შოუბიზნესი

როგორ მოხვდა კრისტი ლაბაძის ფოტო ვენისა და მიუნხენის მუზეუმებში და ვინ და რატომ შექმნა მასზე სასიკვდილო თამაში

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 21.06, 2022 წელი

კრისტი ლაბაძე
დაკოპირებულია

ქართველი ტრანსგენდერი ქალის – კრისტი ლაბაძის ფოტო ვენისა და მიუნხენის მუზეუმებში გამოიფინა. ფოტოს თან ახლავს ისტორია კრისტის ცხოვრების შესახებ, რომელმაც მედიაში განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია.

კრისტი ლაბაძე: სამი წელია, ავსტრიაში, ვენაში ვცხოვრობ. მანამდე სამი წელი გერმანიაში ვიყავი. ვაპირებ, მთელი ცხოვრება ავსტრიაში გავატარო. საქართველოში დაბრუნების სურვილი არ მაქვს, არ მინდა, ისევ შევხვდე ადამიანებს, ვისაც ადრე ვხვდებოდი. მივეჩვიე ევროპაში მშვიდ და წყნარ ცხოვრებას. მე ძალიან ხშირად დავდივარ მუსიკალურ ფესტივალებზე, რომლებზეც ჩემი მეგობარი დიჯეები უკრავენ. ერთ-ერთ ივენთზე მიუნხენის მუზეუმის დირექტორი და ფოტოგრაფი შემხვდა. მათ შემომთავაზეს, გადაღებაში მიმეღო მონაწილეობა. მიუნხენის მუზეუმისგან მივიღე შემოთავაზება, რომ ჩემი ფოტო, ჩემსავე ისტორიასთან ერთად, მათთან გამოეფინათ. ამის შემდეგ ჩემი ფოტო ვენის მუზეუმმაც გამოფინა.

– რა ისტორიას ატარებს ეს ფოტო?

– როდესაც ავსტრიაში ჩამოვედი, თავშესაფარი და საერთაშორისო დაცვა მოვითხოვე. ეს ნაბიჯი ჩემი ვიდეოებისა და საქართველოში არსებული ჰომოფობიური ვითარების გათვალისწინებით, არსებული საფრთხიდან გამომდინარე გადავდგი. მაგრამ, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ჩათვალეს, ავსტრიამ საერთაშორისო დაცვაზე უარი მითხრა. შემდეგ შეიქმნა თამაში – „მოკალი კრისტი ლაბაძე“, რასაც ათი წლის ბავშვები თამაშობენ. ამ თამაშის შექმნის შემდეგ ავსტრიამ გადაწყვიტა, ჩემთვის საერთაშორისო დაცვა მოენიჭებინა და ახლა ჩემი უსაფრთხოება მთელი ევროპის მასშტაბით არის უზრუნველყოფილი. მთელი ეს ისტორია თან ერთვის მუზეუმში გამოფენილ ჩემს ფოტოს.

– როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ გამოფენას?

– ყველაზე დიდი გამოხმაურება ჩემზე შექმნილ სასიკვდილო თამაშს მოჰყვა. ამის შემდეგ ჩემ შესახებ ინფორმაცია არაერთ ევროპულ გავლენიან ჟურნალ-გაზეთში დაიბეჭდა. ჩემ შესახებ ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ პრესაში წერდნენ.

– როდის შეიქმნა ეს თამაში, რატომ და ვინ შექმნა?

– სოციალურ პლატფორმებზე ჩემი ვიდეოები საკმაოდ სკანდალურია. რადგან მე საქართველოში არ ვცხოვრობ, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ვერ მწვდებიან და ზუსტად ამიტომ შექმნეს სასიკვდილო თამაში. ჩემს მოსაკლავად ათასი გზა მოიფიქრეს, ზოგი სარეცხ მანქანაში მახრჩობდა, ზოგი თავს მიხერხავდა, ზოგი მეხუთე სართულიდან მაგდებდა, ზოგი სხეულის ერთ ნაწილს მაჭრიდა, ზოგი – მეორეს. 24 საათში ათი ათასი გადმოწერა დაფიქსირდა, მაგრამ როგორც კი ავსტრიულ პოლიციაში განცხადება შევიტანე, მაშინვე დაბლოკეს. ათი წლის ბავშვები თამაშობდნენ ამ თამაშს. ლგბტ ადამიანის მიმართ მსგავსი პრეცენტენდი არ ყოფილა.

– რატომ ჰქონდათ ათი წლის ბავშვებს შენ მიმართ ასეთი აგრესია?

– მე ხშირად ვათავსებ ვიდეოებს „ტიკ-ტოკზე“. ამიტომაც შექმნა ავტორმა ეს თამაში და მოთამაშეები „ტიკ-ტოკზე“ დებდნენ ვიდეოებს, როგორ მკლავდნენ და ბედნიერები იყვნენ ამით. მის შემქნელს, სავარაუდოდ, აკრძალული აქვს ევროპაში შემოსვლა. როგორც კი შემოვა, დააკავებენ. საერთოდ კი, ქართველი ერისთვის მიზეზები არ არის საჭირო იმისთვის, რომ შეგიზიზღონ. უბრალოდ, თუ იტყვი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ხარ, შენს შესაზიზღებლად ესეც საკმარისია და ამას მოჰყვება ძალადობაც. რაც შეეხება ჩემს ვიდეოებს, ქართველ ერს არ მოსწონს, როდესაც პირში ეუბნები სიმართლეს. მე ვცდილობ, სიმართლე ვილაპარაკო იმაზე, რაზედაც ადამიანებს მთელი ცხოვრებაა ატყუებენ. იქნება ეს ლგბტ ადამიანების ცხოვრება თუ სხვების, რომლებიც სხვისკენ იშვერენ ხელს და ამ დროს მათ ცხოვრებაში უარესები ხდება. ჩემი ვიდეოები მოიცავს ადამიანების მხილებას. ვფიქრობ, ეს გახდა მიზეზი ამ თამაშის შექმნის.

– მას შემდეგ, რაც საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინე, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა, შეიცვალა შენი ცხოვრება?

– ყველა ტრანსგენდერი ქალი გადის პროგრესს. ყველას ერთი გზა გვაქვს. რაც არ უნდა მოიგონონ, თითქოს პრობლემა არ შეჰქმნიათ, ლამაზ ოჯახში დაიბადნენ და ოჯახმა თავიდანვე მიიღო, ეს სისულელეა. ყველა ჩვენგანს გვაქვს ერთი სირთულე გავლილი. არ მოვიტყუები, რთული იყო საქართველოში ცხოვრება, არ მქონდა მუშაობის, განათლების მიღების უფლება, არ მქონდა სიცოცხლის, სიყვარულისა და ოჯახში ყოფნის უფლება. როცა ამ ქვეყანას მოვშორდი, ყველაფერი დალაგდა. წლებია, აქეთ ვარ და არავინ მახსოვს. არც მაქვს სურვილი, ვინმესთან კონტაქტი დავამყარო. მე ვამაყობ იმით, რაც 23 წლის განმავლობაში შევქმენი და მიყვარს თავისუფლება, რომელიც ბოლო წლებში მოვიპოვე. საქართველოში რომ დავბრუნდე, ვფიქრობ, ის ადამიანები ამ ყველაფერს წაიღებენ და მე დაკომპლექსებულ ადამიანად დავრჩები.

– ოჯახის წევრებთანაც აღარ გაქვს ურთიერთობა?

– მხოლოდ დედასთან მაქვს ურთიერთობა ვიდეოზარით. სხვებთან არც ურთიერთობა მაქვს და არც ურთიერთობის სურვილი. არც სიყვარული მაკლია, არც ადამიანებთან ურთიერთობა. აქ არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს და ისინი არიან ჩემი ოჯახის წევრები. არ ვაპირებ ვინმეს ვეხვეწო – მე ასეთი ვარ და ასეთი მიმიღეთ-მეთქი. არ მიმიღებ ასეთად? კარგად იყავი. სავარაუდოდ, მსოფლიოში არცერთ მშობელს არ სურს, მსგავსი შვილი, საქართველოში – განსაკუთრებით. რაც უნდა განათლებული იყოს ადამიანი, არცერთ დედას არ უნდა, მისი შვილი ჰომოფობიურ გარემოში იზრდებოდეს. არც ჩემს მშობლებს სურდათ, მსგავსი შვილი ჰყოლოდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანები ეჩვევიან არსებულ მდგომარეობას.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– მე არ შემიძლია მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან ვიყო. ეს არ ჯდება ჩემში. პირველი – იმიტომ, რომ ახალგაზრდა ვარ და მეორე – იმიტომ, რომ სურვილი არ მაქვს. მყავს უამრავი პარტნიორი და ვფიქრობ, რომ თავისუფლება აუცილებელია ყველანაირ ურთიერთობაში. თუ ვიქნები, რაღაც სარგებლის მიზნით მოვატყუებ, მაგრამ ესეც არ ჯდება ჩემში. არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ. როგორც ვთქვი, უამრავი პარტნიორი მყავს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობის სურვილი არ მაქვს.

– ავსტრიაში როგორია შენი ცხოვრება?

– ავსტრიაში უკვე მეორე წელია, ვსწავლობ. მინდა, დიჯეი გავხდე, ამ სფეროში უამრავი მეგობარი მყავს. არ ვმუშაობ და ვცხოვრობ, როგორც ყველა დამოუკიდებელი ადამიანი. საერთაშორისო დაცვის პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ჩემი უსაფრთხოების დაცვას, ისე ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ხარჯის გაღებას მანამ, სანამ არ მიიღებ განათლებას და შენს გზას არ დაადგები. აქ ვარ ძალიან თავისუფალი და უბედნიერესი. იმედია, აღარასდროს დავუბრუნდები ცხოვრებას, რომელიც საქართველოში მქონდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი