შოუბიზნესი

რომელ საახალწლო რიტუალს დაარღვევს ლიკა დოლიძე და რას დაიბედებს ის

№50

ავტორი: ნონა დათეშიძე 18:03

ლიკა დოლიძე
დაკოპირებულია

მომღერალი ლიკა დოლიძე საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდა, თუმცა ეს გადადგმული ნაბიჯი და 15 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, არასდროს უნანია. დღემდე საყვარელ ადამიანთან ერთად მოდის, არაჩვეულებრივი ორი შვილი ჰყავს, დედამთილიც გახდა და უსაყვარელესი შვილიშვილის ბებიაცაა. ზამთრის სეზონი და ახალი წლის დღეები განსაკუთრებულად უყვარს. ამბობს, რომ დეკემბრის თვე გამორჩეულია მისთვის და ამის მიზეზი ნამდვილად აქვს.

ლიკა დოლიძე: მე იმ თობას ვეკუთვნი, ვისაც თოვლის ბაბუის არსებობის დიდხანს სჯეროდა. ჩემს შვილს ნამდვილად აღარ სჯერა, რომ ნაძვისხის ქვეშ დადებული საჩუქარი თოვლის ბაბუამ მოუტანა (იცინის). რა საჩუქარიც უნდოდა, დაწერა და პირდაპირ მამამისს მიაწოდა ხელში (იცინის). თუმცა, მე დაახლოებით, ათ წლამდე მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუა ღამით მოდიოდა და დილით ნაძვისხის ქვეშ საჩუქარი დამხვდებოდა. ჩემს მეხსიერებაში ის სასიხარულო განცდა განსაკუთრებულადაა შემონახული. დღემდე ძალიან მიყვარს ახალი წელი. მიყვარს ცივი ამინდები, თოვლი, წვიმა და ზამთრის სეზონზე ყველაზე ბედნიერი ვარ. ყველას უკვირს, ცივი ამინდი და წვიმა როგორ გიყვარსო. არადა, მართლა ვგიჟდები ასეთ ამინდზე. ნაძვისხეს კი, მგონი, ყველაზე ადრე მე ვაწყობ. შარშან, ნოემბრის ბოლოს უკვე ბრწყინავდა ჩემი ნაძვისხე, წელს 1 დეკემბერს დავდგი. მიყვარს ბრჭყვიალა სათამაშოებით გაწყობილი ნაძვისხის მზერა, რაღაცნაირად ბავშვობაში მაბრუნებს. ამიტომ, ჩემთვის ახალი წლის მოახლოება განსაკუთრებულ სიხარულთან ასოცირდება. თუმცა, არცერთ ახალ წელს სახლში არ ვარ, სულ ვმუშაობ და გადარბენა-გადმორბენაზე ვარ. მეკვლეც ჩვენს სახლში მე და ჩემი მეუღლე ვართ ან ბავშვი. ამბობენ, კარგია ძაღლის მეკვლეობაო და წელს ვფიქრობ „ჩიკა“ – ჩემი პუდელი, შემოვიყვანო მეკვლედ, იქნებ გაამართლოს (იცინის). ახალი წლის დღეები ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი იმითაცაა, რომ ერთი შვილიც დეკემბერში მყავს გაჩენილი და მეორეც. ერთი 4 დეკემბერს გავაჩინე, მეორე კი – 20 დეკემბერს, ახალი სოცოცხლეებით ვხვდებოდი ახალ წელს და ამიტომ ეს თვე განსაკუთრებულად მიყვარს. თავად, 30 ოქტომბერს ვარ დაბადებული, შემოდგომის გოგო ვარ, ღვინობისთვის.

– თუ გაქვს საახალწლო რიტუალი, რომელსაც მკაცრად იცავ?

– ბოლო წლებია, მე და ჩემს მეუღლეს საახალწლო რიტუალი გვაქვს – გადავწყივტეთ, ორგანიზატორებს შევუთანხმდეთ, ისე დაგეგმოს საკონცერტო გამოსვლა, რომ 12 საათს სახლში შევხვდეთ და მერე გავიდეთ გარეთ. თუმცა, წელს ამ რიტუალს ვარღვევთ, ახალ წელს საქართველოში ვერ შევხვდები, შესაბამისად, სახლში არ ვიქნები. ისრაელში მივემგზავრები, 31-ში იქ მაქვს ორი ღონისძიება ჩანიშნული. ასე რომ, ამ ახალ წელს საქართველოში არა, მაგრამ სცენაზე მიკროფონით ხელში შევხვდები. 2 იანვარს ჩამოვალ და ბედობა დღეს ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნას დავიბედებ.

– ლიკა, ეს წელი როგორი იყო შენთვის, რა გამოწვევბი და სიახლეები ახლდა თან?

– სხვათა შორის, ეს წელი ძალიან ცუდი იყო ჩემთვის, რადგან ახალგაზრდა მაზლი გარდამეცვალა, ჩემი მეუღლის ძმა. ეს ტრაგედია ჩემ თვალწინ მოხდა, ფაქტობრივად, ხელებში ჩაგვაკვდა 52 წლის კაცი, რომელიც ძმად მიმაჩნდა. იმხელა ტრაგედია იყო და იმდენად დამთრგუნველი, დღეებს ვითვლი, როდის წავა ეს წელიწადი. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, იყო სასიამოვნო სიახლეებიც, მაგრამ საერთო ჯამში, ჩემთვის ეს წელი არ იყო კარგი და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის. ამიტომ, ველოდები, როდის გავა და მოვა ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი. სხვათა შორის, მეც ცხენის წელში ვარ დაბადებული. მოკლედ, ჩემი წელი მოდის და პირველ რიგში, ამ წელს ვთხოვ მშვიდობას, ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და დანარჩენს ჩვენი შრომით შევძლებთ. ყოველ წელს სიახლეს ელოდები, მაგრამ ადამიანმა დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო. დაკვირვებული ვარ, წინასწარ რაც დავგეგმე, არ ამიხდა. ამიტომ, არ მიყვარს წინასწარ რაიმეს დაგეგმვა, ღმერთს ვარ მინდობილი, მის გარეშე, ვიცი, მაინც არაფერი ხდება. თუმცა, მჯერა, რომ მომავალი წელი ხვავიანი და ბარაქიანი იქნება და ჩემი სურვილია, ყველა ჯანმრთელი იყოს და მშვიდობა გვქონდეს შინ თუ გარეთ.

– თქვი, წლით ცხენი ვარ და ჩემი წელი მოდისო და ზოდიაქოს მიხედვით – ვინ ხარ?

– წლით ცხენი ვარ, თვით კი მორიელის ნიშნით ვარ დაბადებული და ვხუმრობ ხოლმე, კბენაც შემიძლია, თუ გავბრაზდი და არც გესლიან ენას ვუჩივი-მეთქი (იცინის). თან, ზოდიაქოს რომ თავი დავანებოთ, წარმოშობით გურული ვარ და ფიცხი ხასიათი გენეტიკურადაც დამყვა (იცინის). თან, ამბობენ: ცხენი და მორიელი ერთად მთლად ბაბასილიაო (იცინის). ეს – ხუმრობით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფიცხი და ფეთქებადი ვარ, არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. ყოველთვის ვცდილობ, კონფლიქტურ სიტუაციას გავერიდო. თუმცა, ვაღიარებ, რომ წყენა დიდხანს მიმყვება. ხომ არიან ადამიანები, გული მოუვათ და ათ წუთში აღარ ახსოვთ? მე ასე არ ვარ. თუ მეწყინა, სამაგიეროს არ გადავუხდი, მაგრამ ის წყენა ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

– გურული ქალები სასწაული დიასახლისები და მზარეულები არიან. ამ კუთხის სახასიათო შტრიხებთან ერთად, ეს ორი თვისება თუ დაგყვა?

– გურული სახასიათო შტრიხების, კულინარიისა და დიასახლისობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ყველაზე კარგად სიმღერა გამომდის (იცინის). ყველაფრის გაკეთება ვიცი და ჩემს ოჯახის წევრებს თუ ვენდობით, ამბობენ, ყველაფერი გემრიელი გამოგდისო. ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურად სამზარეულოში ფუსფუსი და მზადება მიწევს, მაგრამ თუ დრო მაქვს და სახლში ვარ, არ მეზარება და ცუდი მზარეული ნამდვილად არ ვარ.

– სასწაულ ფორმაში ხარ. თუ საიდუმლო არ არის, რამდენი კილო ჩააბარე 2025 წელს და რამდენი კილოთი გადადიხარ 2026 წელში?

– ჯერ, არ ვიცი 2026 წელში რამდენი კილოთი გადავალ, რადგან ისევ კლების პროცესში ვარ. თუმცა, ამ წელს 9 თვეში უკვე 22 კილო ჩავაბარე. იმ წონაზე, რომელზეც მინდა, ვიყო, ჯერ კიდევ მაქვს დასაკლები და ამიტომ, ახალი წლის დღეებში სასწორზე ვერ დავდგები, მირჩევნია, თავი გავინებივრო და ერთი კვირა მოდუნების საშუალება მივცე, მერე კი, შევდგები სასწორზე.

– როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში გაგიმართლა, იღბლიანი ხარ და წარმატებული ცხოვრება გაქვს?

– იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან მაქვს საოცარი ოჯახი – მოსიყვარულე მეუღლე, კარგი აღზრდილი შვილები... საოცარი რძალი შემომივიდა ოჯახში, რომლიც იგივე ჩემი შვილია და მყავს შვილიშვილი, რომელმაც მთლიანად ამოაყირავა ჩვენი ცხოვრება. ელენე სამი წლის გახდება თებერვალში და ეს ბავშვი მართლა ჩვენი გალაქტიკაა. ვთვლი, რომ ქალი იღბლიანი მაშინ ხარ, როცა შემდგარი და ძლიერი ოჯახი გაქვს, მაშინ გიხარია შენი საქმეც და ყოველი დილის გათენებაც. ჩემთვის ყოველთვის ეს იყო მთავარი.

– სტატისტიკურად, ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ვნებაზეა დაყრდნობილი და მალევე ინგრევა, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის გათხოვდი, დღემდე შენს რჩეულთან ერთად სიყვარულითა და სიმშვიდით მოხვედი. რა არის თქვენი ოჯახური იდილიის საიდუმლო?

– 11 დეკემბერს მე და ჩემს მეუღლეს ქორწინების 32 წელი შეგვისრულდა. ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე ამ დღეს. 15 წლის ვიყავი, მალხაზს რომ გავყევი, ის კი 19-ის იყო. ისეთი პატარა მომიყვანა ცოლად და გავთხოვდი, ახლა რომ კანონებია, ასეთი მაშინ რომ ყოფილიყო, ჩემი ქმარი ახლაც ციხეში იჯდებოდა (იცინის). ყველა ოჯახშია გაუგებრობები, პრობლემები, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში სულ იყო ურთიერთგაგება, დათმობა, სიყვარული. სირთულეებს ერთად ვუმკლავდებოდით, არასოდეს დაგვიტოვებია ერთმანეთი. წლებთან ერთად, სიყვარული მეგობრობაშიც გადადის. საერთო სამეგობრო წრე გვყავს, სულ ერთად ვართ, სამსახურშიც კი და რაღაცნაირად ყველაფერმა ერთად განაპირობა, რომ უკვე 32 წელია, ერთად მოვდივართ. ახლა სხვა თაობა წამოვიდა, სამწუხაროდ, ადვილად ელევიან სიყვარულს, პატარა პრობლემა და წინაღობა ხდება გაშორების მიზეზი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი