როგორ „მოიწამლა“ ოფროუდით ანი ჭეიშვილი და რამდენჯერ გახდა ის პირველი ადგილის მფლობელი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 23.04

ანი ჭეიშვილი არის ქალი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, სტერეოტიპებს ამსხვრევს. ოთხი შვილის დედა და ოფროუდერი, რომლის ცხოვრებაც სავსეა ადრენალინითა და ჯანსაღი ემოციებით, საკუთარი მისწრაფებების შესახებ თავად მოგვიყვება.
ანი ჭეიშვილი: ოფროუდი ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეუღლის დამსახურებით გაჩნდა. მას ყოველთვის ჰქონდა სურვილი, გვყოლოდა მანქანა, რომლითაც მთებში და არა მხოლოდ, უგზოობაში ვივლიდით, საინტერესო ადგილებს მოვინახულებდით, არა მხოლოდ ფეხით, მანქანითაც. რამდენიმე წლის წინ, როცა შესაბამისი ავტომობილი შეიძინა და როგორც შეეძლო, მოამზადა, ჩვენი პირველი გასვლაც შედგა, ჩვენს მეგობარ გორელ, ოფროუდერ ბიჭებთან ერთად.
ჩემს მეუღლეს ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება ოფროუდისკენ. მე მანამდე სპორტის ეს სახეობა დიდად არ მაინტერსებდა, თუმცა, საჭე ყოველთვის მიყვარდა. მაშინ, უბრალოდ, თანმხლებად წავყევი მეუღლეს და ერთადერთი გოგო ვიყავი ძალიან ბევრ მამრობით სქესთან ერთად, რის გამოც, ცოტა მუზეუმის ექსპონატს ვგავდი (იცინის). არავის ეგონა, თუ ასეთი რთული პირობების გათვალისწინებით, უგზოობასა და ტალახის შემხედვარე, ქალს ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი გამიჩნდებოდა.
– თან, ეს თითქმის ათი წლის წინ ხდებოდა და მაშინ კიდევ უფრო გასაკვირი იყო ქალი ოფროუდში.
– კი, მაშინ ასეთი პიარიც არ იყო. ერთადერთი ქალი იყო ოფროუდში ქალიშვილთან ერთად. ხშირად ვყვები ხოლმე, მეუღლეს გავყევი და წიგნი წავიღე. ვიფიქრე, წავიკითხავ-მეთქი. რა ვიდეოებიც მქონდა ნანახი, ეს პროცესი, ძირითადად ტალახში „ბუქსაობა“ და მანქანის წვალებისგან შედგებოდა და ვიფიქრე, სანამ ბიჭები გაერთობიან, მე ბუნებაში წიგნს მაინც წავიკითხავ-მეთქი. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ის წიგნი არც კი გადამიშლია, იმდენად საინტერესო თავგადასავლის მონაწილე აღმოვჩნდი. მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა, რომ ქალბატონი იყო მათთან ერთად. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ იმ დღეს მოვიწამლე დადებითი ურთიერთობებით ოფროუდერებს შორის, ბუნებრის სიყვარულით სავსე ხალხით და მანქანების შესაძლებლობების დამტკიცებით. ყველაფერი აქედან დაიწყო. რამდენიმე წელი ჩემი მეუღლე იყო საჭესთან და მე, უბრალოდ, შტურმანობას ვუწევდი. ძალიან იშვიათად თუ დავჯდებოდი საჭესთან. შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა სათავგადასავლო რალი „საქართველო“, რამაც შეცვალა ჩემი და მეუღლის პოზიციები მანქანაში. მე გადავჯექი საჭესთან, რადგან სათავგადასავლო რალის მთავარი მოთხოვნა იყო, ეკიპაჟის წევრი ქალი ყოფილიყო. თან, სასურველი იყო, საჭესთან მთელი რალის განმავლობაში ქალი მჯდარიყო. ეს არის რალი, რომელიც სიჩქარეზე არ არის ორიენტირებული, ის ორიენტირებულია უმოკლესი მანძილის გავლაზე, რაც რთული გზებით სიარულს გულისხმობს. ის მთელ საქართველოში მიმდინარეობს 6-7 დღის განმავლობაში. მანამდე რამდენიმე მცდელობა მქონდა საჭესთან, მაგრამ ეს იყო მიზეზი, რის გამოც თამამად გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ მთელი რალის განმავლობაში საჭესთან ვყოფილიყავი. გაამართლა, თან კიდევ უფრო „მოვიწამლე“ ოფროუდითა და საჭესთან ჯდომით. ჩვენი პოზიციები დღემდე ასეთია, საჭესთან – მე, მეუღლე კი ყოველთვის ჩემი შტურმანია.
– მამაკაცებს, ხშირ შემთხვევაში, ქალი საჭესთან სერიოზულად არ მიაჩნიათ. მგონი, მეუღლე პირიქით ფიქრობს.
– კი, მეუღლის დამსახურებაა, რომ საჭის მართვა კარგად ვისწავლე. იმ პერიოდში შეყვარებულები ვიყავით და სწორი მიდგომებით მასწავლიდა. მიხსნიდა და არ მეჩხუბებოდა (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს შტურმანი ვიყავი, თუ ინტერესი გაქვს, ბევრ რამეს გვერდზე ჯდომითაც ისწავლი. მეუღლეც დარწმუნდა, რომ რაღაც დონის გამოცდილება დავაგროვე და ნება მომცა, საჭესთან ვყოფილიყავი (იცინის). შემდეგ წელს გავრისკე და ჩემს დასთან ერთად მივიღე მონაწილეობა აღნიშნულ რალიში. იმ წელსაც პირველი ადგილი ავიღეთ. ისე გამოვიდა, რომ ეს რალი ჩვენი ყოველწლიური ივენთია, ყოველ ოქტომბერში ეს აქტივობა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. არა მხოლოდ შეჯიბრება, ეს არის არაჩვეულებრივი ურთიერთობების მაგალითი. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ოფროუდი არ არის ჩვეულებრივი სპორტი, ჩვენ ძალიან კარგი ადამიანების წრეში, ძალიან კარგი ურთიერთობებით ვართ განებივრებული. ოფროუდერი ადამიანები არასდროს დაგტოვებენ გასაჭირში მარტო და ძალიან უხარიათ, როცა გეხმარებიან. სწორედ ამ ურთიერთობებმა გამიჩინა შიდაოფროუდ გასვლების სურვილი. შევიკრიბეთ სამეგობრო და ვგეგმავთ ხოლმე ბავშვებთან ერთად გასვლებს. შვილებიც მაქსიმალურად ჩართულები არიან, ძალიან მოსწონთ და უხარიათ. მე ოთხი შვილის დედა ვარ და ოთხივე არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, ამ პროცესში, მიუხედავად ცუდი გზებისა.
– რალიზე როგორი შედეგები გაქვთ?
– პირველ წელს მეორე ადგილი ავიღეთ. შემდეგ წელს, ანუ, სამი წლის წინ, როცა პირველად მივიღე მონაწილეობა ქალთა კატეგორიაში, პირველი ადგილი ავიღე ჩემს დასთან ერთად. წინა წელსაც პირველი ადგილი ავიღეთ, ამჯერად – მე და ჩემმა მეუღლემ.
– ესე იგი, სულ გამარჯვებული ხართ.
– ასეა და შეჯიბრებებზე უკვე ორგანიზატორები იუმორით მთხოვენ ხოლმე, მოდი, სხვასაც აცადეო (იცინის). აზარტული აღმოვჩნდი ამ საკითხში. მიყვარს ეს სპორტი და აქედან გამომდინარე, ბოლომდე ვიხარჯები. შედეგიც სახეზეა.
– როგორც ჩანს, ავტომობილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდათ.
– კი, ასეა. ვერ ვიტყვი, რა არის ამის მიზეზი. მოუთმენლად ველოდი სრულწლოვანი გავმხდარიყავი, რომ მართვის მოწმობა ამეღო. ყოველთვის მქონდა საჭის მართვის სურვილი. პირველ გაკვეთილზე ინსტრუქტორი ვერ დავარწმუნე, რომ საჭესთან არასდროს ვმჯდარვარ. ალბათ, დიდი სურვილისა და ინტერესის დამსახურებით მოხდა ის, რომ პირველივე გაკვეთილზე კარგად შევიგრძენი ავტომობილის გაბარიტები, არაფერს დავჯახებივარ და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო.
– შეიძლება, დღესაც გესმით: „ამაში რა მოგწონს, საშიშია, რთულია, ტალახში უნდა ამოისვარო, იწვალო“ და ასე შემდეგ... რა არის, რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე და დიდ სიამოვნებას განიჭებთ?
– ბუნების სიყვარული. აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ძალიან ცნობილი ადგილების გარდა, ბევრი ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ულამაზესი ადგილი არსებობს. მართლა საოცარი ბუნება გვაქვს. რალი იმიტომ არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო, რომ მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ოფროუდერები და რაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს ჩვენს ქვეყანაში, ისაა, რომ ამ ძალიან პატარა მიწაზე, რელიეფის საოცარი მრავალფეროვნება გვაქვს. ამ განსხვავებულობის აღმოჩენა იყო ჩემთვის პირველი შოკი, შემდეგ ადამიანების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, ურთიერთობები, რაც წეღანაც ვახსენე. გულანთებული ხალხი, რომლებიც ერთმანეთს გასაჭირში არ ტოვებენ, თუნდაც დააღამდეთ, თუნდაც გაიყინონ, დახმარებას აუცილებლად აღმოგიჩენენ. იცნობ თუ არა მონაწილეს, არ აქვს მნიშვნელობა, არავინ მიგატოვებს რთულ მომენტში, თუნდაც შეჯიბრებას არ ეხებოდეს საქმე. მე მქონდა შემთხვევა, ტრასაზე მანქანამ ცუდად ჩამიჭრა, გვერდით გადამაგდო, საბურავი გამისკდა და სამწუხაროდ, არავინ გააჩერა დასახმარებლად, ქალი ვიყავი, აქეთ-იქეთ ვტრიალებდი, ციმციმები – ანთებული, მაგრამ სრული გულგრილობა. ოფროუდერებისგან ასეთი რამ გამორიცხულია. ჯანსაღი ურთიერთობები და ბუნება არის ოფროუდის მთავარი პლუსი.
– და ექსტრემის სიყვარული.
– უგზოობა თავიდან-ბოლომდე ექსტრემს მოიცავს, უბრალოდ, ისეთი საშიში არ არის, როგორც ადამიანები ფიქრობენ. საკუთარ სიამოვნებას ვერ გადავაყოლებთ უსაფრთხოებას, ყველანაირ ნორმას ვიცავთ. რა თქმა უნდა, ხშირია გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც, ექსტრემი და ადრენალინი განუყოფელია. როცა დაბრკოლება დაუძლეველი გგქონია, მაგრამ მაინც გადალახავ, ეს იმხელა თვითკმაყოფილებაა, ყველაფერს წონის, რამდენადაც არ უნდა დაიღალო ამ პროცესში.
– როცა იგებენ ამ საქმით ხართ დაკავებული, როგორი რეაქციები აქვთ ხოლმე?
– ძალიან უკვირთ, მით უმეტეს, როცა იგებენ, რომ ოთხი შვილის დედა ვარ. მეკითხებიან ხოლმე, როგორ ასწრებ და ასე შემდეგ. ერთი არის, რომ მე მსიამოვნებს და მეორე, რომ ჩემი შვილებისთვის ძალიან დიდი მაგალითი ვარ, უდიდეს მოტივაციას მაძლევენ ნებისმიერი შეჯიბრების წინ. უნდათ, გამარჯვებული დედა ნახონ ან მასზე დადებითი შეფასებები მოისმინონ. განსაკუთრებით გოგონას აინტერესებს. მეუბნება ხოლმე, როგორც შენ ამსხვრევ სტერეოტიპებს, მეც ასე უნდა გავაკეთოო.
სასაცილოა, როცა ამ მანქანით ქალაქში მიწევს გადაადგილება. ორი გამოხედვაა სარკეში: ერთი, რომ მანქანას ამჩნევენ და მერე მის საჭესთან რომ ქალს ხედავენ, გაფართოებული თვალებით მიყურებენ (იცინის).
– როგორია თქვენი ცხოვრება ოფროუდს მიღმა?
– პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე ვარ, თუმცა, ამჟამად აიტისფეროში ვმუშაობ, გაყიდვების მიმართულებით. ესეც სტერეოტიპებს მიღმაა. ბოლო წლებში აიტისფეროშიც მომრავლდნენ ქალბატონები, მაგრამ მაინც მამაკაცები ჭარბობენ. ასე რომ, აქაც სტერეოტიპებს ვამსხვრევ (იცინის). მე და ჩემი მეუღლე ბავშვების მოვლა-პატრონობაში ერთნაირად ვართ ჩართულები და შვილებთან ერთად, თავს ყველაფერს ვართმევთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან