შოუბიზნესი

როგორ შეცვალა დაქორწინებამ მარიამ ელიეშვილის ცხოვრება და როგორ გადაიხადა მან ამერიკაში ქართული ქორწილი

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:00 17.01

მარიამ ელიეშვილი
დაკოპირებულია

მომღერალ მარიამ ელიეშვილის ცხოვრება 2024 წელს ძალიან შეიცვალა. როგორც იცით, მარიამი დაქორწინდა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

მარიამ ელიეშვილი: დიდი სიყვარულით მინდა, მოვიკითხო ყველა ჩემი გულშემატკივარი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად შორს ვარ, თვალს აქტიურად ვადევნებ მიმდინარე მოვლენებს და მინდა, ჩემს ერს სიმშვიდე, ბედნიერება და სიხარული ვუსურვო.

2024 წელი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული იყო. ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგი – ოჯახი შევქმენი და ულამაზესი ქორწილი მქონდა. საცხოვრებლად ამერიკაში გადმოვედი და უკვე რამდენიმე თვეა, აქ ვიმყოფები.

- როგორი ემოციები დაგიტოვა საკუთარმა ქორწილმა?

– ჩემი ქორწილი 27 ოქტომბერს გაიმართა. წარუშლელი ემოციებით დარჩა ჩემს გონებსა და გულში. ძალიან სასიამოვნო და სიყვარულით დატვირთული დღე გამოვიდა. მე და ჩემს მეუღლეს მეუფე საბა ინწკირველმა დაგვწერა ჯვარი ფილადელფიის ქართულ ტაძარში. ამ მომენტს განსაკუთრებულად გამოვყოფდი. თუმცა, მთელი დღე ძალიან შთამბეჭდავი იყო და ბევრი სიურპრიზი უკავშირდება. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ამერიკაში ჩვენი ქორწილი ქართული ტრადიციებით ყოფილიყო დატვირთული. მის ორგანიზებაში აქტიურად ვიყავით ჩართული მე და ჩემი მეუღლე, ჩვენს მეგობრებთან ერთად და მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო.

– თავიდან ბოლომდე ქართული ტრადიციული ქორწილი გამოვიდა თუ ამერიკული ელემენტებიც იყო?

– თავიდან ბოლომდე ქართული ქორწილი გამოგვივიდა, მხოლოდ ფიზიკურად ვიყავით ფილადელფიაში. ქართველი სტუმრებიც გვყავდნენ და არაქართველებიც. არაქართველი სტუმრები აღფრთოვანებულები იყვნენ ჩვენი ტრადიციებით, სუფრის კულტურით, ცეკვით, სიმღერით. მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი პატარა ქვეყნის ღირებული კულტურა, ხელოვნება, სამზარეულო – ყველაფერი გაგვეზიარებინა მათთვის. მიხარია, რომ საოცარი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ.

– დარწმუნებული ვარ, დედოფალმაც ბევრი იმღერა...

– რა თქმა უნდა (იცინის). ყველა გოგონას წარმოგვიდგენია, როგორი იქნება ეს დღე ჩვენს ცხოვრებაში და მეც წარმომედგინა, რომ ამ დღესაც ვიდგებოდი სცენაზე და ჩემს სტუმრებს ჩემი სიმღერით მოვესიყვარულებოდი. ძალიან ბევრი ვიმღერე, ცეკვაც გავიხსენე ბავშვობიდან (იცინის). ყველაფერში აქტიურად ვიყავი ჩართული, ეს ჩემთვის, პირველ რიგში, ზეიმი იყო, და მიხარია, რომ ჩვენი სტუმრებისთვისაც ზეიმად იქცა. ამერიკაში ქართული ტრადიციული ქორწილის გამართვა მარტივი არ არის. ამიტომაც დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგი გამოვიდა.

ემოციურად ნამდვილად არ იყო მარტივი. საკმაოდ დიდი მასშტაბის ქორწილი გამოგვივიდა, ძალიან ბევრი სტუმრით, თუმცა ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რომ ყველაფერში ბალანსი დავიცავით. ისიც ჩემთან ერთად იყო ჩართული ყველა დეტალში. ყველაფერს ერთად განვიხილავდით და ვაგვარებდით. მისმა გვერდში დგომამ გაამარტივა ეს პროცესი. ამიტომ, გიორგის დიდი დამსახურებაა, რომ ეს დღე ასეთი დაუვიწყარი გამოვიდა.

შემდეგ დღეებში ვხედავდი, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურად ზიარდებოდა ჩვენი ქორწილის ვიდეოები და ფოტოები. არაერთ გვერდზეც შემხვდა სიახლეები ამის შესახებ. უამრავი ადამიანის მოლოცვა მივიღე და მინდა, თქვენი მეშვეობით თითოეულს დიდი მადლობა გადავუხადო თბილი სიტყვებისთვის და სიყვარულით მოვიკითხო. ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ხალხის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია.

– როგორ შეეჩვიე ამერიკაში ცხოვრებას?

– აქამდე, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და შეიძლება, გასტროლზე რამდენიმე კვირა გამეტარებინა, სხვაგან არასდროს მიცხოვრია და ეს აბსოლუტურად სხვა შეგრძნება ყოფილა. მით უმეტეს, ამერიკაში აბსოლუტურად ყველაფერი განსხვავებულია: გარემო, ცხოვრების რიტმი. ჯერ ცოტა ხანია, რაც აქ ვარ და შეჩვევის პერიოდი მაქვს. მიუხედავად დიდი ცვლილებისა, ჩამოსვლის დღიდანვე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. საკმაოდ აქტიურად იმართება ღონისძიებები, რომელშიც ჩემი პროფესიით ვიღებ მონაწილეობას, თუმცა, მომავალში კიდევ უფრო აქტიური ვიქნები. ჩემს მსმენელს ვპირდები, რომ სიახლეებსა და ახალ სიმღერებს არ მოვაკლებ. ჯერჯერობით აქ ჩემთვის ყველაფერი სიახლეა და მორგების პროცესში ვარ. ჩემი მეუღლე და ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან მიწყობენ ხელს. ისინი დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ და ამ ქვეყანას უფრო მეტად იცნობენ. ამიტომ მათი მხარდაჭერა ყველაფერში ძალიან მეხმარება.

გულწრფელად ვამბობ, საქართველო ძალიან მენატრება. პირველ რიგში, ოჯახის წევრები, უახლოესი მეგობრები. გარემო, ჩემი ქვეყანა... წარმოუდგენელია, რამემ შეგიცვალოს სამშობლო, სადაც დაიბადე და გაიზარდე. ყოველდღიურად ვეცნობი სიახლეებს და ვცდილობ, არაფერს ჩამოვრჩე, რაც საქართველოში ხდება. ჩემს ქვეყანასთან დიდი ხნით განშორებას არ ვაპირებ, ხშირად ჩამოვალ ხოლმე.

– დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს, ის მენეჯერის პასუხისმგებლობასაც ითავსებს. არ გაგიჭირდათ განშორება?

– ნამდვილად, თუმცა, ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქორწილზე ჩემი მშობლები და ჩემი ძმა გვერდით მყავდნენ. ძალიან მინდოდა, ასე ყოფილიყო და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ისინიც ხშირად ჩამოვიდნენ ჩვენთან და მეც ხშირად ჩავიდე მათთან. ახლა პირველი ეტაპია და ეს, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მშობლისთვის შვილის ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩემი ოჯახი ამ მოვლენას ძალიან შეგნებულად და გააზრებულად შეხვდა. მონატრება და ნოსტალგია დიდია, ამას ვერ უარვყობ, მაგრამ ჩემი ბედნიერება სწორედ ჩემი ოჯახის მხარდაჭრის დამსახურებაა. ისინი ცოტა ხნის წინ გავაცილე და მალე ისევ ჩემ გვერდით იქნებიან. მათ თქვენი ჟურნალიდანაც დიდი სიყვარულით მოვიკითხავ. ახალ წელს ვულოცავ მათაც და მთელ საქართველოს – ყველასთვის ბედნიერების, სახარულისა და სიყვარულის წელი ყოფილიყოს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა