როგორ შეახვედრა ცხენების სიყვარულმა რუსო ფიცხელაური მომავალ მეუღლეს და რაში ეხმარება მას საკუთარი პროფესია
ავტორი: ქეთი მოდებაძე 19:00 07.08

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, რუსო ფიცხელაურის ცხოვრება ერთმა განსაკუთრებულმა საჩუქარმა და ცხენებისადმი დიდმა სიყვარულმა განსაზღვრა.
რუსო ფიცხელაური: საკმაოდ პატარა, 9-10 წლის ვიყავი, როცა პირველად ცხენი ვნახე. ბაკურიანში ვიყავით და დღემდე მახსოვს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, საოცარ ემოციებში ვიყავი, ძალიან მინდოდა მასზე დაჯდომა, მაგრამ დედას შეეშინდა და მხოლოდ მარხილზე დაჯდომაზე დავითანხმე.
იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი ოჯახის წევრებს ვთხოვდი, რომ მივეყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ცხენზე ჯდომას მასწავლიდნენ. დამთანხმდნენ და მაშინდელი იპოდრომის ტერიტორიაზე მივედით, სადაც დაახლოებით ორი წელი ვსწავლობდი. მაშინ 12-13 წლის ვიქნებოდი. მერე ისე მოხდა, რომ სპორტის ამ სახეობას დავემშვიდობე, რომ სკოლაში სწავლაზე გამეკეთებინა უფრო მეტი აქცენტი, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული, მანამ, სანამ ცხენოსნობას ისევ არ დავუბრუნდი, ამაზე ოცნება არ შემიწყვეტია. ცხენთან აღარანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ წლების განმავლობაში მჯეროდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა მე ისევ დავუბრუნდებოდი ცხენოსნობას, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით არქიტექტორი ვარ და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს.
– სხვა პროფესია რატომ აირჩიეთ?
– ბავშვობიდან ვხატავდი. სამხატვრო სკოლა მაქვს დამთავრებული. მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც, ყოველთვის წარმოგვედგინა, რომ ხელოვნების გზას გავყვებოდი. პროფესიის არჩევის დრო რომ მოვიდა, არქიტექტურისკენ წავედი. სამწუხაროდ, ჩვენთან ცხენოსნობა არ არის იმდენად განვითარებული, რომ ადამიანმა მისი პროფესიად არჩევა გადაწყვიტოს. ევროპაში ლამის ყოველი მეორე ცხენოსანია, იქ ეს საქმე ფინანსურადაც შემოსავლიანია და ვისაც ცხენი უყვარს, თავისუფლად შეუძლია, ეს პროფესია აირჩიოს. ჩვენთან ასე არ იყო, ამიტომ აზრადაც არ მომსვლია, პროფესიად ცხენოსნობა ამერჩია, ავირჩიე ის, რაც ძალიან მიყვარდა – ხატვა და კერძოდ, ექსტერიერის არქიტექტურა. ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით მანამ, სანამ...
– რა შეიცვალა?
– ყველა ახლობელმა იცოდა, როგორ მიყვარდა ცხენები და ერთხელაც, დაბადების დღეზე კვიცი მაჩუქეს. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს გამოიწვევდა, ანუ, თავს დავანებებდი ჩემს საქმიანობას და სამსახურიდან წამოვიდოდი. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად საპროექტო მქონდა, სადაც დაკვეთებს ვიღებდით პროექტირებასთან დაკავშირებით და იქიდანაც წამოვედი. გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება ცხენებისთვის დამეთმო, რასაც დღესაც არ ვნანობ.
– ერთ მხარეს – აწყობილი კარიერა და მეორე მხარეს – ძლიერი სურვილი, მაგრამ ბუნდოვანი მომავალი, არ იქნებოდა მარტივად მისაღები გადაწყვეტილება...
– კი, ძალიან რთული იყო. ბუნებრივია, რომ ადამიანი შემოსავლის წყაროზეც ფიქრობ, თუმცა, გავრისკე. დღეს მე სამსახური არ მაქვს, ანუ, იმდენად მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ, რომ ამას მუშაობას ვერ დავარქმევ. ადამიანი დასასვენებლად და განსატვირთად რომ წავა სადმე და მთლიანად სიამოვნებაზეა ორიენტირებული, ასეთი ემოციების მომცემია ჩემთვის ჩემი დღევანდელი პროფესია. გამიმართლა, რომ ჩემი საქმე ვიპოვე და ყველას გულწრფელად ვუსურვებ იმავეს.
– როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
– ჯერ ჩემი საკუთარი ცხენით დავიწყე, შემდეგ ფედერაციამ სპორტული ცხენი გამომიყო, შემდეგ კერძო პირმა მომაბარა თავისი ცხენი და ნელ-ნელა განვითარდა ყველაფერი. შემდეგ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გავხდი და აქტიურად ვარ ჩართული ამ სფეროში ღონისძიებების ორგანიზებაში, ცხენების მოვლით და ასე შემდეგ.
ცოტა ხნის წინ ქართველი მხედარი - შალვა გაჩეჩილაძე, პირველად წარსდგა მსოფლიო თასის ფინალზე, რაც ჩვენი რეგიონისა და ქართული ცხენოსნობისთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. დღეს მის გვერდით ვარ და შემდეგი საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ვემზადებით, ანუ 2026 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობის მისაღებად. მსოფლიო თასის ფინალი აპრილის თვეში იმართება ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში. წელს ამერიკაში გაიმართება და ვნახოთ, რა მოხდება. ახლა იწყება შესარჩევი ტურნირები. ცხენიც და მხედარიც კარგ ფორმაში არიან და იმედი გვაქვს, რომ კვალიფიკაციას კიდევ ერთხელ მოვიპოვებთ.
– საქართველომ ფინალის თასში მოხვედით უკვე დიდი განაცხადი გააკეთა. რა მოლოდინი გაქვთ და როგორ ემზადებით?
– ნამდვილად ასე მოხდა. ამ ნაბიჯმა საგრძნობლად გაზარდა ინტერესი მხედრობისადმი. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, ვისაც უკვე ჰყავს ცხენი და აქამდეც იყო ჩართული, მათთვისაც დიდი მოტივაცია იყო, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს მიღწევა ძალიან დიდი სტიმული აღმოჩნდა ჩვენი პატარა თაობისთვის. ძალიან ბევრი ბავშვი გვწერს, რომ ამ სფეროში წარმატების მიღწევა და საკუთარი ქვეყნისთვის გამარჯვების მოტანა უნდა. ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. თითოეულმა ასეთმა ნაბიჯმა უნდა მოგვიტანოს ამ სპორტის განვითარება საქართველოში და გამოიწვიოს მეტი კერძო სპონსორის ჩართულობა, რადგან მოგეხსენებათ, სპორტის ეს სახეობა ძალიან ძვირად ღირებულია.
– შალვა გაჩეჩილაძის მიღწევა ვახსენეთ, მაგრამ არ გვითქვამს, რომ ის თქვენი მეუღლეა. ალბათ, ისევ და ისევ ცხენების სიყვარულმა შეგახვედრათ. როგორ მოხდა ეს?
– როდესაც კვიცი მაჩუქეს და ვარჯიში დავიწყე, შესაბამის პროფესიონალს ვეძებდი. ეს პროცესი ტრენერის გარეშე ძალიან რთულია, რადგან ცოდნაა საჭირო. რთულია ახალგაზრდა ცხენთან ურთიერთობა და ამიტომ დავიწყე ადამიანის ძებნა, რომელიც ჩემს დახმარებას შეძლებდა. კაჭრეთში ტარდებოდა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი, 2017-2018 წელი იყო.
მაშინ მივედი და ვთხოვე, თუ შეიძლება, თქვენთან დავიწყო ვარჯიში-მეთქი, ერთმანეთი იქ გავიცანით. ამის შემდეგ 2-3 წელი ჩვენ შორის მეგობრობისა და მოსწავლე-მასწავლებლური ურთიერთობის გარდა არაფერი ყოფილა. მერე ნელ-ნელა უკეთ გავიცანით ერთმანეთი, დავახლოვდით და შემდეგ ოჯახიც შევქმენით.
– რთულია ორი მხედრის თანაცხოვრება?
– კი, ბევრი სირთულეა. თავად ეს პროფესია საკმაოდ რთულია, მაგრამ რადგან ორივე მხედარი ვართ, ეს, პირიქით, გვეხმარება სირთულეების დაძლევაში. ადამიანს, რომელიც ამ სფეროში ჩახედული არ არის, გაუჭირდება იმ ფაქტთან შეგუება, რომ ამ საქმეს ძალიან დიდი დრო სჭირდება. რთულია, აუხსნა ადამიანს, თუ ის უშუალოდ არ არის ჩახედული და თვითონ არ უყურებს ამ პროცესს. თან იმდენ დროს მოითხოვს, ფიზიკურად ვერ ნახავ შენს მეორე ნახევარს, თუ ისიც შენთან ერთად არ ატარებს დროს თავლაში.
– ერთმანეთთან კონკურენციის მომენტი არ გაქვთ?
– გულწრფელად რომ ვთქვა, არა (იცინის). მე, პირადად, მიმაჩნია, რომ შალვა სრულიად სხვა დონეზეა და მე მისი კონკურენტი, მინიმუმ, ათი წელი ვერ გავხდები (იცინის).
– რაც დაუბრუნდით ცხენოსნობას, ის არის თქვენი მასწავლებელი, მკაცრია?
– ისეთივეა, როგორიც მანამდე იყო, იმ ფაქტს, რომ ჩემი მეუღლე გახდა, ამ კუთხით არაფერი შეუცვლია. იგივენაირად დაუნდობელი, მკაცრი და მომთხოვნი მწვრთნელია, როგორიც მანამდე იყო. სხვანაირად არც გამოვა. როგორც თვითონ გააკეთებდა, უნდა, რომ შენც ისე შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები გამოცდილების ხარ, ნაკლები ძალა გაქვს და ასე შემდეგ, მოსწავლეებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს და მათ შორის ჩემგანაც. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ცოტა სიმკაცრე აუცილებლად უნდა ჰქონდეს მწვრთნელს, რადგან შეიძლება, ისე დაიღალო, ისე გინდოდეს დანებება გარკვეულ მომენტში, რომ საკუთარმა თავმა გძლიოს. ამიტომ გჭირდება ადამიანი, ვისი რიდიც გექნება და დაუჯერებ, თორემ სხვანაირად ვერ განვითარდები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან