შოუბიზნესი

რუსა მორჩილაძე: დამშალა ამდენმა განსაცდელებმა

№29

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 28.07

რუსა მორჩილაძე
დაკოპირებულია

რუსა მორჩილაძემ არც თუ ისე მარტივი ცხოვრება გამოიარა, მაგრამ განვლილ განსაცდელებზე საუბარი არ უყვარს და ამიტომ ყოველთვის ცდილობს, თავი აარიდოს. მიიჩნევს, რომ იღბლიანია და წინასწარ არასდროს არაფერს გეგმევს.

– ამბობენ, რომ არა კომპოზიტორი, რუსა კარგი მოცეკვავე იქნებოდა, რადგან კარგი მონაცემები ჰქონდაო. თუმცა, როგორც ვიცი, თავად მსახიობობაზე ოცნებობდი. რის გამო თქვი უარი და ვერ აიხდინე სამსახიობო ოცნება?

– ცეკვაზე კი დავდიოდი, მაგრამ ის, რომ კარგი მოცეკვავე ვიქნებოდი, ტყუილია. ვფიქრობ, ცეკვა საერთოდ არ გამომდის, არ გამოვიდა ჩემგან მოცეკვავე. ძალიან მომწონს, „სუხიშვილების“ ანსამბლის მოცეკვავეებს რომ ვუყურებ, მინდა, გავიმეორო, როგორც ცეკვავენ, მაგრამ ვერ ვიმეორებ (იცინის). მსახიობობა კი მართლაც მინდოდა, თუმცა ეს ოცნება, რაღაც დონეზე, ერთგვარად ამიხდა, რადგან მაინც სცენაზე ვდგავარ და ყველა მუსიკოსი არტისტია. მსახიობი კი იმიტომ არ ვარ, რომ ოჯახს არ უნდოდა ჩემი მსახიობობა. ისეთი პერიოდის თინეიჯერი ვიყავი, მაშინ რთული თემა იყო ოჯახში იმის გამხელა, რომ მსახიობობა მინდოდა. მამაჩემს არ უნდოდა, როგორც მამების უმეტესობას მაშინ (იცინის).

– რა ასაკიდან დაიწყე სიმღერა, ვინ შეამჩნია მუსიკალური ნიჭი შენში და ამ მხრივ, ვისი ნიჭი დაგყვა?

– ნამდვილად ერთი წლის ასაკიდან ვმღერი, სიტყვებს ვერ ვამბობდი, მაგრამ გამართულად ვმღეროდი სიმღერებს. დედამ სწორედ ერთი წლის ასაკში შეამჩნია მუსიკალური ნიჭი ჩემში. ძილის დროს თუ მოწყენილ სიმღერას მიმღეროდა, ვტიროდი, თუ მხიარულს – ვიცინოდი და მიხვდა, რომ ძალიან მუსიკალური ვიყავი. მამაჩემის მხარეა მუსიკალური, ყველა მღერის და უკრავს. დედის მხარეც ძალიან მუსიკალური იყო. ასე რომ, გენეტიკურად მუსიკალური ნიჭი ორივე მხრიდან – დედისგანაც დამყვა და მამისგანაც. მოკლედ, ყველა ჩემი წინაპარი მღეროდა და ამიტომ არ გაჰკვირვებიათ ჩემი ადრეულ ასაკში ამღერება.

– ბევრმა არ იცის, რომ შენს მუსიკალურ კარიერაში, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა, შეუდარებელმა და ყველასთვის საყვარელმა ლოტბარმა, ომარ კელაპტრიშვილმა. ვისი თხოვნითაც ჩააბარე კიდეც მუსიკალურ სასწავლებელში.

– ნამდვილად ასეა, გეთანხმებით. ომარ კელაპტრიშვილი ჩემი ბიძა გახლდათ, მამაჩემის ბიძაშვილი. მან გამზარდა, მუსიკალურად მან დამაყენა გზაზე. ძალიან მოწიწებული ურთიერთობა მქონდა მასთან და იმავდროულად, ძალიან ახლოს ვიყავი. ჩემთვის ის იყო სამაგალითო ადამიანი. რომ საუბრობდა და რამეს ყვებოდა, ყოველთვის გულისყურით ვუსმენდი, რომ არცერთი მისი სიტყვა არ გამორჩენოდა. მახსოვს, გასტროლებიდან რომ ჩამოდიოდა, გვიყვებოდა თავის წარმატებაზე, იმ ქვეყნებზე, სადაც უწევდა გამოსვლები და მასზე შეყვარებული ვიყავით. ასე რომ, ჩემს კარიერულ წარმატებაში, მას ნამდვილად უდიდესი წვლილი მიუძღვის. მან მიბიძგა იმისკენ, საითაც უნდა წავსულიყავი, ყველა პედაგოგი მან ამირჩია და მისი ძალიან მადლიერი ვარ. საგუნდო-სადირიჟოროზე რომ ჩავაბარე, ეს პროფესიაც მისი არჩეული იყო. სხვათა შორის, მამის მსგავსად, ომარიც წინააღმდეგი იყო ჩემი მსახიობობის, ამბობდა: შენ ისეთი ნიჭი გაქვს, საცოდაობაა, კონსერვატორიაში არ ჩააბაროო. ამ მიმართულებით მან გამიშვა და ნამდვილად სწორ გზაზე დამაყენა.

– რამდენი წლის გათხოვდი?

– 28 წლის, შეგნებულ ასაკში გავთხოვდი. თუმცა, მანამდე, ბევრი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, სულ ერთად ვიყავით და დღემდე ერთად ვართ. ვხუმრობ ხოლმე: იმდენი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, როდის გავთხოვდი, აღარ ვიცი-მეთქი (იცინის).

– სულ გასტროლებზე რომ გიწევდა სიარული, ქმარი როგორ ეგუებოდა ამას, საყვედურებს არ გეუბნებოდა?

– მართალია, სულ გასტროლებზე დავდიოდი და ჩემს ქმარს თვითონ მივყავდი და მოვყავდი. სხვათა შორის, სანამ ცოლად გავყვებოდი, შეყვარებულობის პერიოდში, გასტროლებზე მატარებლით რომ მიწევდა წასვლა, მაშინ ღამით ბევრგან ჩერდებოდა მატარებელი და ყველა სადგურზე მხვდებოდა მისი გამოგზავნილი საჩუქრები. ვიღაც ამოდიოდა და მოჰქონდა ან ხილი, ან ყვავილები, ან შოკოლადები (იცინის).

– მართალია, რომ საკონცერტო დარბაზებს ხურავდა, რომ შენთვის მხოლოდ მას მოესმინა?

– (იცინის). დიახ, რამდენჯერმე, ყველა ბილეთი იყიდა და თვითონ და მისი ძმაკაცი ისხდნენ დარბაზში, მე სცენაზე ვიდექი და კონცერტს მხოლოდ ვუტარებდი. ერთხელ საჩხერეში მოხდა ეს ამბავი და მეორედ – ჭიათურაში. ასე რომ, ჩემს მეუღლეს პერსონალურ კონცერტებს ვუტარებდი (იცინის).

– მიუხედავად იმისა, რომ ლაღი და ბედნიერი ქალის იმიჯი გაქვს, ბევრმა არ იცის, რომ საკმაოდ მძიმე ცხოვრება გქონდა. როდის იყო ყველაზე რთული პერიოდი?

– ბოლო წლებია, სულ რთული პერიოდი დგას ჩემს ცხოვრებაში და აღარ დამთავრდა. სირთულეში ბევრ რამეს ვგულისხმობ, ათასნაირ ფიზიკურ თუ სულიერ განსაცდელს. მათ შორის, სმენის პრობლემა. ამაზე საუბარი, არც მინდა. წარმოიდგინეთ, 8 ოპერაცია გადავიტანე და ახლობლები მეხუმრებიან: შენ, მგონი, ორგანოებით ვაჭრობო (იცინის). პრობლემები იყო, პრობლემები არის, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. მეგონა, უფრო ძლიერი ვიყავი, მაგრამ არ ვყოფილვარ. 55 წლის ვარ და დამშალა ამდენმა განსაცდელებმა, ძლიერი ვერ გამოვდექი. საბედნიეროდ, ახლა არა მიშავს და ცუდზე საუბარი არ მინდა. არ მიყვარს საკუთარ პრობლემებზე საუბარი და ადამიანებისთვის ნეგატივის გაზიარება. მინდა, ყველასთვის ღიმილიანი და პოზიტიური რუსა ვიყო.

– მგონია, იმ ჟანრში, რაშიც შენ მუშაობ და ქმნი, რეკორდი მოხსენი, საქართველოში ამდენი სიმღერა არავის აქვს დაწერილი. ხომ არ ვცდები?

– ნამდვილად არ ცდებით. ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი და ამაზე საუბარიც კი მეუხერხულება. იმაზე მეტი სიმღერა დავწერე, ვიდრე ნორმალურ ადამიანს წარმოუდგენია და შეუძლია.

– არის მათ შორის ისეთი სიმღერა, რომელიც მხოლოდ შენს განცდებს გამოხატავს და შენია? და როცა სიმღერას ქმნი, ამ დროს მუზა აუცილებელია?

– რამდენიმე სიმღერაა მხოლოდ ჩემი, მაგრამ სხვები ასრულებენ. მუზა კი ადვილი მოსაყვანი არაა. ხანდახან ისე იკარგება, ჰორიზონტზე აღარ ჩანს. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ენერგიით დამუხტული, მექანიკაში მქონდა მუსიკის წერა გადაყვანილი, ვეღარ ვხვდებოდი, ამ დროს მუზა იყო თუ არ იყო. ყოველდღე შემეძლო რამდენიმე სიმღერის დაწერა. ასე რომ, არ ვიცი, რა არის საჭირო შექმნა სიმღერა, რომელიც გაჰიტდება, რადგან ხანდახან მუზის გარეშეც დამიწერია, დამიძალებია თავისთვის და ის სიმღერა გაჰიტებულა. ზოგადად, მუზა ფუფუნებაა, რომელიც მე ხშირად არ მაქვს. და, არა მარტო მე, ბევრს.

– არ ნანობ, თავად რომ არ გაჰყევი აქტიურ სასიმღერო კარიერას, დღეს კომპოზიტორის სტატუსი გაქვს და არა მომღერლის?

– ძალიან ვნანობ, სასიმღერო კარიერას რომ არ გავყევი. დღეს რომ ჩემს სიმღერებს თავად არ ვმღერი, ჩემი შეცდომაა და მთელი ცხოვრებაა ვნანობ. ყველაზე ძალიან ამას ვნანობ, რომ სცენაზე არ ვდგავარ როგორც მომღერალი და სიმღერები ჩემთვის არ ვწერე. რასაკვირველია, სოლოსაც ვმღერი და დუეტებსაც, მაგრამ ეს სულ სხვაა.

– ახლა რომ უკან დაგაბრუნონ, რას შეცვლიდი, თუ იმავე გზას გაივლიდი, რაც შენი გასავლელი და ბედისწერა იყო, დაბადების მომენტში რომ შუბლზე დაგეწერა?

– ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, უფრო ჭკვიანურად და ფრთხილად გავივლიდი ცხოვრების გზას. შეიძლება, ბევრმა თქვას, რა გინდა, ჭკვიანურად გაიარე შენი გზაო, მაგრამ მე ხომ ჩემს თავთან ბევრი პრეტენზია მაქვს. სხვისი თვალით დანახული შენი ცხოვრება, სულ სხვაა. ზოგადად, ჩემი თავის მიმართ კრიტიკულიც ვარ. იცით, სიფრთხილეში რას ვგულისხმობ? მთელი ახალგაზრდობა ძალიან აფექტური ვიყავი და ეს არასდროს მადგებოდა. ახლა ასეთი აღარ ვარ, ემოციების მართვა ვისწავლე და ეს გამოცდილებამ მომიტანა, ცხოვრების გზაზე ბევრ რამეს სწავლობ. მე ის ადამიანი ვარ, ვისაც სხვის შეცდომებზე სწავლა შეუძლია, თუმცა ჩემს შეცდომებზეც ბევრი მისწავლია.

– ამ ზაფხულს თუ მოასწარი დასვენება და რა გაქვს დაგეგმილი?

– კვარიათში მოვახერხე დასვენება. მიყვარს, როცა ზღვის ნაპირზე ვზივარ და ჰორიზონტს გავყურებ. ორი კონცერტია დაგეგმილი და ჯერ მეტი გეგმა არ მაქვს. ზოგადად, ვგიჟდები პასიურად ყოფნაზე, ხუთი წუთით რომ ადგები და დაწვები, მერე ისევ ადგები და ისევ დაწვები (იცინის). ესაა ჩემი დასვენება და ახლა მიდგას ეს პასიური პერიოდი, რომელიც ცოტა ხანი გაგრძელდება, მაგრამ საკმარისია. წინასწარ არ ვისახავ გეგმებს, არ მიყვარს დაგეგმილი ცხოვრება. არ ვიცი, ხვალ რა იქნება, გათვლას ვერ ვახერხებ და ამიტომ მირჩევნია, წინასწარ არაფერი დავგეგმო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა