რუსკა ქარქაშაძე: შეყვარებულს მეტი მოტივაცია მაქვს, არ ვიღლები, თვალებიც სხვანაირად მიბრწყინავს და გულიც უფრო მიცემს
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 18.10, 2022 წელი

ყველასათვის საყვარელ რუსკა ქარქაშაძეს, საკმაოდ პატარა ასაკში მოუწია თეატრის სცენაზე და ტელეკამერასთან დადგომა. 19 წლის ასაკში სიყვარულიც ეწვია და ეს მისთვის კიდევ უფრო დიდი სტიმული და მოტივაციაა, რომ უფრო ენერგიულად განაგრძოს ის საქმიანობა, რომელშიც ის მთელ გულსა და სულს დებს.
რუსკა ქარქაშაძე: პირველად კამერის წინ ათი წლის ასაკში მოვხვდი. „კომედი არხზე“ კეთდებოდა სკეტჩები და იქ ვითამაშე. ქასთინგი იყო გამოცხადებული, ძალიან ბევრი ბავშვი მონაწილეობდა და იქიდან შეგვარჩიეს რამდენიმე.
– შენი სურვილით მიხვედი გასაუბრებაზე? ვინ გაგყვა?
– რა თქმა უნდა, ჩემი სურვილით მივედი. დედა და მამა, ორივე გამყვნენ ქასთინგზე. დღესაც მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად მივდივართ, ეს ადამიანები კარგად მყავს დაცდილი, ორივე მიმყავს და ჩემი წარმატების ერთგვარი თილისმები არიან.
– გახსოვს, ის რეაქცია, როცა ტელევიზორში პირველად დაინახე შენი თავი?
– სხვათა შორის, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ვერ აღვიქვამდი, რა ხდებოდა, თუმცა გამიხარდა. ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა რაზედაც ვოცნებობდი, ის ამიხდა – ტელევიზორში გამოვჩნდი. ათი წლის ასაკში განსაკუთრებულად ვერ აღვიქვი ჩემი პირველი გამოჩენა ეკრანზე, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ეს ჩემი ოცნების რაღაც ეტაპის ასრულება იყო. ამის მერე იყო სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რამაც ნამდვილი პოპულარობა და ცნობადობა მომიტანა.
– სერიალში მოსახვედრადაც ქასთინგი გაიარე. იქ რომ გამოჩნდი, რამდენი წლის იყავი?
– სერიალში რომ მოვხვდი, 13 წლის ვიყავი. მანამდე, შვიდი წლიდან, თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებში ვთამაშობდი. ერთ-ერთ სპექტაკლზე ეკა მჟავანაძემ, რომელიც ქასთინგმენეჯერია და ჩემი თამაში ნახა, მითხრა: ქასთინგი ტარდება, სერიალში მთავარი როლისთვის გოგონას ეძებენ და იქნებ მოხვიდე და სცადოო. მივედი, ამიყვანეს და ქასთინგის მერე ერთ თვეში გადაღებები დაიწყო. ასე გახდა ეკა ჩემი ბებია სერიალში.
– 13 წლის გოგონასთვის სერიალში მთავარი როლის შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე დგომის გამოცდილება გქონდა, მაინც დიდი პასუხისმგებლობაა მთავარი როლის შესრულება. ამას გრძნობდი?
– იმ დონემდე მომწონდა და მინდოდა, რასაც ვაკეთებდი, დიდად ვერ ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, თუმცა, გადასაღებ მოედანზე დრამატურგიულად რთული სცნების თამაში რომ დამჭირდა, მერე მივხვდი. მახსოვს, მეორე სერიაში, რთული სცენა იყო სათამაშო, ტირილით უნდა მეთქვა: იცის, დედაჩემმა იცის! არ მეშინოდა, რომ ვერ გამომივიდოდა, მაგრამ ვფიქრობდი: ახლა, ეს კარგად უნდა ვითამაშო! ოცი ადამიანი მელოდებოდა როგორ შევასრულებდი ამ სცენას და მაკვირდებოდნენ (იცინის). საკმაოდ კარგად გამომივიდა, ის პირველი ტირილი და მაშინ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა, რომ კარგად უნდა შევასრულო, ისე არ გამოვა.
მახსოვს, გადაღებები რომ გაჩერდა, დეპრესიაში ვიყავი. როცა ოცდაოთხი საათი, დღე და ღამე აკეთებ საქმეს, რაც ძალიან გიყვარს და უცებ სწყდები, ძალიან რთულია.
– მითხარი, ბავშვობიდან სცენა მიზიდავს და გადაღებები არის ჩემი სტიქიაო. ცოტა გამიკვირდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტიკურზე რომ ჩააბარე და არა სამსახიობოზე.
– ბევრს გაუკვირდა (იცინის). ესეც გამიზნულად გავაკეთე, რომ საქართველოში არ ჩავაბარე თეატრალურზე. უცხოეთში მინდოდა წასვლა და იქ ჩაბარება, თუმცა პანდემიის პერიოდი დაემთხვა და ონლაინ სწავლას მერჩივნა, დავლოდებოდი, ჩავსულიყავი და ისე მესწავლა. თან, ახლა „ხელოვნური სუნთქვის“ გადაღებებიც განახლდა და შესაბამისად, მირჩევნია, ცოტა ხანი აქ ვიყო, ჟურნალისტიკა დავამთავრო, პარალელურად, სერიალის გადაღებებზე ვიარო და მერე აუცილებლად ვიფიქრებ უცხოეთში სწავლის გაგრძელებაზე.
– სერიალის გაგრძელებაზეც უნდა მეკითხა და დამასწარი. ხუთი წლის შემდეგ კვლავ გავა სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, სადაც უკვე გაზრდილი მელანო გამოჩნდება.
– პროდიუსერებთან სულ გვქონდა საუბარი და დიდი ალბათობა იყო, რომ სერიალი დაბრუნებულიყო. დიდი ხნის განმავლობაში მოლაპარაკებებიც მიდიოდა სპონსორებთან. მერე, შეწყდა ამ თემაზე საუბარი და ახლა, რომ გვითხრეს, ვაგრძელებთ და მალე ვიწყებთ გადაღებებსო, ძალიან გამიხარდა. ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ორმაგად გააზრებული მაქვს.
– ჯერ არ ვიცით, როგორ შეიცვალა მელანოს ცხოვრება ამ ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ ფაქტია, რუსკას ანუ შენს რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა – გაიზარდე, სკოლა დაამთავრე, სტუდენტი გახდი და უკვე შეყვარებული ხარ. ხომ ასეა?
– ნამდვილად ასეა (იცინის). ღიად ჯერ არ მისაუბრია ჩემს სიყვარულზე, თუმცა გეტყვით, რომ არის არაჩვეულებრივი ბიჭი, კარგად ვუგებთ ერთმანეთს და მის გვერდით თავს ბედნიერად და კარგად ვგრძნობ. დიდი ხანი არ არის, სულ სამი თვის ამბავია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მისი შემოსვლით ბევრი რამ შეიცვალა. არაჩვეულებრივი მოსაუბრეა, მასთან ნებისმიერ თემაზე შემიძლია საუბარი და ეს დიდი კომფორტია ჩემთვის.
– მახსოვს, სულ ამბობდი, არ მცალია სიყვარულისთვისო. ახლა როგორ მოიცალე, როგორ შემოიჭრა ეს ადამიანი შენს ცხოვრებაში და რა შეცვალა? ვხვდები, მისი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებ და ის მაინც გვითხარი, შენი საყვარელი ადამიანიც ხელოვნების სფეროდანაა?
– არა, ხელოვნებასთან არ აქვს შეხება, ბიზნესის სფეროშია. მართლა დაუგეგმავი გრძნობა ყოფილა სიყვარული და დროს არ ემორჩილება. პირველივე შეხვედრისას მივხვდი, რომ ეს ადამიანი ენერგეტიკულად ძალიან ჩემია. ეს თუ ეგრევე არ იგრძენი, მერე აღარ მისცემ საშუალებას, ურთიერთობა გაგრძელდეს. როცა შენში სასიამოვნო აურა შემოაქვს ადამიანს, ამას პირველივე ნახვისას ხვდები და ეს მივხვდი მეც მასთან შეხვედრისას. ჩემებსაც ძალიან მოეწონათ ჩემი არჩევანი, კარგი ურთიერთობა აქვთ და ასევე, მეც – მის ოჯახთან. ახლა, შეყვარებულს, მეტი მოტივაცია მაქვს, არ ვიღლები, მოტივირებული ვარ და მგონი, თვალებიც სხვანაირად მიბრწყინავს და გულიც სხვანაირად მისცემს (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან