როგორ შემოეხარჯა კოკი ფანგანს მანქანის ფული ბრენდული ჩანთის შეძენაში და რით ანებივრებენ მას შეძლებული მეგობრები
ავტორი: ანკა რობაქიძე 20:00 19.05

„ჩემი ცხოვრება ლაქშერულიც არის და უბრალოც. საკმაოდ შეძლებული სამეგობრო მყავს, მათთან ერთად დავფრინავ ყველგან, მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებში. ამას ყოველდღიური სახე არ აქვს, თუმცა ხშირია...“ – ამბობს ინფლუენსერი კოკი ფერაზი ფანგანი, რომელიც სოციალურ ქსელში შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად ხშირად ჩანს და მათი უდიდესი სიყვარულითაც სარგებლობს.
– კოკი, დღევანდელი გადასახედიდან, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?
– ძალიან ლაღი და კარგი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები საქართველოში არ ცხოვრობდნენ და მათ გარეშე გავიზარდე. ბებოს სითბო და სიყვარული მშობლებისგან შორს ყოფნას მივსებდა. ასევე, მყავდა ძალიან კარგი თანაკლასელები და რამდენიმე დღესაც ჩემი ახლო მეგობარია. ქუთაისის უძველეს უბანში – ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე ვიზრდებოდი, დიდ და ლამაზ ეზოში. ეხლაც ამ სახლში ვცხოვრობ, სადაც ულამაზესი პიონები გვქონდა, ამდენი წლის შემდეგ გაზაფხულზე ისევ ამოდის და საოცარი სურნელი აქვს... ძალიან კარგი მეზობლები მყავს, თუმცა ის ურთიერთობები და ატმოსფერო, რაც ადრე ჩემს ბავშვობაში იყო, აღარ არის. არ ვიცი, ეს შეიძლება, ჩემი დანაშაულიც იყოს (სულ სამსახურში ან საზღვარგარეთ ვარ. რამდენიმე სამსახური მაქვს)... მშობლები, შეძლებისდაგვარად, არაფერს გვაკლებდნენ არც მე და არც ჩემს ძმას, რომელიც ჩემზე 3 წლით უმცროსია. ჩაცმა ბავშვობაშიც მიყვარდა, სულ „მიყიდეთ, მიყიდეთ“ ვიძახდი.
– პროფესია როგორ აირჩიეთ?
– პროფესიას რაც შეეხება, მოდაში იყო სამედიცინო ფაკულტეტი, მაგრამ მე ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ეკონომიურზე მოვხვდი, გრანტით. თუმცა, დღეს საერთოდ სხვა სფეროში ვარ. უნივეტსიტეტში ჩემს თანაკურსელებს კარგად ემახსოვრება, მოდის კვირეული მქონდა, ისეთი ჩაცმული დავდიოდი. მაშინ ზოგისთვის ეს, ალბათ, უცხო იყო. მახსოვს, მეგობარმა პოლოს ფერადი წინდები ჩამომიტანა მილანიდან, ყველას უკვირდა, ზოგი, ალბათ, იცინოდა კიდეც, თუმცა, დღეს ყველას აცვია.
– მუდმივად შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ჩანხართ, მათი დიდი სიყვარული ჩანს თქვენ მიმართ...
– უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში უკვე ვიცნობდი შოუ-ბიზნესის ბევრ სახეს, ამის შესახებ ლექტორებმაც იცოდნენ. ლექციიდან ადრე გასვლა თუ მინდოდა, ვიგონებდი, რომ ლელა წურწუმია მირეკავდა და მიშვებდნენ. დღეს კი ლელასთან ახლოს ვარ და ნამდვილად მირეკავს.
ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ქუთაისში კონცერტებს ჩემი მეგობრები აწყობდნენ. მათ ყველგან დავყავდი, ჩემზე ცოტა უფროსები იყვნენ და თუ რამე სამთავრობო ან კერძო კონცერტი ჩატარდებოდა, აუცილებლად მეც იქ ვიყავი. აქედან გავიცანი ყველა, ზოგი მათგანი დღეს ჩემი ძალიან ახლო მეგობარია – ანრი, ლელა, ნინი, ქრისტინე, მაკა და რატი, ჩემი დალი ჩიტალაძე, თემო თათარაშვილი, შოუ-ბიზნესში საკმაოდ დიდი სამეგობრო მყავს. უკვე 15 წელი გავიდა, რაც ერთად მოვდივართ. მოგეხსენებათ, ქუთაისში 10 წელია, სხვადასხვა კონცერტის ორგანიზებას ვახდენ. ასევე, კორპორატიულ საღამოებსა და ქორწილებზე ხშირად ჩამოჰყავთ ცნობილი მომღერლები, ამ საკითხშიც ყველას ვეხმარები. ახლაც მაქვს რამდენიმე ქორწილის მუსიკალური პროგრამა, ასევე, დაგეგმილია ორი კონცერტი.
– ბრენდები ყოველთვის გხიბლავდათ?
– ჩაცმა სულ მიყვარდა, ყოველთვის. მართალია, მაშინ ნამდვილი „გუჩები“ არ მეცვა, თუმცა, „გუჩი“ ჩემი ფავორიტი იყო. ბრენდები კარგია და მიყვარს, ზოგჯერ მეც ვყიდულობ ხოლმე, მათ შორის მაქვს „ლუი ვიტონის“ ჩანთები. არაორიგინალი სამოსი გაჩუქებული მაქვს, აღარ ვყიდულობ. მირჩევნია, „ზარა“ და „ადიდასი“ ჩავიცვა, „გუჩის“ ან „ვალენტინოს“ ფული ყოველთვის არ მაქვს. „ზარაში“ შოპინგი ძალიან მიყვარს. ჩემს მეგობარს, მზიკოს აქვს აუთლეტის სამოსის მაღაზია და ბევრი კარგი ბრენდი მინახავს მასთან. მაგალითად, იტალიურ პიჯაკებს, რომლებიც ძალიან ძვირად ღირებულია, მზიკოსთან ძალიან იაფად ვყიდულობ. ბოლოს უნდა ვთქვა, გემოვნებით ჩაცმას არ სჭირდება ბევრი ფინანსები.
– შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან მეგობრობის შედეგად, ალბათ, ბევრი სანუკვარი მოგონებებიც გაქვთ?
– მოგონებები უამრავი, განსაკუთრებით მე, ანრის, ბადურას, მაკას და რატის... მახსოვს, მაკას კონცერტის წინ პოსტი დავუწერე, რომელსაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ცოტა კი ვინერვიულე... პოსტებს ყველას ვუწერ, ანრი და რატი დამრჩა მხოლოდ. ერთხელ, ქრისტინეს კონცერტის წინ ტელეფონი ტანსაცმლის მაღაზიაში დაეკარგა. ვინაიდან ხმა გათიშული ჰქონდა, ვერ ვიპოვეთ. ყველა ვეძებდით – მე, ანრი, ბაბი კირკიტაძე, თათა გიორგობიანი, ბოლოს, მეორე დღეს, კონსულტანტმა იპოვა.
ნინი და ქრისტინე გამორჩეული და ძალიან კეთილი გოგოები არიან, ძალიან თბილები და მეგობრულები. ჩემს წარმატებაში მათ ძალიან დიდი როლი უკავიათ, განსაკუთრებით მიყვარს ორივე. ჩემთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად თანაბრად ორივე! ხშირად უკითხავთ: ნინი თუ ქრისტინეო, თუმცა წარმოუდგენელია მათი გამორჩევა. ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო, სწორედ ამათზეა ნათქვამი. ეკრანზე არ ჩანს და საზოგადოება, ალბათ, ვერ ხვდება, რამდენად კარგი ადამიანები არიან. ნინის ჩანთების სთორებს ვდებ ზოგჯერ და სულ მეჩხუბება, ნუ დებო, ძალიან თავმდაბალი ადამიანია.
– ძალიან თამამად იცვამთ, თქვენზე არ ყოფილა თავდასხმები?
– ვთვლი, რომ კარგი სტილი და გემოვნება მაქვს. ყოფილა რეპლიკები, თუმცა ჩემთვის სულ ერთია, სხვები რას ფიქრობენ ჩემს ჩაცმულობაზე, მით უმეტეს, ის ადამიანები, რომლებიც კომპეტენტური საერთოდ არ არიან ამ საკითხში. ხშირად მიწერენ კომენტარებს – ეს რა გაცვია, რას ჰგავხარ, ასე მაღაზიაშიც არ ჩავალო, თუმცა, საბედნიეროდ, მათზე არ ვბრაზდები.
– თქვენი ცხოვრება ლაქშერულია?
– ჩემი ცხოვრება ლაქშერულიც არის და უბრალოც. საკმაოდ შეძლებული სამეგობრო მყავს და მათთან ერთად დავფრინავ ყველგან, მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებში დავდივარ. ამას ყოველდღიური სახე არ აქვს, თუმცა, ხშირია. ასევე, საკმაოდ ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ საკუთარ თავს „ვალენტინო“ და „ვერსაჩე“ ვუყიდო. ალბათ, უბრალოდ, ბევრ რამეში გამიმართლა და ღმერთს დიდი მადლობა ამისთვის.
– გვიამბეთ თქვენს როგორც ლაქშერულ, ასევე, უბრალო ცხოვრებაზე...
– ვგიჟდები ლაქშერულ კვებაზე და შოპინგზე, ბრენდული მაღაზიები ჩემი გატაცებაა. როცა ცოტა ფული მქონია, მარტოც წავსულვარ მილანში, შოპინგზე. ბოლოს ორი თვის წინ ვიყავი. ბევრი რამ შევიძინე და ხალხი მიწერდა, ცარიელი პარკებით ჩამოხვედიო. აღარ დავდე ჩეკის სქრინები. რაც შეეხება კვებას, მიყვარს კრევეტები, მიდიები, პასტები... დესერტებში ტირამისუ ჩემი ფავორიტია, შემიძენია „ლუი ვიტონის“ შოკოლადებიც, თუმცა არ გავგიჟდი. მეგობრები მილანიდან ხშირად „დოლჩე გაბანას“ შოკოლადებსაც მიგზავნიდნენ.
მახსოვს, მანქანის შეძენა მსურდა, თანხის ნაწილი მქონდა, ქართველს დუბაიში „ჰერმესისა“ და „ლუი ვიტონის“ ჩანთების, „როლექსების“ ონლაინ მაღაზია აქვს. მისი ერთ-ერთი „სთორი“ ვნახე და „ლუი ვიტონის“ შავ ჩანთაზე შევიშალე. ჩანთა გამოყენებული იყო და ამიტომ 2 500 ევრო ღირდა. ბარში მეგობრებთან ერთად ვსვამდი და ნასვამზე ეს ჩანთა „შემომეყიდა“. ძირითადად, ევროპაში ვმოგზაურობ – ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ჰოლანდია, ავსტრია, გერმანია და ბევრი სხვა... წინა თვეში მილანსა და ბარსელონაში ვიყავი.
რაც შეეხება უბრალო ცხოვრებას, ზოგადად ძალიან უბრალო ადამიანი ვარ, წყენაც და გაბრაზებაც მალე მავიწყდება. მიყვარს ადამიანები და სიკეთის კეთება. რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ, ღამის ორ საათამდეც ხშირად ვარ სამსახურში. აქტიურად ვცხოვრობ. მომწონს, როდესაც ბევრი საქმე მაქვს. რამდენიმე კომპანიის პიარის ხელმძღვანელი ვარ (სასტუმრო, რესტორანი, ბარი, კლინიკა, საკონდიტრო, წვეულებების ვილა და ბავშვთა გასართობი ცენტრი), ასევე, ათი წელია, ღონისძიებებისა და კონცერტების ორგანიზატორი ვარ, ძირითადად, ქუთაისში, თუმცა, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმშიც ჩამიტარებია.
– ძალიან ბავშვურად გამოიყურებით, რამდენი წლის ხართ?
– ყველას 25 წლის ვგონივარ, 35 წლის ვარ. ეს ყველაფერი ჩემთვის ძვირფასი და პროფესიონალი ინექციონისტის, ქალბატონ ინგა შველიძის დამსახურებაა. მაქსიმალურად ვუვლი თავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან