შოუბიზნესი

როგორ შეაყვარა იტალიელებს ხაჭაპური ვალერი სახიაშვილმა და რა უთხრა მას ადრიანო ჩელენტანომ

№20

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 25.05, 2021 წელი

ვალერი სახიაშვილი
დაკოპირებულია

ახლახან 29 წლის ქართველმა ემიგრანტმა, ვალერი სახიაშვილმა, პიცის სამშობლოში, ცნობილი მზარეულის, მასიმო დელ მესტრეს ორგანიზებულ პიცების კონკურსში გამოცდილი იტალიელი მზარეულები დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, გამარჯვება არ გასჭირვებია, რადგან ამ სფეროში წლებია, მუშაობს და თავისი საფირმო რეცეპტიც აქვს, რომელიც ბებიისგან ისწავლა.

ვალერი სახიაშვილი: ჩემი ოცნება იყო, სტომატოლოგი გავმხდარიყავი, მაგრამ ყოველთვის მიტაცებდა კულინარია. მახსოვს, თიანეთში, ბებიასთან რომ ჩავდიოდი, შოთის პურის ცომს ზელდა „დედას დროჟით“, მერე თონეში აცხობდა და იმ პროცესის ყურება ძალიან მიყვარდა. მეც მაზელინებდა ხოლმე. იტალიაში რომ ჩამოვედი, ეს მეთოდი აქ ჩამოვიტანე. მართლია, აქ ისეთი თონე არ არის, როგორიც სოფელში გვქონდა, თუმცა ბებიის რეცეპტით ცომის მოზელვის პროცესმა გაამართლა (იცინის). იტალიელებს ვიდეო რომ ვანახე, თონეში როგორ ვაკრავთ და ვაცხობთ პურს, გაოგდნენ: როგორ ახერხებთ და ისე როგორ ეკრობა ცომი, რომ არ ძვრებაო? (იცინის).

– როგორ მოხვდი იტალიაში, კერძოდ რომში, რამდენი წლის ჩახვედი იქ?

– დედა იტალიაში ემიგრანტი იყო და 14 წლის რომ ვიყავი, მთელი ოჯახი წაგვიყვანა. ასე რომ, აქ გავაგრძელე სწავლა. პრაქტიკულად, ჩემი ცხოვრების ნახევარი იტალიაში მაქვს გატარებული. პატარა საცხობი გავხსენი და საკმაოდ წარმატებულად. მოსწონთ იტალიელებს აჭარული და იმერული ხაჭაპურები, თუმცა, ყველი არ მაქვს ქართული და მოცარელათი მომზადებულ ხაჭაპურს ის გემო არ აქვს, რაც უნდა ჰქონდეს. ვხუმრობ ხოლმე ჩემს მომზადებულზე – აჭარული იტალიურად-მეთქი (იცინის). რისკი იყო იტალიაში ემიგრანტის მხრიდან საცხობის გახსნა, მაგრამ მე გამიმართლა. ყოველი ცომის მოზელისას ბებია მახსენდება და ის დღე, როცა პირველი შოთის პური გამოვაცხვე. ცხობა ძალიან დელიკატური საქმეა და მას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. სხვათა შორის, დღეს იტალიაში თავად ვარ მასწავლებელი და კულინარიულ სკოლაში ბავშვებს პიცის ცხობას ვასწავლი.

– ამ სფეროში რაიმე განათლება მიიღე? და ბავშვობის ოცნებაზე, სტომატოლოგი გამხდარიყავი, უარი რატომ თქვი?

– დიახ, იტალიაში კულინარიული სკოლა მაქვს დამთავრებული. თავიდან იტალიურად ვერ ვლაპარაკობდი – ენის ბარიერი მქონდა, ამიტომ გამიჭირდებოდა სტომატოლოგიურზე ჩაბარება. კულინარიას კი სიტყვები ნაკლებად სჭირდება, უფრო – ხელი და პრაქტიკა. ერთი სიტყვით, ცხობას ლაპარაკი არ უნდა და მასზე არც ეროვნება და დიალექტი მოქმედებს (იცინის). კულინარიული სკოლის მასწავლებელი, რომელიც პიცის ცომის მომზადებას გვასწავლიდა, მეუბნებოდა: განსხვავრბული ხელები გაქვსო (იცინის). მართლა ასე იყო, ჩემს მოზელილ ცომს განსაკუთრებული გემო და სტრუქტურა ჰქონდა, თითქოს ჩემს ენერგეტიკას გრძნობდა და იღებდა. იტალია, პიცის ქვეყანაა, იტალიელები კი მის ცხობაში ძალიან მაგრები არიან. სხვათა შორის, გასულ წელს, რომის პაპის რეკომენდაციით, იტალიური პიცა იუნესკომ მსოფლიო არამატერიალურ მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ასევე, გამოვიდა წიგნი, სადაც წამყვანი პიცის მცხობელები – მასტერები არიან შეყვანილი და მათ შორის, მეც. პიცის ცხობის ჩემეული რეცეპტებიც მაქვს, მაგალითად, ფქვილის გარეშე, ანუ სადაც, 50 პროცენტი წყალია, მარილი და საფუარი.

– როგორც ვიცი, სწორედ, ამ ცომის რეცეპტით მოიგე კონკურსი, რომელიც იტალიაში ტარდებოდა და უამრავ გამოცდილ კონკურსანტს შორის საუკეთესო პიცის მცხობელი უნდა გამოევლინათ. ხომ ასეა?

– დიახ, ასეა. კონკურსში უამრავი გამოცდილი მზარეული იღებდა მონაწილეობას და არც მეგონა, თუ მოვიგებდი. 2013 წელსაც გამოვდიოდი კონკურსზე, სადაც გავიტანე ჩემი პიცა-დესერტი, ფორთოხლითა და კარამელით. იქ პირველი ადგილი ვერ ავიღე, თუმცა, 4 000 კაციდან ფინალში მოვხვდი, მესამე ადგილი დავიკავე და დიდი დაინტერესება გამოვიწვიე. შემდეგ კონკურსზე კი პიცის ცხობაში იტალიის ჩემპიონი გავხდი. ისეთი გახარებული ვიყავი, ძალიან მინდოდა, ჩემი ჩემპიონობა საქართველოშიც გაეგოთ (იცინის). წელს რომ მიმეღო მონაწილეობა, ორი წლის წინ დავიწყე მზადება, 700 გამორჩეულ და წარმატებულ მზარეულს შორის ათეულში მოვხვდი ბოლოს გავიმარჯვე და „იტალიის დედაქალაქის“ ჩემპიონატიც მოვიგე. გამარჯება მომიტანა ფრანგული ბოსტნეულით გაკეთებულმა კრემიანმა, ღორის ხორცისა და თევზის პიცამ კამეჩის ყველით, რომელსაც ზემოდან ყავისფერი სოკოს ფქვილი ჰქონდა მოყრილი. პრაქტიკულად, პიცაში ახალი სიტყვა ვთქვი. არაჩვეულებრივი არომატი და გემო ჰქონდა, რომლის ცდუნებასაც ჟიურის საკმაოდ მკაცრმა წევრებმაც კი ვერ გაუძლეს და გამარჯვებულადაც მცნეს (იცინის). ამ კონკურსის მერე, სამწუხაროდ, საქართველოში არა, მაგრამ იტალიის მთელი მასშტაბით, საკმაოდ ცნობილი გავხდი.

– საქართველოშიც ტარდება კულინარიული შოუები და მონაწილეობის მიღება ხომ არ გიფიქრია?

– თუ ჩამოვედი, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, თუმცა, ამაზე სერიოზულად არ მიფიქრია. იტალიაში კი გავიმარჯვე, მაგრამ საქართველოში ისეთი გემოვნებიანი მზარეულები არიან, ზუსტად ვიცი, გამიჭირდება კონკურსის მოგება. ზოგადად, უცხოეთში ყველა კონკურსზე საქართველოს სახელით გამოვდივარ და ყოველთვის თან დამაქვს საქართევლოს დროშა, როგორც თილისმა. ახლა იდეაში მაქვს, იტალიაში პატარა ქართული რესტორანი გავხსნა. არ დამავიწყდება, პრესტიჟულ სასტუმროში ვმუშაობდი და იქ ჩამოვიდა ჩელენტანო, გასინჯა ჩემი მომზადებული კლასიკური პიცა კამეჩის მოცარელათი, მოეწონა, მოითხოვა მზარეული მოვიდესო და უამრავი კომპლიმენტი მითხრა. ძალიან გემრიელი ხელი გაქვსო, მაქო და მადიდა (იცინის). ასე რომ, როცა ქართულ რესტორანს გავხსნი, ადრიანო ჩელენტანოს აუცილებლად დავპატიჟებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა