შოუბიზნესი

როგორ უთავსებს ბიგ თიკო რეპსა და სილამაზის ინდუსტრიას ერთმანეთს და როდის არ ზოგავს ის საკუთარ თავს

№44

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 06.11

ბიგ თიკო
დაკოპირებულია

რატომ აღარ ჩანს ისე აქტიურად ბიგ თიკო, რა არის მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რით არის დაკავებული ახლა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – დარწმუნებული ვარ ამ კითხვებზე პასუხი რეპერი ქალისგან ბევრს გაინტერესებთ.

ბიგ თიკო: შემდეგი ერთი წელი ჩემთვის ტრანსფორმაციის წელი იქნება. ცვლილებებს ვგეგმავ, როგორც ფიზიკური, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით. მინდა, ცოტა დავისვენო და გადაფასებული ფასეულობებით შევხედო ცხოვრებას, უკეთ გავიაზრო, რა მინდა, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ყველაფრის გამო, რაც აქამდე იყო. განვლილი გზა მე მაბედნიერებს.

– კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობ?

– მინდა, შემოქმედებითად სხვა ფორმით წარვდგე მსმენელის წინაშე. მგონია, რომ ჯერ ჩემი მთავარი სათქმელი არ მითქვამს ჩემი მსმენელისთვის და მინდა, ეს გავაკეთო.

ვიზუალური თვალსაზრისითაც ვგეგმავ ცვლილებებს. მინდა, უკეთესობისკენ განვიცადო ტრანსფორმაცია. ახალი იმიჯის მორგებას ვაპირებ. ყველაფერს წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ვცდილობ, ბიგ თიკოდან მედიუმზე გადავიდე (იცინის).

– რაც შეეხება ახლანდელ საქმეებს?

– დაახლოებით ოთხი წლის წინ, ქალაქ რუსთავში ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთე „სილამაზის მუზეუმი ბიგ თიკოსგან“. ძალიან დიდი და ლამაზი სალონი, სადაც მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები შევკრიბე და სილამაზის სფეროში ვსაქმიანობთ. მე უკვე 15 წელია, რეპერობის პარალელურად, ვიზაჟის სფეროშიც ვარ დაკავებული, პროფესიონალი ვიზაჟისტი ვარ. შესაბამისად, ამ საქმეს ძალიან კარგად ავუღე ალღო და დღეს ამ მცირე ბიზნესში ვსაქმიანობ. გაჩერებას არ ვაპირებ, დინებას მივყვები, გაფართოებასაც ვაპირებ. ვცდილობ, მეტი ვისწავლო და სხვა სფეროც ავითვისო, მაგრამ სცენა და სიმღერა ჩემთვის მაინც მთავარი კომფორტის ზონაა. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ სიმღერასა და ვიზაჟს ძალიან კარგად ვუთავსებ ერთმანეთს. მეიქაფს სულ სიმღერ-სიმღერით ვუკეთებ ხალხს (იცინის). ამასთან ერთად, ვხელმძღვანელობ კიდეც ამ საქმეს, ადმინისტრატორიც ვარ და ყველაფერს მშვენივრად ვართმევ თავს. ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ.

– როგორც თქვი, გარდა წლევანდელი ზაფხულისა, კონცერტებში აქტიურად იღებ მონაწილეობას ლექს-სენთან ერთად, მაგრამ ეკრანზე არ ჩანხარ და ალბათ, ბევრი გეკითხება, სად დაიკარგეო...

– ვისაც ვენატრები, მპოულობს, მწერენ და კომუნიკაციაზე უარს არავის ვეუბნები. რაც შეეხება ტელევიზიებს, ეს იმხელა დოზით იყო ჩემს ცხოვრებაში, ახლა თუ რამე საინტერესო პროექტი არ არის, ერთსა და იმავეზე საუბარი უკვე დამღლელია. არ შეიძლება, 23 წლის განმავლობაში ისაუბრო იმაზე, რომ პირველი ქალი რეპერი ხარ, რატომ დაირქვი ბიგ თიკო და სად გაიცანი ლექს-სენი. სულ ამას არ უნდა გეკითხებოდნენ. არ ვამბობ, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ მე უკვე მეუხერხულება ერთსა და იმავეზე საუბარი და ამიტომ ძალიან ხშირად მითქვამს უარი ეკრანზე გამოჩენაზე, თუ რამე კონკრეტული და საინტერესო თემა არ არის.

რაც შეეხება კითხვებს, წლევანდელ კონცერტებზე რომ არ ვჩანდი, ბევრი მწერდა, რატომ არ ხარ, გელოდებოდითო. ამას თავის მიზეზები ჰქონდა და შემდეგი წლიდან შევეცდები, ყველას მოვეფერო ახალი იმიჯით, ახალი პლატფორმიდან და უფრო აქტიურ ფორმატში. სიახლეები არის საჭირო სიმღერებშიც და ვეცდები, ამ მხრივაც ავუწყო ფეხი თანამედროვეობას.

– გაქვს იმ პერიოდის ნოსტალიგია?

– ვარსკვლავობის? რომ გითხრათ, ნოსტალგია-მეთქი – არა, მაგრამ ყველაფერი ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. არაფერს მივტირი, ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაფერი იყო და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ უფრო პროდუქტიული ვიქნები, ვიდრე აქამდე. მაშინ ფანობა კიდევ უფრო სხვანაირად გამოიხატებოდა. სოციალური ქსელების დამსახურებით, დღეს ყველაფერი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ მონატრების განცდა აღარ არსებობს. მაშინ სხვა დრო იყო და ის, რაც დამალული და ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, უფრო აინტერესებდათ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ადამიანებს თუ უყვარხარ, თავი უნდა მოანატრო. ძალიან დიდი დოზით მე პირადად არავის ვუყურებ.

რომ გადახედავ განვლილ გზას, თუნდაც ის პრეცედენტი, რომ პირველი ქალი რეპერი ხარ, თუნდაც ის, რომ ერთ-ერთი პირველი იყავი, ვისაც ეს ქარცეცხლი დაატყდა თავს, მაგრამ ამავე დროს დიდი პოზიტივიც მახარებს. როცა გამორჩეული და განსხვავებული იყავი, ისეთ მუსიკოსებთან გქონდა ურთიერთობა, რომლებიც მაშინ ქუხდნენ და რომელთა სიმღერებიც დღემდე ჰიტებია, ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოდ გასახენებელია და მინუსს ვერ მოუძებნი. საქართველოში ვინმემ თუ თქვა, რომ ვარსკვლავობით შეწუხდა, მე პირადად, ძალიან გამეცინება. არა მგონია, რომ ვინმეს სახლში უვარდებოდნენ და ვინმეს გამო სახეს იხოკდნენ. მე არასდროს ვყოფილვარ ჩაკეტილი, რომ ჩემამდე რთული ყოფილიყო მოსვლა. თავიდან იყო პროდიუსერული გათვლები, არ ვჩანდი და ეს მეტ ინტერესს იწვევდა და ხელოვნურად იყო შექმნილი, მაგრამ მე თვითონ პიროვნულად ყველასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა, მათ შორის იმ რეპერებთან, ვისაც პირველობაზე ჰქონდა პრეტენზია. მე არასდროს მქონია პირველობაზე პრეტენზია. ერთადერთი ფაქტი, რასაც ვერ გავექცევით, იყო ის, რომ პირველი რეპერი ქალი ვიყავი. დანარჩენი სხვა, პირველობა განვლილი გზითა და მსმენელამდე მიტანილი შემოქმედებით ფასდება. რაც შემიძლია, ვთქვა ისაა, რომ სცენაზე ბოლომდე ვიხარჯები. იმდენად, რომ ერთ-ერთი კონცერტის დროს, სცენიდან რომ ჩამოვედი, გონება დავკარგე. საკუთარ თავს არ ვზოგავ. როცა ადამიანი შენს მოსასმენად მოდის, ყველაფერი ბოლომდე უნდა გასცე.

– ოჯახი, შვილი – ამაზეც ვისაუბროთ.

– ეს ყოველთვის ყველაზე პრიორიტეტულია. ჩემი ოჯახის მდგომარეობა განსაზღვრავს ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მყავს 13 წლის ბიჭი – მათე, რომელიც ძალიან კარგი შვილია, თბილი და მოსიყვარულე. არის სირთულეებიც, თაობებს შორის არსებული დილემების გამო, მაგრამ ერთად ვცდილობთ მოგვარებას. ყველაფერზე ვსაუბრობთ, ვმეგობრობთ, მაგრამ დედაშვილობის ზღვარს არ ვარღვევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა