შოუბიზნესი

როგორ მოხიბლა ჯულია რობერტსის ძმა ნანუკა ქარუხნიშვილმა და რა ფურორი მოახდინა მან კანში

№25

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 24.06

ნანუკა ქარუხნიშვილ
დაკოპირებულია

მომღერალი ნანუკა ქარუხნიშვილი, შეიძლება ითქვას, ნამდვილად იღბლიანია, რადგან თითქმის ყველა ოცნება აუხდა. მომღერლობის პარალელურად, მან რამდენიმე პროფესია შეისწავლა, მათ შორის ვიზაჟისტობაც, რომლის წყალობით კანში მოხვდა და ისეთი ადამიანები გაიცნო, დაუმეგობრდა, მათთან შეხვედრაზე რომ ბევრი ოცნებობს.

ნანუკა ქარუხნიშვილი: რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი. დედას „პიონერთა სასახლეში“ დავყავდი, ვიყავი სხვადასხვა ჯგუფის სოლისტი და წევრი. ერთი სიტყვით, ბავშვობიდან მუსიკით ვიყავი დაკავებული და ვოცნებობდი, დიდ სცენაზე დავმდგარიყავი. ეს ბავშვობის ოცნება, მადლობა ღმერთს, ამიხდა. არასოდეს დამავიწყდება ჩემი გამოსვლა ფილარმონიის დიდ სცენაზე 12 წლის ასაკში.

- მუსიკალურ კონკურსებზე თუ გაქვს მიღებული მონაწილეობა?

- კი, მუსიკალური კონკურსების გამოცდილებაც მაქვს. დედის გარდაცვალების გამო, რამდენიმე წელი არ ვმღეროდი. 18 წლის რომ გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე გარდაიცვალა დედა. ეს ისეთი სტრესი იყო, 7 წელი არ მიმღერია, 25 წლის ასაკში დავიწყე ისევ სიმღერა. ამ შვიდი წლის მერე რომ ვიმღერე, ასე მეგონა, დედას ვუღალატე. არ ვარ დაკომპლექსებული, მაგრამ შინაგანი ემოცია მქონდა ისეთი, თითქოს ჩემი სიმღერით დედას ვუღალატე. მასთან ერთად მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა და პაუზის მერე, მის გარეშე რომ გადავდგი ნაბიჯი, სცენაზე დავდექი და კონკურსზე გავედი, შინაგანად სიცარიელე მქონდა. მაგრამ, თავს ვიმხნევებდი, რომ ამას დედას გამო ვაკეთებდი და ვიცოდი, იმქვეყნად გაიგებდა და მიგულშემატკივრებდა. მის სურვილს ვასრულებდი და ვგრძნობდი, როგორ მამხნევებდა იმ ქვეყნიდან. დედის გარდაცვალება ყველაზე დიდი დარტყმა იყო, რაც კი დღემდე მქონია ცხოვრებაში - ყველა ჩემს გამოსვლას სცენაზე და წარმატებას მას ვუძღვნი. ამ შვიდწლიანი პაუზის მერე, პირველი კონკურსი იყო „ნუცას სკოლა“, შემდეგ პირველი „ახალი ხმა“. მერე უცხოეთში წავედი და „X ფაქტორში“ მივიღე მონაწილეობა, სადაც ფინანსური კონკურენცია იყო და პირველივე ტურიდან გამოვედი.

- გარდა მუსიკალური კარიერისა, ასევე, გაქვს იურიდიული განათლება. თუ გიმუშავია ამ პროფესიით?

- რამდენიმე თვე სტაჟირებას გავდიოდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში. შტატში რომ უნდა ჩავმჯდარიყავი და ამ მიმართულებით გამეგრძელებინა კარიერა, მივხვდი, ჩემი არ იყო. სული და გული მღეროდა და იურიდიული სფერო ჩემი არ იყო. მერე რადიოშიც ვიყავი წამყვანი, საკუთარი შოუ მქონდა და გარდა ამისა, უამრავი პროფესია შევითავსე. მიყვარს სიახლეები და გამოწვევები, ახალ-ახალი პროფესიების ათვისება. არასოდეს ვჩერდები. თავისუფალი დრო რომ აქვს ადამიანს, ზოგი დასასვენებლად მიდის, ზოგი წამოწვება და წიგნს კითხულობს, მე კი ახალ პროფესიას ვსწავლობ. ვხუმრობ ხოლმე ჩემს თავზე: სერტიფიკატომანია დამემართა-მეთქი (იცინის).

- ერთ-ერთ პროფესიად ვიზაჟისტობა აირჩიე, ახლახან მეიქაფ არტისტების ჯგუფთან ერთად, კანის კინოფესტივალზე იყავი, სადაც სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებაზე მოდელებისთვის მაკიაჟის გაკეთება გთხოვეს. ეს ვოიაჟი კი, ნამდვილ თავგადასავლად გექცა.

- როგორც გითხარით, მომღერლობის მიღმა, სულ რაღაცებს ვსწავლობ და ერთ-ერთი ვიზაჟია, რომლის კურსებიც გავიარე. ვიზაჟი სულ მჭირდება და გადავწყვიტე, ხარისხიანად შემესწავლა. წლებია, ჩემი მეგობარი ვიზაჟისტების ჯგუფთან ერთად დადის კანის კინოფესტივალზე, სადაც მოდელებს, სტუმრებსა და მსახიობებს მაკიაჟს უკეთებენ. შემომთავაზა იქ წასვლა და „მაკისა“ და „ბობი ბრაუნის“ მასტერკლასებზე დასწრება. ჯგუფთან ერთად გავემგზავრე კანის კინოფესტივალზე. კანის კინოფესტივალის ფარგლებში უამრავი ჩვენება ტარდება, მათ შორის, „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაც იყო, რომლისთვისაც მოდელებს მაკიაჟი ჩვენ გავუკეთეთ. დიზაინერებს რომ შევხვდი, რამდენიმე მათგანმა შემომთავაზა, ხომ არ მოირგებ ჩვენს სამოსს და ჩვენებაზე გამოხვალო. უკრაინელი დიზაინერის შეთავაზება მივიღე, სამუზეუმო ექსპონატი, ნაციონალური კოსტიუმი მომარგო, მეორე კი, მისი კოლექციიდან იყო ერთ-ერთი „ლუქი“. კანის კინოფესტივალზე ერთი მეგობარი შემხვდა, რომელიც ქართველია, მაგრამ საქართველოში არ ცხოვრობს და დამპატიჟა წვეულებაზე, სადაც გავიცანი რიკო სიმონინი, ჩარლიზ ოკპალეკე და მსახიობ ჯულია რობერტსის ძმა, ერიკ რობერტსი, რომელმაც თავისთან, ლოს-ანჯელესში დამპატიჟა. ჩემს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა, მელაპარაკებოდა: რა ლამაზი გოგო ხარ, ჯორჯია, ჯორჯიაო მეძახა და საქართველოს დედოფალი შემარქვა. პირადი ნომერი ჩამაწერინა და ჩემი სავიზიტო ბარათიც გამომართვა. მის გარდა, უამრავი ადამიანი გავიცანი და მათგან შემოთავაზებები მივიღე. მაგალითად, გავიცანი რეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც თავისი ფილმის პრემიერაზე დამპატიჟა და შემომთავაზა, მის ახალ ფილმში მივიღო მონაწილეობა და ვიმღერო. ჩარლიზ ოკპალეკემ კი „ინსტაგრამზე“ დამიმატა, ჩემი ფოტოები ნახა და მომწერა: აღფრთოვანებული ვარ შენი ქვეყნის სილამაზითო. მეც მივწერე და დავპატიჟე საქართველოში. მითხრა, რომ სიამოვნებით ჩამოვა. ასევე, გავიცანი წითელი ხალიჩის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც თავის შოუში მიმიწვია და მომიწევს ჩასვლა. სახასიათო გარეგნობა მაქვს - მუქი ფერის კანი და მწვანე თვალები, თან, ქუჩაში გამოპრანჭულს მიყვარს სიარული შლეიფიანი კაბებით, „ბოლეროებით“, ქუსლიანი ფეხსაცმლით, ლამაზი სამკაულებითა და დიდი, ლამაზი ქუდებით. უცხო ადამიანები ჩერდებოდნენ და მაკვირდებოდნენ. ფოტოგრაფები ხშირად მაჩერებდნენ და მიღებდნენ ფოტოებს. ყველას იტალიელი ვეგონე. ზოგადად, მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. სხვათა შორის, მიმიწვიეს დახურულ წვეულებაზე ჯანიანელის ვილაში, სადაც დასწრების საფასური 45 000 ევრო იყო და მიწვეული გახლდნენ შერი, სტინგი და ძალიან ბევრი მომღერალი თუ „ჰოლივუდის“ ვარსკვლავი. ასევე, დიჯეები და თუ ვინმე მილიარდერია, იქ ჩამოფრინდა. სწორედ იქ გავიცანი მილიარდერი ბლოგერი ზევსი, რომელმაც ჩემთან ერთად იცეკვა, გამომელაპარაკა და ფოტოც გადაიღო. ასე რომ, ვიზაჟისტის სერტიფიკატის აღებასთან ერთად, ნახევარი კანი და უამრავი ისეთი ადამიანი გავიცანი, ვის ნახვაზეც ბევრი ოცნებობს. არასოდეს მიფიქრია ჩემი ქვეყნიდან შორს ყოფნა, მაგრამ პირველად მქონდა შეგრძნება, რომ უკან დაბრუნება არ მინდოდა. იმედია, კიდევ მომიწევს ჩასვლა და ახალი შთაბეჭდილებების დაგროვება. ასე რომ, ველოდები ვიზას, რომელიც ერიკ რობერტსმა უნდა გამომიგზავნოს და აუცილებლად წავალ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა