შოუბიზნესი

როგორ ვერ შეაჩერა ლადო ჯანელიძის სიყვარული სტიქიურმა უბედურებებმა და რა თავგადასავლები აქვთ მასა და მის მეუღლეს

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

ლადო ჯანელიძე
დაკოპირებულია

მომღერალ ლადო ჯანელიძის ცხოვრებაში ძალიან კარგი ამბები ხდება. შესანიშნავი სიახლეები აქვს როგორც შემომედებით ცხოვრებაში, ისე პირადში. დეტალებს კი მისგან გავიგებთ.

ლადო ჯანელიძე: ბოლო პერიოდში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, ყველაფერი გასაოცრად მიდის. სარკეში ჩემს თავს რომ ვუყურებ, სულ სხვა ადამიანი ვარ – შვილმა, რომელიც სამი თვის არის, ძალიან შემცვალა. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან კარგი მამა ვარ. ჩემი დილა დილის 7 საათიდან მასთან ერთად იწყება.

– როდის დაიწყო ეს კარგი ამბავი?

– პანდემიის დროს ყველაზე რთული პერიოდი ჩემთვის საუკეთესო აღმოჩნდა. მაშინ შევხვდი ჩემს მეუღლეს – ციცი მამალაძეს. ციცი ერთ-ერთ მოლში გავიცანი. მე მეგობარმა წამიყვანა გახსნაზე, როგორც ღონისძიების წამყვანი. ციციმ მომაწოდა ერთი ფურცელი, მეორე და ზედაც არ ვუყურებ, ვინ არის, ჩემი საქმით ვარ დაკავებული და ბოლო ფურცელზე რომ მივედით და ავხედე, მაშინვე მივხვდით, რომ „ის ის იყო და მე მე ვიყავი“ (იცინის). მეორე დღეს რომ მივედი მათთან სამსახურში, სტუმრად, უკვე შეყვარებულები ვიყავით. მისმა თანამშრომლებმა გვითხრეს, კი მაგრამ, გუშინ გაიცანით ერთმანეთი და დღეს შეყვარებულები როგორ ხართო?! ასე მოხდა.

– როგორ?

– არ ვიცი, ბევრს ვწერდით ერთმანეთს და ერთ ღამეში ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ. ორივეს გვიყვარს სპონტანურობა. არასტანდარტულები ვართ. იმდენად სხვები ვართ სხვებისთვის და ერთნი ერთმანეთისთვის, რომ ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. გვეუბნებიან, ერთმანეთს ჰგავხართო. როდესაც წყვილი ერთმანეთს ჰგავს, ესე იგი, სწორი არჩევანია გაკეთებული, ეს ყველაზე ნაღდია.

– როგორი იყო შეყვარებულობის პერიოდი?

– ჩვენი შეყვარებულობის პერიოდიდან ძალიან ბევრი კურიოზი მახსენდება, ყველაფერი ძალიან მაგარი იყო. ერთხელ მის სამსახურში გვიანობამდე შევრჩი, ერთ-ერთი მაღაზია იყო და ისე მოხდა, რომ დაიხურა კარი და ვეღარ გამოვდივართ, დაცვა დადის ფანრებით. შიგნით ვართ და ვერ გადავაადგილდებით. ერთადერთი შანსი გვქონდა, თავი მანეკენებად გაგვესაღებინა, ყოველი ორი ნაბიჯის გადადგმაზე გაშეშება გვიწევდა (იცინის). მთელი ღამე გავათენეთ. დილა გათენდა, ჟალუზი გახსნეს და ჩვეულებრივად გამოვედი გარეთ, დაცვას თანამშრომლები ვეგონეთ.

კიდევ ერთი მახსენდება, პანდემიის დროს, კომენდანტის საათები რომ გვქონდა დაწესებული, ბარიდან ცოტა ნასვამები გამოვედით. შემთხვევით მეგობრის მანქანის გასაღები გამომყვა. ჩემი მეგონა, მას ჩემი ჰქონდა. უკვე ძალიან ვაგვიანებთ, სახლებში უნდა წავიდეთ, თორემ დავჯარიმდებით. მოვიდა ერთი ბარმენი და გვეუბნება, წამოდით, ჩემთან დარჩით, „პადვალში“ მოგათავსებთო (იცინის). ჯარიმა არ გვინდოდა, მაგრამ არც „პადვალი“ (იცინის). ვიდექით და ველოდით ღვთისნიერ ადამიანს. კაციშვილი აღარ დადიოდა გარეთ, მხოლოდ ერთადერთი ტაქსი მოძრაობდა თბილისში და სწორედ მან გამოიარა და წამოგვიყვანა. ასე გადავრჩით ჯარიმასაც და „პადვალსაც“.

– როგორც ვხვდები, ხალისიანი მუხტით არის სავსე თქვენი ურთიერთობა.

– კი და ის ჩემი ძალიან მაგარი მეგობარია. პირველ რიგში, მეგობრები ვართ. მე ვფიქრობ, რომ სხვანაირად არ არსებობს კარგი ურთიერთობა. მეგობრობის გარეშე სიყვარული ვერ არის სრული.

– თავგადასავლებიც გიყვართ...

– კი, მაგალითად, ხელის თხოვნასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან სათავგადასავლო ისტორია. ამას რომ ვყვები, მეშინია ხოლმე (იცინის). ბათუმში წავედით და დავგეგმეთ, რომ სანაპიროზე, ლამაზ გარემოში მეთხოვა ხელი. დავბინავდით სასტუმროში, მეთოთხმეტე სართულზე. სიმაღლის მაგრად მეშინია და ამ დროს, ტელევიზორში ვუყურებ, რომ თურქეთი ინგრევა მიწისძვრისგან. ეს ის პერიოდია, როცა იქ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გადის დრო და ცოტა შეგვაქანა. თურმე, საქართველოსკენაც წამოვიდა ბიძგები. ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა და ციცის ვკითხე. არ გეჩვენება, მეც ვიგრძენიო, მითხრა. გადავიხედეთ ფანჯრიდან და ვხედავთ ამწეირხევა „გიჟივით“. საეჭვო აღარაფერი იყო და ჩქარა, წავედით-მეთქი. ჩემი მეუღლე დადგა და ალაგებს ჩემოდანს. ეს სად ჩავდოო? მოდი, ეს ჩამადებინეე – ხან რას მეუბნება, ხან რას და... რა დროს ჩალაგებაა, ჩქარა-მეთქი და შორტებით გავიქეცით (იცინის). ჩამოვაღწიეთ დაბლა, დამთავრდა რყევები და ვფიქრობთ, რა ვქნათ ტანსაცმელზე, როგორ ჩამოვიტანოთ, ხომ ვიცით, რომ მიწისძვრას გამეორება სჩვევია. ველოდეთ, ველოდეთ და რომ აღარაფერი მოხდა, ხელჩაკიდებულები ავედით ტანსაცმლის ჩამოსატანად.

– ხელის თხოვნაზე კი არა, ალბათ, გადარჩენაზე ფიქრობდით...

– კი, აღარ ვიცოდით, ღამე სად წავსულიყავით. ბაკურიანში გადავწყვიტეთ წასვლა, მაგრამ იქ გამთენიისას ჩავიდოდით. ფოთში გვინდოდა გადასვლა, მაგრამ იქ სასტუმრო ვერ ვნახეთ, თუმცა იმხელა ხანძარი იყო, გული გაგვისკდა. ვესტერნის ტიპის ფილმებში რომ ბარებია, წვერებიანი ბარმენით, მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდით და იქ დარჩენა შემოგვთავაზეს, მაგრამ იქიდანაც გამოვიქეცით (იცინის). ბოლოს ქუთაისში გადავწყვიტეთ წასვლა. ისეთი ქარი იყო, ისეთი, რომ მანქანა ირყეოდა. მიწისძვრას გადავურჩით, ხანძარს და ახლა ეს ქარი, უკვე აღარ ვიცოდით, რა გვეფიქრა ან გაგვეკეთებინა. ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი, რამდენი სტიქიური უბედურებაც არ უნდა შეგვხვდეს, ხელი უნდა ვთხოვო, ამისთვის ვართ წამოსული. რაც დაგეგმილი მქონდა, ყველაფერი ჩაიშალა, მაგრამ რაღაც უნდა მოვიფიქრო-მეთქი. ბოლოს, ქუთაისში რომ შევედით, წრესთან, სადაც წარწერაა – „მე მიყვარს ქუთაისი“, მომეწონა ეს ადგილი და ციცის ვეუბნები, მაგრად მინდა აქ სელფის გადაღება-მეთქი, არადა, ქუთაისთან არანაირი შეხება არ მაქვს და ამ წარწერის ფონზე, სელფის გადაღებისას ვთხოვე ხელი.

– ოჯახურ ცხოვრებაში რა აღმოჩენები გააკეთეთ?

– ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა, შეიძლება, უკეთესიც. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჟურნალში უნდა დაიბეჭდოს, ოჯახური ცხოვრება იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ეს შეყვარებულობის დროს წარმომედგინა. ბავშვმა ხომ საერთოდ გაგვიხალისა ცხოვრება.

– პატარას დაბადებას როგორი ემოციებით შეხვდი?

– სიხარულისგან ვიტირე. ვიღაც კაცი ავიყვანე ხელში, ჩავეხუტე, მიყვარხარ-მეთქი, ვეძახდი. დაცვასთან მივედი, შენთან ერთად უნდა დვალიო-მეთქი. მაღაზიაში შევედი, ვიღაცები დავპატიჟე. ოღონდ ეს ყველაფერი მე მეორე დღეს გავიგე (იცინის). უბანში რომ შევედი და ვიღაცებმა მითხრეს: ვა, ლადო, როგორ ხარ, დღეს არ გავაგრძელოთო? და ამ დროს ვფიქრობ, ნეტავ ვინ არიან?! (იცინის)

– პირველი შვილი უკვე დიდია, რამდენი წლის იყავი პირველად რომ მამა გახდი და რა სხვაობაა ორ სხვადასხვა ასაკში მამობას შორის?

– ჩემი უფროსი შვილი 16 წლისაა. როცა ის დაიბადა, მე 22 წლის ვიყავი. სამი წელია, რაც მეორედ ვიქორწინე. ახლა 41 წლის ვარ. მეორედ ამ ასაკში გავხდი მამა. სხვაობა ძალიან დიდია. ასაკთან ერთად ადამიანი ღვინდები, სხვა ფასეულობები ღვივდება შენში და უფრო პრაგმატულ გადაწყვეტილებებს იღებ, ვიდრე მიიღებდი 22 წლის ასაკში, როდესაც ცხოვრებით ხარ განებივრებული, პოპულარობით სარგებლობ და გარშემო ხალხი გახვევია, გოგოები დიდ ყურადღებას იჩენენ და ასე შემდეგ. არ მინდა ხმამაღალ ნათქვამად გამომივიდეს, მაგრამ ასე იყო. 41 წლის ასაკშიც რომ იგივენაირად მქონდეს ყველაფერი, მაინც ისეთი მამა და მეუღლე ვიქნებოდი, როგორც ახლა ვარ.

– პროფესიაში რა საიხლეებია?

– ჩემს რეპერტუარს ერთი სიმღერა შევმატე. რომ ვთქვა, ამით ვცხოვრობ-მეთქი, ტყუილი გამომივა. პარალელურად, კონცერტები მაქვს სხვადასხვა დღესასწაულზე. მეძახიან როგორც მომღერლის, ისე წამყვანის ამპლუაში. ასევე, დავაარსეთ „ნუცას სკოლა“, რომლის მფლობელიც გახლავართ მე და მამიდაჩემი, ნუცა ჯანელიძე მყავს მუსიკალურ ხელმძღვანელად. რა თავხედი ვარ, მე თვითონ ნუცას სკოლაგამოვლილი რომ მფლობელი ვარ და მამიდა – მუსიკალური ხელმძღვანელი?! (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა