სად აღმოჩნდა გიორგი მეგრელიშვილი დიდ ვარსკვლავებთან ერთად და როგორ გაიკვალა გზა მან „ჰოლივუდის“ კინოინდუსტრიისკენ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 22.09

მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი უკვე რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და „ჰოლივუდში“ პირველ ნაბიჯებს დგამს. ახლა მის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია, რაზეც თავად მოგვიყვება.
გიორგი მეგრელიშვილი: ძალიან გახარებული ვარ, რადგან ჩემი სანდრო ჩამოვიდა ამერიკაში, ნინოსთან ერთად. ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი და მეუღლე აქ არიან, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. სანდრო აქ რჩება. უნივერსიტეტის დამთავრებას ელოდებოდა, დაასრულა და დაიწყო მისი ამერიკული ცხოვრება. იმედი მაქვს, ნინოც მალე ჩამოვა დასარჩენად. ძალიან მალე უკვე სამივე ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას ამ მაგარ ქვეყანაში.
ეს ქვეყანა ოჯახზე არის დაფუძნებული, მე ასე ვხედავ. როგორ არა, შეიძლება, ვიღაც მარტოც ძალიან ბედნიერია, მაგრამ ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ამ უზარმაზარ ქვეყანაში, გვერდით მეუღლე და შვილი გყავს, სულ სხვანაირი ძალა გაქვს. რა სისულელებსაც არ უნდა იგონებდნენ ამერიკაზე, დამიჯერეთ, აქ პირველ ადგილზე ოჯახის კულტი დგას. არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ მათთან, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, ასეა. ოჯახის შემდეგ დგას კარიერა და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი.
– მეუღლეს და შვილს თვითონაც ჰქონდათ ამერიკაში ცხოვრების სურვილი თუ შენ შეეცადე, დაგერწმუნებინა?
– არ მესმის, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ქვეყანაში ბედის ცდა, მით უმეტეს, სანდროს ასაკში. მე 46 წლის ასაკში შევცვალე მთელი ჩემი ცხოვრების სტილი და არ ვნანობ. ძალიან ვნერვიულობდი, რა იქნებოდა, როგორ გამომივიდოდა, მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი. სანდროსთვის ეს დიდი გამოწვევაა, 22 წლის ასაკში აქ ყველაფერი წინ აქვს. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ღირს. ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ იმ სირთულეებს ასცდე, რასაც ყველა გადის და ალბათ, ამის გარეშე ვერც იგრძნობ ამ ქვეყნის „გემოს“. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააკეთო. პროფესიონალიზმთან ერთად, ბევრი შრომა და თავდადებაა საჭირო. დილის 4 საათზე ადგომა, წესრიგი... ტემპით ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი საქმე, რომელსაც გააკეთებ, ფასდება. აქ არაფერი გეკარგება. თუ კარგად აკეთებ – მით უმეტეს. უსამართლოდ არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ სანდრო ბევრ კარგს გააკეთებს ამ ქვეყნისთვისაც და შემდეგ უკვე თავისი სამშობლოსთვის. მე ასე მწამს, სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, სამშობლო არ უნდა დაივიწყო. სხვაგან თუ ათ მარცვალს ჩააგდებ, შენთან ერთი მაინც უნდა ჩააგდო. გონება და გული ამისკენ გეძახის.
– რა გეგმებით ჩამოვიდა და როგორ ცდილობ, გზის გაკვალვაში მიეხმარო?
– საქართველოში მსახიობობა სხვანაირად ჟღერს, აქ სულ სხვანაირი სიტუაციაა. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ყოფნისას სანდროს მსახიობობა ძალიან მინდოდა. არც ის მითქვამს, არ გინდა ეს პროფესია-მეთქი. მის სურვილზე იყო დამოკიდებული. აქ რომ ჩამოვიდა, ცოტა სხვა რეალობა ნახა. მალე ექნება პირველი მოსმენა და აგენტიც ეყოლება. თავს არ ვიკნინებ, მაგრამ მე მაინც მომზადება მჭირდება ხოლმე ინგლისურში, წინასწარ გავდივარ რეპეტიციებს, რადგან ჩემთვის ეს არ არის პირველი ენა. სანდრომ ინგლისური თითქმის ისე იცის, როგორც ქართული და მისთვის ძალიან ადვილი იქნება ამ პროფესიაში ყოფნა. თან ვეხუმრები ხოლმე, შენ უკვე ჩემი უნივერსიტეტი გაქვს გავლილი-მეთქი. ადრე რომ იყო ჩამოსული, თეატრში, რომელშიც დაკავებული ვიყავი, ისიც მივიყვანე და პატარა სცენა ათამაშეს ინგლისურად. ჩემი შვილია და საუკეთესოდაც რომ ვერ გააკეთოს, შეიძლება, ცუდი არ ვთქვა, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა, ობიექტურად, მართლა ძალიან კარგი იყო და ძალიან კარგი შეფასებებიც მიიღო პროფესიონალებისგან. ახლახან გამოუგზავნეს პირველი როლი და მჯერა, რომ დიდი შანსები აქვს.
პარალელურად, სხვა მიმართულებითაც აპირებს მუშაობას. აქ პირველივე ეტაპზე სხვანაირად რთულია. ღმერთმა ქნას, ისე გაუმართლოს, რომ სხვა სამუშაო სულ არ დასჭირდეს. ბუნებრივია, რაც ის გაჩნდა, მთელი ჩემი ფიქრები მისკენაა და რითაც შემიძლია, გვერდით დავუდგები, აქ რა ცოდნაც შევიძინე, ყველაფერს გადავცემ.
– თვითონ თუ მოახერხე მთლიანად მსახიობის პროფესიაზე კონცენტრირება თუ, პარალელურად, ჯერ სხვა სამუშაოებიც გაქვს?
– კი, სხვა სამუშაოებზეც ვმუშაობ, მაგრამ როგორც მსახიობი, უკვე აქტიური ვარ. შეიძლება, გადასაღებ მოედანზე ჯერ ბრედ პიტის გვერდით არ ვდგავარ, მაგრამ როცა „ჰოლივუდში“ გაქვს გადაღებები, მგონია, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. არის ორი პროექტი, რომელზეც ვიმუშავე და პრემიერას ველოდები. სამწუხაროდ, მანამდე არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ დამიჯერეთ, კარგი ამბავია. ძალიან მინდა, მნიშვნელოვანი როლები ვითამაშო, მაგრამ ჯერ ძალიან რთულია. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მენეჯერი მეუბნება, რომ სწორი გზით მივდივარ.
– რა ტიპის როლებზე დააგროვე მუშაობის გამოცდილება?
– 3-4 კრიმინალის როლი ვითამაშე და ვფიქრობ, ცუდი არ გამოვიდა. ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში მთავარი გმირის მეგობრის როლი შევასრულე, მაგრამ სამწუხაროდ, დეტალებს ვერ ვამბობ. ასევე, ვმუშაობ გახმოვანებებზეც.
– „ჰოლივუდში“ მუშაობა როგორ სტანდარტებს გულისხმობს?
– გადაღებაზე ყველაფერი ძალიან კონფიდენციალურია. ყველაფერი წამებშია აწყობილი. ეს ძალიან დიდი ინდუსტრიაა და უმაღლესი საფეხურია ამ სფეროში. ამის გამოა ძალიან რთული აქ მოხვედრა. ამიტომ, თუნდაც, პატარა როლზე რომ ავყავართ, ეს უკვე ძალიან დიდი შრომის შედეგია. ისეთი მსახიობის გვერდით ვიდექი გადასაღებ მოედანზე, რომ არ მჯეროდა. სამწუხაროდ, მის ვინაობას ვერ ვასახელებ. ყველაფერი ძალიან მაღალ დონზეა.
– რისი დამსახურებით გაიკვალე ეს რთული გზა?
– იღბალი და მონდომება. ჩემი ხასიათის დამსახურებაცაა. არასდროს მეშინია ახლიდან დაწყების. ინტერესი მამოძრავებს. მით უმეტეს, ამ ქვეყანაში ჩემი ინტერესები უფრო გაღრმავდა. როცა ინტერესს იღბალიც ემატება, ძალიან კარგი ამბები ხდება. რაც მინდოდა და რაზეც ვოცნებობდი, ყველაფერი მოხდა.
ერთხელ ფილმის სკრინინგი მქონდა ამერიკაში და ვიზით ჩამოვედი. მე და ნინო ნიუ-იორკში ვსეირნობდით და ვუთხარი, როგორ მინდა, ერთად ვიცხოვროთ ლოს-ანჯელესში და ჩემი პროფესიით ვმუშაობდე, თან, სანდროც აქ იყოს-მეთქი. დაახლოებით 7-8 წლის წინ ვთქვი ეს სიტყვები. მე არ მახსოვდა, ნინომ გამახსენა და ძალიან გამიხარდა იმის გაცნობიერება, რომ ზუსტად ამ გზას ვადგავართ.
ნინო მეუბნება, რომ ცოტა ჩქარი ვარ. ვფიქრობ, რომ დრო არ მაქვს. ეს, ალბათ, ჩემი ნაკლია. 7-8 წელი ბევრი მგონია. ყველაფერი დღეს და ხვალ მინდა. სამწუხაროდ, ასე არ ხდება, თუმცა, როცა დღეს და ხვალ გინდა, ზეგ მაინც გექნება და როცა გაურკვეველ ვადებს აძლევ შენს თავს, შენი გეგმების განხორციელება ძალიან იწელება დროში. ძალიან გამიმართლა მეუღლეში. ნინო რომ არ მყავდეს, მე დღეს აქ ვერ ვიქნებოდი. ძალიან ბევრ რამეს ვერ ვასწრებ და მეუღლე თბილისიდანაც კი ძალიან ბევრ რამეში მეხმარება, მათ შორის, დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებში და არა მხოლოდ, მიუხედავად დროში დიდი სხვაობისა. ცალკე თემაა მისი მხარდაჭერა, რასაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ გვერდში მისნაირი ადამიანი მყავს.
– ცოტა ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრებოდი, ამაზეც მოგვიყევი.
– AFI-მ, ანუ ამერიკის ფილმის ინსტიტუტმა გამომიგზავნა მოსაწვევი ფრენსის ფორდ კოპოლას კინოინდუსტრიაში მოღვაწეობის 50 წლის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე და ნამდვილ სამოთხეში მოვხვდი. ღონისძიება „დოლბის თეატრში“ იყო, სადაც „ოსკარების“ დაჯილდოება იმართება და მას ესწრებოდნენ თავად კოპოლა, ალ პაჩინო, მორგან ფრიმენი, სპილბერგი, დენირო და ასე შემდეგ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ნიშნავდა ჩემთვის იქ ყოფნა. ვინც კინოინდუსტრიასა და კოპოლას შემოქმედებას იცნობს, ამას ისედაც მიმიხვდება.
– როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ამერიკაში?
– დილის 4 საათზე ვიღვიძებ, 5-ის ნახევარზე სამუშაოზე უნდა მივიდე, იქიდან ვარჯიშზე მივდივარ... დღის განმავლობაში ბევრი ჩაწერა და ქასთინგი მაქვს, საღამოს კი ისევ ვმუშაობ. ახლა ჩემები რომ აქ არიან, მათთან ერთადაც ვახერხებ დროის გატარებას. ასევე, დავდივარ აუზზე და ვცდილობ, ფიზიკურად აქტიური ვიყო. დრო, ფაქტობრივად, არ მაქვს. მანქანაში თუ წავუძინე ხოლმე 15 წუთი, ძალიან ბედნიერი ვარ. თუ მნიშვნელოვანი საქმე არ მაქვს, ათ საათზე ვიძინებ, რომ გამოძინება მოვასწრო.
– როგორ ახერხებ, რომ ასეთმა გრაფიკმა არ გამოგფიტოს?
– ეს მეც მიკვირს. ბოლო დროს იმას ვფიქრობ, რომ ადამიანს ინტერესი ამოძრავებს და ძალასაც აძლევს. წარმატებისკენ სწრაფვაც, ალბათ, ბევრს განაპირობებს და კიდევ, ჯანმრთელი ცხოვრების წესია ის, რაც ძალიან მეხმარება. ინტერვიუს ბოლოს მალე გათავისუფლება მინდა ვუსურვო ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლებისთვის იბრძვიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან