როგორ ცხოვრობს თაკო კორინთელში ორი მე და რამ შეიძლება, გამოიყვანოს ის წყობიდან
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.02, 2022 წელი

თაკო კორინთელი ცოტა ხნის წინ საყვარელ ადამიანზე – ლევან ნარეშლზე დაქორწინდა და როგორც ამბობს, ოჯახური ცხოვრება იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ თაკოც და მისი ექიმი მეუღლეც საკმაოდ დაკავებულები არიან, ერთმანეთისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებენ.
თაკო კორინთელი: დილის ეთერში ვმუშაობ და ამიტომ ჩემი დილა ხუთ საათზე იწყება. რამდენიმე საათს მაყურებელთან ვატარებ და ამის შემდეგ სახლში ვბრუნდები. რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებ და თავისუფალ დროს მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ.
– დილით ასე ადრე გაღვიძება ნეგატიურად არ მოქმედებს? ამ რეჟიმს მიეჩვიე?
– ვერავინ მეტყვის, ისე მივეჩვიე, ხუთ საათზე გაღვიძებას, რომ როცა არ ვმუშაობ, მაშინაც ამ დროს მეღვიძებაო – ეს გამორიცხული მგონია, მაგრამ როცა იცი, ასეა საჭირო, აუცილებლად უნდა ადგე. ჩემი მაღვიძარა რეკვას 4:55 წუთზე იწყებს, შემდეგ რეკავს 5-ზე, 5:03 წუთზე და ასე გრძელდება რამდენიმე წუთი. 5:20 წუთი ჩემი მაქსიმუმია (იცინის).
– ოჯახში მეუღლეებს თქვენ-თქვენი საქმე გაქვთ. გრჩებათ დრო ერთად გასატარებლად, როგორც შეყვარებულობისას?
– აუცილებლად. ამას ყოველდღიურად ვახერხებთ. შეიძლება, სადმე ვერ გავიდეთ, მაგრამ სახლში ჩავუჯდებით საყვარელ ფილმს ან ერთად გავაკეთებთ რამეს. საქმეებს ყოველთვის თანაბრად ვინაწილებთ. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს შეყვარებულობის პერიოდში უფრო მეტ დროს ვუთმობდით და ახლა ნაკლებს. როგორც კი საქმეს დავამთავრებთ, მაშინვე სახლისკენ მოვიჩქარით, ერთი სული გაქვს, ერთმანეთს როდის ვნახავთ. ეს შეყვარებულობის პერიოდშიც ასე იყო და ახლაც ასეა.
– მგონია, რომ რომანტიკული ხარ...
– კი, ძალიან რომანტიკული ვარ და გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლეც ძალიან რომანტიკულია. შეიძლება, დღესასწაული საერთოდ არ იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ დროსაც მანებივრებს სიურპრიზებითა და საჩუქრებით. უყვარს ჩემი გახარება. ეს მარტო საჩუქრებით არ გამოიხატება. შეიძლება სახლში მოვიდე ან მეუღლე მოვიდეს ჩემზე ადრე და ერთმანეთს განსაკუთრებული ვახშმით რომანტიკული საღამო მოვუწყოთ.
– ოჯახური ცხოვრება ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინა?
– მე როგორიც მეგონა, ოჯახური ცხოვრება მთლად ისეთი არ ყოფილა, ბევრად უკეთესი აღმოჩნდა. ჩემს მოლოდინს გადააჭარბა და მადლობა ღმერთს ამისთვის.
– რაზე კამათობთ ხოლმე?
– კამათის გარეშე გამორიცხულია. ჯანსაღი კამათი საჭირო და აუცილებელია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩხუბით ერთმანეთს ვხოცავთ. შეიძლება, ძალიან ელემენტარულზე ვიკამათოთ. მაგალითად, დილით მე ხომ ადრე ვიღვიძებ და ფეხაკრეფით დავდივარ, რომ ჩემს მეუღლეს არ გაეღვიძოს. თუმცა, მაინც ეღვიძება და მე რომ უკვე გამზადებული გავრბივარ, ჩანთებაკიდებული და მძღოლი მირეკავს, ჩამოდი, გელოდებიო, ეს ამ დროს დამიძახებს – აუ, წყალი მომიტანე, ან რამე გამიკეთეო (იცინის). რა თქმა უნდა, ვუკეთებ, რასაც მთხოვს და ელემენტარული რაღაცებისთვის აღარ ვაფხიზლებ, მაგრამ სამსახურიდან რომ ვბრუნდები, მერე ვსაყვედურობ: ხომ შეგიძლია, მანამდე მთხოვო, სანამ კარს გამოვაღებ და გასვლას დავაპირებ-მეთქი (იცინის). თუმცა გაბუტვა არ გვახასიათებს. შეიძლება, საუბრისას რაღაც უხეშად ,გამოგივივდეს, მაგრამ ჩემს მეუღლეს შეუძლია, მაშინვე აღიაროს, უხეშად მომივიდაო, მოვიდეს, ჩამეხუტოს და მომიბოდიშოს. მეც ასე ვარ და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გაბრაზება რამდენიმე საათი გრძელდება, დღეები – მით უმეტეს.
– ცხოველები რომ განსაკუთრებულად გიყვარს, ეს, ალბათ, ბევრმა იცის. ნათქვამი გაქვს, ერთხელ მითხრეს, ძაღლებზე ზრუნვას არ გირჩევნია, შვილი გააჩინო და გაზარდოო? შვილს როდის გააჩენ ან როდის თხოვდები – ეს საკმაოდ ხშირი კითხვაა, როგორია შენი გამოცდილება ამ მხრივ?
– ასე იყო, ეზოში ძაღლზე ვზრუნავდი, მეზობელი ქალბატონი მოვიდა და მითხრა, ამ ძაღლის მოვლას, არ გირჩევნია, შვილი გააჩინო და მას მოუაროო? რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასეთ რამეს განწყობა არ უნდა გააფუჭებინო. ის, რომ მე ცხოველები ფანატიკურად მიყვარს, არ ნიშნავს, რომ მე შვილი ან ოჯახი არ მინდა. ქალბატონი, რომელმაც ეს სიტყვები მითხრა, ხანშიშესული იყო და რა თქმა უნდა, მას არ ავყევი. ერთი სიტყვაც არ მითქვამს ან რა უნდა მეთქვა?! იმის კეთება გავაგრძელე, რასაც ვაკეთებდი. უცებ ძალიან იმოქმედა მისმა სიტყვებმა, მაგრამ დრო რომ გავიდა, ცუდ ემოციებს აღარ იწვევდა. ბევრჯერ უთქვამთ, კარგი, გავიგეთ, რომ ძაღლები გიყვარს, მაგრამ... სანამ გავთხოვდებოდი, შემჭამეს: „წლები გარბის და არ უნდა დაოჯახდე?“ „აღარ აპირებ გათხოვებას?“ „როდის აპირებ?“... (იცინის) თავიდან ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ მერე უკვე მეცინებოდა, ვინმე, პირობითად, ჟუჟუნა, რომ შემხვდებოდა და „დედა, შენ კიდევ არ გათხოვილხარ?!“ – შეიცხადებდა, მართლა გულიანად მეცინებოდა. ოჯახის შექმნის შემდეგ უკვე შვილის გაჩენაზე მეკითხებოდნენ, მაგრამ იმდენად არასერიოზულ და იუმორნარევ პასუხს ვცემდი ხოლმე, ახლა ისეთი დოზით აღარ მეკითხებიან. ვამბობ, მაცადეთ, ჯერ ოჯახში დავლაგდე და შვილზეც აუცილებლად ვიფიქრებ-მეთქი.
– როცა ცნობილი ხდები, საკუთარ თავზე ჭორსაც ბევრს გაიგებ, მათ შორის უსიამოვნო ამბებს. როგორ ხვდები ამას, რამდენად ძლიერი ხარ ემოციურად?
– სრულიად უემოციოდ ვხვდები. ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ვარ. შემიძლია, უცებ საკუთარი თავი ისე მოვმართო, რომ უცებ ქვა და რკინა გავხდე. კარგი ამბავი იქნება თუ ცუდი, შემიძლია, ორივეს ერთნაირად შევხვდე. ამას გამომუშავება სჭირდება, მე ყოველთვის ძალიან ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე. რაღაცებში საკმაოდ სუსტი აღმოვჩნდი და დარწმუნებული ვარ ამ სისუსტეებსაც მალე მოვერევი. თუმცა, ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ვარ, თუ მოვინდომებ, საკუთარ თავს ისე მოვმართავ, რომ ისეთი გავხდე, როგორიც იმ მომენტში მჭირდება. როცა მე ვიცი, მართალი ვარ, საკუთარ თავზე რაც არ უნდა გავიგო ან წავიკითხო, უბრალოდ ჩამეცინება და გავიფიქრებ, ღმერთო ჩემო, რას ბოდავენ. ხომ არ გამოხვალ და ყველას ახსნას დაუწყებ, რა არის მართალი და რა – ტყუილი. ვინც გიცნობს, მან ისედაც იცის, როგორი ხარ და რა გაქვს გაკეთებული. ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში სიმშვიედა. სიმშვიდით ძალიან ბევრი რამის მიღწევა არის შესაძლებელი და ამიტომ, რაც არ უნდა ავფორიაქდე, ჩემს თავს ყოველთვის სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. როგორც არ უნდა გამოვიდე წყობიდან, ამას მაინც ვახერხებ. ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს. მეორე, რომელიც სიმშვიდისკენ მოუწოდებს ჩემს ბობოქარ მეს, ყოველთვის საჭირო დროს მერთვება და მამშვიდებს (იცინის).
– ძირითადად, რას გამოჰყავხარ წყობიდან?
– ეს ძალიან იშვიათად მემართება. მაგალითად, შეიძლება; წყობიდან გამოვიდე, თუ ქუჩაში მიმავალი დავინახავ, რომ ვიღაც ძაღლს ურტყამს. ამ დროს შეიძლება, თვალზე ისეთი ბურუსი გადამეკრას, ჩემს თავზე პასუხი ვეღარ ვაგო და ჯოხი, რომლითაც ძაღლს ურტყამენ, ავიღო და იმ ადამიანს ჩავარტყვა, ვინც ამას სჩადის. თუმცა, ზოგადად, ძალიან მშვიდი ვარ, წყობიდან ძალიან იშვიათად გამოვდივარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან