როგორ მიიღო დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარი“ და რა საჩუქარი გაუკეთა მან დედას დაბადების დღისთვის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 13.12
„პანოპტიკონი“ საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის რეჟისორი გიორგი სიხარულიძე გახლავთ, ერთ-ერთ მთავარ როლს კი მსახიობი დათა ჩაჩუა ასრულებს. დათამ ახლახანს ამ როლისთვის განსაკუთრებული ჯილდო – „აზიური ოსკარი“ მიიღო.
დათა ჩაჩუა: ავსტრალიაში არსებობს აზია-წყნარი ოკეანის ეკრანის აკადემია – APSA, რომელსაც აქვს უმაღლესი ჯილდო, სახელწოდებით „აზიური ოსკარი“. „ოსკარის“ ცერემონია ავსტრალიაში იმართება და ეს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა, რომელიც საბედნიეროდ, მე მივიღე, „პანოპტიკონში“ შესრულებული როლის გამო ნომინაციაში „საუკეთესო დამწყები შემსრულებელი“.
– ელოდი ასეთ გამარჯვებას?
– ამ ჯილდომდე ბევრ ფესტივალზე ვიყავით და არაერთგან გავიმარჯვეთ. ამ ფილმმა უკვე ბევრი წარმატება მოიპოვა სხვადასხვა ქვეყანაში და ფესტივალზე. პირადად ჩემთვის ეს მეორე ჯილდოა. მანამდე ბათუმის კინოფესტივალზე გავიმარჯვე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში. „ველოდი“ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ამ ფილმში ძალიან დიდი ენერგია და შრომა ჩავდე, ეს რომ დამიფასდა, ძალიან მიხარია. ალბათ, ყველა მსახიობი ასეა, როცა თავს არ ზოგავ, მერე მოლოდინიც გაქვს, რომ შესაბამისად შეაფასებენ.
წარდგენისა და გამარჯვების შესახებ ერთად გავიგე, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ გაჟღება მაშინ არ შეიძლებოდა. ამიტომ მხოლოდ მე ვიცოდი. ძალიან სასიხარულო იყო. სიტყვებით მართლა მიჭირს იმ ემოციების აღწერა, რომელიც მაშინ განვიცადე, მაგრამ რადგან გამჟღავნების უფლება არ მქონდა, ცოტა რთული იყო, ასეთი სიხარული ჩუმად უნდა გადამეტანა. მერე, როცა გამჟღავნდა, ეს კიდევ ცალკე სიამოვნება და სიხარული იყო.
– განსაკუთრებული მიღწევაა, მით უმეტეს, 22 წლის ასაკში...
– რა თქმა უნდა და ძალიან მიხარია, რომ ამ ასაკში მივიღე ეს ჯილდო. ჩემი თავის იმედი მქონდა, აზიურზე არ მიფიქრია, მაგრამ რეალურ „ოსკარზე“ ყოველთვის მეფიქრებოდა და აზიურით დავიწყეთ (იცინის). გეგმაში ნამდვილი „ოსკარიც“ არის.
– სიხარულთან ერთად, ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაცაა...
– კი, ნამდვილად ასეა. ფაქტია, რომ თამასა ძალიან მაღლა აიწია და დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. უფლება არ მაქვს ხარისხი დავაგდო. ისევ ისე გავაგრძელებ შრომას, თავს არ დავზოგავ და ვეცდები, შემდეგში ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჯილდოები დავიმსახურო.
– პირველი ვის გაუზიარე ეს ამბავი, სანამ ჯერ კიდევ არ გქონდა გამჟღავნების უფლება?
– ჩემი ოჯახის წევრებს. გამჟღავნების უფლება არ მქონდა, მაგრამ მათთან მაინც ვერ დავმალე. დედაჩემის დაბადების დღე იყო რამდენიმე დღით ადრე და ვუთხარი, ეს ჩემგან დაბადების დღის საჩუქრად-მეთქი (იცინის). მგონი, კარგი საჩუქარი გამომივიდა, ისეთი ემოციები ჰქონდა, მივხვდი, რომ ნამდვილად ღირდა ამ საჩუქრის გაკეთება.
– როგორი მოთხოვნა გაქვს საკუთარ თავთან მუშაობის დროს? უბრალოდ, პროცესით სიამოვნებაა მთავარი თუ ასეთი შედეგებია მიზანი?
– როდესაც როლზე ვმუშაობ, მაქსიმალურად ვცდილობ, რეჟისორისგან რაც შეიძლება მეტი გავიგო პერსონაჟზე. მუშაობისგან ჩემთვის ყველაზე მთავარი უდიდესი სიამოვნების მიღებაა და რეალურად, რეპეტიციაზე თუ გადასაღებ მოედანზე გატარებული ყოველი წამი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მგონია, რომ შედეგზე ეს დამოკიდებულება აისახება. როდესაც ძალიან გიყვარს საკუთარი საქმე და პროცესით სიამოვნებას იღებ, ამას მაყურებელი გრძნობს და მოსწონს, იმიტომ, რომ შედეგი კარგი გამოდის. უბრალოდ, ვალდებულება, ანუ ჩემი სამუშაოს შესრულება არ არის ჩემი მიზანი. საკუთარ პერსონაჟზე და გუნდთან ერთად მუშაობა ბევრად აღმატებული პროცესია. კონკრეტულად ამ ფილმზე მუშაობის დროსაც ასე იყო. რეჟისორი გიორგი სიხარულიძე გახლავთ. ის, პირველ რიგში, თავის საქმის ძალიან კარგი პროფესიონალია, იმავდროულად, ძალიან კარგი ადამიანიც. ჩემი გამოცდილებებიდან, მასთან მუშაობას ნამდვილად გამოვარჩევდი. ეს მუშაობაზე ბევრად მეტი იყო. როლზე დამტკიცების შემდეგ, ჩვენ ფორმალურად მუშაობის ნაცვლად, მეგობრობა დავიწყეთ და დღეს კარგი ძმაკაცები ვართ. ფილმი 28 დღეში გადავიღეთ, მაგრამ მანამდე ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. ვიკრიბებოდით, სცენარს ვკითხულობდით, განვიხილავდით, ვმსჯელობდით მის გარშემო და ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო, რამაც შესაბამისი შედეგიც მოიტანა.
– ალბათ, ხშირად ფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, როცა ეს პროფესია აირჩიე. გავიხსენოთ ეს მომენტი...
– ეს ნაბიჯი ძალიან მარტივად გადავდგი. 7 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ათონელის თეატრში ვითამაშე. მას შემდეგ, 9 წლამდე აქტიურად ვთამაშობდი სპექტაკლებში. მაშინ ვიგრძენი სიყვარული ამ პროფესიის მიმართ და მას შემდეგ ყოველთვის მინდოდა ამ პროფესიაში ვყოფილიყავი. ჩემი ძმა არის თეატრის მსახიობი და ძირითადად, მის მეგობარ მსახიობებთან ერთად ვატარებდი დროს. შესაბამისად, თეატრი ძალიან შემიყვარდა. 2019 წელს მეგობრის, ანასტასია ნავროზაშვილის საკურსო სპექტაკლში ვითამაშე. მერე „ფორმულა კრეატივმა“ დაიწყო სერიალ „თესეას“ გადაღება, ქასთინგზე დამიბარეს და წარმატებიათ გავიარე. ასე აღმოვჩნდი ვაჟიკოს როლზე, ეს იყო ჩემი დებიუტი ეკრანზე.
– რაც ძალიან წარმატებული გამოდგა, პოპულარული გახდი.
– კი, ასე გამოვიდა. იმ ასაკისთვის, 15-16 წლის ვიყავი, ძალიან სასიამოვნო იყო პოპულარობა და ეს ყველაფერი, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ამ საქმის კეთება იყო. ამ სერიალს მალევე მოჰყვა „ჩემი ცოლის დაქალები“. შემდეგ გადავიღეთ ფილმი „პანოპტიკონი“ – ეს ჩემთვის სადებიუტი ფილმია. შემდეგ „ცვალებადი ნიშნები“, „რიოგრანდე“ და ასე შემდეგ.
– რამდენიმე პერსონაჟით გაგიცნო მაყურებელმა და ალბათ, ბევრს აქვს კითხვა, როგორია სინამდვილეში დათა?
– დათა არცერთ პერსონაჟს არ ჰგავს. პატარა მსაგავსებები შესაძლოა, ყველა პერსონაჟთან მქონოდა, მაგრამ დათა არის ძალიან ხალისიანი, პოზიტიური, სამართლიანი, მეამბოხე, მებრძოლი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, მეგობრები, ახლობლები, თავს გაწირავს საყვარელი ადამიანებისთვის. უყვარს თავის ქვეყანა, აღელვებს მისი ბედი და რითიც შეუძლია, იმით ეხმარება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან