როგორ შეცვალა მაკა ხიზანიშვილი ცხოვრებასთან დატაკებამ და რა გზით დაძლია მან დეპრესია
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 24.09

ბოდიბილდინგში გამართული არაერთი საერთაშორისო ტურნირის მონაწილე და გამარჯვებული, აბსოლუტური ჩემპიონი, ასევე, ფიტნეს-ინსტრუქტორი და ინფლუენსერი მაკა ხიზანიშვილი, ის ადამიანია, ვინც ყველა ბარიერი, ტკივილი და განცდა დაძლია და მხოლოდ შრომით, ვარჯიშითა და საკუთარ თავზე დაყრდნობით მიაღწია წარმატებას.
მაკა ხიზანიშვილი: ყველაზე ძალიან ჩემი დაბადების დღე მიყვარს – 21 აგვისტო. წელს, ღამის თორმეტ საათზე კარზე ზარი იყო, გავაღე და სამი მეგობარი დამხვდა, ტორტით ხელში. დილით, ჩემს ძველ სამსახურში, კუს ტბაზე ავედით მე და ჩემი ოთხი დაქალი და იქ დავსხედით. ზაფხულში, უმეტესობა ქალაქგარეთ იყო გასული და ამიტომ დაბადების დღე ვიწრო წრეში აღვნიშნე. მერე გადაღებებზე წყალტუბოში მომიწია წასვლა და ხუთი დღე იქ დავყავი.
– წლების მატება ხომ არ გაშინებს?
– საერთოდ არ მაშინებს წლების მატება და არც ასაკს ვმალავ. პირიქით, თუ არ მეკითხებიან, რამდენი წლის ხარო, მე თავად ვეუბნები, 56 წლის გავხდი-მეთქი (იცინის). ოთხ წელიწადში პენსიაზე გავდივარ და რომ შემომხედავენ, ისე გამოვიყურები, მგონი, არ დამინიშნავენ და არც მომცემენ (იცინის).
– ვინც გიცნობს, იცის, რომ შენი განვლილი გზა არ ყოფილა ადვილი. ახლა რომ წარსულში იხედები, როგორი იყო ეს გზა, როგორ მოხვედი დღევანდელობამდე, თავისი ტკივილებით, განცდებით, წარმატება-წარუმატებლობით?
– მრავალფეროვანი ცხოვრება გავიარე, სადაც გაჭირვებაც იყო, აღმასვლაც და დაღმასვლაც... აბსოლუტურად ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში. არ მეგონა, ასეთი ძლიერი თუ ვიყავი, მაგრამ ცხოვრებას რომ პირისპირ შეეჯახები, ძლიერდები ადამიანი, ქალი – მით უმეტეს. კაცი ცხოვრებისეული სირთულეების დროს შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდეს, მაგრამ ქალი ამ დროს უფრო ძლიერდება. ამიტომ, არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული მშობლები მყავდა, არასოდეს მათამამებდნენ თანხობრივად და ჩაცმა-დახურვით. ბავშვობიდან დამოუკიდებლად მზრდიდნენ. მე ჩემით ჩავაბარე ინსტიტუტში, ჩემით დავიწყე მუშაობა და დღემდე ჩემით ვარ. 17 წლის ვიყავი, როცა „ლაგუნაზე“ მწვრთნელად დავიწყე მუშაობა.
– რა გამოგიმუშავა ადრეული ასაკიდან დამოუკიდებლად ცხოვრებამ?
– უფრო ძლიერი ვარ, არანაირი სირთულის არ მეშინია და ვიცი, რა სიტუაციაშიც არ უნდა მოვხვდე, ყველგან გავიტან თავს. აი, ხასიათში სწორედ ეს გამომიმუშავა ადრეული ასაკიდან დამოუკიდებლად ცხოვრებამ. იყო პერიოდი, როცა თავს ვერ მოვერიე, საკმაოდ მძიმე მომენტი დადგა – დეპრესია. ისეთი დღეები, რაც დედის გარდაცვალების მერე გამოვიარე, ჩემს ცხოვრებაში არც მქონია და იმედი მაქვს, არც მექნება. ჩემნაირი ენერგიული, მხიარული და მოძრავი ქალი იყო, საერთოდ რომ არ ველოდებოდი, უცებ აღმოაჩნდა სიმსივნე და სამ თვეში ხელებში ჩამაკვდა. საშინელება განვიცადე. ჩემი კივილი მთელს სამეზობლოს ესმოდა. საერთოდ არ მახსოვს, როდის მოვიდა სასწრაფო და პოლიცია. დამეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები – ნერვოზი, დეპრესია... ღამე მესიზმრებოდა, ტირილით ვდგებოდი, ვაღებდი მაცივარს და მხვდებოდა დედის გაკეთებული აჯიკა, ვაღებდი კარადას და ვუყურებდი დედის ტანსაცმელს. ორმოცი რომ გავიდა, დედის ყველა ტანსაცმელი გავაჩუქე, თავის საწოლიანად. ეს ჩემი ერთადერთი დეპრესია იყო და მეგობრების, ვარჯიშისა და სამსახურის დამსახურებით დავძლიე. სხვათა შორის, დედა ორჯერ დამესიზმრა ზედიზედ, სანამ მამა გარდაიცვლებოდა და ზუსტად ვიცოდი, რაღაც ცუდი მელოდა და აუცილებლად მოხდებოდა. დედა და მამა ერთად მიდიოდნენ სიზმარში და რომ გამეღვიძა, ვიცოდი, მამა დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. დედის გარდაცვალებიდან სამ წელში, მამაც გარდამეცვალა. ახლა, აღარ მესიზმრება და ალბათ, მაშინ დამესიზმრება, თუ რამე ცუდი მელის და წინასწარ გამაფრთხულებს. ვგრძნობ, დედაც და მამაც, სულ ჩემ გვერდით არიან და ამიტომ სასაფლაოზე ასვლა ძალიან მიჭირს და არ მიყვარს. მოკლედ, მინდა, გითხრათ, ვარჯიში, ყველაზე მაგარი ანტიდეპრესანტია. ჩემი დაქალის დამსახურებაა, რომ დეპრესიაში, საშინელ განცდებში მყოფი მაიძულა მევარჯიშა და ფაქტობრივად, მან გადამარჩინა. თითქოს მართლა მეორედ დავიბადე და 46 წლიდან მეორე ცხოვრება დავიწყე.
– და, როგორი იყო ცხოვრება 46 წლამდე და როგორია ახლა, როცა თავიდან მოგიწია მისი დაწყება?
– 46 წლიდან, მეორედ დაბადების შემდეგ, მეუღლეს დავშორდი და დავიწყე საკუთარი თავის მიხედვა, სერიოზულად ვარჯიში და შეჯიბრებისთვის მზადება. წინ და წინ წავედი და ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება 46 წლამდე იყო ისეთი, როგორიც ქალების 80 პროცენტს აქვს – სამსახური, სახლი, ბავშვის გაზრდა, დალაგება, საჭმლის კეთება... წინა ცხოვრებიდან არაფერს ვნანობ, რადგან მიმაჩნია, რაც მოხდა, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ბედისწერის მჯერა. ახლა რომ მკითხოთ, რას ნანობ და რას გამოასწორებდიო, გეტყვით, რომ, უბრალოდ, დედასთან მექნებოდა უფრო მეტი კონტაქტი.
– ვიცი, როცა კონკურსებზე გიხილეს, შენით არაერთი მამაკაცი იყო მოხიბლული. არასოდეს გიფიქრია, ოჯახის მეორედ შექმნა?
– არა. ოჯახის მეორედ შექმნა არასოდეს მიფიქრია. 27 წელი მქონდა ოჯახი. ახლა ვისვენებ ოჯახური ცხოვრებისგან და არავის კონტროლი არ მჭირდება. სადაც მინდა, მივდივარ და მოვდივარ და გათხოვების გარეშეც გადასარევად ვგრძნობ თავს. უამრავი მეგობარი მყავს და რომ ამბობენ, საყვარელ მამაკაცს თავს დაადებ მხარზეო, მეგობარს დავადებ თავს, რომელ მხარზეც მინდა და გადასარევად გაიგებს ჩემს ტკივილსაც და სიხარულსაც, ამისთვის სულაც არ მჭირდება გვერდით საყვარელი მამაკაცი. მირჩევნია, სახლში კაციც მე ვიყო და ქალიც, ვიდრე ვინმეზე ვიყო დამოკიდებული და ქმრის უაზრო საქციელის გამო დეპრესიაში ჩავვარდე. თან, ზოდიაქოთი ლომი ვარ, მამლის წელში დაბადებული, მიყვარს თავისუფლება და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ხასიათი მაქვს (იცინის). ბოლო წლებში ემოციის კონტროლი ვისწავლე, აღარ ვკამათობ, ჩემს ენერგეტიკას ვუფრთხილდები, რომ არ დაბინძურდეს. ასე რომ, თავისუფლებით ვტკბები და ვამაყობ ჩემი სიძლიერით. ზოგ ქალს რომ ჰგონია, 40-50 წლის შემდეგ ცხოვრება სრულდება, პირიქით, ამ წლებში ძალიან მარტივია ცხოვრების ახლიდან დაწყება, მთავარი მონდომებაა.
– მახსოვს, როცა ეკრანზე გამოჩნდი და ფართო საზოგადოებამ გაგიცნო, პირველივე შენს გადაცემაში გამოსვლას ბულინგი მოჰყვა. როგორ გგონია, რამ გამოიწვია საზოგადოების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება შენ მიმართ?
– ბულინგის მსხვერპლი ჩემი ვიზუალის გამო გავხდი. ეკრანზე რომ გამოვჩნდი და გივი სიხარულიძესთან ერთად ვიცეკვე, ატყდა ამბავი, წერდნენ: ქალია თუ კაციო... დღესაც, „ტიკ-ტოკში“ ლაივში რომ ვარ, იმავე კითხვას მისვამენ: ქალი ხარ თუ კაცი? და მე ყურადღებას არც ვაქცევ (იცინის). ცდილობენ, კომენტარებით დამამცირონ, მაგრამ ამით მე ვერ დამამცირებენ. მე წინ მივდივარ, მათ იკითხონ.
– ბევრი ადამიანი დადის შენთან სავარჯიშოდ და ბევრს სურს, სწორედ შენთან მოხვდეს და მისი პირადი მწვრთნელი გახდე. ამბობენ, ვარჯიშის დროს საკმაოდ მკაცრი ხარ...
– მკაცრი არ ვარ, მაგრამ ვერ მატყუებენ (იცინის). ერთი მყავს და სულ მეუბნება: მორჩა, რომ მოვალ, აღარ ვიწუწუნებო, მაგრამ ისევ წუწუნებს (იცინის). მთელ ჩემს ნერვებს „ვდებ“ პერსონალურებში. არ შემიძლიაო, რომ მეტყვის, ჩემთან არ გადის ეს ნათქვამი – ბოლომდე უნდა დაიხარჯოს ყველა! ვერც კვებაზე მომატყუებენ, უკვე რენტგენის აპარატივით ვარ – შევხედავ და ზუსტად ვიცი, რა რაოდენობის საკვები აქვს ნაჭამი. მე რომ ვატყუებდი ჩემს მწვრთნელს და რაც გავლილი მაქვს, იმას ვერ მომატყუებენ. კიდევ ვამბობ, 15 წელია, ამ სფეროში ვარ და მე ვინ მომატყუებს (იცინის). ბევრი მოდის თიაქრისა და ხერხემლის პრობლემით და ვარჯიშით ვეხმარები ამ პრობლემის დაძლევაში. ახალგაზრდებს კი მინდა, ვურჩიო, სპორტულად იცხოვრონ, რომ დიდ ასაკამდე ჯანმრთელად იყვნენ, ჯანსაღი აზროვნება ჰქონდეთ და ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწიონ. ბევრ ახალგაზრდას ეამაყება კლუბებში სიარული, ალკოჰოლის სმა და მოწევა და ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ არასწორად იცხოვრეს, ნაადრევად დაბერდნენ და ორგანიზმი გაანადგურეს.
– ბევრ კონკურსზე გამოხვედი წარმატებულად. ახლა თუ ემზადები საკონკურსოდ?
– საერთაშორისო ტურნირებზე გამოვედი და ორჯერ მოვიგე ოქროს მედალი ბოდიფიტნესის კატეგორიაში და ერთხელ გავხდი აბსოლუტური ჩემპიონი. ჩემზე ასაკით 25 წლით პატარა გოგონებს მოვუგე. ამ ეტაპზე ვისვენებ და არ ვაპირებ ტურნირისთვის მომზადებას. კორონას პერიოდში რვაჯერ მოვემზადე და გადაიდო შეჯიბრებები. თან, შეჯიბრებისთვის მზადება სახის კანს ძალიან აბერებს, რადგან ცხიმისა და წყლის მიღება შეზღუდულია და ორი წელი სჭირდება სახის კანის აღდგენას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან