შოუბიზნესი

როგორ მოიპოვა გრიგოლ ყიფშიძემ ამერიკაში სასწავლებლად სრული დაფინანსება და რატომ დააპაუზა მან სიმღერა

№49

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:43 13.12

გრიგოლ ყიფშიძე
დაკოპირებულია

მომღერალი გრიგოლ ყიფშიძე 18 წლის ასაკში სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა, რაზეც თავად მოგვიყვება.

გრიგოლ ყიფშიძე: მეორე წელია, ამერიკაში ვსწავლობ, Columbia College Chicago-ში. მეორე კურსზე ვარ. წლების წინ ინტერნეტში ვეძებდი სასწავლებლებს, როცა მის შესახებ შემხვდა ინფორმაცია და იმდენად მომეწონა, მაშინვე ვთქვი, რომ აქ უნდა ჩამებარებინა. თუმცა, მხოლოდ ჩაბარება არ იყო საკმარისი, სწავლის სრული დაფინანსება მჭირდებოდა, რადგან აქ სწავლა ძალიან დიდ თანხებს მოითხოვდა და საბედნიეროდ, სრული დაფინანსებაც მივიღე.

როგორც ვთქვი, უკვე მეორე წელია, რაც აქ ვარ და ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლეა. უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი, კარგი მუსიკოსები. ვმუშაობთ პროექტებზე, რომელიც ზუსტად არ ვიცი, როდის დასრულდება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ახლო მომავალში იქნება. საუბარია საავტორო სიმღერებზე.

ამ ზაფხულს მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლა, ჩემი საავტორო სიმღერების ჩაწერა მინდოდა. დავიწყე მუშაობა, რასაც დღეს უკვე ამერიკიდან ონლაინრეჟიმში ვაგრძელებ. მოგეხსენებათ, დღეს მარტივია ასე მუშაობა და მეც ვაგრძელებ ქართველ მუსიკოსებთან ერთად. პარალელურად, ვმუშაობ ჩიკაგოში ახლადგაცნობილ მუსიკოსებთან ერთად. მინდა, ამ ალბომში ორივეს მიქსი გავაკეთო.

– როგორ გადაწყვიტე ასე შეგეცვალა ცხოვრება?

– მუსიკალურ ოჯახში დავიბადე და მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას უკავშირდება. დიდი ხანი ვმუშაობდი იმისთვის, რომ ამერიკაში ჩამებარებინა და სწავლა აქ გამეგრძელებინა, რადგან როგორც იცით, აქ მუსიკალური ინდუსტრია ძალიან კარგად არის განვითარებული. ჩემი მეგობრები, ბექა გოჩიაშვილი, პაპუნა შარიქაძე, ვაჟა მანია, ყველანი აქ არიან. ყველა სადღაც მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად. მე მაშინ პატარა ვიყავი, 11-12 წლის, ვუყურებდი მათ ნაბიჯებს და იმავე ნაბიჯის გადადგმა ჩემს დიდ ოცნებად იქცა.

დიდ სცენასთან დაკავშირებული პირველი ეტაპი ჩემთვის „X ფაქტორი“ იყო, ამას მოყვა „ევროვიზია“. მერე, როცა ჩემს ხმაზე მუტაციამ დაიწყო მოქმედება, როგორც ბიჭებში ხდება ხოლმე, მთლიანად სწავლაზე გადავერთე. სიმღერა დავაპაუზე, რაც მუტაციის დროს საჭიროა და როგორც კი 18 წლის გავხდი, ნელ-ნელა ხმა დამიბრუნდა. ამიტომ გადავწყვიტე, ახალი ეტაპი დავიწყო, ალბომი ჩავწერო და ასე შემდეგ, რაც უკვე მალე იქნება. ხოლო, წლები, როდესაც ხმას ვასვენებდი, მთლიანად სწავლას დავუთმე. მუტაციის დროს სიმღერების წერაზე გადავერთე, ინსტურმენტი შევისწავლე. ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს ყველაფერი – ამერიკაში ჩასაბარებლად ამ ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ძალიან დამეხმარა ამ პროცესში. ეს რომ არა, დაფინანსებას ვერ მივიღებდი.

ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ სწორი გზა ავირჩიე. როგორც გითხარით, ისინი მუსიკოსები არიან და სწორი რჩევის მოცემა შეუძლიათ. საბედნიეროდ, ყოველთვის მხარში მიდგანან და ამის დამსახურებით, ყველაფერი კარგად აეწყო.

– ამერიკაში ოჯახთან ერთად წახვედი თუ მარტო?

– ამერიკაში მარტო წამოვედი. სრული დაფინანსება რომ არ მიმეღო, ვერ წამოვიდოდი, რადგან აქ სწავლა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მარტო მომიწია წამოსვლა, რადგან ჩავაბარე და დაფინანსებაც მოვიპოვე. როცა გავიგე, რომ დაფინანსება მივიღე, ძალიან გამიხარდა. ვიგრძენი, რომ წლების შრომა დამიფასდა. მთელი ბავშვობა აქ სწავლაზე ვოცნებობდი და დღეს აქ რომ ვარ ძალიან მიხარია.

– ეს პერიოდი სიმღერის გარეშე არ გაგიჭირდა?

– ეს ხუთი წელი სიმღერის გარეშე არ გამიტარებია. სახლში ვმღეროდი, რამდენჯერმე ტელევიზიაშიც გამოვედი, კონცერტებზეც, მაგრამ მე ისეთი მაქსიმალისტი ვარ, რომ ყველაფერს კრიტიკულად ვუყურებდი და ამ პერიოდის განმავლობაში ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვერ ვიყენებდი. თუმცა, ამის გამო თავს ცუდად არ ვგრძნობდი, უბრალოდ, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენე, რომ ბევრი რამ მესწავლა, მათ შორის გიტარა, ფორტეპიანო, აქ ჩასაბარებლად მოვმზადებულიყავი და ასე შემდეგ. ასე რომ, პრაგმატულად მივუდექი ამ პროცესს, ემოციების გარეშე.

– ქვეყნის შეცვლა და ოჯახის წევრებთან დაშორებაც არ იყო რთული?

– ყველა მეუბნებოდა, ძალიან რთულია, უზომოდ გაგიჭირდებაო, მაგრამ რომ ჩამოვედი, პირველივე კვირიდანვე მარტივად ავეწყვე, რადგან აქ ძალიან კარგი გარემო დამხვდა. ახალი მუსიკოსები გავიცანი, ბევრი საინტერესო ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და არ მქონია განცდა, რომ სახლიდან შორს ვიყავი. პირიქით, ძალიან დადებითად მახსენდება ის დროც, ყველაფერი ისე დამხვდა, როგორც ვისურვებდი. არ გამჭირვებია ახალ ცხოვრებასთან შეგუება. მე მგონია, რომ მუსიკაა საერთო ენა, რომელიც ყველა მუსიკოსს აკავშირებს. ერთი შეხედვით სრულიად უცხო ადამიანი, მუსიკის წყალობით, უცებ შენს ენაზე მოსაუბრე ხდება და მერე უკვე ძალიან მარტივდება ურთიერთობა.

– ენის ბარიერი არ გქონდა?

– ისევ მუტაციის პერიოდი დამეხმარა, რომ ენის ბარიერი არ მქონოდა. დედაჩემი ინგლისურის მასწავლებელიცაა და მანაც დიდი შრომა ჩადო, რომ ინგლისური კარგად მესწავლა. აქედან გამომდინარე, ჩამოსვლის პირველივე დღიდან ძალიან თავისუფლად ვიყავი, საერთოდ არ მქონია ენის ბარიერი.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნაბიჯისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი, პრაქტიკულ თუ ემოციურ დონეზე კარგად ვიყავი მომზადებული და ალბათ, ამიტომ არ გამიჭირდა.

– ამერიკაში თუ გაქვთ ქართული გარემო?

– ვინც ვახსენე, იმ ადამიანებთან გამორჩეული ურთიერთობა მაქვს. ბექა გოჩიაშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ძმაა.

10 წლის ვიყავი, როდესაც ის გავიცანი და იმ პერიოდიდან დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მან ძალიან გამზარდა, როგორც მუსიკოსი და როგორც ადამიანი. ასევე, პაპუნა შარიქაძე, უმაგრესი ადამიანია, უმაგრესი პროფესიონალი. ეს ორი ადამიანი ჩემთვის ყველაზე დიდი მაგალითია.

– ამერიკულ რიტმს კარგად შეეწყვე?

– ამას უარყოფითად არ ვუყურებ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი გასავლელია. რაღაცებისთვის ზრუნვა დამჭირდა, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე გავიარე ბიუროკრატიული ამბები და საბუთებიც მოვაწესრიგე, რის შემდეგაც ყველაფერი დალაგდა.

მე აქ მუსიკალურ ბიზნესს ვსწავლობ და ბევრი რამ ვისწავლე მუსიკალურ ინდუსტრიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მეხმარება, თუნდაც, ჩემს ალბომთან დაკავშირებით. შეიძლება, ითქვას, რომ ჩემი თავის პროდიუსერიც ვარ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბევრ მუსიკოსს ავიწყდება ამ საქმის ბიზნესმხარე, რაც არ არის სწორი. მგონია, რომ თუ სწორად მიუდგები, შედეგიც შესაბამისი იქნება, თუმცა ვნახოთ, რა იქნება, წინასწარ პროგრნოზების გაკეთება არ მინდა, მთავარია, ეს ყველაფერი ერთად სასიამოვნო იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა