შოუბიზნესი

რომელმა ქართულმა ფილმმა გადააწყვეტინა ნოდარ დოღონაძეს მსახიობობა და რატომ ჰგონიათ ის პატიმრობაში

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00

ნოდარ დოღონაძე
დაკოპირებულია

ნოდარ დოღონაძის მრავალწლიანი სამსახიობო გამოცდილება ერთ-ერთმა ქართულმა ფილმმა განაპირობა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში ნახა და მისი მომავალიც გადაწყდა.

ნოდარ დოღონაძე: ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ორი წლის ასაკიდან მაქვს მახსოვრობა და არაჩვეულებრივად მახსოვს, როგორ დავყავდი ბაბუას ფეხბურთზე. მას შემდეგ ფეხბურთი განსაკუთრებულად მიყვარს. პირველი შვილიშვილი ვიყავი და ოჯახის წევრები ძალიან მანებივრებდნენ, ყველა სურვილს მისრულებდნენ და ის დრო ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. სიამოვნებით გადავახვევდი დროს და დავბრუნდებოდი იმ წლებში.

– თავიდან ფეხბურთელობა გინდოდათ?

– კი, მინდოდა და თინეიჯერობის ასაკამდე დავდიოდი კიდეც ფეხბურთზე, მაგრამ მერე ცხოვრება აირია, მეც შემეცვალა აზროვნება და მსახიობობა მომინდა.

– ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყავით თუ უფრო მშვიდი?

– ზოგჯერ – მშვიდი და წყნარი, ზოგჯერ – ძალიან მოუსვენარი, საჭიროებისდა მიხედვით (იცინის). ცოტა ჯიუტი ბავშვი ვიყავი. რამეს რომ მიშლიდნენ, ვეთანხმებოდი და მერე საპირისპიროს ვაკეთებდი (იცინის). ცოტა ხიფათებიც იყო. როგორც ვთქვი, ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარდა, სანამ არ დაბნელდებოდა, ვთამაშობდი და მუხლები სულ გადაყვლეფილი მქონდა. ამის გამო მსჯიდნენ ხოლმე და ეზოში აღარ მიშვებდნენ.

სკოლაც კარგად მახსენდება. მაშინ კომუნისტების დრო იყო, მახსოვს, შაბათობაზე დავყავდით ხოლმე და შრომას გვაჩვევდნენ. თინეიჯერობის ასაკში ვიყავი, როცა ომი დაიწყო და სკოლა ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. ამიტომ, მეც აღარ დავდიოდი. თუმცა, მანამდე კარგად ვსწავლობდი. ტექნიკური საგნები არ მიყვარდა, უფრო ჰუმანიტარული მიმართულება მაინტერესებდა, მაგრამ სწავლით ყველაფერს ვსწავლობდი. რაღაცებს – ძალითაც, რომ მერე სათამაშოდ წავსულიყავი (იცინის).

– არეულობის წლები როგორ გახსენდებათ, მით უმეტეს გარდატეხის ასაკში იყავით?

– მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა არეულობა და ომი დაიწყო. ბავშვი ვიყავი და ის პერიოდი კარგად მახსენდება იმ გაგებით, რომ ყველაფრისგან თავისუფალი ვიყავი. სწავლა, პასუხისგებლობები – ვერავინ ვერაფერს მთხოვდა. მაშინ ამისთვის აღარავის ეცალა. მთავარი იყო, გადარჩენილიყავი და ლუკმაპური გქონოდა. რა თქმა უნდა, მშობლები ყურადღებას გვაქცევდნენ, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ძველებურად – ვეღარ. უფრო „აშვებულები“ ვიყავით.

– ამ დროს ბევრი „ასცდა გზას“. ეს რომ არ მომხდარიყო, რა დაგეხმარათ?

– დედამ იყოჩაღა და გვერდით დამიდგა, ბოლომდე არ მიმიშვა. ორი-სამი წელი უკონტროლოდ გავატარე, მაგრამ 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩასაბარებლად დავიწყე მზადება და ყველაფერი შეიცვალა. მანამდე იყო პერიოდი, როცა სულ ქუჩაში ვიყავი. მაშინ ეს ფენომენი ძალიან რომანტიზებული იყო, ყველა ბავშვს მოგვწონდა. გამოვიდა ფილმი „ერთხელ ამერიკაში“ და მისი ნახვის შემდეგ, რომ ამბობენ, „თავში აგვასხა“, ვგიჟდებოდით ქუჩაზე (იცინის). მერე ცხოვრება ბევრ რამეს ცხრილავს, გეცვლება შეხედულებები.

– მსახიობობისადმი ინტერესი როგორ გაჩნდა?

– ფილმიდან. „ბაში-აჩუკი“ რომ ვნახე, ძალიან მომინდა მსახიობობა. მით უმეტეს, რომ ისტორია ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს. მომინდა ფილმში თამაში, ცხენზე ჯირითი, სიყვარულისთვის თავგანწირვა, ხალხის გადარჩენა და ასე შემდეგ. თურმე, ეს დედაჩემის ოცნება ყოფილა და ყველანაირად მომეხმარა. ისიც და მამაც ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, ოღონდ მე მსახიობი გამოვსულიყავი.

სკოლა არ მქონდა დამთავრებული, ატესტატი ისე გამიკეთეს. როგორც ხდებოდა ხოლმე, დირექტორის მონახულებით, ტკბილი სიტყვითა და ერთი-ორი კაპიკით. ავიღე ატესტატი და წამოვედი თეატრალურში ჩასაბარებლად. 17 წლის ხარო, მკითხეს და კი-მეთქი, მაგრამ სინამდვილესი 16-ის ვიყავი. პირველი კურსი რომ დავამთავრე, მაშინ მომიწია სკოლის ბანკეტმა (იცინის). მაშინ ისეთი დრო იყო, დედას რომ არ ეჩქარა, შეიძლებოდა, გზას ავცდენილიყავი. ქუჩასთან დაკავშირებული რომანტიზმიც მექაჩებოდა, მსახიობობაც მინდოდა, მაგრამ ორივე ერთად არ გამოვიდოდა. ამიტომ, ისევ თეატრალური ავირჩიე.

– რამდენად გაამართლა არჩევანმა, პროფესიამ?

– სტუდენტობა ძალიან კარგად მახსენდება. ახლაც ძალიან მინდა სტუდენტი ვიყო. უშუქობაც იყო, ნავთის რიგიც, მაგრამ ბედნიერები ვიყავით. მაშინ ინსტიტუტში დარჩენაც შეგვეძლო, იქ ვცხოვრობდით.

კარგი პედაგოგები შეგვხვდნენ. გამიმართლა იმაშიც, რომ მესამე კურსზე სწავლის დროს, თეატრში ლევან წულაძესთან მოვხვდი. თავის სპექტაკლში მათამაშა, რომელიც შემდეგ თეატრალურ სარდაფში გადაიტანა და ასე დავრჩი თეატრში. კი გავიდა 30 წელი. ბედმა ძალიან გამიღიმა, ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ. თეატრალურ სარდაფში ათი წელი გავატარე რუსთაველზე და უბედნიერესი წლები იყო.

– პოპულარობა უკვე ეკრანმა მოიტანა. ეს როდის მოხდა?

– 2005 წელი იყო, სერიალ „ყავა და ლუდიდან“ დაიწყო ჩემი გამოჩენა ეკრანზე. ამას მოჰყვა „ტიფლისი“ , „ქერჩი“, „პანიკის გარეშე“, „მიდიოდა მატარებელი“ და ასე შემდეგ. „ტიფლისმა“ კიდევ უფრო გააღრმავა ცნობადობა. ბევრი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ახსოვს ხალხს. მიხარია ხოლმე, რომ მწერენ. „ყავა და ლუდიც“ ახსოვთ, მაგრამ „ტიფლისი“ – კიდევ უფრო მეტად. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სერიალი მიემატა – „სიყვარულს მიღმა“. მწერდნენ, შენ ქუჩაში დადიხარ, ციხეში არ ხარო? ჯვარი მწერია, რა მინდა ციხეში-მეთქი?! ან ხომ მალე გამოხვალო? (იცინის). და მეც ვპირდები ყველას, რომ აუცილებლად გამოვალ (იცინის). ასეთი მომენტები სხვა სერიალების დროსაცაა. „ტიფლისზეც“, „ყავა და ლუდზეც“... პერსონაჟის სახელებსაც ბევრი მეძახის. ხან ხიტირს მეძახიან, ხან – იასონას.

– თქვენი ეკრანული პერსონაჟებიდან თვითონ რომელი მოგწონთ?

– ძალიან კრიტიკული ვარ. როცა ჩემს თავს ეკრანზე ვუყურებ, საერთო ჯამში, მომწონს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაღაცები უკეთ შემეძლო და გული მწყდება, რომ იმ მომენტში ისე ვერ გავაკეთე, როგორც აჯობებდა. სამწუხაროდ, მერე ვეღარაფერს იზამ. ყველა როლზე ასე ვარ, თეატრშიც. სხვათა შორის, ოქტომბერში 46 წლის ვარ და 46-ე პრემიერა უნდა ვითამაშო.

– პერსონაჟებიდან გამომდინარე, ალბათ, ხან როგორი ჰგონიხართ მაყურებელს, ხან – როგორი და სინამდვილეში როგორია ნოდარი?

– ტკბილი, კანფეტი, ბუნჩულა ბიჭი, უწყინარი და პოზიტიური (იცინის). რაც არ უნდა მიჭირდეს, ამას სხვას არასდროს ვაჩვენებ. არც წუწუნი მიყვარს. თუ ცუდად ვარ, არასდროს მოვახვევ სხვას თავს. ძალიან იშვიათად, რომ ცუდად ვიყო, მაგრამ ხომ გვაქვს ადამიანებს დეპრესიული პერიოდებიც. დეპრესიას ვუღიმი, როგორც ბატონი დე ნირო იტყოდა, მას ეშინია ჩემი და გარბის (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა