი შეიცვალა და ახლა ის ჟოლოსფერია. ეს ფერი უხდება ჩემი და ლაშას ურთიერთობას და თან, ჩემი საყვარელი ფერია. ყოველდღიურობა და პრობლემები სიყვარულს ვერ ცვლის, უბრალოდ, მას უნდა გაუფრთხილდე, რომ არ განელდეს. ჩვენ, ადამიანები, უფრო ვამძაფრებთ ურთიერთობებს. რომ ამბობენ, კი მიყვარს, მაგრამ ისე აღარ მიბაგუნებს გულიო, ეს რას ნიშნავს? ასე, ტორტიც გიყვარს და სულ ჭამ, მაგრამ სულ ერთნაირ სიამოვნებას ხომ ვერ იღებ ადამიანი? (იცინის) დაბრკოლება, გულისტკენა და ნეგატივი, სულ არის ჩვენ გარშემო, თუმცა იღბლიანი ვარ, რომ „უსასყიდლო“ სიყვარულს უფრო ვგრძნობ უამრავი ადამიანისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი