როგორ მოხვდა კესანე ბაციკაძე „მის ევრაზიის“ საუკეთესო ხუთეულში და რატომ იყო მისთვის დამოუკიდებლად მოღვაწეობა უფრო საინტერესო
ავტორი: ანკა რობაქიძე 20:00 19.11
თურქეთის ქალაქ ანტალიაში, საერთაშორისო სილამაზის კონკურსი Miss Eurasia/Eurasia Stars დასრულდა, სადაც ბოლნისელი მოდელი კესანე ბაციკაძე საქართველოს სახელით წარდგა. ფინალში ჟიურიმ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილე 20 ლამაზმანს შორის კესანე საუკეთესო ხუთეულში დაასახელა.
კესანე ბაციკაძე: ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო სილამაზის კონკურსში – Miss Eurasia/Eurasia Stars, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. კონკურსი აერთიანებს მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიზნად ისახავს სილამაზისა და ხელოვნების პოპულარიზაციას. Miss Eurasia პირველად 2005 წელს გაიმართა, ხოლო 2009 წლიდან თურქეთის ქალაქი ანტალია გახდა მისი მუდმივი მასპინძელი. ორგანიზატორთა აღნიშვნით, პროექტი შედის მსოფლიოს ტოპ-სილამაზის შოუების ათეულში და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი სახეების აღმოჩენისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ქართველი მოდელის სახით მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში, სადაც ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
– გვიამბეთ ვრცლად თქვენ შესახებ.
– დავიბადე ბოლნისში, თბილ და მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. ჩემი ბავშვობა სავსე იყო სითბოთი, ზრუნვითა და იმ სილაღით, რომელიც მხოლოდ ბავშვობისას გაქვს. მშობლებმა შემიქმნეს გარემო, სადაც თავს დაცულად და თავისუფლად ვგრძნობდი. სწორედ ამ სიყვარულმა და მხარდაჭერამ ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც დღეს ვარ.
– როგორ გახსენდებათ სკოლა, ახალი ეტაპის დასაწყისი?
– სკოლა ჩემთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო, მაგრამ ძალიან მორიდებული ბავშვი ვიყავი. ხშირად მქონდა კომპლექსები და მიჭირდა თანაკლასელებთან კომუნიკაცია. ბევრ რამეს შიგნით, ჩუმად განვიცდიდი. მაგრამ ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ სწორედ იმ სიჩუმე და დაკვირვება დამეხმარა, უკეთ გავრკვეულიყავი ადამიანებსა და საკუთარ თავში. დღეს ეს გამოცდილება ძალად მექცა. ვისწავლე, როგორ გადავლახო შიში და უფრო თამამად გამოვხატო ჩემი აზრი და ემოციები.
– როგორც ლამაზი ბავშვი, რამე უპირატესობით სარგებლობდით?
– მეუბნებოდნენ, რომ ლამაზი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მე ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. უფრო თამაში, ცეკვა, ბუნებაში ყოფნა მაინტერესებდა. სილამაზის მნიშვნელობა მერე გავიაზრე, როცა მივხვდი, რომ ის მხოლოდ გარეგნობა კი არა, შინაგანი მდგომარეობაცაა.
– ცეკვაზე დადიოდით?
– დიახ და ჩემი სიმორცხვის გამო თავიდან მიჭირდა ათვისება, შემდეგ დაცინვის ობიექტი ვხდებოდი. მოუხერხებელს მეძახდნენ, ჩემი მოძრაობის დროს იცინოდნენ. სწორედ ამის გამო დავანებე თავი, რასაც ძალიან ვნანობ.
მორიდებულობა საკმაოდ დიდხანს გამყვა, თითქმის მე-12 კლასის ჩათვლით ასეთად ვრჩებოდი. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიჩინა ინტერესი, უკეთ გამეგო საკუთარი ემოციები და ადამიანთა შინაგანი სამყარო. ამიტომაც გადავწყვიტე ფსიქოლოგიურზე ჩაბარება. სწავლისა და თვითშეცნობის პროცესში ნელ-ნელა დავიწყე საკუთარ თავთან შერიგება. მივხვდი, რომ სიჩუმე და მორიდებულობაც ძალაა, როცა მის მიღმა შინაგანი სიმშვიდე და თავდაჯერება იმალება. ამის გაცნობიერებამ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება სამყაროსთანაც და ჩემს თავთანაც.
– როდის და როგორ შედგით ფეხი სამოდელო სფეროში?
– სამოდელო სფეროსთან ჩემი პირველი შეხება სკოლაშივე მოხდა: ერთ დღეს ჩვენთან თბილისიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ახალი სახეების ძიებაში იყვნენ. მაშინ გამოარჩიეს რამდენიმე გოგონა, მათ შორის მეც. ეს იყო ჩემი პირველი პატარა ნაბიჯი ოცნებისკენ. დღემდე მახსოვს დიზაინერის ვინაობა, ეს გახლდათ – ნანა სტეფლიანი, ადამიანი, რომელმაც პირველმა დამანახა, რომ სცენა მხოლოდ სილამაზის კი არა, ენერგიის, თავდაჯერებისა და შინაგანი სინათლის გამოვლენის ადგილიცაა.
გზის სიშორისა და ასაკის გამო მაშინ დროებით შევჩერდი, მაგრამ სურვილი არასდროს გამქრალა. როცა უკვე თბილისში გადავედი, პირველი ადგილი, სადაც მივედი, იყო სამოდელო სააგენტო. სწორედ იქ დავიწყე ჩემი პროფესიული განვითარება. შემდეგ ვთანამშრომლობდი სხვა სააგენტოებთანაც – „ჯეომოდელსთან“, „აისთან“ და „კატრინთან“, სადაც სხვადასხვა სტილში მუშაობა გამოცდილების დაგროვებასა და საკუთარი ხელწერის პოვნაში დამეხმარა. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ ჩემი გზა თავისუფლებასა და თვითგამოხატვაშია, ამიტომ გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემოქმედა, ჩემი ნაბიჯებით და ჩემი ხედვით. ეს გზა ჩემთვის მხოლოდ კარიერა არ არის, ეს არის ჩემი პიროვნული ზრდა და თვითგამოხატვა.
პროფესიული განვითარების გზაზე ძალიან ბევრ ჩვენებაში მომეცა მონაწილეობის საშუალება, საქართველოს ფარგლებშიც, სხვადასხვა დიზაინერთან და ბრენდთან. ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული გამოცდილება დუბაის მოდის კვირეული იყო, რომელიც არა მხოლოდ საერთაშორისო სცენაზე ჩემს პირველ ნაბიჯებს ასახავდა, არამედ საშუალებას მაძლევდა, მემუშავა ყველაზე პროფესიონალ გუნდებთან და გამეცნო სხვა კულტურების ესთეტიკა. ბოლოს კი საქართველოს მოდის კვირეულზე ვიღებდი მონაწილეობას. აქ ჩემი შესაძლებლობები კიდევ უფრო განვავითარე, გამოცდილება დავაგროვე და საკუთარი სტილი გავამყარე. წელსაც ვემზადები იმავე კვირეულისთვის, უფრო დახვეწილი, უფრო ძლიერი და უფრო გამოცდილი, რადგან ვიცი, რომ თითოეული ჩვენება ჩემი პროფესიული გზის მნიშვნელოვანი ეტაპია. პროფესიულ ზრდასთან ერთად ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პოზა ან გადაფარება კამერაზე. ეს ჩემი თვითგამოხატვაა, საკუთარი სიძლიერისა და უნარების გამოხატვა.
– დღეს დამოუკიდებლად მოღვაწეობთ?
– დიახ
– რა უპირატესობა აქვს დამოუკიდებლობას?
– სამოდელო სფეროში დამოუკიდებლობა უდიდესი უპირატესობაა. როდესაც ადამიანი დამოუკიდებლად აქტიურობს, თავად განსაზღვრავს თავის მიმართულებას, პროექტებსა და თანამშრომლებს, რაც საშუალებას აძლევს, თავისი სტილი, ხედვა და უნიკალური მანერა სრულად გამოავლინოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხარდაჭერა ნაკლები მნიშვნელობისაა. პირიქით თუ შეგხვდება სააგენტო, რომელიც შენს უნიკალურობას აფასებს და გაძლევს სივრცეს, თავს მეტად ნიჭიერად და თავისუფლად იგრძნობ. ასეთი გარემო უდიდესი მხარდაჭერა და მოტივაციაა, რომელიც პროფესიულ და პიროვნულ ზრდაშიც დაგეხმარება.
– გვიამბეთ კონკურსზე, სადაც ახლა იმყოფებით?
– ჩემი დამოუკიდებელი ნაბიჯების შემდეგ მივიღე მოწვევა Super Talents ჩვენებიდან, რომელიც საფრანგეთში, პარიზში, გაიმართა. აქ ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ჩვენებაში და სწორედ ერთ-ერთი წარმომადგენელი შემეხმიანა აღნიშნულ კონკურსზე, რამაც ძალიან დამაინტერესა. როგორც კი მონაცემების მიღება დაიწყო, მე ჩემი მასალა გავაგზავნე. როდესაც საბოლოო დასტური მივიღე, საოცრად ბედნიერი ვიყავი, ეს მომენტი ჩემთვის იყო როგორც წარმატების აღიარება, ისე მოტივაცია მომდევნო გამოწვევებისთვის.
განსაკუთრებით მინდა, ვახსენო ლეონ კარატინი, რომელიც Eurasia Star Organization-ის წარმომადგენელია. უზომოდ კარგი ადამიანობით, საოცარი იუმორითა და ურთიერთობებით გამოირჩევა. ასეთი პროფესიონალი გარემო, სადაც თითოეული დეტალი ორგანიზებულია და თითოეული ადამიანი გულწრფელად გიცნობს, დიდი მოტივაციაა და კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას გაძლევს.
წინასაკონკურსო სამზადისი ინტენსიური იყო, მაგრამ საოცრად საინტერესო. ყოველი დღე სავსე იყო გეგმებით –ვარჯიში, რეპეტიციები, პოზირების დახვეწა, ფოტო- და ვიდეოგადაღებები. პარალელურად, ვმუშაობდით მაკიაჟზე, თმაზე, კოსტიუმებზე და თითოეული დეტალი წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ სცენაზე ყველაფერი იდეალურად გამოსულიყო.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჟიურის წევრები წინა წლების გამარჯვებულები არიან. ისინი გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, ფსიქოლოგიურად გვამზადებდნენ და გვასწავლიდნენ, როგორ გამოვიყურებოდეთ თვითდაჯერებულად სცენაზეც და კამერაშიც. თითოეული დღე ერთგვარი პატარა კონკურსი იყო საკუთარ თავთან, სადაც ვსწავლობდით, ვვითარდებოდით და უფრო თავდაჯერებულები ვხდებოდით.
– დაოჯახებული ხართ?
– დიახ, უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, დანიშნული ვარ. ბედნიერი ვარ, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ჩემს პროფესიას გაგებითა და სიყვარულით უყურებს. მოდელინგის სფერო ხშირად დაკავშირებულია მუდმივ მოგზაურობასთან, გადაღებებთან და ყურადღების ცენტრში ყოფნასთან, რაც პარტნიორისთვის რთულია, მაგრამ ჩემი მეუღლე ყოველთვის ნდობას მიცხადებს, მეხმარება და მიტოვებს თავისუფლებას, რომ საკუთარი ოცნებები ავიხდინო. მისი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





