როგორ შექმნა ლაშა გურულმა საკუთარი თავი და რა სირთულეებმა მისცა მას მეტი ძალა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 11.09
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს უდიდესი გამარჯვებაა საქართველოსთვის, თუმცა ლაშა ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
ლაშა გურული: ძალიან დიდხანს მოვდიოდი ამ მედლისკენ. განვლილ გზაზე მოვიპოვე მედლები მსოფლიო ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე, ევროპის ოლიმპიადაზე და ჩემს კოლექციას ოლიმპიური მედალიღა აკლდა. ახლა ოლიმპიური მედალიც მოვიპოვე და კოლექციაც შეივსო. დღეიდან ჩემი მიზანია, ამ მედლებს ფერი შევუცვალო, ამიტომ შემდეგი ოთხი წელიც იმავენაირად გავაგრძელებ ბრძოლას უკეთესი შედეგებისთვის.
– ეს ბავშვობისდროინდელი ოცნება იყო?
– 5 წლის ასაკში მოვხვდი სპორტში, სრულიად შემთხვევით. 7 წლის ვიყავი, როდესაც ოლიმპიური თამაშების შესახებ გავიგე და მაშინვე ეს იქცა ჩემს მიზნად. მას შემდეგ მოვდიოდი ამ მიზნისკენ, ჩემი მშობლების დახმარებით.
2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე სალიცენზიო ტურნირზე ვერ მოვიპოვე საგზური, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კოვიდის გამო ვერ მოვხვდი, მაგრამ პარიზის საგზური მოვიპოვე და მედალიც ჩვენია.
– როგორი იყო შემთხვევითობა, საიდანაც 5 წლის ასაკში ყველაფერი დაიწყო?
– ჩემს სახლთან ახლოს, ბაღის შენობაში იყო კრივის დარბაზი. მაშინ 5 წლის ვიყავი და ამ ბაღის ეზოში ვთამაშობდი ხოლმე. ერთხელ მწვრთნელმა დამიძახა, არ გინდა, კრივზე შემოსვლაო? ვუთხარი, არა-მეთქი, რადგან მამაჩემი აპირებდა, ძიუდოზე შევეყვანე. მოდი, მაინც, უყურე, ვარჯიშს დაესწარიო, მითხრა. შევედი დარბაზში, დავესწარი ვარჯიშს და ბავშვები გამოსაცვლელად რომ შევიდნენ გასახდელში, მივედი და ტომარას მივარტყი მუშტი. ძალიან მომეწონა. მეორე დღეს ერთი სული მქონდა, მივსულიყავი, მათი ვარჯიშისთვის მეყურებინა და გასახდელში რომ შევიდოდნენ, მეც წამევარჯიშა. ერთ დღესაც, ვარჯიში რომ დაიწყეს, მწვრთნელმა მითხრა, მიდი, შეუერთდიო. ერთი თვე ისე ვვარჯიშობდი, მშობლებმა არაფერი იცოდნენ. რადგან სახლთან ძალიან ახლოს იყო დარბაზი და დრო არ მეკარგებოდა. მშობლებს ეგონათ, ეზოში ვთამაშობდი და მე ამ დროს ვვარჯიშობდი. მშობლები შრომობდნენ და მთელ დროს ჩემთან ერთად ვერ ატარებდნენ, ამიტომ ამ ამბის დამალვა არ გამჭირვებია. როდესაც მწვრთნელმა ჩათვალა, რომ შეჯიბრებაზე უნდა გავეყვანე, სახლში გვესტუმრა და ჩემს მშობლებს უთხრა, თქვენი შვილი შეჯიბრებაზე უნდა წავიყვანოო. ჩემმა მშობლებმა უთხრეს, ალბათ რაღაც გეშლებათო. ამ დროს ოთახიდან გამოვედი, მივედი და ჩემს მწვრთნელს ჩავეხუტე. ყველაფერი გაირკვა და მშობლებმა შეჯიბრებაზე გამიშვეს. პირველივე შეჯიბრება წარმატებით დასრულდა.
– ყველამ ვნახეთ ემოციური კადრები აეროპორტიდან, როგორ დაგხვდნენ გულშემატკივრები ოლიმპიადიდან მედლით დაბრუნებულს. ალბათ, ესეც არაერთხელ წარმოგიდგენიათ.
– ზოგადად, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, ჩემი ოცნებების რეალიზებაა. მე და ჩემი მშობლები რომ დავსხდებოდით, წარმოვიდგენდით ხოლმე, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მაგალითად, ქალაქში რომ გავივლიდი და ჩემი ფოტოები ბანერებზე იქნებოდა. დედა სულ მეუბნებოდა, აი, მოვა დრო, როცა შენთან ბავშვები ფოტოებს გადაიღებენ და ავტოგრაფს გამოგართმევენო. ამაზე ხშირად ვსაუბრობდით. თითქოს, ამ ყველაფერს წინასწარ ვხედავდით. ჩვენ გაუცნობიერებლად ვიზუალიზაციის ტექნიკა გამოვიყენეთ და ეს ძალიან დაგვეხმარა. არა მხოლოდ კრივში, არამედ მთელი ცხოვრება ასე ვხედავთ ყველაფერს წინასწარ – მხატვრულად, ლამაზად, პოზიტიურად. ვგეგმავთ ყველაფერს და ვგრძნობთ, რომ ღმერთი ჩვენთან არის.
როცა რაღაც გულით გინდა და იცი, რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში, არ იცი, მასთან რომელი გზით მიხვალ ან რამდენ ხანში, მაგრამ უნდა გჯეროდეს, რომ აუცილებლად მიხვალ. თუ მთელი გულით მოინდომებ, ყველა წინააღმდეგობას გადალახავ.
ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი გზა, გინდაც გამოსავალი, შრომა იყო. თანდათან იზრდები როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და გონებრივად. ამასობაში, ინტერნეტი გახდა ხელმისაწვდომი, სადაც შეგიძლია, ბევრ ინფორმაციას გაეცნო, სხვა ადამიანების გამოცდილება გაიზიარო. კრივი – ეს არის ინტელექტუალური, კლასიკური სპორტი, სადაც გჭირდება ინდივიდუალური ხასიათი, ინტელექტი, ტექნიკა, ტაქტიკა და კიდევ ბევრი უნარი, მხოლოდ ხელების ქნევა ვერ დაგეხმარება. ვიხსენებ ჩემს თავს, როგორი ვიყავი 7, 3 თუ ერთი წლის წინ, როგორი ვარ ახლა და ვხედავ, რომ ეს წლები განვითარების სრულიად სხვადასხვა საფეხურს მოიაზრებს. პროგრესს ყოველ წელს ვამჩნევ და ამისთვის ბევრს ვშრომობ, არა მხოლოდ სპორტში, ზოგადად ადამიანური თუ ინტელექტუალური თვალსაზრისით, რადგან არა მხოლოდ სპორტში, მინდა, თავს ყველგან კომფორტულად ვგრძნობდე.
– ალბათ გამართლებაა, შეგხვდეს ისეთი მეორე ნახევარი, რომელიც ყველაფერში გვერდით დაგიდგება...
– მე და მარიამი (მუმლაძე) ერთმანეთს ვგავართ ხასიათით, თვისებებით და ეს ჩვენი ოჯახების დამსახურებაა, რადგან ჩვენი ოჯახებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რაც შეეხება ურთიერთგაგებას, ეს უკვე გამომუშავებადია. მარიამი 15 წლის იყო, როდესაც გავიცანი. მაშინ მე 18 წლის ვიყავი. ერთი წელი ვმეგობრობდით, მერე კი სიმპათიები გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ. ურთიერთობის ყველა ეტაპზე ვლაპარაკობდით ჩვენს შეხედულებებზე, აზრებზე, მიზნებზე – ერთმანეთს ბევრ რამეს ვუზიარებდით და ვუყვებოდით, რა წარმოდგენები გვქონდა მომავალთან დაკავშირებით. ბევრ რამეში ერთ აზრამდე მივედით. შეიძლება, ითქვას, რომ იმ პერიოდში ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. ამიტომაც ვგავართ ბევრ რამეში ერთმანეთს. თუმცა, რა თქმა უნდა, ინდივიდები ვართ და ყველაფერზე ჩვენ-ჩვენი აზრი გაგვაჩნია. კიდევ ერთი პრინციპი გვაქვს ურთიერთობაში – ერთმანეთის სწორად გათვალისწინება. მაგალითად, მე თუ რამეს ვაპირებ, მარიამს ამის შესახებ წინასწარ ვაყენებ საქმის კურსში, ჩემს ჩანაფიქრს ვუზიარებ და ანალოგიურად იქცევა ისიც. ასე თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. ერთად ვახდენთ ჩვენთვის სასურველი მომავლის ვიზუალიზაციას, არა მხოლოდ მე და მარიამი, მთელი ჩვენი ოჯახი. ეს ყველაფერი ჩემი ბედნიერება და სიმდიდრეა.
იყო მომენტი, როდესაც ქირით ვცხოვრობდი და არ მქონდა საშუალება, ის მეკეთებინა, რაც მინდოდა. 20-21 წლის რომ ხარ და ამ მდგომარეობაში ცხოვრობ, უნდა გადაწყვიტო, ღირს თუ არა ამ საქმის გაგრძელება, რადგან შეიძლება, კიდევ 7-8 წელი გავიდეს და არ გქონდეს სასურველი შედეგი, ვერ გახდე ისეთი წარმატებული სპორტსმენი, როგორიც გინდა. ასეთ დროს ფიქრობ, ხომ არ აჯობებდა რამე შეცვალო, სხვა პროფესია შეისწავლო და კრივს რომ თავს დაანებებ, ყველაფრის ნულიდან დაწყება არ დაგჭირდეს. იმასაც ფიქრობ, იქნებ დაიღალე? ზუსტად ასეთ მომენტებში მახსენდებოდნენ ადამიანები, ვისაც ჩემი სჯეროდათ.
– ყველაზე მეტად რამ დაგაახლოათ მიზანთან?
– რამდენიმე მომენტი მქონდა გონებაში ჩადებული: პირველი – ბავშვობიდან მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა; მეორე – ხალხი რომ გეუბნება: „არ გამოგივა“, „აქ როგორ წააგე“, „იქ როგორ ვერ გაიმარჯვე“, „იქნებ შეცვალო სფერო“ ან არ გეუბნებიან, მაგრამ გაგრძნობინებენ. მინდოდა, მათთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ და რომ ადამიანს შეუძლია იმის მიღწევა, რაც მას ძალიან მაგრად უნდა. ჩემი მთავარი მიზანი არ ყოფილა ბრინჯაოს მედალი, ჩემი მთავარი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა. ჯერ გზაში ვარ, არ დამისრულებია კარიერა, მაგრამ უკვე ყველას დავუმტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია. კრივში ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი ჩვენნაირი ქვეყნისთვის არანაკლები მიღწევაა. ხუთმა ოლიმპიურმა თამაშებმა ისე ჩაიარა, რომ ქართველები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მედალი ვერ დადეს. სხვანაირი კონკურენციაა კრივში, სუსტი ფესვები გვაქვს, ამიტომ ოლიმპიადაზე მოხვედრაც კი უკვე იმდენს ნიშნავს, სპორტსმენს ლეგენდას უწოდებენ და ამით კმაყოფილდებოდნენ. მე არ მინდოდა უბრალოდ ოლიმპიელობა შედეგის გარეშე. მიზანს მივაღწიე და ახლა კიდევ ასმაგად უნდა მოვინდომო მისი გაუმჯობესება.
– რა ხდებოდა იმ პერიოდში, როცა რაღაც არ გამოდიოდა და გესმოდათ, რომ ჯობდა, გზა შეგეცვალათ...
– ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, როცა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვხვდი. მოგეხსენებათ, სპორტში ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, მე მაშინ 24 წლის ვიყავი და მაგრძნობინეს, რომ უკვე დიდი ვიყავი, რომ აზრი აღარ ჰქონდა ჩემს კარიერას. ზუსტად ამის შემდეგ დავდე საუკეთესო შედეგები, რამაც აქამდე მომიყვანა. ზუსტად მაშინ, როცა ხელი მკრეს და ცდილობდნენ, დავერწმუნებინე, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, რადგან კრივის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, უფრო მოვინდომე, ვიგრძენი, რომ უფალი ჩემ გვერდით იყო და ყველაფერი კარგად წავიდა.
– ყველაფერთან ერთად, გამორჩეული იმიჯი გაქვთ, რამ იქონია თქვენს სტილზე გავლენა?
– პატარაობიდანვე ძალიან მომწონდა, როცა ადამიანებს გამორჩეულად ეცვათ. ვაკვირდებოდი მათ სტილს და ალბათ, ამან იქონია გავლენა ჩემს გემოვნებაზე. რაც შეეხება ჩემს ტატუებს, ბავშვობიდანვე ვხედავდი, რომ სპორტსმენები მოხატულები იყვნენ და მათ ესეც გამოარჩევდათ. შეიძლება, ითქვას, რომ ბავშვობაშივე გავთვალე მარკეტინგულად, მაგრამ გაუაზრებლად (იცინის). ჩავთვალე, რომ მოხატული და თავგადაპარსული სპორტსმენი უფრო დასამახსოვრებელი იქნებოდა. წლების განმავლობაში კი ჩემი თავი და შესაძლებლობებიც გავაცანი ადამიანებს და ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, ყველაფერი ერთად გარკვეულ როლს თამაშობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან