შოუბიზნესი

როგორ სთხოვა ხელი მზია ორველაშვილს საყვარელმა ადამიანმა და რატომ გადაყწყვიტა მან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ფინეთში გადასვლა

№41

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 13.10

მზია ორველაშვილი
დაკოპირებულია

მზია ორველაშვილი დაქორწინდა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა.

მზია ორველაშვილი: ამჟამად ფინეთში ვიმყოფები. ამ ქვეყანაში ოჯახით, ქმრითა და შვილით წამოვედი. აქ ვაპირებთ ცხოვრებას და ბიზნესის გაკეთებას, რამდენიმე წელი დავრჩებით და ალბათ, მერე საქართველოში დავბრუნდებით.

– უფროსი შვილი საქართველოში დარჩა?

– კი, უფროსმა შვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა და უკვე სტუდენტია. უფასოზე მოხვდა და მისით ძალიან ვამაყობ, ძალიან გამახარა. უკვე 18 წლის ვაჟკაცის დედა ვარ. ლევანი ყველას კარგად ახსოვს, ჩემს ინტერვიუებში ხშირად ჩანდა და ის პატარა ბიჭი, დღეს უკვე დიდი კაცია.

– რატომ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად ფინეთში გადასვლა?

– ჩემი მეუღლე ისედაც ევროპაში ცხოვრობდა, თუმცა ავსტრიაში. მერე გარკვეული პერიოდით ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ მალე გადავწყვიტეთ, ისევ ევროპისკენ წამოვსულიყავით. მე აქამდეც მითქვამს ინტერვიუში, რომ პანდემიის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ნორმალურად ვერ გავიმართე წელში და გადავწყვიტეთ, აქეთ გვეკეთებინა ჩვენი საქმე. თუნდაც, სტუდია ავიღოთ. ახლა აქ ვაპირებ სამეჯლისო სპორტული ცეკვების ფედერაციის გახსნას და ჩემი საქმის გაგრძელებას, რაშიც სახელმწიფოც ძალიან მიწყობს ხელს. ძალიან კარგ ქვეყანაში მოვხვდი. ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს, ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი განვითარებისთვის და ჩემი ოჯახისა თუ ახლობლების კეთილდღეობისთვის უკეთესია, აქ ვიყო.

– სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება აქამდეც გქონია, თუმცა, ფინეთი სრულიად ახალი ქვეყანაა...

– ასეა. ერთი თვეა, აქ ვართ. ჯერ ვეჩვევით, ვაკვირდებით, ვსწავლობთ. კანონებშიც გარკვევაა საჭირო, მაგრამ უზომოდ კარგი ქვეყანაა. ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხალხი ცხოვრობს. მთავრობა ყველაფერში ხელს გიწყობს, სრული კომფორტია შექმნილი. ადაპტაცია მე არ მიჭირს. მთელი ცხოვრება ევროპაში მაქვს გატარებული, ვიცი, რა და როგორაა. ევროპაში ჩემს სფეროსაც იმდენად კარგად ვიცნობ, რომ თვალდახუჭულსაც შემიძლია ორიენტირება. სხვა მიმართულებით კი ჩემი მეუღლისა და მეგობრების იმედი მაქვს, ძალიან კეთილგანწყობილ გარემოსთან ერთად. ერთ დღესაც დაგვარტყა თავში და აქეთ წამოვედით. სავარაუდოდ, ცოტა ხანში ლევანიკოსაც აქ წამოვიყვანთ და აქ გააგრძელებს სწავლას. პირველი წელიწადი კი საქართველოში ისწავლის.

– პატარა როგორ შეეჩვია ახალ გარემოს?

– უკვე სკოლაშიც მივიდა და სწავლობს. აქ მართლა ყველანაირი კომფორტია, მით უმეტეს, ბავშვებისთვის და მათი უფლებების დასაცავად ყველაფერი კეთდება. მოსამზადებელში არა, პირდაპირ პირველ კლასში დასვეს. მასწავლებლებიც კმაყოფილები არიან, ეს პაწაწუნა, უკვე ისე ლაპარაკობს ინგლისურად, რომ რა ვიცი. მეგობრებიც გაიჩინა. დღეს სკოლაში რომ მივდიოდით, მეგობარი გოგონა შეხვდა, ჩაჰკიდა ხელი და წავიდნენ. მე უკან დამტოვა, აღარ ახსოვდა, რომ მივყვებოდი (იცინის). მე ძალიან განვიცდიდი, როგორ შეეჩვევა ახალ გარემოს, ენის ბარიერი ხომ არ ექნება-მეთქი და ათასი ფიქრი მქონდა, მაგრამ პირველივე დღეს, გამოსაყვანად რომ მივაკითხეთ და ვკითხეთ, როგორ მოეწონა, გამოაცხადა, აქ დამტოვეთო (იცინის).

– გადაწყვეტილებებში საკმაოდ სპონტანური ხარ და სიახლეებისაც არ გეშინია...

– ზოგადად, მე მიყვარს რისკი. ხომ იცი, ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამსო. რისკიანი ვარ. 18 წლის ასაკში ბელორუსიაში რომ წავედი და ცეკვა დავიწყე, ეს გადაწყვეტილებაც ერთ დღეში მივიღე. მითხრეს, კონტრაქტით მიდიხარ საცეკვაოდო და დავთანხმდი, თუმცა, სად მივდიოდი, არ ვიცოდი. არაჩვეულებრივ ოჯახში მოვხვდი, ძალიან კარგი მეწყვილე მყავდა და გაამართლა გადადგმულმა ნაბიჯმა. არც ახლა ვნანობ რამეს, კარგია, რომ უცებ გადავწყვიტეთ და წამოვედით. პირველ რიგში, ბავშვისთვის არის დიდი კომფორტი ამ ქვეყანაში ცხოვრება. სხვათა შორის, ამ ერთი თვის განმავლობაში უკვე გათამამდა (იცინის). აქ არ შეგიძლია, ბავშვს დაუყვირო კი არა, მასთან ლაპარაკისას ტონს აუწიო ან გაუბრაზდე. ბავშვს ღიმილის გარეშე რომ დაელაპარაკო, შეიძლება, დაგაპატიმრონ (იცინის).

– რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, რაც დასაწყისშივე ვახსენეთ, დაქორწინდი...

– მე და ჯემო უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ, უბრალოდ, ეს ამბავი არ გამისაჯაროვებია, არ მინდოდა, კუდები გამოებათ. რაც უფრო ჩუმად ხარ, მით უფრო ბედნიერად გრძნობ თავს. ზედმეტად არავინ ერევა შენს საქმეში. კარგად ვართ, ერთ დიდ ძალას წარმოვადგენთ, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ჩემს შვილებთანაც იდეალური დამოკიდებულება აქვს. ალექსანდრე მამას ეძახის. თვითონაც ძალიან უყვარს ბავშვები.

– როგორი ადამიანია?

– ძალიან შემცვალა, ბევრი რამ განსხვავებულად დამანახვა. ჩემი ოჯახის წევრებიც მეუბნებიან, უფრო დაკვირვებული გახდი, დასერიოზულდიო. ხანდახან მიკვირს, წარსულში ჩემს ცანცარს რომ ვიხსენებ. გადამიარა ამ განწყობამ, შეიძლება, ასაკის ბრალიცაა, მაგრამ მგონია, რომ მეუღლის დამსახურებაც დიდია. მისგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე. ქარაფშუტა არ არის, ძალიან სერიოზული ადამიანია. ჩამოყალიბებული, რომელსაც შეგიძლია, დაეყრდნო ყველანაირი თვალსაზრისით. მის გვერდით არაფრის მეშინია. ვგრძნობ, რომ გვერდით კაცი მყავს.

– მალე მიხვდი, რომ უბრალო ნაცნობობა არ იყო?

– კი. ჩვენ თავიდანვე ასეთი ურთიერთობა გვქონდა. გაცნობიდანვე აქეთ წავიდა ურთიერთობა.

– ალბათ, შორიდან მანამდეც გიცნობდა.

– საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მზია ორველაშვილიო. საქართველოში არ ცხოვრობდა და პროექტებსაც არ უყურებდა. მხოლოდ რამდენიმე ძალიან პოპულარული ვარსკვლავი იცოდა საქართველოში. დაკავებული ადამიანია, არ ეცალა ტელევიზორისთვის (იცინის). თვითონაც ხელოვანია, დიჯეია, მუსიკას წერს და თავის საქმეშიც ძალიან კარგია.

– იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ ცხოვრობდა, როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

– ერთმანეთი საერთო მეგობრების მეშვეობით გავიცანით. მერე, როცა ჩვენი ურთიერთობა აეწყო, ხან ის ჩამოდიოდა საქართველოში, მეც ვიყავი მასთან ავსტრიაში. მერე ადგა და ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა.

– ეს როგორ გააკეთა?

– სხვათა შორის, ხელი ძალიან უცნაურად მთხოვა. თურმე, საერთოდ სხვა გეგმები ჰქონდა, რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობდა და მათ შორის, ერთ-ერთი ჩემი ხელის მამაჩემის თანდასწრებით თხოვნა იყო, მაგრამ დამ დააჩქარა და ერთ დღესაც, ვარაზისხევში ავდიოდით მანქანით, საჭესთან ვიჯექი, საცობი იყო და უცებ ხელი გამომგლიჯა, ბეჭედი გამიკეთა და ხელი მთხოვა. გაოცებული ვუყურებდი. არ ველოდი. იმას არ ვამბობ, რომ ვერაფერს ვხვდებოდი, ვიცოდი, რომ ხელის თხოვნას აპირებდა, მაგრამ იმ მომენტში ეს მართლა ძალიან მოულოდნელი იყო.

– რამდენი ხანია, ერთად ხართ?

– მეშვიდე თვეა, ოფიციალური ცოლ-ქმარი ვართ. მანამდე კარგად გავიცანით ერთმანეთი და მერე გადავდგით ეს ნაბიჯი. სხვანაირად ოჯახს არ შევქმნიდით. ახლაც ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორიც შეყვარებულების დროს გვქონდა, თუმცა, ახლა ოჯახური სითბო და საზრუნავი დაგვემატა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა