როგორ „მოიტაცა“ იაკო ჭალაგანიძემ მეუღლე და რატომ არ ელაპარაკებოდა მას მამა დაქორწინების შემდეგ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:39 18.12
ინფლუენსერ იაკო ჭალაგანიძეს, რომელსაც ალბათ, უკვე ძალიან ბევრი იცნობს, საოცარი სიყვარულის ისტორია აქვს. ამას კი ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
იაკო ჭალაგანიძე: ჩემს მეუღლე ბავშვობიდან ვუყვარვარ, დაახლოებით, პირველი კლასიდან, მაგრამ ეს ცალმხრივი სიყვარული იყო. 15–16 წლისები ვიქნებოდით, როცა ეს ამბავი გამიმხილა. მაშინ გავიგე, რომ თურმე, ამდენი წლის განმავლობაში ლექსებს წერს ჩემზე (იცინის). ეზოში ვიყავით და გამომიშრიალა ეს ლექსები. მათი წაკითხვისას ძალიან ბევრი ვიცინე, რაზეც გაბრაზდა და სამწუხაროდ, ყველა ლექსი დაწვა (იცინის). რა თქმა უნდა, მაშინ ეს ყველაფერი სერიოზულად არ მივიღე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ალბათ, მეც სხვანაირად დავფიქრდი, ეს აზრი ჭკუაში დამიჯდა და ჩვენი ურთიერთობაც დაიწყო. აგერ უკვე 15 წელია, ცოლ-ქმარი ვართ და მანამდე, ბუნებრივია, შეყვარებულები ვიყავით.
– ის ერთი წელი რა ხდებოდა, გაბრაზების შემდეგ?
– ესეც ბავშვური გაბრაზება იყო. ჩვეულებრივად ვთამაშობდით ეზოში მეზობელ ბავშვებთან ერთად. ვერთობოდით, როგორც ყველა, მაგრამ სასიყვარულო ამბავი არ ყოფილა (იცინის).
– სანამ გამოგიტყდებოდათ, მანამდე არ ეჭვობდით?
– ვერა, იმიტომ რომ ყოველდღიური კონტაქტი არ გვქონდა. მიშკა ბებიაჩემის ეზოში ცხოვრობდა, საბურთალოზე, მე – ვაკეში და კვირაში ორჯერ ვნახულობდი. მერე უკვე მისი მეგობრები ჩაერთნენ ამ ამბავში. ახლა ვინც ჩვენი მეჯვარეა, ის დამდევდა ხოლმე და მეუბნებოდა, მიშკას უყვარხარო. თავიდან ცოტა არ მჯეროდა, მაგრამ იმდენ ხანს მეძახეს, ბოლოს მეც დავფიქრდი (იცინის).
– შეყვარებულობის პერიოდი როგორი იყო?
– ძალიან კარგი, მაგრამ სულ ვიმალებოდით. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ახლა ახალგაზრდები ძალიან თავისუფლები არიან. მშობლებს ყველაფერზე ესაუბრებიან, უფროსებიც ნაკლებად უშლიან რაღაცებს და ასე შემდეგ. ჩვენს დროს ასე არ იყო, ამიტომ ძალიან ვცდილობდი, დავმალულიყავი. უნივერსიტეტში ლექციებს ვაცდენდი, რომ მიშკას შევხვედროდი, რადგან გვიან არ მიშვებდნენ სახლიდან. სხვათა შორის, ჩემი ნაადრევი გათხოვებაც ამან გამოიწვია. დავიღალე ამდენი მალვითა და ტყუილებით, ამიტომაც გავიპარეთ. ამიტომ სულ ვამბობ, რომ შვილებს თავისუფლება უნდა მივცეთ, თუ გვინდა, რომ ნაადრევი ქორწინებები ავირიდოთ თავიდან. მე ძალიან გამიმართლა, ამდენი წელია, ერთად ვართ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სწორედ, ნაადრევად შექმნილი ოჯახები ინგრევა და სჯობს, შვილებს მეტი თავისუფლება მივცეთ, თუმცა ზღვარს არ უნდა გადააბიჯონ.
– რადგან სიყვარულში გამოტყდომამდე ლექსებს გიწერდათ, ალბათ, შეყვარებულობის დროსაც ძალიან რომანტიკული იქნებოდა.
– ჩემს მეუღლესთან ახლოსაც კი არ ჩაუვლია რომატიკულობას. დღეის მდგომაროებით ასეა (იცინის). არ ვიცი, ალბათ, ბავშვობაში, თავისთვის რომ იჯდა ოთახში, ასე გამოხატავდა სიყვარულს, თორემ რომანტიკა რას ნიშნავს, საერთოდ არ იცის (იცინის).
– რაც შეეხება გაპარვას, როგორ მოხდა ეს ამბავი?
– მივედი და ვუთხარი, ახლა ჩაალაგე და მივდივართ. მე აღარ შემიძლია ამდენი დამალვა და ტყუილები-მეთქი. მარტო მე და მიშკა კი არა, მთელი ჩვენი სამეგობრო გავიპარეთ. ბეთანიაში, ჩვენი მეჯვარის სახლში წავედით და იქ გვქონდა დიდი ამბავი. ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბიჭებსაც მხოლოდ კარგი მოგონებები აქვთ (იცინის). იქ ერთმა დაიძახა გოგი მოვიდაო (მამაჩემი) და უცებ ყველა ბიჭი გაქრა, ყველა გაიქცა სახლიდან (იცინის). რეალურად, ეს ტყუილი იყო. მამას არც უცდია ჩვენი მოძებნა. ორი კვირა არ გველაპრაკებოდა.
– ამ დროს ოჯახში რა ხდებოდა?
– ჩემს დას ებარა ეგ ამბავი, მას უნდა ეთქვა მამაჩემისთვის ყველაფერი. ისე დავამთხვიე, რომ მამა სახლში არ ყოფილიყო. დღემდე მახსოვს, იმ დღეს მამაჩემი გორში მიდიოდა დასალევად და ვიფიქრე, დიდი ხანი არ დაბრუნდება, თან ნასვამი იქნება, ანუ კარგ ხასიათზე – მოკლედ, ყველაფერი განსაზღვრული მქონდა. ბებიამ ძალიან დიდი სიხარულით ჩამილაგა საჭირო ნივთები, ზუსტად ვიცოდი ვისთვის უნდა მეთქვა, რას ვაპირებდი (იცინის). ისიც ვიცოდი, რომ ცოტა ხანი მამაჩემი არ დაგველაპარაკებოდა და მართლაც, ორი კვირა გასტანა მისმა ბრაზმა. მე ამბის გასაგებად ყოველწუთას ვრეკავდი და ერთხელაც, რომ დავრეკე, ჩემმა დამ მითხრა, ცოტა ხანი არ დარეკოო და თან იქიდან ყვირილისა და მტვრევის ხმა მესმოდა. ჩემს დას ყველაფერი უთქვამს მამაჩემისთვის. ეს ყველაფერი რომ მახსენდება, ახლა უფრო მეცოდებიან, ახლა უკეთ ვხვდები, რა გადაიტანეს ჩემმა მშობლებმა.
– დედა როგორ შეხვდა ამ ამბავს?
– დედამაც განიცადა, მაგრამ შვილის გათხოვებაზე მეტად იმაზე ღელავდა, გადარჩენილიყო (იცინის). რაც მთავარია, როგორც მერე გავიგე, ეს ყველაფერი დედას ბრალდებოდა. მამა ეუბნებოდა, აი, ბავშვი ამდენი ხნით რომ ჩადიოდა ეზოში, მაგიტომაც მოხდა ასე, ყურადღება ვერ მიაქციეო. არადა, დედა არაფერ შუაში იყო.
– საერთოდ არ იცოდნენ, რომ შეყვარებული გყავდათ?
– მამას ჩემთან არ შეუმჩნევია, მაგრამ მგონია, რომ იცოდა. დედამ იცოდა, მაგრამ არ მელაპრაკებოდა ამ თემაზე, რომ არ გაესერიოზულებინა, თუმცა, მგონი, სჯობდა, დამლაპარაკებოდა (იცინის). რომ ჩამოვედით, მამა ისევ არ გველაპარაკებოდა. ორი კვირის შემდეგ დამირეკა და მითხრა, აბა, როდის უნდა გამაცნო სიძეო.
– ასე მარტივად?
– კი, სხვათა შორის, ძალიან მარტივად. ერთმანეთი რომ გაიცნეს, მას შემდეგ, მამაჩემს ჩემზე ძალიან, მგონი, მიშკა უყვარს (იცინის). ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ფაქტობრივად, შვილივით ჰყავს. მე რომ გავთხოვდი, მიშკას მამა არ ჰყავდა, თვითონაც 18 წლის იყო და ყველაფერში მამაჩემი დაუდგა გვერდით. მიშკას, როგორც მამა, ისე ჰყავს და მამაჩემს – როგორც შვილი. იმხელა სიყვარული აქვთ ერთმანეთში, მგონი, მე არაფერ შუაში აღარ ვარ მათ შორის, (იცინის).
– მამას მერე თუ გაუხსენებია, როგორ განიცადა ეს ამბავი?
– ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია და ალბათ, არც არასდროს აღიარებს, როგორ განიცადა. რომ ვკითხო, მეტყვის, უფ, კიდევ კარგი წახვედიო, ჩვენი კომუნიკაცია ყოველთვის იუმორით ხდება. სერიოზულად ამაზე არ გვილაპარაკია. იმ პერიოდში მამას მეგობრები მირეკავდნენ და მამშვიდებდნენ, გაუვლის, არა უშავსო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





