შოუბიზნესი

როგორი დეიდაა ლელა წურწუმია და რა პრობლემებს შეეჯახა იტალიაში სასწავლებლად ჩასული სანდრო წურწუმია

№49

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 15.12, 2021 წელი

სანდრო წურწუმია
დაკოპირებულია

მუსიკოსმა სანდრო წურწუმიამ კონსერვატორიის მესამე კურსიდან გადაწყვიტა, სწავლა იტალიაში გაეგრძელებინა. სანდრო მომღერალ ლელა წურწუმიას დისშვილია და როგორც ამბობს, ლელა და მამულიჩა მისთვის დეიდისა და ბიძის გარდა პროფესიონალები არიან, რომელთაგანაც ბევრს სწავლობს.

სანდრო წურწუმია: კონსერვატორიის სტუდენტებს გვაქვს შანსი, სხვა ქვეყანაში გავიღრმავოთ ცოდნა. მე გადავწყვიტე, იტალიაში გამეგრძელებინა სწავლა. ჩემი მონაცემები გავაგზავნე, საბედნიეროდ, თანხმობა მივიღე და რომში, სენტ-ლუსის მუსიკალურ კოლეჯში ვაგრძელებ სწავლას ელექტრონული მუსიკის განხრით. იტალიაში ამ მიმართულებით უძლიერესი კადრები ჰყავთ და ამ ქვეყანაზე ამიტომ შევაჩერე არჩევანი. ერთი სემესტრით ჩამოვედი, მაგრამ თუ მომეწონა და აქაურ სწავლას და ცხოვრებას ფეხი ავუწყვე, შესაძლოა, კიდევ გავაგრძელო. სამომავლოდ, მინდა, რაც შეიძლება, ბევრი კარგი ტრეკი დავწერო და ამისთვის შესაბამისი განათლება მივიღო.

– როგორია პირველი პერიოდი იტალიაში?

– პრობლემებით სავსე. საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემები შემექნა. ყველაფერს მიფინანსებენ – დაწყებული ბილეთიდან, დამთავრებული საცხოვრებლით, მაგრამ სახლი ფიზიკურად ვერ ვიპოვე. თურმე, რომში ბიჭ სტუდენტებზე სახლებს, ფაქტობრივად, არ აქირავებენ და რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. საბოლოოდ, როგორღაც მოვაგვარე ეს პრობლემა. ბიძაჩემისა და დეიდაჩემის ჩარევა მომიწია და მათი დახმარებით საკმაოდ კარგი სახლი ვიშოვე.

– ალბათ, ბევრმა იცის, რომ სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში. მუსიკა როდის გახდა აქტუალური?

– კალათბურთს ბავშვობიდან ვთამაშობ და ძალიან მიყვარს. თუმცა, პროფესიონალურ დონეზე გადასვლა არ მიფიქრია, რადგან სხვა ინტერესები მქონდა. რაც შეეხება მუსიკას, მასთან ახლო კავშირი ღრმა ბავშვობიდან მქონდა. თუმცა ენებს ვსწავლობდი და უცხო ენების განხრით ვაპირებდი განათლების მიღებას. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩავაბარე ინგლისურ ფილოლოგიაზე, მაგრამ ორი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრებაში მეტი „ექშენი“ მჭირდებოდა და კონსერვატორიაში გადავაბარე. დავიწყე ბენდში დაკვრა, მერე – დიჯეინგი და ტრეკების კეთება. აქ წამოსვლამდე მე და მაგდა ივანიშვილმა შევქმენით დუეტი, მამულიჩასთან ერთად ქავერებს ვაკეთებდით და 15-ამდე კონცერტი ჩავატარეთ.

– ლელასა და მამულიჩას სახით კარგი გუნდი გყავს, როგორი შემფასებლები არიან?

– იმის იმედი აქვთ, რასაც ვაკეთებ, რჩევებს მაძლევენ, ვცდილობ, მათთან ბევრი დრო გავატარო და ამ სფეროზე მეტი გავიგო. მამულიჩასთან უკვე დიდი ხანია, ვთანამშრომლობ. ბიძაჩემია, მაგრამ საქმიან თანამშრომლობას ვგულისხმობ. მისგან ბევრი ვისწავლე. ის და ლელა მუდმივად გვერდით მიდგანან.

– ლელა შენიშვნებს გაძლევს ხოლმე?

– თუ ძალიან სევდიანი მუსიკა დავწერე, ლელა მეუბნება, რა გატირებსო (იცინის). ხანდახან ძალიან გადავქანდები ხოლმე მელანქოლიისკენ, ჩემს სამყაროში და ლელა მეუბნება, ახლა ჩამოფრინდიო. თუმცა, მთლიანობაში მოსწონს ჩემი შემოქმედება. რომ არ მოსწონდეს, ალბათ, აქამდე არ მოვიდოდი, მის აზრს სულ ვითვალისწინებ და არა მხოლოდ დეიდაჩემისა და ბიძაჩემის, ჩემ უკან ბევრი ადამიანი დგას.

– რატომ არის შენი მუსიკა ძალიან მელანქოლიური? როგორც წესი, ამ ასაკში უფრო შემართებით არიან და ღრუბლებში დაფრინავენ...

– ღრუბლებშიც დავფრინავ, მაგრამ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია, განვლილი ცხოვრებიდან და ემოციებიდან გამომდინარე. ჩემს შემთხვევაში, იყო რაღაც ეტაპები, რამაც „დამასევდიანა“ და მისგან წამოსული ემოციების საფუძველზე შევქმენი ბევრი ტრეკი. თუმცა, მხოლოდ პირველი გავუზიარე მსმენელს. ყველა ემოციას თავის ფერი აქვს და მერე ეს ფერები გაწერინებს. მენატრებოდა რაღაც, ვიღაც, ემოციები, ადგილები და ალბათ, ეს მონატრება მაწერინებდა ასე. ახლა უფრო ტექნოსკენ მივდივარ და მინდა, ხალხს ჩემი მუსიკით, რაც შეიძლება, დიდი ენერგიის ამოხეთქვის საშუალება მივცე.

– რა მოხდა ისეთი, რამაც სევდიანი ტრეკები შეგაქმნევინა?

– გამიმართლა, ძალიან საინტერესო ხალხთან ერთად გავიზარდე, ოჯახი – თავისთავად, მაგრამ ამჯერად მეგობრებს ვგულისხმობ. პედაგოგების შვილების უბანში გავიზარდე და ყველა გარკვეული ნიჭით გამოირჩეოდა. ამიტომ ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა. ბედნიერი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაცები იცვლება, გიწევს რაღაცებზე უარის თქმა, ვიღაცებთან და რაღაცებთან დამშვიდობება და ეს ძალიან გამიჭირდა. ეს არ იყო ერთადერთი, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცვლილება მოხდა და ძირითადად, ეს იყო მიზეზი. თუმცა, ახლა სხვა ეტაპზე ვარ. ეს წარსულში დარჩა, გულსა და გონებაში სულ არის, მაგრამ იმდენად აღარ გტკივა.

– ლელა როგორია, როგორც დეიდა?

– ჩემი ყველაზე დიდი გამთამამებელი, ბავშვობიდან ასეა (იცინის). ოთხი ძლიერი ქალის გარემოცვაში გავიზარდე: დედა, ორი დეიდა და ბებია – ყველას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში. ლელას რაც შეეხება, სულ საქმეებში იყო და ჩვენ ყოველთვის საინტერესო დიალოგები გვქონდა. მომწონდა მისი საქმიანობა, სცენა, ხალხი. ძალიან ჯიგარია, როგორც დეიდა და პირველ რიგში, მეგობარია.

– შენს პროფესიას პოპულარობა მოაქვს. როგორ წარმოგიდგენია ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– პოპულარობა დიდად არ მაინტერესებს, შეიძლება, მარტო ვიჯდე, დავუკრა და უდიდესი სიამოვნება მივიღო. თან, მხოლოდ ეს პროფესია არ მაქვს, ჩემი ინგლისურის კურსები მაქვს და ვასწავლი. ბევრი სამუშაოა და უფრო ამაზე ვფიქრობ. რაც შეეხება პოპულარობას, ახლა ფილმში ვთამაშობ. ქართული ფილმია – „ცხრა ძმა“, მასზე ძალიან კარგი ხალხი მუშაობს და მე ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. იგეგმება ამ ფილმის „ნეტფლიქსზე“ გაშვება. პოპულარობას, ალბათ, აქედან უნდა ველოდე, მუსიკისგან უფრო სხვა რამეს ვიღებ – ენერგიასა და სიამოვნებას, მე ამ პროცესით ვტკბები.

– გამორჩეული გარეგნობა გაქვს და ამით ხშირად იქცევ ყურადღებას. ეს, ალბათ, სასიამოვნოა.

– ბავშვობიდანვე მივხვდი, რომ კარგი გარეგნობა კი კარგია – მარტივად იქცევ ყურადღებას და ისედაც სასიამოვნოა, როცა კარგად გამოიყურები, კარგად გაცვია, მაგრამ მე, პირადად, ცოდნა უფრო მიზიდავდა და სულ რაღაც საიდუმლოებებს დავდევდი. ვიზუალი ცოტა დამავიწყდა და ძალიან არ მომწონდა, როცა ჩემში გარეგნობას აქცევდნენ ყურადღებას, მე სხვა ღირებულებები მქონდა და ადამიანში დღემდე სხვა რამეს ვაფასებ. თუმცა, რაც დრო გადის, ვხვდები, რომ გარეგნობაც საკმაოდ მნიშვნელოვანია (იცინის). როცა გავიაზრე, რომ გარეგნობით ყურადღებას ვიქცევდი, მივხვდი, რომ კარგი გარეგნობა მქონდა და მაშინვე გავიფიქრე, რა მაგარი იქნება, ამას კარგი ცოდნა რომ დავამატო და ორმაგად მაგარი ვიქნები-მეთქი. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ მაინტერესებს როგორ გამოვიყურები და რა მაცვია. დეიდაჩემი სულ მეჩხუბება ამის გამო – ეს ჩაიცვი, ის გაისწორე და მერე ვხვდები, რომ მართალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა