შოუბიზნესი

როგორ შეცვალა ხატია ვიბლიანის ცხოვრება ერთმა ვიდეომ და რატომ იზრდებოდა ის ბიჭივით

№27

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:00

ხატია ვიბლიანი
დაკოპირებულია

ულამაზესი ხატია ვიბლიანი წარმატებული მკლავჭიდელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გადაღებული ვიდეოთი, რომელშიც მას მსაჯი მონუსხული უყურებს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მომენტალურად მოექცა და ამ კადრებმა მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

ხატია ვიბლიანი: ბავშვობიდან მოყოლებული მომწონდა სპორტული აქტივობები და ამ მხრივ, საკმაოდ დატვირთული ვიყავი. მიყვარდა ფრენბურთი, სირბილი და ასე შემდეგ, მაგრამ ბავშვობაში მკლავჭიდი საერთოდ არ მაინტერესებდა. მოგეხსენებათ, მამაჩემი ყოფილი მკლავჭიდელია და მავარჯიშებდა, რაც არასდროს მომწონდა, მაგრამ ბოლოს მაინც იყივლა გენებმა (იცინის).

– თუმცა, მანამდე გრძელი გზა გაიარეთ.

– ასეა: ფრენბურთი, სიბრილი, სიმაღლეში ხტომა მიყვარდა ძალიან. ჩემი ერთ ადგილას გაჩერება მარტივი არ იყო. ძალიან მიყვარდა ხეებზე ძრომიალი, ღობეებზე ხტომა. გოგოობის არაფერი მეტყობოდა, ბიჭურად ვიზრდებოდი, სულ მუხლები მქონდა გადატყავებული (იცინის). ბიჭებს ვეჭიდავებოდი, კელდებზე ვცოცავდი და ასე შემდეგ. ოჯახში სულ კაცები იყვნენ – მამა, ბიძები, ბაბუა. მე ბებო მზრდიდა და გოგოებთან არ მქონდა ხშირი შეხება. მამაც ჩხუბს მასწავლიდა.

– დედა?

– დედა საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მე ბებიამ გამზარდა. დედა დღემდე ემიგრაციაშია, ამერიკაში. მე 7 წლის ვიყავი, როცა ის წავიდა. არ იყო მარტივი, მაგრამ ბებომ გადამატანინა ყველაფერი.

–სპორტული აქტივობები მხოლოდ გართობის დონეზე იყო თუ ბავშვობაში გქონდა გარკვეული მიღწევები? პროფესიად რა აირჩიე?

– სკოლის ფარგლებში კარგი მოთამაშე ვიყავი. შემდეგ ტაეკვანდომ გამიტაცა, მაგრამ პანდემიის პერიოდი დაემთხვა და გაგრძელება ვეღარ შევძელი. დღეს ფიტნესინსტრუქტორი ვარ. ასევე, დიზაინერული მაქვს დამთავრებული. კარგად ვხატავ. რადგან ბევრი ინტერესი მაქვს, არჩევნის გაკეთება ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მწვრთნელობაზე უარი ვერ ვთქვი. ჩემს ცხოვრებაში იყო სტრესული პერიოდი, პირადი მიზეზების გამო ჩემში დეპრესიული განწყობები ჭარბობდა და ძალიან დავიკელი წონაში, რაც არ მიხდებოდა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ აღარ შეიძლებოდა ასე გაგრძელება და ვარჯიში დავიწყე, ასევე, გავიარე შესაბამისი კურსები და მწვრთნელი გავხდი.

– გარკვეული წლები ესპანეთში ცხოვრობდი...

– კი, ესპანეთში ექვსი წელი ვცხოვრობდი. ემიგრაცია მეც შემეხო. წლების წინ კიდევ უფრო რთული მდგომარეობა იყო და როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, მომიწია, სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავსულიყავი, რასაც დედების უმეტესობა აკეთებს. მაშინ უკვე პატარა მყავდა. ესპანეთში ვსწავლობდი და პარალელურად, ვმუშაობდი. თუმცა, უკვე ხუთი წელია, დავბრუნდი. ჩემი უფროსი შვილი 13 წლის არის, უმცროსი – 4-ის.

– ტაეკვანდოთი დაინტერესება ესპანეთს უკავშირდება?

– კი. ტაეკვანდო ყოველთვის მომწონდა. დიდხანს არ მიაქტიურია, დაახლოებით, ერთი წელი ვსწავლობდი, მერე თავის დანებება მომიწია. საქართველოში რომ დავბრუნდი, გაგრძელებაზე ვფიქრობდი, მაგრამ სხვადახვა მიზეზის გამო არ გამოვიდა და ამასობაში ისე მოხდა, რომ ჩემში სისხლმა იყივლა და მკლავჭიდმა გამიტაცა (იცინის). ტაეკვანდოზე მოყვარულის დონეზე ისევ ვფიქრობ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

– ამ ყველაფერთან ერთად, არაერთ ენას ფლობ.

– კი, ასეა. ენების სწავლის პროცესი ძალიან მიყვარს. პატარა რომ ვიყავი, მინდოდა, პოლიგლოტი გავხდარიყავი. დღეს ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, მაგრამ როცა შესაძლებლობაა, უცხო ენების სწავლას ვცდილობ. მშობლიური ენის გარდა, ვიცი რუსული, ინგლისური, ესპანური, ვსწავლობ იტალიურსა და თურქულს. ძალიან ადვილად ვსწავლობ. ესპანური ესპანეთში ახალჩასულმა თვე-ნახევარში ვისწავლე. ორ თვეში უკვე გამართულად ვსაუბრობდი. მხოლოდ ენებს არა, ზოგადად, რითაც დავინტერესდი, ყველაფერს მარტივად ვითვისებდი, ენებს კი – განსაკუთრებით. ბავშვობიდან ვხატავ, გუნდში ვმღეროდი, ვცეკვავდი და ასე შემდეგ, ძალიან აქტიური ვიყავი. მინდოდა, ცნობილი დიზაინერი ვყოფილიყავი და ჩემი ხაზი მქონოდა, თუმცა, ცხოვრებაში პირველ ადგილას სპორტი დავაყენე.

– დავუბრუნდეთ მკლავჭიდს. როგორ მოხდა, რომ რაც ბავშვობაში დიდად არ გაინტერესებდა, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა?

– „არასოდეს თქვა არასოდეს“ (იცინის). ზუსტად ეს დამემართა. რაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა სპორტის ის სახეობა ავირჩიე და ძალიან შემიყვარდა. სოციალურ ქსელებში თვალს ვადევნებდი სპორტის ამ სახეობის შესახებ ინფორმაციებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ვინტერესდებოდი. ერთ დღეს მეგობარმა გოგომ, რომელიც მკლავჭიდელია, მითხრა: ერთხელ შემოიარე დარბაზში. ნეტავ შენი მხრები და ხელები მომცა, მოდი და სცადეო. მოსვენებას აღარ მაძლევდა, ერთი წლის განმავლობაში მიმეორებდა, მოდი, მოდიო და ბოლოს ხათრი ვეღარ გავუტეხე და მივედი. მივედი და რაღაცები მასწავლა, მიუხედავად იმისა, რომ მამა ბავშვობაში მავარჯიშებდა, საჭირო ტექნიკის შესახებ არაფერი ვიცოდი და რომ მიხსნიდა, ისეთ აზარტში შევედი, რომ პირველივე დღეს ვიგრძენი, როგორ ჩამითრია. სახლში უკვე აჟიტირებული დავბრუნდი. მეორედ მისვლა თვითონ მომინდა, მერე ნელ-ნელა ინტერესი გამიღრმავდა, მით უმეტეს, რომ ბევრი მეუბნებოდა, ძალიან კარგი რესურსი გაქვს და სცადეო. ისეთი ხელები გაქვს, შანსი არ უნდა გაუშვაო. მეც დავინტერესდი, ნეტავ რა ხელები მაქვს ამისთანა-მეთქი და დავიწყე ვარჯიში (იცინის). ვარჯიშისას ძალაც წამომივიდა, ტექნიკაც შევისწავლე და დავინახე, რომ შემეძლო ის, რაც მანამდე ვერ წარმომედგინა. თურმე, ერთხელ თუ მოიწამლე, მერე რთულია თავის დანებება (იცინის).

– მამა როგორ შეხვდა ამ ამბავს?

– გაუხარდა, როგორც ვიცი. სვანეთში ცხოვრობს და ხშირად ვერ ვნახულობ, მეც იშვიათად ავდივარ, ისიც იშვიათად ჩამოდის, მაგრამ სიამაყის განცდა ჰქონდა. ყველას გაუხარდა, არა მხოლოდ მას, მაგრამ ალბათ, მისთვის განსაკუთრებული ემოციები იყო. ყოველთვის უნდოდა, ბიჭი ჰყოლოდა, რომელიც მის გზას გაჰყვებოდა, ამიტომაც მზრდიდა ბიჭურად. ბიჭი არ ვარ, მაგრამ მკლავჭიდს გავყევი (იცინის).

– ძალიან ნაზი ვიზუალი გაქვს. ესპანეთში სამოდელო საქმიანობასაც ეწეოდი. რომ იგებენ სპორტის ამ სახეობით ხარ დაკავებული, არ უკვირთ?

– კი, როგორ არ უკვირთ, ამას ძალიან ხშირად ვგრძნობ. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიხარია ის ფაქტი, რომ ნაზი გარეგნობა მაქვს. ვიუკადრისებ ხოლმე, მე მთელ ენერგიას ვდებ, რომ ცოტა უხეშად გამოვიყურებოდე და თუ ვინმე მეუბნება, რომ ნაზი ვარ, შეურაცხყოფად ვიღებ და ვბრაზდები (იცინის). ალბათ, ეს უფრო სახის დამსახურებაა, როცა კუნთებს დავჭიმავ, მერე ეცვლებათ ხოლმე წარმოდგენა (იცინის).

– მსოფლიო ჩემპიონატი გავიხსენოთ. უცებ მოექეცი ყურადღების ცენტრში. ალბათ, ყველას აქვს ნანახი ვიდეო, რომელშიც მსაჯი მონუსხული გიყურებს.

– ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის პირველი დიდი ტურნირი იყო. ძალიან ვნერვიულობდი. გამოუცდელი დავდექი მაგიდასთან, ძალიან მებრძოლი ვარ, მაგრამ იქ სულ სხვა შეგრძნებები მქონდა. ამხელა ტურნირი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდი, მსაჯსაც ვერ დავაკვირდი. ამ ვიდეოს რომ ვუყურე, მერე შევამჩნიე ეს მზერა და ეს ვიდეო იუმორით ავტვირთე, როგორც სახალისო კადრი. იქ ყოფნის მომენტში, როცა მსაჯს უკან გამოვუარე და მაგიდასთან დავდექი, ვიგრძენი, რომ მიყურებდა, გავიფიქრე, ნეტავ რატომ-მეთქი, მინდოდა, მისკენ გამეხედა, მაგრამ თავი შევიკავე, საკმაოდ მკაცრი ხასიათი აქვთ და შემეშინდა (იცინის). თურმე, პირიქით, რა ვიცოდი, თუ ასე მიყურებდა (იცინის).

– მთელმა სოციალურმა ქსელმა უცებ აიტაცა ეს ვიდეო.

– ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. რამდენიმე წამში, არც მახსოვდა ამ ვიდეოს არსებობა, გონს რომ მოვედი და სოციალურ ქსელში შევედი, ყველგან ეს ვიდეო მხვდებოდა. ზოგი მირეკავდა, ზოგი მწერდა და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა (იცინის). ვერ ვიფიქრებდი თუ ერთი ვიდეო ამხელა ამბავს დაატრიალებდა.

– დიდი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდი. რამდენად სასიამოვნოა ეს ყველაფერი თავისი პლუსებითა და მინუსებით?

– ამ ტურნირისა და ვიდეოს შემდეგ ყველაფერი ელვის სისწრაფით შეიცვალა უკეთესობისკენ. ერთ დღეში ცნობადი გავხდი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე მცნობდნენ, მაჩერებდნენ, ფოტოს, ხელმოწერებს მთხოვნენ, საქართველოშიც და უცხოეთშიც. რა თქმა უნდა, მიხაროდა, ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა, მეტი გამეკეთებინა. ჩემ მიმართ ბევრი ადამიანი განეწყო დადებითად და ბუნებრივია, ეს სასიამოვნოა. ამის პარალელურად, ძალიან ნეგატიური კომენტარიც ბევრი შემხვდა, რაც მძიმედ მოქმედებდა ჩემზე. უმეტესწილად ჩემს ვიზუალზე აკეთებდნენ აქცენტს: აწყობილია, რას უგავს სახე, ტუჩი. მეც რომ ამაწყონ, მეც ასეთი ვიქნები, საჯდომიც ხელოვნური აქვს, ტუჩი გაკეთებული აქვს, შუბლი და ასე შემდეგო. მოკლედ, დამშალეს და ამაწყვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა