როგორ მოხიბლა ანი სირაძემ ჩეხი მსმენელი და რატომ არ უნდა მას, რომ პირადი ცხოვრება ჰქონდეს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 05.10, 2022 წელი

ულამაზესი და უნიჭიერესი მომღერალი ანი სირაძე ჩეხეთში, კარლოვი-ვარის საერთაშორისო ფესტივალიდან, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, კარგი ამბებითა და მნიშვნელოვანი წარმატებებით დაბრუნდა, რომელსაც ახლა ჩვენ გაგვიზიარებს.
ანი სირაძე: მოხიბლული ვარ კარლოვი-ვარით. ძალიან ლამაზი ქალაქია და იქ ყოფნით ვისიამოვნე. კარლოვი-ვარის ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თაია ყიფიანი იყო. მან შემომთავაზა ფესტივალის გახსნაზე და დახურვის გრანდიოზულ გალაკონცერტზე მემღერა. დავთანხმდი, რის შემდეგაც ჩემი მონაცემები ჩეხ ორგანიზატორთან გაგზავნა და მათგან დიდი მოწონება დავიმსახურე. ჩავფრინდი და ძალიან კარგი ფესტივალის მონაწილე გავხდი.
– გახსნისა და დახურვის ცერემონიალზე შენ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთი ქვეყნიდან საინტერესო შემოთავაზებებიც მიიღე.
– კი, გერმანიიდან და საფრანგეთიდან მივიღე კარგი შემოთავაზებები და ახლა დეტალების დაზუსტებას ველოდები. მივხვდი, რომ ჟიურის წევრების დიდი მოწონება დავიმსახურე, საკუთარი ტელეფონებით ვიდეოებსაც მიღებდნენ (იცინის).
– დასვენების საშუალებაც თუ გქონდა?
– კარლოვი-ვარში ძალიან ბევრი სამკურნალო მინერალური წყალი აქვთ და მე მხოლოდ 33 სახეობის წყალი გავსინჯე (იცინის). ბევრი არა, მაგრამ ერთი თავისუფალი დღე მქონდა და მე, როგორც ცნობილმა შოპაჰოლიკმა, ამ ქალაქის მაღაზიებისთვის მოვიცალე (იცინის).
– ძალიან გიყვარს ლამაზად ჩაცმა და ფერადი სამოსი...
– ჩემს გარდერობში ყველაზე ნაკლებად შავ ფერს შეხვდებით. სულ დამცინიან მეგობრები, აღარ გამოხვედი ბავშვობიდანო?! (იცინის). სადმე რომ მივდივარ, ყოველთვის განსაზღვრული მაქვს თანხა, რომელიც შემიძლია, შოპინგისთვის გამოვიყენო, მაგრამ როცა ჩავდივარ და მაღაზიებს ვათვალიერებ, იმ თანხის დახარჯვასთან ერთად, დედაჩემის ბარათსაც ბოლომდე ვითვისებ (იცინის).
– ტანსაცმელთან ერთად, ყველაზე მეტად რა გიტაცებს?
– ჩანთა. მთავარია, ძალიან კარგი ჩანთა მეჭიროს ხელში, აუცილებლად ორიგინალი. უკვე ხუთი წელია, კარლ ლაგერფელდზე ვარ ჩაციკლული. შემიძლია, ძალიან უბრალო კაბა ჩავიცვა თუ მოდელი მომეწონა, მაგრამ აქსესუარი, ჩანთა და ფეხსაცმელი აუცილებლად ორიგინალი უნდა მქონდეს, სხვანაირად არ შემიძლია. მირჩევნია, ერთი და კარგი ვიყიდო, ვიდრე ათი პატენტი. თუმცა, ტანსაცმელი ძვირიანიც მაქვს, იაფიანიაც, ყველაფერი, რაც მომეწონება, ფასს არ აქვს მნიშვნელობა. 28 წლის ვარ და დღემდე ვგიჟდები „დისნეის“ თემატიკაზე. მიკი მაუსის ტატუც კი მაქვს (იცინის). ჩემს გარდერობში ყველაზე მეტი „დისნეს“ თემატიკაა. ჩვენთან ცოტა ჭირს ასეთი სამოსის შეძენა, მაგრამ ევროპაში რომ მივდივარ, ნამდვილ სამოთხეში ვხვდები ხოლმე და უამრავი მომაქვს (იცინის). მაგალითად, ბოლოს ვინი პუჰის მთელი მულტფილმი წამოვიღე (იცინის). ასაკი რომ მემატება, უფრო მეტად მომწონს ეს ყველაფერი და რა ვქნა? ჩემი მეგობრები დამცინიან. 28 წლის ხარ, მალე 30-ის იქნები და რა დროს მიკი მაუსებიაო, მაგრამ რა ვქნა, ძალიან მიყვარს (იცინის). თან მგონია, რომ მარტო საბავშვოც არ არის, ჯეკსონიც კი მიკი მაუსიანი მაისურით დადიოდა, პრინცესა დაიანაც და ასე შემდეგ. მგონია, რომ ასაკობრივი კლიშეები უკვე ნაკლებადაა.
– რამდენად შეინარჩუნე ბავშვური ბუნება შინაგანად?
– ვერ ვიტყვი, რომ დღეს ისევ ისეთი ვარ, როგორიც ათი წლის წინ ვიყავი. თუმცა, ჩემში მაინც დიდი დოზით არის ბავშვური თვისებები. ასაკის მატებასთან ერთად, ბევრი რამ გვაკლდება, მაგრამ ბევრს გარეგნულადაც ბავშვი ვგონივარ. მაღაზიაში გამყიდველმა მითხრა, სკოლის მოსწავლე მეგონეო (იცინის).
– შეგცვალა იმ სირთულეებმა, რომლებიც გამოიარე?
– ძალიან. ვფიქრობ, რომ ყველა სტრესი და დაბრკოლება დიდი გაკვეთილია. მეც ვისწავლე, რომ ყველას არ უნდა ენდო, სიკეთე ყველას არ უნდა გაუკეთო. შეიძლება, შენი გაკეთებული სიკეთე ძალიან ცუდად მოგიბრუნდეს. ვცდილობ, არ ჩავუღრმავდე ამგვარ თემებს. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ ყველა დეტალი ზედმეტად მიმაქვს გულთან. რაც ვიღაცას შეუძლია, ძალიან მარტივად „გაატაროს“, მე შეიძლება, სამი დღე მტანჯავდეს. სულ ვფიქრობ, რატომ მოხდა ასე. მგონია, რომ ხელოვანი ადამიანები მეტად ემოციურები ვართ. მინდა, რომ ასე არ იყოს, მაგრამ რას ვიზამ?!
– უსარგებლიათ შენი ასეთი ხასიათით მათ, ვისაც ძალიან ახლობლად მიიჩნევდი?
– რამდენჯერაც გინდათ. ძალიან დიდი ხანია, ეს ხდება. 14 წლის ვიყავი, როცა პირველად საკუთარი მეგობარი ძალიან ცუდად მომექცა, მეგობარი, რომელსაც რთულ დროს ხელი გავუწოდე და ჩემს სახლში ცხოვრობდა. ყველაზე მეტად ხომ ახლობელი ადამიანებისგან გვტკივა, მაგრამ რას ვიზამთ... ხომ ამბობენ, როცა ძალიან გიყვარს, ადვილად პატიობო და მე პირიქით ვარ – რაც მეტად მიყვარს ადამიანი, მით მეტად მიჭირს პატიება, რადგან უფრო მეტად მტკივა. სულ ვამბობ, აღარ ვინერვიულებ ასე ძალიან, აღარ გადავყვები არავის-მეთქი, მაგრამ მაინც იგივენაირად ვიქცევი და გულწრფელად ვამბობ, არცერთი ადამიანისთვის, ვისაც ჩემთვის ცუდი გაუკეთებია, მე სამაგიერო არ გადამიხდია. პირიქით, დღემდე ვერ ვისწავლე ჭკუა და თუ ვინმეს რამეში გამოვადგები, დღესაც იმავეს გავაკაეთებ.
– როგორც ყველამ, შენც გამოიარე ბევრი სირთულე და ამ ფონზე, როგორ ფიქრობ, ძლიერი გოგო ხარ?
– ზოგჯერ ჩემი წარსულიდან რაღაც ფრაგმენტები გამახსენდება ხოლმე და ვფიქრობ, როგორ გავუმკლავდი, როგორ გადავლახე ამხელა რაღაც-მეთქი?! რომ ვუღრმავდები, ძალიან განვიცდი და ამის გამო, დედაჩემი მეჩხუბება. ორი წლის წინანდელ ამბავზე მთელი დღე რატომ უნდა ინერვიულო, ეს ხომ ჩავლილი ამბავიაო?! არ ვიცი, არც მე მომწონს ჩემი ეს თვისება, მინდა, რომ წარსულის სამუდამოდ ჩახურვა შემეძლოს და იმედია, ამასაც მოვახერხებ. მაგრამ ის, რომ თავის დროზე შევძელი იმ მართლა დიდი სირთულეების გადალახვა, ალბათ, ნიშნავს, რომ ძლიერი ვარ. დედაჩემი, მეგობრები თუ სხვა ადამიანები, ვინც მე კარგად მიცნობს, მეუბნებიან, რომ ნამდვილად ძლიერი გოგო ვარ.
– აუცილებლად უნდა გკითხო პირად ცხოვრებაზე, იყო სერიოზული ურთიერთობები, სიყვარული... რა ხდება ახლა?
– საერთოდ არაფერი ხდება, ოღონდ, მართლა (იცინის). თაყვანისმცემლები ადრეც იყვნენ და ახლაც არიან, მაგრამ როდესაც ეს ურთიერთობა დავასრულე, თავიდან არავისკენ გახედვა არ მინდოდა და სიმართლე რომ ვთქვა, ახლაც ასე ვარ. არ ვიცი, ამას გულის აცრუება ჰქვია თუ რა, მაგრამ ამწუთას საერთოდ არ მინდა, პირადი ცხოვრება მქონდეს და ვინმე ბიჭთან ვურთიერთობდე. თან, ვიცი, რომ ჩემი გულის დაპყრობა უკვე ძალიან რთული იქნება, იმიტომ, რომ სიყვარულთან ერთად, ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოს ურთიერთგაგება. ეს კი არც ისე მარტივად მისაღწევია. არადა, თუ წყვილში ეს არ არის, მგონია, რომ სიყვარულიც ვერ გაძლებს დიდხანს. ასე რომ, ახლა ამ საკითხს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ეს ხომ ისეთი რამაა, სადაც ვერაფერს დაგეგმავ (იცინის).
– ახლა როგორ იქცევი თაყვანისმცემლებთან, ვინც შენთან ურთიერთობას ცდილობს?
– აი, ჩემი მეგობრები ამის გამოც სულ მეჩხუბებიან, ყველაფერს ნუ უკირკიტებო (იცინის). მაგალითად, ბიჭმა რომ მომწეროს, ძალიან მომწონხარო და ერთმანეთის უკეთ გასაცნობად ყავაზე დამპატიჟოს, არ დავთანხმდები. ის კი არ მინდა, რომ ვინმე „ვაწვალო“, მაგრამ მომწონს, როცა რაღაც პერიოდი ბიჭი ინიციატივას იჩენს. პირველივე დაძახებაზე არ გავიქცევი. ჯერ ჩემი გული უნდა მოიგოს. ჩემი მეგობარი სულ მეუბნება, თუ არ გაიცანი, თუ კაფეში არ გაჰყევი თუნდაც ყავაზე, როგორ მიხვდები, როგორიაო. მაგრამ მგონია, რომ მივხვდები, უბრალოდ, ამის დრო ჯერ არ დამდგარა ჩემს ცხოვრებაში.
– როცა ურთიერთობას იწყებ, მერე ძალიან მომთხოვნი ხარ?
– საერთოდ არა. უბრალოდ, ადამიანს უნდა შეეძლოს ურთიერთობების დაბალანსება. საყვარელ ადამიანს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, ოჯახს – თავისი, მეგობრებს და ასე შემდეგ. მეტი არაფერი. ხომ ამბობენ, კაცს თუ ძალიან ბევრი ფული არ აქვს, როგორ შევხედავო, მსგავსი რამ არასდროს მიფიქრია. ურთიერთგაგება და სიყვარული არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა ურთიერთობაშიც ვყოფილვარ ბევრ დათმობაზეც წავსულვარ.
– როცა შეყვარებული ხარ, სიგიჟეების ჩადენა შეგიძლია?
– რომანტიკული ვარ, მაგრამ გიჟურ საქციელებს უფრო ბიჭისგან ველოდები. ვცდილობ, კაცის გასაკეთებელი მე არ გავაკეთო (იცინის). თუმცა, დაუგეგმავი და სპონტანური საქციელი ძალიან მიყვარს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან