როგორ შეძლო ნიკე ჩაჩანიძემ 7 წლის ასაკში მიწის ნაკვეთის ყიდვა და რა ოცნების ასრულებას აპირებს ის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:20 24.05

ნიკე ჩაჩანიძეს, ალბათ, ყველა იცნობს და ყველას ძალიან გაუხარდა იმის გაგება, რომ მან, ძალიან პატარა ასაკში, თავის გამომუშავებული ფინანსებით მიწის ნაკვეთის ყიდვა შეძლო და მალე საკუთარ ოცნებასაც აისრულებს.
ნიკე ჩაჩანიძე: ჩემი შემოსავლებით მიწის ნაკვეთი ვიყიდე. ყველაფერი ბურბუშელის ჭამით და პირამიდების გახსნით შევძელი. მიწის ნაკვეთი ცხვარიჭამიაში ვიყიდეთ და მალე იქ სახლს ავაშენებთ. ჩვენ ახლა პატარა სახლში ვცხოვრობთ. მინდოდა, უფრო დიდი გვქონოდა და ამიტომ გადავწყვიტე, მიწის ნაკვეთი გვეყიდა.
– როგორი უნდა იყოს შენი ახალი სახლი?
– მინდა, მასში ჩემი ოთახი მქონდეს. კედლებზე გოგონებისთვის ლამაზი შპალერი იყოს, ღია ვარდისფერი. ეს ჩემი საყვარელი ფერია და მინდა, ნივთებიც, ძირითადად, ვარდისფერი იყოს. სათამაშოების კარადაც მინდა, რომელშიც ბევრ სათამაშოს დავალაგებ. წიგნების თაროც მინდა. ჩემს ძმასაც ვუკეთებ ოთახს. იქ ერთი კარადა უნდა გავაკეთოთ და ამ კარადის კარს რომ გააღებ, ჩემს საიდუმლო ოთახში შეხვალ. ამ ოთახში მეგობრებს შევიყვან ხოლმე და გავერთობით. დიდი ორსართულიანი სახლი მომწონს და ასეთი უნდა ავაშენოთ. მინდა, რომ მისაღები ოთახიც ძალიან ლამაზი იყოს.
– როდის იწყებთ მშენებლობას?
– ზაფხულში დავიწყებთ. მამიკო მშენებელია და ყველაფერს თვითონ გააკეთებს.
– მოდი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რამდენი წლის ხარ, ანუ რა ასაკში მოახერხე მიწის ნაკვეთის ყიდვა საკუთარი შემოსავლით.
– 7 წლის ვარ.
– როცა გაიგეს, რომ შვიდი წლის ასაკში ასეთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეძელი, რას გეუბნებოდნენ, სოციალურ ქსელებშიც რას გწერენ ამასთან დაკავშირებით?
– ძალიან კარგი რეაქციები აქვთ, გაოცებულები არიან, მილოცავენ. მწერენ, მაგარია, რომ ამდენი შეძელი 7 წლის ასაკშიო.
– შენთვის რამდენად სასიამოვნოა ის ყველაფერი, რითაც საჭირო თანხა გამოიმუშავე, ანუ, სოციალურ ქსელში აქტიურობა, სახალისო ვიდეოების გადაღება, რამდენად მოგწონს ეს ყველაფერი?
– ძალიან, ძალიან მომწონს. მიხარია, რომ პოპულარული ვარ. კარგია, როცა ქუჩაში ხალხი მხვდება და მცნობენ, ჩემთან ერთად სურათის გადაღება უნდათ. მეუბნებიან, მზე გოგო ხარ, ძალიან მაგარი ხარო. ან – შენ ნიკე არ ხარო?! ეს ძალიან მიხარია.
– სკოლასთან ერთად, რით ხარ დაკავებული, ყოველდღიურად რას აკეთებ?
– დავდივარ ცეკვაზე, ხატვაზე, ინგლისურზე. მთელი დღე აქტიური ვარ და ეს ძალიან მომწონს, არ მღლის. ყველაზე მეტად ცეკვა მომწონს, შემდეგ – ხატვა. გაკვეთილებიდან ყველაზე მეტად სპორტი და კომპიუტერი მიყვარს, ასევე, ჭადრაკი და მათემატიკა. ცოტა ნაკლებად მიყვარს ბუნება, იმიტომ, რომ სულ ტექსტებს გვაძლევენ დასამახსოვრებლად.
– რამდენად პრანჭია გოგო ხარ?
– ძალიან პრანჭია ვარ, სულ ვიპრანჭები. მიყვარს დედიკოს საპრანჭავების მოპარვა და გამოყენება (იცინის). მე თვითონ ვარჩევ, რა ჩავიცვა, თმა როგორ გავიკეთო, მაგრამ ზამთარშიც რომ კაბების ჩაცმა მინდა, ეგ არ არის კარგი (იცინის).
– მეგობრებთან ერთად რით ერთობი?
– ძალიან კარგი მეგობრები მყავს. ყველგან, სადაც მივდივარ, მეგობარს ვიძენ. ეზოში, ცეკვაზე... სადაც კი ფეხს დავდგამ, უკვე მეგობარი მყავს. ძალიან ადვილად ვუმეგობრდები ბავშვებს, ორი სიტყვითაც შეიძლება, დაუმეგობრდე ადამიანს.
– როგორ არჩევთ ხოლმე შენ და დედიკო თემებს ვიდეოებისთვის?
– რამეს რომ ვიტყვით ხოლმე, მერე იდეები გვაფიქრდება, მერე განვიხილავთ, ასე ხომ არ ვთქვათ, ეს ხომ არ დავამატოთ? ასე, ნელ-ნელა იქმნება ერთი მთლიანი ვიდეო.
– რა დროს უთმობ ვიდეოების გადაღებას?
– ჩემთვის ერთი დღე იმხელაა, ათ დღეს უდრის, ძალიან ბევრ რამეს ვასწრებ, თან მიყვარს აქტიური რომ ვარ.
– ახლა დედიკოსაც ვკითხოთ: ხატია, როგორ გადაწყვიტეთ, მიწის ნაკვეთის შეძენა? შვიდი წლის ასაკში რომ ასეთი რამ მოახერხოს ბავშვმა საკუთარი შემოსავლით, დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ ბევრს არ გაუგია. ასეთი ინვესტიციის გაკეთებას, მშობლის მხრიდან, ძალიან დიდი მხარდაჭერა და სწორად წარმართული პროცესები სჭირდება.
ხატია ფარსმანაშვილი (ნიკეს დედა): ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ნიკეს თავისი შემოსავალი ყოველთვის ჰქონდა. იცოდა, რეკლამებში რომ გადაიღებდნენ, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებდა და ამბობდა ხოლმე, რისი ყიდვაც უნდოდა. თუმცა, ყველაფერს არ ვხარჯავდით, თანხის ძირითადი ნაწილი რჩებოდა და ბანკში ვუგროვებდით. როცა უკვე დიდი თანხა დაგროვდა, ვუთხარით, რომ მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელება შეეძლო. ნიკეს ძალიან უნდოდა დიდი სახლი საკუთარი დიდი ოთახით. ეს სურვილი დიდი ხანია, აქვს და ვუთხარით, რომ უკვე შესაძლებელი იყო განხორციელება. მიწა ძალიან ლამაზ ადგილას ვიყიდეთ. გვინდა, უკვე ზაფხულში დავიწყოთ მშენებლობა, მაგრამ ალბათ, დროში გაიწელება. ამასაც ხომ ფინანსები სჭირდება. როგორც ნიკემ თქვა, მამიკო დაიწყებს შენებას.
– დარწმუნებული ვარ, ბევრ მშობელს აქვს პრობლემა, რა უყიდოს ბავშვს და რაზე უთხრას უარი, როგორ დაიცვას ოქროს შუალედი მისი სურვილების განხორციელების დროს. ნიკეს თავისუფლად შეუძლია, მოითხოვოს, თავის გამომუშავებული თანხით, რაც მოუნდება, ის იყიდოს და აქ, ალბათ, მშობელს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ასწავლოს, რაში შეიძლება თანხის დახარჯვა და რაში არ არის მიზანშეწონილი. როგორი მიდგომა გაქვთ?
– ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. ვეუბნები, რომ ვერ ექნება ის ყველაფერი, რაც მას შეიძლება, მოუნდეს. ყველას ყველაფერი ვერ ექნება, ეს ბუნებრივია. გვაქვს დღეები, როცა სრულ თავისუფლებას ვაძლევთ, შეუძლია, იყიდოს, რაც უნდა, რაც გაახარებს, თუმცა, ეს – იშვიათად. უმეტესად, ვსაუბრობთ, რომ ფულის გაფლანგვა არ შეიძლება. ვთხოვ ხოლმე, რომ კარგად დაფიქრდეს და გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მართლა მნიშვნელოვანი. ამას რომ ვეკითხები, მეუბნება, მინდა, დიდი სახლი მქონდესო და იწყებს მის აღწერას. ალბათ, ეს ყველაფერი დაგვეხმარა თანხის მოგროვებაში. ნიკემ ძალიან კარგად იცის, რა თანხებთან აქვს შეხება. მათემატიკა უკვე კარგად იცის და მშვენივრად ითვლის. ადრე არ იცოდა, ძალიან პატარა იყო და არც თავის ფინანსებთან ჰქონდა შეხება. ახლა ვეღარ მოატყუებ (იცინის). ზუსტად იცის, რომელ რეკლამაში რამდენს იღებს და რა თანხა აქვს, ამიტომ მთავარია, მისი სწორად წარმართვა იცოდეს, თავისი ასაკის შესაბამისად. რა თქმა უნდა, ოცნებების ასრულებაზე უარს არ ვეუბნებით, მაგრამ ზომიერებასაც ვასწავლით. მაგალითად, თუ სკოლაში 20 ლარის წაღება მოუნდება, ვეუბნებით, რომ ეს არ არის საჭირო, რომ საკვებს გაცილებით მცირე თანხა სჭირდება. ანუ, გარკვეული შეზღუდვები გვაქვს.
– რისი ყიდვა უხარია ყველაზე მეტად თავის ანაზღაურებით?
– ბავშვური ნივთების – ქვიშების, ტყლარწების, სათამაშოების... ძალიან მიხარია, როდესაც ასაწყობ ლეგოებს ყიდულობს. ძალიან უყვარს წიგნები და მაღაზიაში რომ შედის, ვეღარ გამოიყვან.
ნიკე: კი, ასეთი რამეების ყიდვა მიყვარს. კიდევ ახლახან გამოვიწერე ნივთები, ფურცლები, რომელსაც „საკრასკავები“ მოჰყვება, მაგრამ სად მაქვს მაგის ნერვები, ფურცლები „გავკრასკო“ (იცინის). მე და დედიკო დაქალები ვართ, ჩემი ძალიან კარგად ესმის.
შენ რამდენად კარგად გესმის დედიკოსი, უჯერებ თუ უფრო დამოუკიდებლად გიყვარს გადაწყვეტილებების მიღება?
– ხანდახან ვუჯერებ და ზოგჯერ მე მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება.
ხატია: ვცდილობ, მეტი თავისუფლება მივცე. მაგალითად, ჩაცმაში, ჭამაში. არ ვაძალებ, ჭამოს, ველოდები როდის მოშივდება, რომ საკუთარი სურვილით ჭამოს გემრიელად. არც გაკვეთილების მომზადებისთვის ვუთითებ კონკრეტულ დროს, როცა მობილიზდება, შეუძლია, მაშინ იმეცადინოს. მისი გადასაწყვეტია, რომელ წრეებზე ივლის. ახლა სურვილი აქვს ტანვარჯიშზე შევიდეს. ჰიპ-ჰოპზე დადის, ესეც მისი არჩევანია. მე ძალიან მინდოდა, ქართული ცეკვა ესწავლა, მაგრამ ნიკემ რადიკალური უარი მითხრა. ამიტომ არ ჩავერიე.
– ჩარევა რაში გიწევთ?
ნიკე: ეზოში არასდროს მიშვებს.
ხატია: იმიტომ არ გიშვებ, რომ მეშინია შენი მარტო გაშვების. აუცილებლად უნდა ჩამოგყვე. ჩემი შიშის მიზეზი ისაა, რომ მთავარ გზასთან ახლოს ვცხოვრობთ და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
– ნიკე, დღეს სერიოზული პრობლემაა ბავშვების გაჯეტებზე დამოკიდებულება. შენ რა დროს უთმობ ამას?
ხატია: აი, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი (იცინის).
ნიკე: კი, ხანდახან მართმევს ხოლმე. კომპიუტერში რაღაც აპლიკაცია ვიპოვე, სადაც რაღაცებს ვუყურებ და ვმალავ (იცინის). ისე, დღეში ნახევარი საათი მაქვს კომპიუტერთან გასატარებლად. ამის გარდა, ძალიან მიყვარს კითხვა. ახლა ერთდროულად სამ წიგნს ვკითხულობ. კიდევ მიყვარს ჩემს ძმასთან თამაში, თუმცა, უფრო მისი გაჯავრება მომწონს.
– ძმის დაბადებამ როგორ შეცვალა შენი ცხოვრება?
– ვაიმე! ეს „ხვლიკი“ რომ გაჩნდა, ჩემი ცხოვრება სულ შეცვალა. ვუნგრევ კუბიკებს და ამით მაინც ვერთობი. ჩემს ძმას დაჩი ჰქვია. ძალიან უცნაურია. ხელში თუ ხუთი საწოვარა არ უჭირავს, ვერ ძლებს. მეც ვაწვალებ და ისიც მაწვალებს, მოდის და თმას მაგლეჯს.
– რა პროფესიის გინდა, იყო მომავალში?
– ამაზე ხშირად ვფიქრობ და ზუსტად არ ვიცი. შეიძლება, მოცეკვავე ვიყო, ცეკვა ძალიან მომწონს. შეიძლება – მხატვარი. თუ ტანვარჯიში გამომივიდა კარგად, შეიძლება, ტანმოვარჯიშე გავხდე. მსახიობობაც მომწონს, შემიძლია, ერთ წამს ვიტირო, მეორე წამს ვიცინო. ვინმემ რომ მთხოვოს: შეგიძლია, ახლა ცრემლები გადმოყაროო, მაშინვე დავიწყებ ცრემლებით ტირილს. ამიტომ, ალბათ, მსახიობობაც გამომივა, თუმცა, ამას მომავალში გადავწყვეტ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან