როგორ „მოიწამლა“ მოგზაურობით ანი ღონღაძე და ვის უწევს ის პარიზში გიდობას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 19:00 29.05

მოგზაურობა და თავგადასავლები, ალბათ, ყველა ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს. გამონაკლისი არც მომღერალი და ტელეწამყვანი ანი ღონღაძეა.
ანი ღონღაძე: მოგზაურობა ძალიან მიყვარს. შეიძლება, ითქვას, რომ ბავშვობიდან ჩემი ჰობია. ძალიან პატარა ასაკიდან ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად დავიწყე მოგზაურობა და „მოვიწამლე“ კიდეც. ახლა უკვე ხან მეგობრებთან ერთად დავდივარ და იმდენად მიყვარს, მარტოც შემიძლია, წავიდე. ჩემთვის მოგზაურობა ყველაფერ კარგთან ასოცირდება, იქნება ეს: სიახლეები, განტვირთვა, კულტურების გაცნობა და ასე შემდეგ. სადმე რომ ჩავდივარ, ყველაფერს ვნახულობ, რაც მნიშვნელოვანია და ყოველთვის წინასწარ ვემზადები, რომ რამე მოუნახულებელი არ დამრჩეს. გარკვეულ დროს დაუგეგმავ სეირნობასაც ვუთმობ, უმისამართოდ გავდივარ, რომ არატურისტული ადგილებიც აღმოვაჩინო. თუმცა, ზოგადად, ყველაფერში წესრიგის მოყვარული ვარ და ჩემი დაუგეგმავი გასეირნებაც გათვლილი გამოდის ხოლმე. აქედან გამომდინარე, არასდროს არსად დავკარგულვარ და არც რამე გაუთვალისწინებელი გადამხდენია თავს.
– პირველად რომელ ქვეყანაში იმოგზაურე?
– ძალიან პატარა ვიყავი, ზაფხულობით, ოჯახთან ერთად, თურქეთში დავდიოდი. მშობლების გარეშე პირველად, ჩემს დასთან ერთად, რამდენიმე თვით პარიზში წავედი კურსების გასავლელად. მაშინ მოვიწამლე ამ ქალაქით და დღემდე იმდენად ვარ შეპყრობილი, რომ მასზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. მას შემდეგ, ყოველ ჯერზე, როდესაც სამოგზაუროდ ახალ ქვეყანასა და ქალაქს ვირჩევ, ყოველთვის პარიზში დაბრუნებაზე ვფიქრობ (იცინის).
– ძირითადად, მოწესრიგებულ, ევროპულ ქვეყნებში გიყვარს მოგზაურობა?
– ყველაზე მოწესრიგებული ქვეყნები, სადაც მე ვყოფილვარ, ავსტრია და გერმანიაა. გერმანიაში 3-3 თვით მომიწია ცხოვრება, ჯამში, ნახევარი წელი და სიმართლე გითხრათ, ჩემნაირი მოწესრიგებული ადამიანისთვისაც კი ცოტა გამაღიზიანებელი წესრიგი და სიჩუმეა. უფრო მეტად მიყვარს ქვეყნები, სადაც ძალიან ბევრი ტურისტია. რიგში დგომა რომ მიწევს და ქუჩებში ქაოსური ხალხმრავლობაა. ჩემთვის ესეც ძალიან სასიამოვნოა. ამ მხრივ გამორჩეულია პარიზი, რომი და მადრიდი. ძალიან ბევრი ტურისტი მოძრაობს და ეს ხალხმრავლობა სიამოვნებას მანიჭებს. ზოგადად, მოგზაურობა იმდენად მიყვარს, ნებისმიერ ადგილს სიამოვნებით მოვინახულებდი, მაგრამ პარიზი და რომი ჩემთვის განსაკუთრებულია.
– ყველაზე მეტად რა მოგწონს იქ?
– დილით ადრე გაღვიძება, პირველივე კაფეში შესვლა, ჭიქა ყავისა და კრუასანის მირთმევა და სამსახურში მიმავალი ხალხის ცქერა. პარიზელები ძალიან დახვეწილები არიან და მათი დილის რუტინა საოცარი სანახავია. დილაობით აუცილებლად მიირთმევენ ყავას, რისი კულტურაც, ჩვენთან, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების დონიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ პარიზი ძალიან მიყვარს, ამ ქალაქში ყოველთვის სევდიანი განწყობა მაქვს. რომ ვიცი, უნდა წამოვიდე, წინასწარ მოვიწყენ ხოლმე (იცინის). რომში თავიდან-ბოლომდე ბედნიერების განცდა მეუფლება, წამოსვლის გამო არ ვიწყენ. ჩემთვის რომი უფრო ფერადი და მხიარულია, როგორც იტალიელები ფრანგებისგან განსხვავებით. პარიზი მაინც უფრო ნაცრისფერია და შეიძლება, ბევრისთვის მოსაწყენიც იყოს, მაგრამ მე ჯერჯერობით ვერ ამოვწურე, მიუხედავად იმისა, რომ რვაჯერ ვარ ნამყოფი და იმედი მაქვს, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება (იცინის). იქ მეგობრებთან რომ ჩავდივარ, გიდის როლი მაქვს ხოლმე.
– გოგონების რომელ კატეგორიას მიეკუთვნები, მხოლოდ საჭირო ნივთებით რომ მიდის სამოგზაუროდ თუ ყველაფერი რომ მიაქვს თან?
– ხომ გინახავთ სასაცილო ფოტოები, ერთი ადამიანი რომ მიდის ხუთი ჩემოდნით ორი დღით სამოგზაუროდ, მე ეგ კატეგორია ვარ. რაც მჭირდება და რაც არა, ყველაფერი უნდა მქონდეს და მგონი, ნახევარი სახლი თან მიმაქვს (იცინის). რამდენჯერ ვთქვი, მხოლოდ იმას წავიღებ, რაც მჭირდება-მეთქი, რადგან მერე იქაც ვყიდულობ და ბარგში აღარაფერი მეტევა, თან, არც მჭირდება ამდენი რამ. დილით რომ ვიღვიძებ და გავდივარ, სასტუმროში შუაღამემდე არ შევდივარ. ამის მიუხედავად, პატარა ბარგით წასვლა არ გამომდის. საქართველოშიც ასე ვარ. ერთი დღე რომ გავიდე ქალაქიდან, მთელი მანქანა სავსე მაქვს – ვაიდა, დამჭირდეს! (იცინის) ამიტომაცაა, რომ ლამის ხუთი ჩემოდნით ვმოგზაურობ (იცინის).
– ესე იგი, პარიზი ყველაფერზე მაღლა დგას.
– შვილი რომ უყვართ ხოლმე, დაახლოებით, ეგეთი შეგრძნება მაქვს მის მიმართ, შეპყრობილივით ვარ (იცინის).
– ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს თუ ეცნობი?
– სხვათა შორის, ბევრი ვერ იგებს და უცნაურად ეჩვენება ის ფაქტი, რომ ამდენს ვმოგზაურობ და ფაქტობრივად, არსად არაფერს არ ვსინჯავ. ქართული სამზარეულო ყველაფერს მირჩევნია. ერთი კვირა რომ მივდივარ სხვა ქვეყანაში, მჭადი და ქართული ყველი ისე მენატრება, რომ გზიდან ვრეკავ სახლში, მჭადი დამახვედრეთ-მეთქი (იცინის). ყველა ქვეყანაში იტალიური სამზარეულოთი ვიკვებები. რაღაცები მიჭამია, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ის იყო, თორემ არ შევჭამდი. ასე, კუც დამიგემოვნებია, ბაყაყი, გველი, ლოკოკინა. ლოკოკინას რომ ვჭამდი ვიცოდი, რა იყო, დანარჩენ შემთხვევაში კი არ ვიცოდი, რას მივირთმევდი. არც უცნაური კერძების გასინჯვა მიყვარს. მაგალითად, ფრანგებს აქვთ თევზი შოკოლადში და მსგავსები, არც ზღვის პროდუქტები მიყვარს და არსად ვჭამ. საფრანგეთში ბაგეტსა და კრუასანს ვჭამ, მაგრამ იქაც კი პიცასა და პასტას, ისევ და ისევ იტალიურ სამზარეულოს მივმართავ. ქართულის შემდეგ ჩემთვის იტალიურია პირველ ადგილას.
– გველისა და ბაყაყის ხორცის ჭამის შემდეგ რომ გაიგე, რაც მიირთვი, როგორი რეაქცია გქონდა?
– იმდენად მძაფრი, რომ ორი დღე ვეღარაფერი ვჭამე (იცინის). უბრალოდ, დაგვპატიჟეს და კერძები რომ მოგვართვეს, კითხვა არ დავსვი. ვახშმის ბოლოს გავიგე და ნამდვილად ძალიან რთული იყო. თავად არასდროს შევაჩერებ არჩევანს უცნაურ და ჩემთვის უცნობ კერძებზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან