როგორ მოაწყვეს ზაალ ჩიქობავამ და მისმა მეუღლემ სახლში პატარა სამოთხე და რაზე ზრუნავს მსახიობი მთელი ცხოვრება
ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 22.08, 2022 წელი

მსახიობ ზალიკო ჩიქობავას თბილისის ცენტრში, საკუთარი ბინის აივანზე პატარა სამოთხე აქვს მოწყობილი – მცენარეების ორანჟერეა, რომელიც მრავალწლიანი შრომის შედეგია.
ზაალ ჩიქობავა: აივანზე იმდენი მცენარე გვაქვს, მაგიდისა და სკამების ადგილი აღარ დაგვრჩა (იცინის). დაახლოებით, ოცი წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ და მან თავიდანვე დაიწყო მცენარეების შეგროვება. სანამ აქ დავბინავდებოდით, სახლებს ვიცვლიდით ხოლმე და აქ რომ მოვედით, გარკვეული რაოდენობა უკვე გვქონდა. უკვე აქ დაფუძნების შემდეგ, ჩემი მეუღლე სადაც არ უნდა წააწყდეს მცენარეს, ყველა სახლში მოაქვს და ვცდილობთ, ჩვენი აივანი უფრო მეტად გავილამაზოთ.
– ალბათ, ძალიან რთულია ამდენი მცენარის მოვლა.
– თავიდან ვერ გრძნობ, რომ ამას მართლაც ძალიან ბევრი დროც უნდა და რესურსიც, მათ შორის ფინანსურიც, მაგრამ თანდათან შედიხარ „მუღამში“. ყველა ყვავილს სჭირდება თავის ქოთანი, მიწა, სასუქი, მორწყვა, გალამაზება, რაც ნამდვილად არ არის ადვილი.
– მცენარეების ღირებულებაც არ არის მცირე.
– კი, თუმცა, ძალიან ძვირიანი და დიდი მცენარე ჩვენ არასდროს შეგვიძენია. პირიქით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ პატარა ნერგი ან ფოთოლი მოვიტანოთ და ის გამოვზარდოთ. ამას სულ სხვა ხიბლი აქვს. ძალიან ბევრი მცენარე მომწონს ქუჩაში, მაღაზიებში, უკვე დიდები, ლამაზები, გადასარევად მოვლილები, მაგრამ როდესაც გაზრდილს ყიდულობ, არ იცი, რამდენად მოერგება ის შენს გარემოს, კლიმატს. ყველა მცენარე ვერ ხარობს ყველგან, ადგილის შერჩევა, პირობები სჭირდება. ამიტომ პატარა სჯობს. როცა შენ ზრდი, უფრო გაუმკლავდები, შეიძლება მოგიკვდეს კიდეც, რაღაც მცენარეები დაგვეღუპა და ეს მტკივნეულია, მაგრამ უკვე გაზრდილი მცენარე, რომ მოიტანო სახლში და ვერ გაახარო, ეს უკვე ძალიან მძიმეა.
– ვისი ინიციატივა იყო, როგორ დაიწყო ამ სილამაზის შექმნა?
– ასე ვერ ვიტყვი. ჩემმა მეუღლემ ჯერ ერთი ქოთანი დადგა რაფაზე, მერე მეორე მიუდგა გვერდით, მესამე და ასე შემდეგ. ზოგადად, ალბათ, რაღაცები ბავშვობიდან მოდის. თითოეულ ადამიანს გვაქვს წარსული, მოგონებები. თუ არ გაქვს ბუნების სიყვარული, რთულია. სახლში რომ მოგვყავს ძაღლი ან მცენარე, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცოცხალი ორგანიზმია და ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორიც ადამიანს. თან მათ მთელი ცხოვრება უნდა მოუარო. შვილი იზრდება და რაღაც ეტაპის შემდეგ თავის თავს თვითონ მიხედავს, მცენარე სულ გვერდით გყავს და სულ სჭირდები.
– ვინ იღებს საკუთარ თავზე მათ მოვლას, თქვენ, მეუღლე თუ შვილები?
– ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე განსაკუთრებულად ვიღებთ ჩვენს თავზე. ამ საქმეს შვილებს ვერ დავაბრალებ და მე და ჩემი მეუღლე, ორივე ვუვლით (იცინის). როცა მე მცალია – მე, როცა მას სცალია – ის. აივანზე დიდ დროს ვატარებ. მიყვარს ეს გარემო, მშვიდი და ლამაზი კუთხეა და აქ მუშაობა სიამოვნებაა. რადგან დიდხანს ვარ, ბევრს ვაკვირდები და საოცრებაა, როდესაც უცებ აღმოაჩენ, რომ რომელიმე მცენარის პატარა კოკორი იშლება. შეიძლება, ათწლეულებია გაქვს და აქამდე ყვავილი არ გამოუღია. წელს გვქონდა ასეთი შემთხვევა. ჩვენი ყველაზე მხცოვანი მცენარე აყვავდა პირველად და ეს მართლა ძალიან ემოციური იყო. არც ვიცოდი, თუ ასეთი ყვავილი ჰქონდა, ძალიან უცხო და ლამაზი. მოკლედ, წელს მისგან განსაკუთრებული საჩუქარი მივიღეთ (იცინის). ჩვენი მეგობრებიც დიდ ყურადღებას იჩენენ. ბუნებრივია, რომ იციან, როგორ გვიყვარს მცენარეები და ძალიან ხშირად მოაქვთ საჩუქრად. ბევრი მცენარეა, რომელსაც იმ მეგობრის სახელი ჰქვია, რომელმაც გვაჩუქა. სადმე რამე განსხვავებულს თუ ნახავენ, ცდილობენ, ჩვენი მონაპოვარი შეგვივსონ.
– ზამთარი ძალიან რთული პერიოდია ყვავილებისთვის და ამდენს როგორ უვლით?
– კი, კი ეს ნამდვილად სირთულე იყო. ჩვენს ბინას ისეთი მდებარეობა აქვს, რომ არცერთი ოთახი არ გვაქვს მზიანი. ამ აივანზეც მხოლოდ დილის პირველ საათამდეა მზე. ამ მხრივ, ჩვენს მცენარეებს ცოტა უჭირთ. ზამთარში სახლში შეგვქონდა და ბევრი გვიფუჭდებოდა. მერე გადავწყვიტე, რომ რაღაც მომეფიქრებინა. ახლა უკვე ცელოფნებით ვფუთავ აივანს და ზამთარს ასე შეფუთულები ატარებენ. თუ ძალიან ყინავს, გათბობასაც ვურთავ ხოლმე (იცინის). რას ვიზამთ, როცა ხედავ, ცოცხალ არსებას უჭირს, უნდა მიეხმარო.
– როგორი ემოციები აქვთ თქვენთან მოსულ სტუმრებს, ვინც ქალაქის ცენტრში აივანზე ორანჟერეას არ ელოდება?
– ძალიან დადებითი. აივანზე რომ გადიხარ და პატარა ტყე გხვდება, ეს ნამდვილად განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. მე გამრეკელისა და ცინცაძის კუთხეში ვცხოვრობ. ნაცრისფერ და ბეტონის კედლებით გადატვირთულ ადგილას, რომელიც ძალიან მტვრიანია, სადაც ბევრი გამონაბოლქვია, ძალიან ცხელა და ეს კუთხე ჩვენთვის პატარა სამოთხეა.
– თქვით, მეგობრებიც ხშირად გვქუჩნიან მცენარეებსო. თქვენ თუ ჩუქნით მეუღლეს? მიუხედავად 20-წლიანი ქორწინებისა, ძალიან რომანტიკულ წყვილად გიცნობენ. მახსოვს თქვენმა, ერთ-ერთმა სიურპრიზმა, როდესაც მეუღლეს სანთლების შუქზე მიულოცეთ დაბადების დღე, დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
– მაგ მხრივ, ბევრი სხვადასხვა ვარიანტი ყოფილა. თავიდან, სანამ მცენარეების შეგროვებას დავიწყებდით, ვცდილობდი ხოლმე, ყვავილები მეჩუქებინა. არის მცენარე, რომელსაც სახლში ვერ გაზრდი, მაგრამ მისი მირთმევა სიამოვნებაა და მეც მეუღლეს ლამაზი ყვავილების თაიგულებით ვანებივრებდი. შემდეგ, როცა მივხვდი, რომ თაიგულებს ქოთნის მცენარეები სჯობს, რადგან ის რჩება და თავს გახსენებს, მათზე გადავედი (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან