შოუბიზნესი

როგორი დახვედრა მოუწყვეს „ევროვიზიიდან“ დაბრუნებულ მარიამ ბიგვავას და რატომ ემალებოდა გიგა კუხიანიძე ბავშვების ცრემლებს

№51

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 26.12, 2022 წელი

მარიამ ბიგვავა
დაკოპირებულია

საიუბილეო, რიგით მე-20 „საბავშვო ევროვიზია“ 11 დეკემბერს გაიმართა და წელს მას სომხეთის დედაქალაქმა, ერევანმა უმასპინძლა. ფინალურ შოუზე მაყურებელმა წინა წლების გამარჯვებულებიც იხილა, მათ შორის, ქართველი შემსრულებლები, ჯგუფი „ბზიკები“, ჯგუფი „ქენდი“ და მარიამ მამადაშვილი. „ევროვიზიაზე“ საქართველო 2007 წლის შემდეგ, ყოველ წელს მონაწილეობს და ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც სამჯერ მოიგო კონკურსი – 2008, 2011 და 2016 წელს.

წლევანდელი „საბავშვო ევროვიზია“ კი, საფრანგეთის ტრიუმფით დასრულდა - 13 წლის შემსრულებელი - ლისანდრო საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახდა. ჩვენმა 12 წლის წარმომადგენელმა, „პირველი არხის“ პროექტის „რანინას” გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ, ჟიურის მეორე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, თუმცა ხმების ქულების რაოდენობით, მესამე ადგილზე გავიდა. მარიამ ბიგვავას საკონკურსო სიმღერის ტექსტის ავტორები ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანობი არიან, სცენის პერფორმანსის კოსტიუმების მხატვარი მარიკა ქურდუბაძეა, ხოლო სასცენო დადგმა ეკუთვნის „ბზიკების სტუდიას“ და რეჟისორს, გიგა კუხიანიძეს. ჩვენ სწორედ გიგა კუხიანიძესა და მარიამ ბიგვავას დავუკავშირდით და კონკურსის შიდა ამბები გამოვკითხეთ.

გიგა კუხიანიძე: წლევანდელი „საბავშვო ევროვიზიის“ შოუ ჩატარდა ერევანში 11 დეკემბერს. ჩვენ გავემგზავრეთ 3 დეკემბერს. 20 წლის იუბილე იყო და მოწვეული ჰყავდათ ის კონკურსანტები, ვინც მოიგო „ევროვიზია“ ბავშვებში. ანუ, ჩვენგან იყო წარდგენილი სამი გამარჯვებული - „ბზიკები“, „ქენდი“ და მარიამ მამადაშვილი. დიდი ფურორი ფურორი მოახდინეს, როცა უკვე გაზრდილები ნახეს სცენაზე ჩვენი მოგებული კონკურსანტები - იყო უამრავი ინტერვიუ. სხვათა შორის, საქართველო დღემდე ინარჩუნებს რეკორდს - სამჯერ გვაქვს მოგებული „ევროვიზია“ და ეს ჯერ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო. წლევანდელი კონკურსანტი, მარიამ ბიგვავა, არაჩვეულებრივად გამოვიდა, შესრულების უმაღლესი ხარისხი დადო და ამით ძალიან ვამაყობ. უდიდესი შრომა ჩაიდო მარიამში და ბავშვმა ყველაფერს უმაღლესად გაართვა თავი. ყველაფერი გააკეთა, რომ გვეამაყა და ასეც მოხდა. თუმცა, მივიღეთ მესამე ადგილი. გამარჯვებისთვის ძალიან ცოტა გვაკლდა, არ გვეყო მაყურებლის ხმები. ეს არაა გასაკვირი, რადგან პატარა ქვეყანაა და ვერ ვაჯობეთ საფრანგეთსა და სომხეთსაც, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ხმების მოგროვებით.

- მარიამის გვერდით იდგა ოთხი ულამაზესი მოცეკვავე გოგონა. ვინ არიან ისინი?

- დიახ, მარიამთან ერთდ, სცენაზე იდგა ოთხი ულამაზესი გოგონა - „ბზიკების“ სტუდიიდან: თიკუნა ჩხეიძე და ლიზი კვირკველია და თეა გობეჯიშვილის სტუდიიდან: სესილი ახობაძე და ბარბარე წვერავა. მადლობა მინდა თეა გობეჯიშვილს გადავუხადო, რადგან, როცა კი მჭირდება ნიჭიერი, კარგი მოცეკვავეები, ის ყოველთვის გვეხმარება და გვერდით გვიდგას. წელსაც ულამაზესი და უნიჭიერესი გოგონები იყვნენ, მათ ჩაცმულობაზე კი ტრადიციულად იზრუნა ჩემი გუნდის წევრმა, მარიკა ქურდუბაძემ. სიმღერა ჩემია და მას ჰქვია „მე მჯერა“.

მარიამი ბიგვავა: აქედან საოცარი განწყობითა და უმაღლესი შეფასების მოლოდინით წავედით. ვცდილობდით, ყველანაირად ღირსეულად წარგვედგინა საქართველო და ვფიქრობ, გამოგვივიდა. ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი სცენა. ჩემი ოცნება იყო ასეთ ლამაზ სცენაზე დგომა და ეს ოცნებაც ამიხდა.

- მართალია, როცა მესამე ადგილი გამოაცხადეს, ჩვენმა გოგონებმა იტირეს?

გიგა: ნამდვილად ასე იყო (იცინის). მართალია, მესამეც საპრიზო ადგილია, მაგრამ ბავშვებს გული დასწყდათ. ასეთი სიტუაცია არასოდეს ყოფილა. ფაქტობრივად, კონკურენტი არ ჰყავდათ ბავშვებს. 16 ქვეყნიდან მართლა საუკეთესოები იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები და ამაში ბევრი დამეთანხმება. იმდენად დარწმუნებული ვიყავით ყველა - დელეგაციაც და მაყურებელიც ამათ გამარჯვებაში, წინასწარ გვილოცავდნენ და ბავშვებიც დარწმუნებულები იყვნენ. ძალიან ეტკინათ გული, თუმცა ავუხსენით სიტუაცია და დამშვიდნენ.

მარიამი: მართალია, მესამეც ღირსეული ადგილია და მიხარია, რომ საუკეთესო სამეულში გავედით, მაგრამ ჩვენ პირველს ველოდებოდით და ცოტა ვიტირეთ. მე იცით, უფრო რატომ ვიტირე? ბოლო დღე რომ იყო, ემოციით დატვირთული ვიყავი და ვიცოდი, საოცარი მოგზაურობა უნდა დასრულებულიყო. სანამ ვიმღერებდი და გამარჯვებულს გამოაცხადებდნენ, მანამდე მქონდა ყველაფერზე გული აჩუყებული. ამიტომ, მთელი ეს ემოცია დღის ბოლოს ცრემლის სახით გამოვუშვი (იცინის). მოცეკვავე გოგონებიც რომ დავინახე გულიანად ტიროდნენ, თავი ვერ შევიკავე და მეც ამეტირა.

გიგა: ამ შემთხვევაში, როცა ბავშვი განიცდის, მიჭირს დამშვიდება. ამ დროს ნათია უზნაძე ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებს სიტუაცია აუხსნას და დაამშვიდოს, დააწყნაროს. მე კი ვიმალები, არ შემიძლია ამ ბავშვების ტირილის ყურება, გული მისკდება. თუმცა, მაინც მომიწია მისვლა და მათი ჩახუტება. მარიამი რომ ჩამეხუტა, მეკითხებოდა: მითხარი ხომ კარგად ვიმღერეო (იცინის). ნერვიულობდა, მე რა აზრის ვიქნებოდი. არადა, მართლა საუკეთესო გამოსვლა და შესრულება ჰქონდა.

- და, რა ემოციით დაბრუნდით საქართველოში?

- საოცარი ემოციით დავბრუნდით თბილისში მთელი დელეგაცია. პირველი არხის შენობასთან დაგვხვდა გულშემატკივრების მთელი არმია, თანამშრომლები, „რანინას“ მონაწილეები. ყველანაირი გულისტკენა გაქრა და თავის ქვეყანაში თავი დაფასებულად იგრძნეს.

მარიამი: ულამაზესი და ბრჭყვიალა დახვედრა მოგვიწყვეს, თავისი ტორტით, კანფეტებითაა და ფოიერვერკებით. თან, ჩემი სიმღერა ისმოდა.

- რა შეცვალა შენთვის ამ შვიდმა დღემ და კონკურსმა, როგორც შენ აღნიშნე - ამ ზღაპრულმა მოგზაურობამ ერევანში?

- ამ კონკურსმა ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის. პირველი ის, რომ ამ შვიდ დღეში ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე უცხოეთში. მეორე კი ის, რომ ამ კონკურსმა სტიმული მომცა, უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემმატა და უკვე აღარ მეშინია დიდ სცენაზე გასვლის, როცა მთელი მსოფლიო გიყურებს. ასე რომ, მომავალი უკვე დაგეგმილი მაქვს - დიდ სცენაზე დავდგე და მსოფლიომ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გამიცნოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა