შოუბიზნესი

როგორ შეაყვარა შაინინამ ამერიკელ ქმარს ხაჭაპური და როდის გამოსცადა მან საკუთარ თავზე ჯადოსნური ზღაპარი

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 18.01

შაინინა
დაკოპირებულია

ტელეწამყვან ნინო ბარათაშვილის, იგივე შაინინას ცხოვრება ბოლო ოთხი წელია, ამერიკას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ ის ამერიკაში დაქორწინდა კიდეც და როგორც ამბობს, დღეს აქვს ყველაფერი, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება.

შაინინა: ჯადოსნობა ყოველ დღე ხდება ჩვენ გარშემო, მთავარია, მისი დანახვა გვსურდეს. 2022 წელს ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ტექნიკა - ნეიროგრაფიკა აღმოვაჩინე და მასზე დაყრდნობით, შევქმენი ძალიან საინტერესო ონლაინ-პროგრამა, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ადამიანის განვითარებისთვის, განათლებისა და ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად. ეს ადამიანს მოუტანს ბედნიერებას და საჭიროების შეგრძნებას, რაც ძალიან მახარებს.

რეალურად, მე არასდროს მიჭირდა, ვყოფილიყავი ბედნიერი. რაც არ უნდა რთული პერიოდი დამდგომოდა ცხოვრებაში, ყოველთვის მქონდა ბედნიერების და ღიმილის მიზეზი. ვახერხებდი, ცუდისთვის ყურადღება არ მიმექცია. არადა, ბევრი იარა მიმიღია. მე მჯერა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, მთებს გადადგამს. მაგრამ მარტო გეგმების შედგენა - არა, მათი განხორციელებისთვის ქმედებებია საჭირო. წარმოიდგინეთ, გინდათ ულამაზესი ნაძვის ხის აწყობა და ამისთვის ზუსტად ისეთი ნაძვის ხე და სათამაშოები შეიძინეთ, როგორიც გინდოდათ, მაგრამ ეს სილამაზე ყუთში დევს და ხელს არ ჰკიდებთ. სანამ არ გახსნით და ააწყობთ, მანამდე ხომ ვერ გექნებათ თქვენი ოცნების ნაძვის ხე? ასეა ცხოვრებაც, უნდა გამოიყენო ის, რაც გაქვს, უნდა იმოქმედო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ლამაზად მოვრთავთ მას. წელიწადში ერთი ცოდნა, ერთი ჰობი ან ახალი მეგობარი რომ შეიძინო, წარმოგიდგენიათ, რამდენად წინ იქნებით 12 წლის შემდეგ?! მე ეს ყველაფერი საკუთარმა გამოცდილებამ მიჩვენა, ამიტომ წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ვარ ახლა?!

- როგორია შაინინას ამერიკული ახალი წელი?

- ამერიკაში ახალი წელი არ არის ისეთი დიდი დღესასწაული, როგორიც შობა, რომელსაც 25 დეკემბერს აღნიშნავენ. აქ არ არის თამადის ინსტიტუტი. შობას ყველა მიირთმევს ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც სურს და რამდენიც სურს. სუფრასთან მიდის საინტერესო, ოჯახური საუბრები. ჩვენ 12 ადამიანი შევიკრიბეთ, ხან ერთი ყვებოდა საკუთარ ისტორიას და გამოცდილებას ამ ქვეყანაში, ხან მეორე და ასე შემდეგ. ყველანი ემიგრანტები ან ემიგრანტთა შთამომავლები ვიყავით. საუბრობენ მომავალზე, შვილების განათლებაზე, ერთმანეთის დახმარებაზე და საჩუქრებს ჩუქნიან ერთმანეთს.

საქართველოში სუფრას როდესაც ვაწყობთ, თავს ზემოთ ძალა არ არის, იმდენ რამეს ვყიდულობთ და ვაკეთებთ. ყველას ერთი და იგივე კერძები აქვს სახლში და ყველგან ერთი და იმავეს ჭამა გიწევს. როდესაც აქ საშობაო წვეულებაზე გეპატიჟებიან, გირეკავენ და შენ შეეკითხები, რა წამოგიღოო? - „არაფერი, შენ ოღონდ მოდი, ნუ შეწუხდები“ - ანუ, პასუხი, რომელიც ქართველებისთვის ძალიან ბუნებრივია, აქ უცხოა. აქ ეს ადამიანები პირდაპირ გეუბნებიან: „შეგიძლია, შენი საფირმო ნამცხვარი გამოაცხო?“ მე მაგალითად, ჩემი შოკოლადის ტორტი წავიღე, რომლითაც აქ ცნობილი ვარ. მერე სუფრაზე მიდის რეცეპტების გაცვლა, გამოცდილების გაზიარება, ისტორიების გახსენება და ძალიან ოჯახური და თბილი ატმოსფერო იკვრება, როგორიც ამერიკულ ფილმებში გვინახავს. აქ ვერ ნახავთ ღვინით გალურჯებულ სტუმრებს, ბარბაცით რომ გადიან სახლიდან და ერთი კვირა გონს ვერ მოდიან.

- შობა ზღაპრულ ისტორიებთან ასოცირდება და მართლა ერთი დიდი ჯადოსნობაა, რაც შენს ცხოვრებაში ხდება ამერიკაში, არა?

- ეს არ არის კონკიას ზღაპარი. ეს არის რეალური საჩუქარი სამყაროსგან, რომელიც ჩემი ყოველდღიურობაა. მე გულწრფელად მადლიერი ვარ სამყაროსი იმისთვის, რომ სადღაც ვიღაცამ „პანღური ამომარტყა“. ამის შედეგად მე წინ წავიწიე. მადლობა სამყაროს ამ გაკვეთილისთვის. მეგონა, ძალიან მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ შედეგი ის არის, რომ მე შიშების აღარ მეშინია. ჩემი ქმარი რომ გავიცანი, სულ დარდებში ვიყავი და მეუბნებოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ შენს თავშია, სამყაროში არ არის არაფერი ისეთი სასტიკი და საზიზღარი, როგორადაც ახლა შენ აღიქვამო. მერე მივხვდი, რომ მართალია. ჩვენ განვსაზღვრავთ - ის, რაც ხდება ჯადოსნურია თუ საშინელი. მე ვისწავლე, რომ ბედნიერება მოდის ჩვენი თვალებიდან და აღქმიდან. შეიძლება სხვა ვერ ხედავდეს, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ მე ხომ ბედნიერად ვგრძნობ თავს, ეს ყველაზე მთავარია, აქ სხვისი აზრი ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე ბედნიერი ვარ, რომ მარიუსია ჩემს ცხოვრებაში! ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები არიან და ამისთვის კიდევ ბევრი მიზეზი მაქვს. როდესაც მიხვდები, რომ მხოლოდ ფიქრების შეცვლაა საჭირო და ამას შეძლებ, მერე მთელი შენი ცხოვრება შეიცვლება.

- ახალ წელს როგორ ატარებთ?

- ახალი წელი არის ერთ-ერთი დღესასწაული, რომელსაც ემიგრანტები უფრო აღნიშნავენ, ვიდრე ამერიკელები. უფრო სწორად, ამერიკელებისთვის ეს არ არის დღესასწაული. აქ მადლიერების დღე და შობაა მთავარი დღესასწაულები. ახალი წელი ჩვეულებრივი დღეა. სულ ოთხი ახალი წელი გამომდის ამერიკაში. ერთხელ მეგობრის ოჯახში, სამჯერ კი რესტორანში აღვნიშნეთ. მილოცვა და ტელევიზორთან მოკალათება, სხვა განსაკუთრებული ამ დღეს არაფერი ხდება. თუმცა, მე ძალიან მიყვარს მეკვლეობა და მარიოს ქართულად ვასწავლე: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი“... (იცინის). ეს ტრადიცია შევინარჩუნე, რადგან მისი ძალიან მჯერა. ეს ხომ დალოცვაა და სხვა არაფერი. ამიტომ, რატომაც არა?!

- მარიომ კიდე რა იცის ქართული?

- მე არაფერს ვასწავლი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი კაცია ენებში და კარგად იმახსოვრებს ქართულ სიტყვებს, მერე რითმავს კიდეც (იცინის).

- ქართული კერძები შეიყვარა?

- გაგიჟებულია ხაჭაპურზე. თოთო ბავშვს ხომ სულ „სოსკა“ უდევს პირში, მას შეუძლია, მთელი დღე ხაჭაპური ჭამოს, თუმცა, ყველაფერი აქ მთავრდება, რადგან არ უყვარს ნიგოზი და შესაბამისად, სხვა ქართული კერძები. თუმცა, მწვადი და გოჭის ხორცი მოსწონს და აჩმასა და ხაჭაპურზე მზე და მთვარე ამოსდის. მისი ფავორიტი შებოლილი სულგუნია. ჯერ გუდა არ გაუსინჯავს, თორემ დარწმუნებული ვარ, ის ყველაზე ძალიან მოეწონება.

- ერთმანეთს სიურპრიზებით თუ ანებივრებთ?

- მგონი, კვირა არ ჩაგვიგდია სადმე რომ არ წავსულიყავით. მას შემდეგ, რაც ენა ჩემთვის ახლობელი გახდა, დავიწყეთ ყველა სპექტაკლისა და კინოს სანახავად სიარული. ეს აქ საკმაოდ ძვირი ღირს, ყოველ კვირაში კინოში წახვიდე, სპექტაკლი არ გამოტოვო, ბროდვეის ესტუმრო და მიშლენის ორვარსკვლავიან რესტორანში ივახშმო, იმიტომ რომ, ქმარმა დაგპატიჟა, ეს უკვე დიდი გასავალია მისი მხრიდან და მე დიდ პატივს ვცემ მის ამ ჟესტს. აქ რთულია გამოიმუშაო თანხა და მერე თავისუფლად ხარჯო. ამერიკაში საშუალო ფენის წარმომადგენლებს არ უყვართ ხელგაშლილად ხარჯვა, რადგან ბევრს მუშაობენ ამისთვის. საქართველოში 100 ათასი დოლარი ანგარიშზე, ნიშნავს უზრუნველ სიბერეს და ამერიკაში, ჩათვალე, ეს 1 000 დოლარის ტოლფასია, მეტი არა. ჩვენ მილიონერები არ ვართ. შეიძლება ასე ჩანს, მინდა როგორ არა, რომ ვიყო, მაგრამ ასე არ არის. ამიტომ, ვაფასებ ჩემი ქმრის ასეთ სიურპრიზებს.

- თვითონ რას ამბობს, ნინო როგორი მეუღლეაო?

- „კუკუაო“, ანუ, ცოტა გარეკილი აქვსო (იცინის). მე უკვე მეგონა, პენსიონერი ვიყავი და მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება დაიწყებოდა: ცურვა, ტელევიზორი, ჭამა, გასეირნება, მაგრამ ეს გიჟი გოგო რომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, უკვე აღარ ვიცი, რას როდის ვაკეთებ და სიცოცხლის ხალისი მომემატაო (იცინის). მას ჰყავს შვილი, მაგრამ ერთად არ ცხოვრობენ და არ აქვთ ისეთი ურთიერთობა, როგორსაც ჩვენ ვართ მიჩვეული თუმცა ის პატივს სცემს შვილის არჩევანს. რაც მე გამოვჩნდი, საზრუნავიც ბევრი გამოუჩნდა (იცინის). ენის სწავლება, საბუთები და ასე შემდეგ, ამ ქვეყანაში ცხოვრება ბევრ სიახლეს მოიცავს და ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. მე მთავარი ადამიანი ვარ მარიუსის ცხოვრებაში და ეს უდიდესი სიამოვნებაა. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა ადამიანი გაგრძნობინებს, რომ შენ გარშემო ბრუნავს სამყარო. მარიუსი ძალიან კარგი ადამიანია, საოცარი აურისა და განწყობების მქონე, კრისტალურად გულწრფელი და მეც ყველანაირად ვცდილობ, ბედნიერი იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი