შოუბიზნესი

როგორ მოიპოვა მარიკა მოდებაძემ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და როდის აღმოჩნდა ის მათემატიკიდან მოდის სფეროში

№50

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 25.12

მარიკა მოდებაძე
დაკოპირებულია

დიზაინერ მარიკა მოდებაძისთვის ბოლო წლები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მისმა ბრენდმა „მოდებაძე 81“ არა მხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო მასშტაბებით მიიქცია ყურადღება და მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა.

მარიკა მოდებაძე: განსაკუთრებული წელი მქონდა. რვა წელია, ჩვენი ბრენდი არსებობს, მაგრამ წელს სხვადასხვა სახის ჩვენებაზე გავბედე გამოსვლა და შედეგმაც არ დააყოვნა. ჩემი პირველი ნაბიჯები საქართველოს მოდის კვირეულს უკავშირდება. ეს იყო მაისში და ყველაფერმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა. შედეგად მივიღე მოწვევა რომიდან, სადაც ასევე, გავმართე ჩვენება, შემდეგ კი პარიზში წარვადგინე ჩემი სამოსი. საქართველოს მოდის კვირეულის მეექვსე სეზონზეც მიმიწვიეს, რადგან წინა, მეხუთე სეზონზე, ძალიან კარგი შედეგი დავდეთ. ეს განსაკუთრებული იყო იმით, რომ ნიუ-იორკიდან „შავი ზღვის ფეშენ-ვიქის“ წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული. მათი მიზანი იყო, აერჩიათ ერთი ქართველი დიზაინერი, რომელიც უფასოდ მიიღებდა მონაწილეობას 6 ივნისს ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებაზე. მე წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურაში, მოდის დიზაინზე და ვფიქრობ, ამისთვის კარგად მოვემზადე. თემაც განსაკუთრებული მქონდა – „გოგონა მეოთხე განზომილებიდან“. შესამაბისად, სამოსიც კოსმოსურ ხასიათს ატარებდა. მართლა გასაოცარი იყო, რომ მათ ჩვენი ბრენდი აირჩიეს. ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. 6 ივნისს ნიუ-იორკში მივდივართ. ეს ადამიანები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან თითო დიზაინერს ირჩევენ და უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მათ შორის მე მოვხვდი. ყველა დიზაინერს მოსწონს თავის ნაშრომი, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. მე წელს გავედი პირველად, ჩემთვის სულ მეოთხე ჩვენება იყო და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შედეგია. ნიუ-იორკამდე მილანი, მონაკო, პარიზი გველოდება. სიმართლე რომ ვთქვა, უფრო ჩვენი საჩვენებელი ლუქები მომწონს, ვიდრე რასაც ყოველდღიურობისთვის ვქმნით.

– სიხარული თუ ნერვიულობა პასუხისმგებლობის გამო, რომელი უფრო დიდი დოზით არის ამ პროცესში?

– ძალიან მშვიდად და მარტივად ვაკეთებ საჩვენებელ ლუქებს, ეს ჩემი საქმეა, მიყვარს და მგონია, რომ საერთოდ არ ვიღლები. დილის ხუთ საათამდე ვმუშაობ, ათიდან ვიწყებ. ჩვენება რომ მთავრდება, ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ დამთავრდება თუ არა, ერთიანად ვითიშები. არცერთი ჩვენების „აფთერ ფართიზე“ არ ვყოფილვარ. გონება მეთიშება. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ემოციურად ვუდგები. საქართველოს მოდის კვირეულის შემდეგ იმდენად ცუდად გავხდი, ისეთი დაძაბული ვიყავი, ვერ აღგიწერთ. პირველად რომ ძალიან კარგი ლუქებით გავედი, მეორედ უკვე მოლოდინი ჰქონდათ ჩემგან და პასუხისმგებლობა მეტი იყო. პირველად რომ გადიხარ, თითქოს, უფრო ლმობიერად გაფასებენ, რადგან პირველი ნაბიჯია. მერე და მერე უფრო კრიტიკული შეფასებებია. სიმართლე გითხრათ, ამჯერად თავად წარმომადგენლები მეუბნებოდნენ, შენ წახვალ ნიუ-იორკშიო, თან, ეს რამდენჯერმე გამიმეორეს, მაგრამ მე მაინც ვერ გავითავისე. უფრო მეტიც, კულმინაციურ მომენტში სხვა დიზაინერებს რომ გადავხედე, ვიგრძენი, რომ ყველა შეემზადა საჩუქრის ასაღებად. მე იმდენად არ მქონდა ეს განწყობა, რომ ჩემი თავი შემეცოდა (იცინის). არადა, რეალურად, ჩემი კოლექცია გასაყიდი არ არის, მართლა საჩვენებელი და ნიუ-იორკული იყო. თუმცა, თავს თუ დააჯერებ, რომ გამარჯვებას შენ მოიპოვებ და მერე ასე არ მოხდება, ძალიან მტკივნეული იქნება. ამიტომ, მირჩევნია ასეთი მოლოდინები არ მქონდეს. მახსოვს, მეგობარს ვეუბნებოდი, არ გადაიღო, ნამდვილად ვიცი, რომ მე არ ამირჩევენ-მეთქი. არადა, ყველას უღებდა თავისიანი.

– რომ გაიგეთ, რა რეაქცია გქონდათ?

– ბევრს ვხუმრობ ამაზე, ჩემი ბრენდის სახელი რომ გაჟღერდა, მას შემდეგ შემიყვარდა ჩემი გვარი-მეთქი. გავგიჟდი, მოდებაძე რომ გავიგონე, მაგრამ ვიდეოში ისეთი სახე მაქვს, გეგონება ემოცია არ მაქვს. მკითხეს კიდეც, წინასწარ ხომ არ იცოდი, რეაქცია რატომ არ გქონდაო?! მე ძალიან მიყვარს ლაპარაკი, სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ იქ ენა წამერთვა. დავმუნჯდი. მხოლოდ იმის თქმა მოვახერხე, არ ინანებთ ამ გადაწყვეტილებას, გასაოცარი კოლექციით ჩამოვალ ნიუ-იორკში-მეთქი. გონებაში უკვე აწყობილი მაქვს იქ წარსადგენი კოლექცია.

მე მათემატიკოსი ვარ, მამა მათემატიკის პროფესორია და მე რომ ეს საქმე მივატოვე, მას ძალიან დასწყდა გული. უნდოდა, ჩვენი ოჯახის ტრადიცია გაგრძელებულიყო. ამიტომ ძალიან მინდა, როგორც დიზაინერმა, სერიოზული სიტყვა ვთქვა. დავამტკიცო, რომ ეს ნაბიჯი ტყუილად არ გადამიდგამს. ამიტომ ერთი სული მქონდა, სახლში მოვსულიყავი და მამასთვის ჩემი წარმატების შესახებ მეთქვა. ეს მიღწევა ჩემთვისაც და ჩემი გულშემატკივრებისთვისაც ძალიან საამაყოა.

– თქვენი ქუჩის სტილიც ძალიან გამორჩეული და ფერადია. მგონია, რომ ყველგან იქცევს ყურადღებას, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ...

– ნამდვილად ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ, ჩემი ქალაქისგან – ქუთაისისგან, ზოგადად, ჩემი ქვეყნისგან და დიახ, საზღვარგარეთიდან – სოციალურ ქსელებში ჩემი გამომწერებისგანაც, თუმცა, ისეთი ფერადი აღარ ვარ, როგორიც ვიყავი. კოლექციაში დავტოვე ფერები, მაგრამ შედარებით პასტელური. იმდენად დიდი დოზით იყო ფერადზე აქცენტირება, რომ ცოტა დამღალა და ცოტა გამაღიზიანა. ამ ბოლო დროს თითქოს პროტესტი მაქვს და მე თვითონ ყველა ჩვენებაზე შავი სამოსით გამოვედი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფერადი სამოსი არ მიყვარს, თუმცა შავი მაინც ელეგანტურია და ამიტომ რაღაცები შევცვალე. თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც ძალიან მიყვარს სიფერადე, ხევსურული ფერები. რამდენჯერმე თმის ფერის შეცვლა გადავწყვიტე, სიახლე მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე, მეხუმრებიან ხოლმე, ხალხი ვეღარ გიცნობს, ეგ რომ გააკეთოო და დავრჩი ისევ ვარდისფერზე. მგონია, რომ მთელი ცხოვრება ასე იქნება. ვხუმრობ ხოლმე, უკვე აღარც ვიღებავ, ბუნებრივად ვარდისფერი თმა ამომდის-მეთქი.

სხვათა შორის, თავიდან ცოტა პრობლემები იყო ფერებთან დაკავშირებით. ქუთაისში ძალიან გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობს და აოცებდათ ჩემი სიფერადე. მე ძალიან ბევრი გამომწერი მყავს სხვადასხვა ქვეყანაში და ამან იქონია ძალიან დიდი გავლენა. ყველამ ვიცით, რომ ქუთაისი მაინც შავი ფერის მოყვარული ქალაქია, თავიდან გაუჭირდათ მიღება, მაგრამ როცა იგებდნენ, რომ უცხოეთში მოსწონდათ ჩემი ფერადი სამოსი, ხედავდნენ, რომ ეს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, თუნდაც მათ ახლობლებში, რომლებიც სხვადახვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ, მერე უფრო მაღიარეს და მოიწონეს ჩემი სიფერადე. საბედნიეროდ, მათ მთელი ჩემი განვლილი გზის შესახებ იციან, ხედავენ, რამხელა შრომის ფასად მოვედი აქამდე ერთი პატარა ატელიიდან.

– როგორ აღმოჩნდით მათემატიკოსი მოდის ინდუსტრიაში?

– ვერ ვიტყვი, რომ კერვა ან ქსოვა ვიცოდი, მაგრამ სკოლის ასაკიდანვე, სამოსს რომ ვიყიდდი, რაღაც მაინც უნდა გადამეკეთებინა. სხვისი მსგავსი არ უნდა მცმოდა. თბილისში განვაგრძე სწავლა დოქტურანტურაში. ტუბერკულოზის მათემატიკურ მოდელზე ვმუშაობდი, სერიოზული ადგილი მეჭირა ამ სფეროში – ანთებითი პროცესების მათემატიკურ მოდელს ვიკვლევდი. დედაქალაქში რომ გადმოვედი, ახალი დაოჯახებული ვიყავი. დამატებითი სამსახური მჭირდებოდა და ერთ-ერთ ბრენდში დავიწყე მუშაობა მენეჯერად. ენა კარგად ვიცოდი და კოლექციის შესარჩევად სტამბოლში მივყავდით. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. კოლექციების შერჩევის პროცესი ძალიან დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის. ხუთი წელი ვიმუშავე ამ ბრენდში და როცა იქიდან წამოვედი, ჩემი ბრენდი შევქმენი, ეს თბილისში ხდებოდა. მერე ქუთაისს დავუბრუნდი და მათემატიკის პედაგოგად ვმუშაობდი, თუმცა ისე აქტიურად ვიყავი ჩართული მოდის ინდუსტრიაში, რომ ხშირად მეპატიჟებოდნენ სილამაზის კონკურსებზე ჟიურის ამპლუაში. ჩემ გარშემო სულ ეს თემები იყო და ასე, პატარა ნაბიჯებით, დავუახლოვდი სამოდელო სფეროს. პირველი ატელიე რომ გავხსენი, საკერავი მანქანაც კი არ მქონდა. დღეს მეცინება, ეს რომ მახსენდება. არ ვიცოდი, რამხელა შრომა და ფინანსები იყო საჭირო, მაგრამ ახლა უკვე საკუთარი შოუ-რუმი და ატელიე გვაქვს. ნელ-ნელა ყველაფერი გამოვიდა. ვფიქორბ, ამ რვა წლის განმავლობაში თავი კარგად გავართვი ამ საქმეს.

ამ საქმით მარტომ გავზარდე ჩემი შვილები, დღე და ღამე ვმუშაობდი. როგორც მათემატიკის პედაგოგი, ამას ვერ შევძლებდი. ახლა ჩემი შვილები დიდები არიან, თავიანთი ცხოვრება აქვთ და მე უფლება და შესაძლებლობა გამიჩნდა, სერიოზულად ვიზრუნო ამ საქმეზე, რამაც შესაბამისი შედეგიც გამოიღო, რაც ძალიან მიხარია და დიდი მოტივაცია მაქვს კიდევ უფრო მეტის გასკეთებლად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი