შოუბიზნესი

როგორია ელენე ძაგნიძისა და საბა ინანეიშვილის სიყვარულის ამბავი და რით იბალანსებს წყვილი რთულ რეჟიმს

№48

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00

ელენე ძაგნიძე
დაკოპირებულია

ელენე ძაგნიძე წარმატებული ქართველი ძიუდოისტის, საბა ინანეიშვილის მეუღლე გახლავთ. საბამ ახლახან კიდევ ერთი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ელენე მათი ურთიერთობის, სიყვარულის ისტორიისა და იმ შრომის შესახებ მოგვიყვება, რაც საბას გამარჯვებების უკან დგას.

ელენე ძაგნიძე: ბუნებრივია, ყოველი შეჯიბრების წინ ერთი და იგივე სურვილი მაქვს, ძალიან მინდა, ჩემმა მეუღლემ გაიმარჯვოს და ამის რწმენაც ყოველთვის მაქვს, მაგრამ რატომღაც ამ დღეს კიდევ უფრო ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ აუცილებლად ის მოიგებდა. პირველი რამდენიმე შეხვედრის დროს, რატომღაც, საერთოდ არ ვღელავდი. არადა, სხვა დროს ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. იმდენად მჯეროდა, რომ მოიგებდა, წყნარად ვადევნებდი თვალს. საბედნიეროდ, ასეც მოხდა – პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართულ ჭიდაობაში პირველი გამარჯვება საბამ მოიპოვა და ძალიან ამაყი ვარ. დიდი ბედნიერებაა იმის გააზრება, რომ ის ისტორიაში შევა, როგორც პირველი გამარჯვებული.

– თვითონ როგორ ემოციებშია?

– ვერ მოვასწარი მისი ემოციების დანახვა, მაშინვე შეჯიბრებაზე წავიდა საზღვარგარეთ. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, სინამდვილეში ძალიან გახარებულია. იცით, ყველაზე მეტად რა არის სასიხარულო? ის, რომ გაწეული შრომა უფასდება. ამ სპორტში ძალიან ხშირია ტრავმები, გზაზე ბევრი სირთულე ხვდება და ყველაფრის მიუხედავად, მოტივაციას რომ არ კარგავს და შემდეგ ეს შესაბამისადაც უფასდება, ძალიან მიხარია.

– როგორ ემზადება ხოლმე ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ?

– ზუსტად ხუთი წელია, საბას ვიცნობ. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საკუთარი შრომისა და ნებისყოფის წყალობით ნელ-ნელა მიიწევს მიზნისკენ. ძალიან თავმდაბალი ადამიანია. მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. ცდილობს, ყოველი დღე გასულზე უკეთესი იყოს. მაქსიმუმს დებს, სულ ვარჯიშები აქვს, სულ საზღვარგარეთ არის. საერთოდ, ყველაფერს აკლდება იმისთვის, რომ ფორმიდან არ ამოვარდეს, თავი გადადებული აქვს საკუთარი საქმისთვის და კი, ეს ყველაფერი რთულია, თუმცა მერე, როცა იმას აღწევს, რისთვისაც ამ გზას დაადგა, ძალიან გვიხარია. იმდენად ამაყები ვართ ხოლმე, რომ ის რთული დღეები გვავიწყდება. გამარჯვების ემოციები ყველაფერს აბალანსებს. ორივემ კარგად ვიცით, რომ რაც უფრო მეტს იშრომებს, მით უფრო კარგი შედეგი ექნება და ორმაგად ამაყები ვიქნებით.

– ამ პროცესში საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

– მე, როგორც წესი, ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. მისი ყოველი გამოსვლა ჩემთვის დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ვნერვიულობ, მაგრამ მისი ყოველთვის მჯერა. საოცარი შემართება აქვს. როცა ტურნირი საქართველოში ტარდება, მის გვერდით ვარ და ვგულშემატკივრობ. ნერვიულობასთან ერთად, ძალიან მსიამოვნებს მისი ტატამზე ყურება. ჩემთვის მთავარია, ტატამზე თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს.

– ყველაზე მეტად როდის სჭირდება გამხნევება?

– რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ. ასეთ დროს მაქსიმალურად ბევრს ვესაუბრები. თუმცა, არა მხოლოდ წაგების შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაშიც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ყოველთვის განვიხილავთ, რა და როგორ არის უკეთესი. მისმენს და ითვალისწინებს ჩემს აზრსა და რჩევებს. ანალოგიურად, მეც ყოველთვის ვითვალისწინებ მის აზრს.

როგორც უკვე გითხარით, ბევრ ტრავმას იღებს. შარშანაც ძალიან მძიმე ტრავმა ჰქონდა მხარზე და დაახლოებით, ნახევარი წელი გაუცდა. რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ არასდროს მიგრძნია, რომ დანებდა, რომ ხელი ჩაიქნია. ძალიან მოტივირებულია. ვარჯიში არ შეეძლო, მაგრამ ისეთი შემართება ჰქონდა, პირიქით, მეც მუხტს მაძლევდა ჩემი საქმისთვის. ძალიან მიხარია, რომ მის შრომას სხვებიც ხედავენ და უამრავ დადებით კომენტარს უწერენ.

– გამარჯვებების შემდეგ სოციალურ ქსელებში საოცარი მხარდაჭერა იგრძნობა ხოლმე...

– რა თქმა უნდა, მინდა, რომ ყოველთვის გამარჯვებული იყოს, მაგრამ როგორც არ უნდა დამთავრდეს შეჯიბრება, მე ჩემი მეუღლით ყოველთვის ამაყი ვარ. მან ყოველთვის იცის, რომ მე მის გვერდით ვარ. ეს სპორტია, ხან მოიგებ, ხან წააგებ. მხოლოდ სპორტი ხომ არ არის ცხოვრება, მას ისეთი ადამიანური თვისებები აქვს, რომ საამაყოა მის გვერდით ყოფნა. თუმცა, დიახ, გამარჯვების შემდეგ ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი მოდის ხოლმე, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

– როგორი მეორე ნახევარია?

– შესანიშნავი. ჩვენ ხუთი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. თავიდან ვმეგობრობდით, მერე ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ხუთი წლის თავზე კი ხელის თხოვნითა და დაოჯახებით დაგვირგვინდა.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– ჩემმა ბიძაშვილმა გამაცნო ვიდეოქოლის მეშვეობით. მაშინ კოვიდის პერიოდი იყო და სოციალურ ქსელში გვქონდა მიწერ-მოწერა. გამიმართლა, მაშინ თბილისში იყო შეკრებაზე და ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს. მერე ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. მერე და მერე კი ძალიან რთული იყო ჩემთვის, რადგან სულ წასული იყო, სულ შეჯიბრებები ჰქონდა და თითქმის არასდროს ეცალა. იმ პერიოდში ახალგაზრდებში მსოფლიო მოიგო და მახსოვს, ისეთ ემოციებში ვიყავი, ისე მიხაროდა, რომ მივხვდი, ის დანაკლისი, რაც იმის გამო მქონდა, რომ ხშირად ვერ ვნახულობდი და დროს ერთად ვერ ვატარებდით, ამ სიხარულმა მთლიანად შემივსო. მაშინ მივხვდი, რომ სირთულეებსა და განშორებებზე აღარ უნდა მეფიქრა, რომ პირიქით, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია უნდა მიმეცა მისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, მოტივაცია ისედაც არ აკლდა, მაგრამ იმ მომენტში კარგად ვიგრძენი, თუ რამდენად ვგულშემატკივრობდი. იმ პერიოდიდან დაიწყო მის კარიერაში მასშტაბური მოგებები და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ვამაყობდი მისით.

– როცა აქ არის, როგორ გამოხატავს სიყვარულს?

– საბა ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია. შეიძლება, თვითონ ამაზე გაეცინოს, იმდენად გადართულია ძიუდოზე, ფიქრობს, რომ ყურადღებას მაკლებს, მაგრამ ერთად განვლილ წლებს რეალურად რომ ვაანალიზებ, როცა საშუალება აქვს და როცა ჩემთან არის, მაქსიმალურად ცდილობს, გამაბედნიეროს.

– ხელი განსაკუთრებულ გარემოში გთხოვა...

– წელს, ზაფხულში, მოულოდნელად მითხრა, რომ სანტორინიზე უნდა წავსულიყავით დასასვენებლად. ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მეგობრებთან ერთად წავედით. ილია სულამანიძე და მისი შეყვარებული (ახლა უკვე მეუღლე) იყვნენ ჩვენთან ერთად. მე მითხრეს, რომ ილიას უნდა ეთხოვა ხელი შეყვარებულისთვის, მას უთხრეს, რომ ჩემთვის უნდა ეთხოვა ხელი საბას. ასე მოგვატყუეს გოგონები (იცინის). წავედით და ერთ დღეს ილიამ სთხოვა ხელი თავის შეყვარებულს, მეორე დღეს კი საბამ – მე. ძალიან ბედნიერი დღეები იყო.

– გარემოც განსაკუთრებული იყო...

– როგორც მერე გავიგე, ძალიან დიდხანს არჩევდა ადგილს ამისთვის. მოგეხსენებათ, ბიჭები ნაკლებად ერკვევიან მსგავს საკითხებში და მაქსიმალურად ეცადა, ყველაფერი იდეალურად გამოსულიყო. ყველაფერი მართლა იდეალური იყო. უზომოდ გამახარა და გამაბედნიერა.

– ცოტა ხნის წინ ხელიც მოაწერეთ. ოჯახური ცხოვრება როგორი აღმოჩნდა?

– ჯერ ვერ მოხერხდა, რომ ეს ახალი ეტაპი შეგვეგრძნო, რადგან სულ წასულია და ისევ ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა.

– ქორწილს გეგმავთ?

– წელს ფიზიკურად ვეღარ მოხერხდებოდა ქორწილის დაგეგმვა, თუმცა მომავალ წელს ვაპირებთ, ალბათ, უფრო გაზაფხულზე ან ზაფხულში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი