როგორ უსრულდება ყველა სურვილი ეკატერინე ტუღუშს და რატომ ბეზრდება მას ახალი წელი ორ დღეში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00
როგორ ხვდება ინფლუენსერი ეკატერინე ტუღუში ახალ წელს, როდის ბეზრდება მას დღესასწაულებისთვის დამახასიათებელი ორომტრიალი და როგორ უხდება ყველა სურვილი, ამაზე მისგან შევიტყობთ.
ეკატერინე ტუღუში: ახალი წელი გამორჩეული დღესასწაულია, თუმცა, ვიტყოდი, რომ ბავშვობაში უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე დღეს. ნაძვისხე, განათებები, ბრჭყვიალა გარემო – ეს ყველაფერი მაშინ უფრო მიზიდავდა. ბოლო სამი წელია, ნაძვისხის მორთვასაც ვერ ვახერხებ, რადგან ამ დღეს სულ გარეთ ვხვდები.
მიყვარს 31 დეკემბერი და 1 იანვარი, როცა ყველა საოცარ ხასიათზეა, ერთმანეთს ვულოცავთ, გარემოც განსაკუთრებით ლამაზია, მაგრამ მერე ეს ყველაფერი რომ ნახევარი თვე გრძელდება, უკვე ძალიან გაწელილი მგონია და აღარ მომწონს. ყველგან ერთნაირი საკვები, ერთი და იგივე სიტუაცია, ერთი და იგივე სურნელი და უკვე ძალიან ბევრია (იცინის). ჩემთვის ის ჯადოსნური გარემო ორი დღითაც საკმარისია.
– ბოლო სამ წელიწადში რა შეიცვალა?
– სხვანაირად ვხვდები ამ დღეს, ზოგჯერ მეგობრებთან ერთად ღია ცის ქვეშ, ზოგჯერ ქალაქგარეთ გავდივართ. რადგან მე მხოლოდ ორი დღით მომწონს ეს ყველაფერი. სახლში რომ ვბრუნდები, აღარ მაქვს სურვილი, რომ მერე დავდგა ნაძვისხე და სახლი მოვრთო. ამიტომ ბოლო სამი წელი პატარა გრინჩივით ვიქცევი (იცინის).
– საერთოდ არ რთავ ნაძვისხეს?
– არა (იცინის). მე არ მივეკუთვნები ამ ადამიანების კატეგორიას, ნოემბრის ბოლოდან რომ იწყებენ სახლის მორთვას. ძალიან მიყვარს ეს პროცესი, მაგრამ უშუალოდ 31 იანვარს, მაშინ, როცა სახლში თან გოზინაყი მზადდება, საცივთან და სხვა საახალწლო კერძებთან ერთად. მთელი ეს რიტუალები ერთად მგონია ყველაზე შთამბეჭავი და არა ცალ-ცალკე. რადგან ბოლო წლებში სახლში აღარ ვხვდები ამ დღეს, დაბრუნებულს უკვე მობეზრებული მაქვს ახალი წელი და საერთოდ აღარ ვდგამ ნაძვისხეს. 2-ში და 3-ში კი აღარც არის ამის დრო. სადაც ვხვდები, იქაც აუცილებლად საახალწლო განწყობა, ნაძვისხე და ბევრი სიბრჭყვიალეა, ამიტომ სახლში იმავეს გაკეთების სურვილი აღარ მაქვს.
ბავშვობაში თოვლის ბაბუს არსებობის რომ მჯეროდა, მაშინ უფრო მქონდა სურვილი, რომ ნაძვისხე დამედგა, საჩუქრების დასადებად ადგილი ხომ უნდა ჰქონოდა?! (იცინის)
– საახალწლოდ, სურვილების ჩაფიქრების რიტუალი თუ გაქვს?
– ძალიან მიყვარს ბედობა. მჯერა, როგორც გავატარებ ამ დღეს, ზუსტად ისეთი წელი მექნება. ძალიან მიყვარს სურვილების ჩაფიქრებაც. მარტო ახალ წელს არა, მაგალითად, ჩემს დაბადების დღესაც, ზუსტად ვიცი, რა უნდა ვთხოვო ჩემს სანთლებს ტორტის ჩაქრობისას (იცინის). დეკემბერში ეკატერინობა აღინიშნება და ამ დღესაც ისე აღვნიშნავ, როგორც ჩემს დაბადების დღეს. გამოდის, რომ წელიწადში სამი დღე მაქვს სურვილების ჩასაფიქრებლად (იცინის).
– აკვირდები ხოლმე, გისრულდება თუ არა?
– მისრულდება და ალბათ, ამიტომაც მაქვს ამხელა მოტივაცია, რომ ახალ-ახალი სურვილები ჩავიფიქრო.
– არ ივიწყებ და მუდმივად იბრძვი ამ სურვილების ასასრულებლად თუ ეს თავისთავად ხდება?
– თუ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვები და ბევრს იშრომებ, ყველაფერი მიღწევადია. თავდადებით ყველაფერს გააკეთებ. მე თუ ვიბრძოლე იმისთვის, რომ სურვილი და ოცნება ამიხდეს, გამოდის, რომ სურვილი არც ყოფილა, ეს უკვე შრომის შედეგია. ამიტომ მე ისეთი სურვილები მაქვს, რაც შეიძლება, ამის გარეშე გამოვიდეს, რაც კონკრეტულ მომენტში მინდა. წლის ბოლოს რომ ვიხსენებ ხოლმე, რა ჩავიფიქრე, ვხვდები, რომ 80 პროცენტი შემისრულდა. თავისით, ხელის გაუძრევლად. ეს ძალიან მიხარია და სამყაროსი უზომოდ მადლობელი ვარ. ყველაფერი ისე ლაგდება ხოლმე, რომ ასე მოხდეს. ალბათ, იმიტომ, რომ ბოროტი სურვილები არ მაქვს. მათი ასრულებით სხვა არ დაზარალდება. ვფიქრობ, ამიტომაც მიხდება.
– როგორ ჩაიფიქრებ ხოლმე, რომ 80 პროცენტი გისრულდება?
– არ ვიცი (იცინის). ფსიქოლოგიური მომენტი მგონია. წარმოსახვა მეხმარება. როცა რაღაც მინდა, თითქოს ნათლად ვხედავ, ვიზუალიზაციას ვახდენ – „რა კარგი იქნებოდა, ასე რომ იყოს“ და წარმოვიდგენ, რაც მინდა. ალბათ, ამ გზით სამყაროში ვუშვებ შესაბამის ენერგიას და ისიც შესაბამის პასუხს მიბრუნებს. მე მგონია, რომ ვიზუალიზაციის შედეგია და ალბათ, იმისაც, რომ ძალიან მჯერა. ის მომენტიცაა, შეიძლება, ვიცი, რომ ახდენადია და ამიტომაც ვიფიქრებ. არ მაქვს აუხდენელი სურვილები, არარეალური ოცნებები არ მახასიათებს.
– უშუალოდ 12 საათს როგორ ხვდები?
– ჩემთვის იდეალურია, თუ ჩემი საყვარელი ადამიანები, ჩემი ოჯახი ჩემ გვერდით არიან. ქართველებმა ხომ ვიცით ხოლმე თქმა: „ჯერ სახლში ვხვდები და მერე ვნახოთ“. ბოლო წლებში სახლში არ ვხვდები, მაგრამ სადაც ვარ, იქაც გარშემო საყვარელი ადამიანები მყავს. თუ ოჯახი არ იქნება, მეგობრები და საყვარელი ადამიანები იქნებიან. მთავარია, ამ დროს კარგი განწყობა მქონდეს. მართლა მჯერა, როგორი განწყობითაც შეხვდები, ისეთი წელი გექნება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდა.
– როგორ უნდა გეცვას ამ დროს?
– იმაზე ფიქრი, რა უყვარს გველს ან ცხენს, არ მახასიათებს. რისი წელი მოდის, სამოსს ამის მიხედვით არ ვარჩევ. თუ ასტროლოგიურ ხაზს გავყვებით, ცხენის წელი თებერვალში შემოდის და შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, ახალ წელს როგორ შეხვდები. ამას არ ვაქცევ ყურადღებას. ვიცვამ იმის მიხედვით, როგორც სიტუაციას შეეფერება. თუ ქალაგარეთ აღვნიშნავ, სამეგობროსთან ერთად, ქუსლს და კაბას არ ჩავიცვამ, მაგრამ თუ შესაბამის ადგილას წავალ, კი ბატონო. მთავარია, კომფორტულად ვიყო.
შარშან გველის წელი იყო და გველთან მქონდა ფოტოსესია. გადავწყვიტე, პატივი მეცა მისთვის (იცინის). სინამდვილეში დაემთხვა, მაგრამ კარგი პატივისცემა გამომივიდა (იცინის). შემდეგ ფოტოსესია ცხენთან ერთადაც მქონდა და იმედია, წელს ისიც დამიფასებს (იცინის).
– საახალწლო კერძების მომზადებასა და სუფრის გაშლაში რამდენად ხარ ჩართული?
– არა, არ ვარ ჩართული, ვაღიარებ (იცინის). ყველაფერს დედაჩემი აკეთებს და მისი მომზადებული საჭმელი ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, რომ აუცილებლად დედამ უნდა მოამზადოს ყველა ტრადიციული კერძი და ამ მხრივ, ძალიან განებივრებული ვარ. თითქოს, ახალი წელიც ამასთან ასოცირდება, დედა რომ ფუსფუსებს და გემრიელობებს ამზადებს. თუ რამეს დამავალებს, სიამოვნებით ვეხმარები, მაგრამ ჩემს თავზე დამოუკიდებლად რომელიმე კერძის მომზადება არ ამიღია.
– მიეკუთვნები იმ გოგონების კატეგორიას, ახალი წლის დღეების დასრულებას რომ ელოდებიან, რომ ჩვეულ რეჟიმს და წონას დაუბრუნდნენ?
– არა, მე წონაზე ზრუნვა არასდროს მიწევს. საბედნიეროდ, როგორც ვიკვებები, ისეთ ტანზე არ ვარ (იცინის). გურმანი ვარ და გემრიელად ჭამა ძალიან მიყვარს. საახალწლო კერძებიდან ყველაფერი მიყვარს. საცივზე ვგიჟდები და მგონია, რომ წლის განმავლობაში, როცა არ უნდა მოამზადო, არასდროს ექნება ის გემო, როგორიც ახალ წელს აქვს. იმავეს ვიტყვი გოზინაყზეც. მიყვარს და გემრიელადაც ვჭამ, ისე, რომ წონაზე არ ვდარდობ. უბრალოდ, მხოლოდ 2 იანვრამდე, მერე როგორც სხვა ყველაფერი, ესეც მბეზრდება და გული აღარ მიმიწევს. იმ 2-3 დღის განმავლობაში, ყველაფერი ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს და ბოლომდე ვტკბები ჯადოსნური მომენტებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





