სად იმოგზაურა დროში სოსო ნებიერიძემ და როგორ აქცია მან მოგზაურობა შემოსავლის წყაროდ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.08, 2021 წელი

soso_aroundtheworld – ინსტაგრამ გვერდი ამ დასახელებით, მოგზაურობის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესოა. მისი მფლობელი, სოსო ნებიერიძე კი, ქართველი ბლოგერია ასი ათასზე მეტი გამომწერით, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ულამაზეს კადრებსა და საინტერესოსთან ერთად, ძალიან საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს.
სოსო ნებიერიძე: ბავშვობიდან მიყვარდა მოგზაურობა. სკოლაში სწავლის დროს გეოგრაფიის წიგნებში ვათვალიერებდი სხვადასხვა ქვეყნის ილუსტრაციებს და ვოცნებობდი მოგზაურობაზე ნებისმიერ ქვეყანაში. პირველად 16 წლისამ ვიმოგზაურე თურქეთში, ტრაპიზონში. დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლოა, ეს არ არის განსაკუთრებული მოგზაურობა, მაგრამ მაშინ შოკში ვიყავი (იცინის). მაშინვე მივხვდი, რომ მინდოდა, მთელი ცხოვრება ეს მეკეთებინა. ამის შემდეგ უნივერსიტეტიდან გამიშვეს საბერძნეთში საზაფხულო კურსებზე. ერთი თვე გავატარე იქ, ბევრი ვიმოგზაურე. მერე დავიწყე ბიზნესი, ნელ-ნელა გამიჩნდა საკუთარი შემოსავალი და აქტიურად დავიწყე მოგზაურობა, ანუ ოცნებების ასრულება. ერთ მშვენიერ დღეს ფილიპინებზე მოვხვდი და პოსტი დავდე „ფეისბუკზე“. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იმდენად, რომ გადავწყვიტე, შემექმნა გვერდი და მოგზაურობასთან დაკავშირებული ჩემი გამოცდილება სხვებისთვის გამეზიარებინა. მერე „ინსტაგრამი“ გახდა პოპულარული და ბოლო ორი წელია, ამ სივრცეში გავაქტიურდი.
– ახლა უკვე, ოცნებების ასრულებასთან ერთად, მოგზაურობა შემოსავლის წყაროცაა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ლამაზი ფოტოს მიღმა დიდი შრომა დევს.
– დაახლოებით ერთი წლის წინ, დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ მოგზაურობა ჩემი შემოსავლის წყაროც გამხდარიყო. მანამდე მხოლოდ გასავალი იყო. დღეს უკვე მყავს სპონსორი კომპანია, არის ერთჯერადი სარეკლამო შემოთავაზებები და ვცდილობ, ეს ვაქციო ძირითადი შემოსავლის წყაროდ. კი, ეს მართლა ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. ერთია, წახვიდე და დაათვალიერო, მეორეა, რასაც ნახავ, ისე გაუზიარო აუდიტორიას, რომ დაინტერესდეს. ამიტომ ახლა მოგზაურობის დროს კი აღარ ვისვენებ, ძალიან ბევრს ვშრომობ. ვინც ჩემთან ერთად მოგზაურობს, ხედავს, რამდენს ვწვალობ ლამაზი ფოტოსა და ვიდეოსთვის, რომ ჩემს გამომწერებს გავუზიარო.
– საოცარი მოგზაურობა იყო ბოლოს აფრიკაში, ველურ ბუნებაში...
– ძალიან მინდოდა აფრიკაში მოგზაურობა. არც ისე რთული აღმოჩნდა, როგორც მე წარმომედგინა. ვაქცინა გავიკეთე ყვითელ ცხელებაზე, რაც აუცილებელი მოთხოვნაა და მალარიის საწინააღმდეგო ტაბლეტებს ვიღებდი. კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე კი მხოლოდ პისიარტესტი დამჭირდა და გავემგზავრე. ფინანსურად სპონსორები დამეხმარნენ, რადგან აფრიკაში მოგზაურობა ძალიან ძვირი ჯდება. 44 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თამამად ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო მოგზაურობა. იქ მოგზაურობისას, ერთი კვირაში, 12 ათასი შეტყობინება მივიღე გამომწერებისგან.
– როგორი იყო დილის დაწყება ჟირაფებთან ერთად საუზმით?
– თავი სიზმარში მეგონა. იღვიძებ, გამოდიხარ ოთახში და ხედავ, ჟირაფს აქვს თავი შემოყოფილი ოთახში და უნდა, რომ აჭამო. ნამდვილ ზღაპარს ჰგავს, თუმცა საკმაოდ ძვირად ღირებულს (იცინის). ეს სასტუმრო ძალიან ცნობილია და მთელი მსოფლიოდან ჰყავს სტუმრები, მათ შორის „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებიც. სულ 12 ოთახი აქვთ, ამიტომ ხალხი ნომრის დაჯავშნას ერთი წლით ადრე იწყებს. ორადგილიანი ნომერი ერთი ღამით 1 750 დოლარი ღირს. აქედან იწყება, თორემ უფრო ძვირიანებიც არის.
რაც შეეხება სხვა ცხოველებთან სიახლოვეს, ეს იყო ეროვნულ პარკებში, რომელიც საკმაოდ მოშორებით არის ჟირაფების სასტუმროსგან. იქაურ სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება 200 დოლარიდან იწყება. უშუალოდ ცხოველებთან მანქანით მიდიხარ, რომლიდანაც გადასვლა არ შეიძლება. თან გიდი გახლავს, ცხოველები საერთოდ არ არიან აგრესიულები, რეინჯერებიც დადიან, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია, ამიტომ საფრთხის შეგრძნება და შესაბამისად, შიში არ გაწუხებს.
– ძვირიან მოგზაურობებზე საუბარს თუ გავაგრძელებთ, ამ თვალსაზრისით, დუბაის ტური ნამდვილად გამორჩეული იყო.
– დუბაი ადამიანებს აქტივობებით იზიდავს: პარაშუტით გადმოხტომა, ცათამბჯენები, შუშის იატაკი სიმაღლეზე და ასე შემდეგ. თუმცა არც ისე იაფი სიამოვნებაა. მაგალითად, პარაშუტით გადმოხტომა 650 დოლარი ჯდება. ერთი წუთი გრძელდება თავისუფალი ვარდნა და ხუთი წუთი პარაშუტით ეშვები. ეს ისეთი შეგრძნებაა, რომელიც ერთხელ მაინც ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს. არაამქვეყნიური სიამოვნებაა.
– სიამოვნებასთან ერთად, შიშისგან გული არ გისკდებოდა?
– შიში არის სანამ გადახტები – თვითმფრინავში რომ ზიხარ და კარს აღებენ იმისთვის, რომ გადმოხტე, ფიქრობ: ვაიმე, ნეტავ სახლში დავრჩენილიყავი, აქ რა მინდოდაო (იცინის). მაგრამ როგორც კი გადაეშვები, შიში ქრება და ადრენალინი, ენით აღუწერელი სიამოვნება და ფიქრები, ამას რას ვაკეთებ, სად ვარ – წინა პლანზე ინაცვლებს. რომ დავინახე, კარი გააღეს, ჩემამდე ერთი გადახტა და გაქრა, ჩემი დრო მოვიდა და ვფიქრობ, ახლა მეც უნდა გადავხტე და გავქრე-მეთქი, ვაიმე... მაგრამ როგორც კი გავქრი, უზომოდ ვისიამოვნე. თან 4 000 მეტრის სიმაღლიდან ხტები და თვალწინ საოცარი ხედი გეშლება.
– „ლამბორჯინიც“ ამ მოგზაურობის ნაწილი იყო?
– კი და ამ „ლამბორჯინს“ ძალიან ბევრი დატვირთვა აქვს. დუბაი არის ქალაქი, სადაც მეტ-ნაკლებად დაბალ ფასად შეგიძლია, „ლამბორჯინის“ დაქირავება. ეს ჩემი ოცნების მანქანაა და ძალიან მინდოდა, ერთი დღით მაინც მყოლოდა. თან, ბლოგერი ვარ და რამდენიმე კომპანიასთან მქონდა ხელშეკრულება, რომ მათ პროდუქციასთან გადავიღებდი ფოტოს- „ლამბორჯინთან“ და მოკლედ, ყველაფერთან ერთად, ძალიან გავერთე, თან, ამ მოგზაურობაში მეგობრებთან ერთად ვიყავი.
– მეტ-ნაკლებად დაბალი ფასი რამდენია?
– 24 საათი 700 დოლარი ღირს. დაუვიწყარი ემოციები იყო. ფოტოებიც გადავიღეთ და ვიდეოებიც. დუბაიში ხარ, „ლამბორჯინით“ გადაადგილდები და თავი შეიხი გგონია (იცინის).
– საშიშ გარემოში არსად მოხვედრილხარ?
– კოლუმბიაში ვიმოგზაურე მარტო. ბრაზილიის საკმაოდ საშიშ უბნებში მარტო დავდიოდი. ფაველებია, სადაც კრიმინალები და ნარკოდილერები ცხოვრობენ. პოლიცია ვერ შედის, რადგან იქაურობას ნარკოდილერები აკონტროლებენ. გიდის გარეშე ტურისტებსაც უკრძალავენ შესვლას. მე მხოლოდ ტელეფონი ჩავიდე ჯიბეში, ფული და სხვა ნივთები სასტუმროში დავტოვე და შევედი. სამი საათი ვიბოდიალე. ცოტა ისე კი მიყურებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
– ეგვიპტე და საჰარას უდაბნო – იქიდან საოცარი ფოტოები გაგვიზიარე. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?
– ეგვიპტისგან უფრო ნაკლებს ველოდი და გაცილებით მეტი დამხვდა. მარტო პირამიდების შესახებ ვიცოდი, მაგრამ კარგად მოვიძიე ინფორმაცია და ისეთი ადგილებიც ვნახე, რომელზეც არავინ საუბრობს, ყოველ შემთხვევაში საქართველოში. ამ მოგზაურობას ძალიან დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა და არამარტო საქართველოში. ეგვიპტის ფოტოები ვირუსივით გავრცელდა და ძალიან ბევრმა მნიშვნელოვანმა გვერდმა გამოიყენა. უდაბნო მანამდეც მქონდა ნანახი, მაგრამ საჰარასნაირი არა. ჰორიზონტზე მარტო ქვიშა ჩანდა, საოცრება იყო. მზის ჩასვლაზე აღარაფერს ვამბობ, ვერც აღვწერ ისეთი სილამაზეა. მძღოლზე, რომელმაც ამ ტურში წამიყვანა, ცალკე ისტორიაა – გიჟივით დადიოდა, მერე სარკე დაკარგა და იმხელა უდაბნოში იპოვა (იცინის).
– თუმცა, კერძებისა და ბუზების ამბავიც მახსოვს...
– კერძებთან დაკავშირებით ხშირად მაქვს ხოლმე იმედგაცრუება (იცინის). ვერ ვეგუები უცხო საკვებს, მირჩევნია, ის ვჭამო, რასაც მიჩვეული ვარ. ეგვიპტეში ყოველდღე ბუზიან „დელიკატესებს“ მაჭმევდნენ (იცინის). სხვა არჩევანი არ იყო, იმ ქალაქში არც ნორმალური სასტუმრო იყო, არც ნორმალური რესტორანი და მიწევდა საშინელებების ჭამა (იცინის). საერთოდ ვცდილობ ხოლმე, ადამიანებს რეალური სურათი დავანახვო და არა მხოლოდ ტურისტულად საინტერესო ადგილები. მხოლოდ „ვაუ, რა მაგარია“ არ არის, ამიტომ ვცდილობ, რასაც ვხედავ, კარგია თუ ცუდი, ყველაფერი გავუზიარო გამომწერებს. ასევე, ჩემი მთავარი ამოცანაა, ადამიანებს ნაკლებად ცნობილი ადგილები გავაცნო.
– გავიხსენოთ მალდივებიც – ეს ის პერიოდია, როცა მთელი საქართველო სახლშია გამოკეტილი პანდემიური შეზღუდვების გამო და შენ ამ დროს მიდიხარ მალდივებზე...
– მართლა დიდი რისკი იყო, მეც მეშინოდა, მაგრამ ერთი წელი ხდებოდა, რაც საქართველოს გარეთ არ ვიყავი გასული და უკვე დეპრესიაში ვიყავი. გადავწყვიტე, მემოქმედა, რადგან პანდემიას დასასრული არ უჩანდა. აღმოჩნდა, რომ მალდივები ტურისტებს ნებისმიერი ქვეყნიდან იღებდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გართულებების გარეშე. იქ ბევრი ტურისტი იყო, ჩვეულებრივად ისვენებდნენ, ვერც იფიქრებდი, რომ მსოფლიოში კოვიდი მძვინვარებდა. კარგად განვიტვირთეთ და იქიდან სხვა ადამიანები ჩამოვედით. შიგადაშიგ ჯგუფურ ტურებს ვაწყობ ხოლმე, სოციალურ გვერდზე ვწერ ამის შესახებ – მსურველებს შეუძლიათ, შემომიერთდნენ და ჩემთან ერთად მშვენიერი დრო გაატარონ. ასეთი ტური მალდივებზეც გვქონდა და სეიშელის კუნძულებზეც.
– უპირობოდ საუკეთესო შთაბეჭდილებებით რომელი ქვეყნიდან დაბრუნდი?
– კუბაა ჩემთვის უპირობოდ საუკეთესო. ეს ქვეყანა ყველასგან განსხვავდება. ფერადი და მხიარულია. კუბაზე მოგზაურობა დროში მოგზაურობას ნიშნავს – მეოცე საუკუნეში გადადიხარ. იქ არაფერია 21-ე საუკუნის: სუპერმარკეტები, სწრაფი კვების ობიექტები, კარგი მანქანები, მეტრო და ასე შემდეგ, კუბაზე ასეთებს ვერ შეხვდებით. ყველაფერი ისეა, როგორც გასულ საუკუნეში. ადამიანები უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობენ, მაგრამ ძალიან ბედნიერები არიან, სულ ცეკვავენ, სულ სიმღერა ისმის, საღამოობით ყველა გარეთ არის, უფროსი თაობის კაცები ნარდს თამაშობენ, ქალები ჭორაობენ, ბავშვები ერთობიან – ძალიან ცოცხალი და მხიარული გარემოა.
– შვილის ვიდეო გედო, ამბობდა, სოსო ყველას ძალიან ფულიანი ჰგონია, სინამდვილეში საერთოდ არ აქვს ფულიო. ვინ არის სოსო პროფესიით, აქამდე რა ბიზნესით იყო დაკავებული?
– თსუ დავამთავრე, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით. ნეოგრეცისტი გახლავართ. თუმცა, ეს პროფესია, პრაქტიკული თვალსაზრისით, არასდროს გამომიყენებია. ბიზნესი ვაჭრობის სფეროში გავაკეთე. მე და ჩემი ძმა დავდიოდით თურქეთში, შემდეგ ჩინეთში და პროდუქცია ჩამოგვქონდა. წელიწადში ხუთჯერ მაინც გვიწევდა წასვლა და ყოველ ჯერზე, ზედმეტ ერთ კვირას ვიღებდი, იმისთვის, რომ ჩინეთიდან სადმე წავსულიყავი სამოგზაუროდ. აქამდე თუ გასართობად მივდიოდი, ახლა ამას საქმედ აღვიქვამ, რომელსაც ბევრი დეტალის დაგეგმვა სჭირდება. მინდა, რაც შეიძლება საინტერესო ადგილებს ვეწვიო, ისეთებს, რომლებსაც ბევრი ვერ ნახულობს და ექსკლუზივები შემოგთავაზოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან