როგორ მიჯნავს სამსახურსა და ოჯახს ერთმანეთისგან სანდრო კაჭახიძე და რა პლუსები და მინუსები აქვს ცოლ-ქმრის ერთად მუშაობას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 22.05

როგორია სანდრო კაჭახიძის განვლილი გზა დღემდე, რა ოცნება აიხდინა მან და რამ შეცვალა მისი ცხოვრება, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
სანდრო კაჭახიძე: დაახლოებით, 12 წლის წინ სტაჟიორის პოზიციიდან დავიწყე ჟურნალისტური კარიერა ტელეკომპანია „იმედში“ და სწორედ იქ ავიდგი ფეხი ჟურნალისტიკაში.
– ეს ის პროფესიაა, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდით?
– ვოცნებობდი? უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მქონდა აკვიატება, ვყოფილიყავი ტელეწამყვანი. როგორც კი ტელევიზიაში შევაბიჯე, იმ დღიდან ყველას ვეუბნებოდი, რომ ტელეწამყვანობა მინდოდა. ეს ჩემთვის იდეაფიქსი იყო. ჩემს ოჯახში ბაბუას უყვარდა საინფორმაციო გამოშვებების ყურება. ეს მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. შესაბამისად, მეც ვუყურებდი ადამიანს, რომელიც ყოველდღე ეკრანიდან მნიშვნელოვან ამბებს გვიყვებოდა. ალბათ, ეს მომენტი მეხსიერებაში დამელექა და ასე გამიჩნდა ტელეწამყვანობისადმი ინტერესი.
– გინდოდა, ყოფილიყავი ის ადამიანი, ვისაც ბაბუა ტელევიზორში უყურებდა და უშუალოდ შენგან გაეგო ახალი ამბები?
– კი, თუმცა, ბაბუა ამას ვეღარ მოესწრო. ამის მიუხედავად, მე მაინც ძალიან მინდოდა, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ვყოფილიყავი. მიზანს რამდენიმე წლის შემდეგ მივაღწიე.
– პირველი ეთერის ემოციები გავიხსენოთ...
– ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მე 21 წლის ვიყავი. ეს უკვე ტელეკომპანია „მაესტროს“ უკავშირდება. მაშინდელმა დირექტორმა, ბაია გადაბაძემ დამირეკა და მითხრა, ამ პოზიციაზე დაგამტკიცეთო. მაშინ რაჭაში ვისვენებდი. არასდროს დამავიწყდება ის ბედნიერება, რომელიც იმ მომენტში განვიცადე. პირველი პირდაპირი ეთერი, რა თქმა უნდა, ნერვიულობას უკავშირდება. ახლა რომ ვუყურებ, კი მეცინება, რბილად რომ ვთქვათ, ისეთი საშინელება არის, ძალიან დაძაბული ვსაუბრობ, რობოტივით, ნერვიული ფონი იგრძნობოდა და ჩემი გულისცემა მესმოდა. ემოციური ფონი საქმეს აფუჭებს, მაგრამ პირველისთვის ეს ბუნებრივია.
– 21 წელი საინფორმაციოს წამყვანობისთვის საკმაოდ პატარა ასაკია. რამდენად ნერვიულობდი ამ ფაქტორის გამო?
– პასუხისმგებლობის შეგრძნება დღესაც მომყვება. ეს ნერვიულობასაც იწვევს. კი, საკმაოდ პატარა ვიყავი. არ ვიცი, რა დაინახეს ჩემში ხელმძღვანელებმა, რომ ეს შანსი მომცეს. დიდი მადლობა მათ ამისთვის. დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ეს იმდენად მინდოდა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ კარგად გამომსვლოდა.
– ასაკზე თუ განვაგრძობთ საუბარს, შემდეგი პროექტი, რომელიც ასევე, საკმაოდ პატარა ასაკში ჩაიბარე, არის „კურიერი P.S.“
– „კურიერი P.S.“ ჩემზე, დაახლოებით, ოთხი წლით პატარაა. ამ გადაცემას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ამ გუნდში შებიჯება და ამხელა ისტორიის მქონე გადაცემის წამყვანობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გამოწვევასაც და პასუხისმგებლობასაც მოიაზრებს. ეს უცბად არ მომხდარა. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მე და ჩემს მეწყვილეს – ავთო გვასალიას, ვისთან ერთადაც დღეს ამ გადაცემას ვუძღვებით, მიგვყვავდა სპეციალური ეთერი ომის თემატიკაზე. იმდენად შეთამაშებულად გამოგვივიდა, დირექტორმა, ვაკო ავალიანმა, გადაწყვიტა, გადაცემა, რომელიც ცოტა ხნით დაპაუზებული იყო, გაეგრძელებინათ და ამგვარად, „კურიერი P.S.-ის“ ახალი სეზონი ჩვენ გავხსენით. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ ვიტყვი, რომ წარმატებით გრძელდება ეს გადაცემა. ეს იმის დამსახურებაა, რომ მას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც ხარისხიან პროდუქტს დებს.
– ახლა ვისაუბროთ ოჯახურ ამბებზეც, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ისევ და ისევ ტელევიზიასთან. ალბათ, ბევრმა იცის, რომ ულამაზესი და უნიჭიერესი ტელეწამყვანის მარიამ მაისურაძის მეუღლე ხართ. როგორც ვიცი, თქვენი ისტორია სამსახურში დაიწყო…
– მადლობა ჩემი მეუღლის ასეთი შეფასებისთვის. დიახ, ჩვენი ისტორია ტელევიზიაში დაიწყო. ახლა ორივე „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობთ, მაგრამ მაშინ მარიამი ტელეკომპანია „იმედში“ „ქრონიკაში“ მუშაობდა, მე – „მაესტროზე“. ეს ორი ტელევიზია ერთ შენობაშია და იქ გადავიკვეთეთ. მახსოვს, რომ დერეფანში დავინახე და ძალიან მომეწონა. ჩემი აღქმით, მარიამს განსაკუთრებულად ლამაზი თვალები აქვს. პირველად რომ დავინახე, ზაფხული იყო, რუჯი ჰქონდა და თვალები უნათებდა. ამან თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება. შემდეგ დავიწყეთ ურთიერთობა. ინიციატორი მე ვიყავი. საბოლოოდ ჩვენი ურთიერთობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. დღეს უკვე ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ. ეს დისკომფორტს ნამდვილად არ გვიქმნის. შეიძლება, ბევრისთვის არ არის სასურველი სახლში და სამსახურში წყვილის ერთად ყოფნა, ანუ მთელი დროის ერთად გატარება, მაგრამ ჩვენ იმდენად განსხვავებული გრაფიკი გვაქვს, სამსახურში ერთმანეთს, ფაქტობრივად, ვერც ვემთხვევით. ის „დილა მშვიდობისა საქართველოში“ მუშაობს, მე – „კურიერი პ.ს.- ში“. ანუ, ის დილით არის სამსახურში, მე – უფრო საღამოს საათებში. ჩემი აზრით, კარგია ერთ გარემოში რომ ვმუშაობთ, საერთო სამეგობრო წრე გვყავს. ალბათ, ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგრამ მე დადებითს უფრო ვხედავ.
– ალბათ, ერთმანეთისთვის ძალიან კარგი მრჩევლები ხართ, საუკეთესოდ გესმით ერთმანეთის საქმიანობის სპეციფიკა.
– ეს ერთ-ერთი დიდი პლუსია. ორივემ ვიცით ამ საქმის სპეციფიკა, ამიტომ შეგვიძლია, ერთმანეთს კარგი რჩევები მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი ჟურნალისტი მეუღლე უფრო კარგ რჩევას მომცემს, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროფესიის წამრმომადგენელი რომ ყოფილიყო.
– კრიტიკულები ხართ ერთმანეთის მიმართ?
– მე ზედმეტად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართაც და ჩემი მეუღლის მიმართაც. მგონია, რომ ასე ჯობს, რადგან კრიტიკა ადამიანს ზრდაში გეხმარება. ყოველ შემთხვევაში, მე მირჩევნია, გამაკრიტიკონ, რომ გამოვასწორო ის, რაც სათანადოდ კარგი არ არის.
– ერთ ოჯახში ორი ტელესახე რა სირთულეებს გულისხმობს?
– ალბათ, მთავარი დროის ნაკლებობაა. მუშაობდე ტელევიზიაში, ნიშნავს, რომ ძალიან დიდი დრო უნდა დაუთმო სამსახურს. ორივე აქტიური ჟურნალისტი ვართ და ბევრი დროის გატარება გვიწევს ტელევიზიაში ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად. სხვა პროფესიაში რომ ვიყოთ, შეიძლება, მეტი დრო გვქონოდა შვილთან გასატარებლად.
– თუ ახერხებთ, სამუშაო გარემოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებას?
– ოქროს შუალედი უნდა იყოს დაცული. ჩვენ ეს გამიჯნული გვაქვს. ვცდილობ, სამსახურის შლაგბაუმს რომ გავცდები, სხვა რამეზე ვიფიქრო, ანუ სამსახურის ამბები სახლში არ წავიყოლო. ბუნებრივია, ეს ყოველთვის წარმატებით ვერ ხერხედება, მაგრამ მეც და მარიამიც ვცდილობთ, სახლი სახლი იყოს და სამსახური – სამსახური, მით უმეტეს, რომ სახლში ძვირფასი ადამიანი გვყავს, რომელსაც ჩვენგან განსაკუთრებული ზრუნვა და ჩვენი მეგობრობა სჭირდება.
– როგორ შეცვალა ცხოვრება მამის ამპლუამ?
– როდესაც მე და მარიამი შევუღლდით, სამი წლის განმავლობაში არ გვიფიქრია შვილზე. ბებიები და ბაბუები გვეუბნებოდნენ, რატომ აგვიანებთო და სულ მიკვირდა, მათ რატომ ეჩქარებოდათ. როდესაც ბავშვი გაჩნდა, მერე მივხვდი, რომ მართლები იყვნენ. მგონია, რომ ადამიანის მთავარი არსი გამრავლებაა. საოცრებაა, როცა შენ თვალწინ ახალგაზრდა გოგო ტრანსფორმირდება დედად და შემდეგ – ბავშვი, რომელიც ფეხს იდგამს, ლაპარაკს იწყებს და ასე შემდეგ. ეს შეგრძნებები ყველაფერს სჯობს, ყველა პრობლემას დაგავიწყებს. ვტკბები, როდესაც ჩემს შვილს ვუყურებ და მის ყოველ ახალ წარმოთქმულ სიტყვაზე საოცარი სიხარულის შეგრძნება მაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან